Monday, June 22, 2009

”ბეემვე” როდსტერ Z2-ის გამოშვებაზე ფიქრობს

BMW Z2 Roadster

23 ივნისი

არაა გამორიცხული, რომ ”ბეემვეს” სამოდელო გამა მალე კიდევ ერთმა ახალმა როდსტერმა შეავსოს, რომელიც პირველი სერიის მოდელზე იქნება ბაზირებული და ეკონომიური ძრავების მთელ გამას მიიღებს. ამ ეტაპზე, ბავარიული კომპანიის დირექტორთა საბჭო ასეთი ავტომობილის წარმოების შესაძლებლობას განიხილავს და მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას ამ წლის ბოლომდე მიიღებს. თუ პროექტს მწვანე შუქი აენთება, ახალი ავტომობილი, სახელად Z2, ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.

ამ ავტომობილის შესახებ, ინტერნეტსა და ჯურნალ-გაზეთებში მითქმა-მოთქმა უკვე სამი წელია, არ წყდება. მაგრამ ამ დროის განმავლობაში, თავად ბავარიელები მის შესახებ თითქმის არაფერს ამბობდნენ. ბოლო ცნობებით, მანქანა შემუშავების სტადიაშია, თუმცა მისი წარმოების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და მას ბაზრის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მიიღებენ.

ბოლოს გავრცელებული ჭორებით, Z2-ის საბაზო ვერსია ოთხცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე სულ რაღაც 120 ცხენის ძალაა. ამგვარად, ბავარიული კომპანიის როდსტერებს შორის, ის ყველაზე სუსტი იქნება. თუმცა, ამ ძრავის გარდა, მყიდველს ასევე 211-ცხენისძალიან ტურბოძრავსაც შესთავაზებენ.

Z2-ის წარმოებისას, ბავარიელები მსუბუქ მასალებს გამოიყენებენ, რაც მათ ავტომობილის წონის შემცირების საშუალებას მისცემს. ამგვარად, ოთხცილინდრიანი ძრავებიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მფობელმა როდსტერის მართვით ის სიამოვნება მიიღოს, რასაც ჩვეულებრივ, ”ბეემვეს” ავტომობილებისგან ელიან ხოლმე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე Z2-ს ისეთი ძლიერი კონურენტები დახვდებიან, როგორებიცაა ”მაზდა MX-5” და ”ლოტუს ელისი”.

დინამიკური მახასიათებლების მხრივაც, ბავარიული ავტომობილი კონკურენტების შესაფერისი იქნება. საბაზო ვერსია 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 7 წამს მოანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 240 კმ/სთ იქნება. შესაძლოა, Z2-ის ყველაზე ძლიერი ვერსია 3.0-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი აგრეგატითაც აღიჭურვოს, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი მოემსახურება. ასევე განხილვის საგანია ჰიბრიდული აგრეგატების გამოყენებაც.

სავარაუდოდ, ღია ავტომობილი, რომლის სალონშიც მხოლოდ ორი სავარძელი მოთავსდება და ბარგისთვისაც ცოტა ადგილი იქნება, 25 000 ევრო ეღირება, 5 000-ით ნაკლები, ვიდრე Z4 ღირს.


იაკოკამ ”მუსტანგის” საიუბილეო ვერსია წარმოადგინა

Iacocca 45th Anniversary Edition Ford Mustang

22 ივნისი

წარსულში ”ფორდის” პრეზიდენტის, ლი იაკოკას შეკვეთით, ლეგენდარული ”ფორდ მუსტანგის” საიუბილეო მოდელი დამზადდა, რომლის შემუშავებაშიც, მონაწოლეობა თავად იაკოკამაც მიიღო.

ავტომობილი, სახელად ”ფორდ მუსტანგ იაკოკა სილვერ 45-თ ანივერსარი ედიშნ”, ”მუსტანგის წარმოების დაწყებიდან 45-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი ”მუსტანგის” ბაზაზე შეიქმნა. იაკოკას გარდა, მის შემუშავებაში მონაწილეობა დიზაინერმა მაიკლ ლეონემ და სპეცშეკვეთებით ძარების წარმოებაზე სპეციალიზებულმა კალიფორნიულმა საოჯახო სტუდია ”ჯაფოლიო ფემილი მეტალკრაფტერსმა” მიიღო.

