Thursday, September 10, 2009

”ფიატ 500 აბარტ SS-ის” ფერარისეული ვარიანტი

Fiat Abarth 695 Tributo Ferrari

10 სექტემბერი

”ფიატ 500 აბარტ SS” (ესეესე) იტალიური კომპანიის მინიავტომობილის ყველაზე ტემპერამენტიანი, ”მხურვალე” ვერსიაა. არაერთმა სატუნინგო კომპანიამ სცადა უკეთესის დამზადება, მაგრამ ”ჩინკვეჩენტოს” აბარტისეული ვერსია მაინც საუკეთესოდაა მიჩნეული. მაგრამ მალე, საავტომობილო სამყარო მასზე უკეთესსაც მალე იხილავს.

ეს ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე მოხდება, სადაც ”ფიატი” და მის ჯგუფში შემავალი ”აბარტი” და ”ფერარი”, თავიანთ ერთობლივ ნამუშევარს წარადგენენ. ავტომობილის სრული სახელწოდება ”ფიატ აბარტ 695 ტრიბუტო ფერარია”. უკვე ცნობილია, რომ ტურინული გიგანტის შეკვეთით, ”აბარტი” და ”ფერარი” ამ ავტომობილს მხოლოდ 200 ეგზემპლარად დაამზადებენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ”ფერარის” საფირმო წითელ ფერში შეიღებება.

პატარა ბოლიდის მთავარი ნაწილი მისი 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავია, რომელიც მაქსიმუმ 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი, ნახევრად ავტომატური, ელექტრომექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომლის საფეხურებიც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით იცვლება.

”695 ტრიბუტო ფერარის” საკიდარი ”ფერარის” სპეციალისტებმა მოამზადეს, მუხრუჭები კი იტალიურმა კომპანია ”ბრემბომ” შექმნა. ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც ”ფერარის” საფირმო სტილშია შესრულებული.

ინტერიერიც ”ფერარის” სტილშია შესრულებული - თვალში საცემია გამოკვეთილი სპორტული ყაიდა, ტყავით და კარბონით გაწყობილი დეტალები და რა თქმა უნდა, სპორტული საჭე და სავარძლები.

ჯერჯერობით არ ქვეყნდება ამ შედევრის დინამიკური მახასიათებლები და ფასი. თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ორივე ”ფერარისთვის” შესაფერისი იქნება. უფრო დაწვრილებით კი მათ შესახებ ფრანკფურტის ავტო შოუს დროს შევიტყობთ.

No comments:

Post a Comment