საიუბილეო მუსტანგი შეცვლილი ძარით აღიჭურვა. სხვაგვარად, აგრესიულ სტილშია გაფორმებული მისი წინა ნაწილი. განსაკუთრებულ ყურადღებას მასიური ბამპერი იქცევს. წინა ფარები კი თავის ნიშებში უფრო ღრმადაა ჩაძირული, ვიდრე სტანდარტულ ”მუსტანგზე”. რა თქმა უნდა, შეცვლილია კაპოტის ფორმაც, რომელიც ოდნავ დაგრძელდა. ნაკლებად შესამჩნევი ცვლილება ძარის უკანა ნაწილმაც განიცადა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შუა და უკანა საყრდენები გაერთიანებულია და ერთი, უზარმაზარი საყრდენის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სალონში მთავარი ცვლილება ისაა, რომ ის სპეციალურად შეკვეთილი ტყავითაა გაწყობილი. სავარძლების საკისრეებზე მორბენალი მუსტანგები და წარწერა - იაკოკაა ამოტვიფრული. სავარძლებზევე დატანილია ავტომობილის რიგითი ნომერი - სულ 45 ცალი საიუბილეო ”მუსტანგის” დამზადება იგეგმება, ზუსტად იმდენის, რამდენი წლისაც ეს ლეგენდარული ავტომობილი გახდა, რომელმაც უკვე ხუთი თაობა გამოიცვალა და მეექვსეთი ახარებს თაყვანისმცემლებს.

სპეციალური ვერსიისთვის მხოლოდ ერთი, 4.6-ლიტრიანი V8 ძრავია გათვალისწინებული, რომელსაც მყიდველს ორ ვარიანტად (ფორსირების ხარისხის მიხედვით) შესთავაზებენ. სტანდარტული ვერსია 323 ცხენის ძალას იძლევა და ის გაგრილების დამატებითი სისტემით აღიჭურვება, რომელსაც ”ცისფერი ოვალის” სპეციალური განყოფილება ”ფორდ რეისინგი” ამზადებს.

მეორე ვერსიას კი ჰაერის მექანიკური დამჭირხნი ემსახურება, რომლის წყალობითაც, მისი სიმძლავრე 400 ცხენის ძალას აღწევს. ორივე შემთხვევაში, ძრავს 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება. გარდა ამისა, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სპორტულ ყაიდაზე მომართული საკიდარის შეკვეთა, რომელიც ასევე ”ფორდ რეისინგის” სპეციალისტების ნახელავია.

საიუბილეო ”მუსტანგი” მხოლოდ ვერცხლისფრად შეიღებება და მას ”ფორდის” მხოლოდ ერთი დილერი - კალიფორნიული ”გალპენ ფორდი” გაჰყიდის. საერთოდაც, ეს ავტომობილი სწორედ ამ კომპანიის ინიციატივით შეიქმნა. ”გალპენ ფორდი” იაკოკასეულ ”მუსტანგზე” შეკვეთების მიღებას ივლისიდან დაიწყებს. ავტომობილის ფასი კი შეკვეთების მიღების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდება.

ფორმულა 1-ში შეიძლება ქალი პილოტი ვიხილოთ

Formula 1

22 ივნისი

ფორმულა ერთის ახალი გუნდის, ამერიკული USF1-ს სპორტული დირექტორი პიტერ უინძორი აცხადებს, რომ მის გუნდს აბსოლუტურად არ აინტერესებს ალტერნატიულ ჩემპიონატში ასპარეზობა და დასძენს, რომ ასეთი სერიის ორგანიზება აბსურდულად მიაჩნია.

ბრიტანეთის დიდი პრიზის წინ, კულუარებში გაისმა ხმები იმის შესახებ, რომ სამივე ახალი გუნდი, რომელთა განაცხადებიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) მიიღო და ისინი მომავალი წლის ჩემპიონატში საასპარეზოდ დაარეგისტრირა, ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის (FOTA) ალტერნატიული სერიითაც არიან დაინტერესებულნი.

”ჩვენ ფედერაციაში მსოფლიო ჩემპოიონატში მონაწილეობაზე განაცხადი შევიტანეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სწორედ FIA-ს ჩემპიონატში მონაწილეობაა, FOTA-სთან კი არავითარი მოლაპარაკება არ გვქონია. უფრო მეტიც, მე მიმაჩნია, რომ ალტერნატიული სერიის ორგანიზება ყოველგვარ რეალობასაა მოკლებული. ამ შემთხვევაშიც, დავა მხოლოდ ფორმულა ერთის გარშემო მიმდინარეობს”, - განაცხადა უინძორმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამერიკულ გუნდში ერთი შასის საფუძველზე რამდენიმე ავტომობილს ქმნიან, რომლებიც მომავალი წლის რეგლამენტის რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შეესაბამება. როგორც კი რეგლამენტი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მუშაობა მის შესაბამის მანქანაზე გაგრძელდება. იგივე სიტუაციაა გუნდის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც: ”როცა გუნდს ვაყალიბებდით, ბიუჯეტის შეზღუდვაზე არავინ ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდის შეუზღუდავ ბიუჯეტს ვგეგმავდით. მაგრამ თუ მის ჭერს შემოიღებენ, ამისთვისაც მზად ვიქნებით”, - დასძენს უინძორი.

დაბოლოს, USF1-ს სპორტული დირექტორი ამბობს, რომ გუნდში აუცილებლად აიყვანენ ამერიკელ ავტომრბოლს. კანდიდატთა სიაც უკვე შედგენილია: მარკო ანდრეტი (ფ1-ის ამერიკელი ჩემპიონის, მარიო ანდრეტის შვილიშვილი), გრემ რეიჰოლი (ინდი კარის სამგზის ჩემპიონისა და ინდი 500-ის ერთგზის გამარჯვებულის, ბობი რეიჰოლის შვილი) და დანიკა პატრიკი (სურათზე) - ინდი კარის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი ავტომრბოლი, ვისაც გამარჯვების გემო არაერთხელ გაუსინჯავს.


”სიტროენის” პრემიუმ მომავალი

Citroen DS4 and DS5

22 ივნისი

საავტომობილო ბაზარზე წინსვლა ნებისმიერი კომპანიისთვის ურთულესი საქმეა. მაგალითად, უკვე წლებია, რაც ”ჰონდას” ლუქსის კლასის ბრენდი ”აკურა” პირველი კლასის ავტომწარმოებლის სახელის დამკვიდრებას ეშურება, კორეული კონგლომერატი ”ჰიუნდაი-კია” კი ყველანაირად ცდილობს (საკმაოდ წარმატებით), გლობალური მასშტაბით კონკურენტუნარიანი კომპანიის სახელი მოიხვეჭოს. ”ოპელმაც” პრემიუმ კლასში გადასვლის ამბიციების გამოვლენა დაიწყო, ახლახანს კი ამავე (ნეარ პრემიუმ - პრემიუმის მახლობელ) კლასში შეღწევის პრეტენზია ფრანგულმა ”სიტროენმაც” გამოთქვა.

ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე ”სიტროენმა” კონცეპცია DS წარადგინა, რომელიც ბაზრის ზედა სეგმენტის ავტომობილების მთელი ოჯახის შექმნას ითვალისწინებს. ჟენევურ კონცეპციას ”DS ინსაიდ” ერქვა, ახლა კი კომპანია ფრანკფურტის შოუსთვის მორიგ კონცეპტუალურ ავტომობილს, საშუალო ზომის DS4-ს ამზადებს, რომელიც ოთხი წლის წინ შექმნილ კონცეპტუალურ ”C-სპორტლუნჟზეა” (ზედა სურათზე) ბაზირებული. სექტემბერშივე, ფრანკფურტში ნაჩვენები იქნება ”DS ინსაიდის” ბაზაზე შექმნილი სერიული DS3, რომელიც ამ სერიის ავტომობილბიდან, ბაზარზე პირველი გამოჩნდება. უფრო გვიან კი ”ორმაგი შევრონი” ბიზნეს კლასის DS5-ის წარმოებასაც დაიწყებს.

ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარ-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, DS4 და DS5 მოდელების გაყიდვები 2011 წელს დაიწყება. ორივე ავტომობილისთვის შესაბამისად, C4-ის და C5-ის პლატფორმებს გამოიყენებენ. ამასთან, ორივეს შემთხვევაში, დიზელ-ელექტრული ჰიბრიდების შეკვეთით დაყენება იქნება შესაძლებელი. ცნობისათვის, DS3 და C3 მოდელებიც ერთ პლატფორმას იყენებენ და ერთმანეთისგან ძირითადად გარეგნობით განსხვავდებიან, მაგრამ უფრო მაღალი კლასის DS4 და DS5-ს საბაზო მოდელებთან ნაკლები საერთო (განსაკუთრებით, ინტერიერში) ექნებათ.

თუ DS4-ს ”C-სპორტლუნჟთან” მიახლოებული გარეგნობა ექნება, DS ფრანგული კომპანიის შარშანდელ კონცეპცია ”ჰიპნოსს” (ქვედა სურათზე) დაემსგავსება. ამასთან, ევროპაში DS4 კონკურენციას ”ნისან ქაშკაისა” და მონათესავე ”პეჟო 3008-ს” გაუწევს, DS5-ს მეტოქეები უფრო ზორბა და მაღალი კლასის ქროსოვერები იქნება. მაგალითად, ”ბეემვეს” X6.





”რაილი XR3” - პერსონალური და ძალიან ეკონომიური ჰიბრიდი

Riley XR3

22 ივნისი

25 წელია, რაც ამერიკელი ინჟინერი და ეკოლოგიური ავტომობილების დამოუკიდებელი ექსპერტი რობერტ რაილი უცნაური ავტომობილების კონცეპციებს ამუშავებს. მისი ქმნილებები ყოველთვის ორიგინალური გარეგნობით და საწვავის მცირე, ან ნულოვანი მოხმარებით გამოირჩევიან. ახლახანს, მან კიდევ ერთი ეკოლოგიური შედევრი - სამბორბლიანი XR3 შექმნა, რომელსაც სერიულ წარმოებაში დანერგვას უპირებს.

რაილის მიაჩნია, რომ ენერგიის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი გზა სატრანსპორტო საშუალების წონის შემცირებაა. მისი აზრით, ყოველდღიური მოხმარებისთვის სრულფასოვანი ავტომობილი სულაც არაა საჭირო. მითუმეტეს, თუ მასში ძალიან ხშირად, მხოლოდ მძღოლი ზის ხოლმე. იმ დროს კი, როცა ოთხადგილიან ავტომობილს მხოლოდ ერთი ადამიანი გადაჰყავს, პარალელურად, უქმად დაატარებს ასეულობით კილოგრამ რკინასა და პლასტიკატს. მაგრამ, თუ ადამიანი ყოველდღიურად მხოლოდ ერთ, ან ორადგილიანი ავტომობილით ისარგებლებს, საწვავსაც ტყუილად აღარ დაწვავს და ქალაქის გადატვირთულ გზაზეც ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

რაილის განსაზღვრებით, მისი XR3 პირადი გადაადგილების მანქანაა, რომელიც ალუმინის ფურცლებისგან შეკრულ შასიზეა ბაზირებული და რომელსაც ჰიბრიდული აგრეგატი ამოძრავებს. ამ აგრეგატის ძირითადი ნაწილებია 23-ცხენისძალიანი, სამცილინდრიანი დიზელი ”კუბოტ D902”, რომელიც მინი ტრაქტორებზე გამოიყენება და წინა ბორბლებს ამოძრავებს და ელექტრომოტორი, რომლის მაბრუნი მომენტიც უკანა ბორბალს მიეწოდება.

XR3-ს არ გააჩნია არანაირი ენერგიის რეკუპერაციის სისტემა, რომელიც ჩვეულებრივ ჰიბრიდულ მოდელებზე, ავტომობილის შენელების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს. აკუმულატორები კი, რომლებიც ენერგიით ელექტროძრავს ამარაგებენ, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება (პლაგ-ინ სისტემა).

განსაკუთრებულ ყურადღებას XR3-ს მზიდი ელემენტი იწვევს. მისი ძირითადი ტანი ფოლადის კვადრატული მილებისგანაა შეკრული, გარედან კი მათზე ალუმინის ფურცლებია შემოკრული, რაც მას სიხისტეს ანიჭებს. შასის წინა ტორსზე დიზელის აგრეგატი და მისი ტრანსმისია მაგრდება. უკანა ტორსის სეგმენტში კი საკიდარი და ელექტროძრავია მოთავსებული.

სამბორბლიანი ავტომობილის ძარა კომპოზიციური მასალებისგანაა დამზადებული, რაც ასევე წონის შემცირებას უწყობს ხელს. საბოლოო პროდუქტი მხოლოდ 670 კილოგრამს იწონის და თუ ჰიბრიდულ სისტემას სრულად იყენებს (ესე იგი, თუ ორივე ძრავს ამუშავებს), 100 კილომეტრის გასავლელად 1.045 ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარს. და თუ მხოლოდ შიდაწვის ძრავი იმუშავებს, საწვავის ხარჯი 1.887 ლიტრამდე გაიზრდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შერეული სტილით მოძრაობისას, ელექტრომოტორი საქმეში მხოლოდ მკვეთრი აჩქარების დროს ერთვება.

XR3-ს მაქსიმალური სიჩქარე 128 კმ/სთ-ს აღწევს, მარტო ელექტროძრავით კი, როცა აკუმულატორები სრულადაა დამუხტული, მისი სვლის მარაგი 64 კილომეტრს აღწევს. ავტომობილი საკმაოდ მოკრძალებული გაბარიტებით გამოირჩევა. მისი ბორბლებს შორის ბაზა 2.235 მეტრი, წინა ბორბლების კვალი 1.676 მეტრი, სიმაღლე კი 1.092 მეტრია.

რაილის სურს, რომ თავისი სამბორბლიანი ავტომობილის მყიდველმა, მის აწყობაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ XR3 ასაწყობი კიტების (დიდების კონსტრუქტორი) კომპლექტების სახით გაიყიდება და მათ შესაბამისი ინსტრუქციებიც მოჰყვება. ასე, ავტომობილის ფასიც საკმაოდ შემცირდება. თანაც, ის საკმაოდ იოლი ასაწყობია და მფლობელს თავის შექცევის საშუალებასაც მისცემს.

”სამბორბლიანი სპორტული ავტომობილი”, როგორადაც რაილი თავის ქმნილებას მოიხსენიებს, დაახლოებით 25 000 დოლარი ღირს, თუმცა მყიდველი დაახლოებით 15 000 დოლარს დაზოგავს, თუ წინასწარ ელექტროძრავზე უარს იტყვის.

უფრო ეკონომიური ”სუბარუ ლეგასი”

Subaru Legacy

22 ივნისი

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ავტომწარმოებელი, რომელსაც გლობალური კრიზისის დროს გაყიდვები არ შეუმცირდა. ”სუბარუ” ამ ცოტათაგანია. უფრო მეტიც, იაპონური კომპანიის გაყიდვები სულ უფრო იზრდება და როგორც ჩანს, ეს ტრენდი უახლოეს მომავალში არც შეიცვლება.

აქამდე, ”სუბარუს” ავტომობილებს თაყვანისმცემლები მათი ტემპერამენტის, სპორტული სტილის წყალობით არ აკლდა, ამიერიდან კი მათი კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ეკონომიურობაც გახდება. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმის საშუალებას ახალი ”ლეგასის” ეკონომიური ვერსია იძლევა.

ამ ავტომობილის დიზაინი შეიძლება ყველას არც მოსწონდეს და თანაც, ის წინამორბედზე გაცილებით ზორბაცაა, სამაგიეროდ, საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა. ”ლეგასი 2.5i”, რომელიც მუდმივმოდებიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად 10.28 ლიტრ ბენზინს წვავს, მაგისტრალზე აპეტიტი 7.63 ლიტრამდე მცირდება, შერეული ციკლით მოძრაობისას კი მოხმარება 9.1 ლიტრს აღწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილს ყველა ბორბალი წამყვანი აქვს და სოლიდური სიმძლავრითაც (175 ცხენის ძალა) გამოირჩევა, ასეთი მაჩვენებლებით, ის თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურია. სამაგიეროდ, თითქმის უგზოობის მოდელების დონის ხარჯი აქვთ ”ლეგასის” 2.5GT და 3.6R ვარიანტებს (შერეული სტილით ას კილომეტრზე 11 ლიტრზე მეტი). თუმცა ამ ავტომობილების მყიდველი მათში ეკონომიურობაზე მეტად მათს შესაძლებლობებს აფასებს.

საერთო ჯამში, ახალი ”ლეგასი” წინამორბედზე ეკონომიურია, ”სუბარუმ” კი მორიგი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მისი ავტომობილები ეკონომიურობაზე ახალ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

უფრო ტემპერამენტიანი ”სივიკ ტაიპ-R” ”მუგენისგან”

Mugen Civic Type-R

22 ივნისი

იაპონური კომპანია ”ჰონდა” ევროპული ბაზრისთვის თავისი პოპულარული მოდელის, ”სივიკ ტაიპ-R-ის” კიდევ უფრო სპორტულ, ტემპერამენტიან ვერსიას ამზადებს. ახალი ავტომობილი, რომლის შექმნაც ”ჰონდას” სპეციალური პროექტების დივიზიონ ”მუგენის” სპეციალისტებს დაევალა, ბაზარზე მესამე კვარტალში გამოჩნდება.

”მუგენს” პირველ რიგში, სტანდარტული ძრავის მოდერნიზება დაევალა. ეს არის ”ტაიპ-R-ის” ორლიტრიანი აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც, დამუშავების შემდეგ 237 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 217 ნიუტონმეტრს მიაღწევს.

მოდერნიზება უტარდება ავტომობილის საკიდარსაც, რომელიც უფრო ხისტი გახდება. ახალი ავტომობილისთვის სამუხრუჭე დისკებს იტალიური კომპანია ”ბრემბო” დაამზადებს. ამასთან, წინა დისკების დიამეტრი 315(!), უკანებისა კი 277.5 მილიმეტრია.

მაგრამ ინჟინრებისთვის დასახული მთავარი ამოცანა ავტომობილის წონის შემცირება იქნება. ამისათვის, ზოგიერთი დეტალი ფოლადის ნაცვლად, კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, უკანა სავარძლებს კი საერთოდ ამოიღებენ. წინა, სტანდარტული სავარძლები იტალიური ”რეკაროს” სპორტული სავარძლებით შეიცვლება. რაც შეეხება ბორბლებს, მათი ზომა 18 დუიმი იქნება და ისინი ალუმინის მსუბუქი შენადნობისგან დამზადდება.

სამწუხაროდ, ”მუგენი” ”ჰონდასთვის” ”სივიკ ტაიპ-R-ს” ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს. თუმცა, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები სასურველი ”სათამაშოს” გარეშე მაინც არ დარჩებიან - ანალოგიური მონაცემების მქონე ავტომობილებს ბაზარზე მალე ”რენო” (მეგან R26.R) და ”ფორდიც” (ფოკუს RS) გამოუშვებენ.

ახალი ”პარკ ესისტენტი” ”ინსინიასთვის

Insignia Park Assistant

22 ივნისი

”ოპელმა” გამოაცხადა, რომ მალე მოდელ ”ინსინიაზე” განახლებული ”პარკ ესისტენს” სისტემის გამოყენებას დაიწყებს. ეს სისტემა ნამდვილი მისწრებაა იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც გზის ვიწრო მონაკვეთში ავტომობილის დაყენება ეზარებათ, ან უჭირთ.

ახალი ”პარკ ესისტენტი” საქმეს მნიშვნელოვნად აადვილებს. სადგომზე მანქანის დაყენების პროცესში, სისტემა აღმოაჩენს მანქანებს შორის დასაყენებელ ადგილს და მძღოლს მაჩვენებლების ცენტრალურ დაფაზე, მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე, სიგნალს აძლევს. სისტემის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ის ”ინსინიაზე” ერთი მეტრით გრძელ ადგილსაც კი არჩევს და ამის შესახებ, უმალ მძღოლს ატყობინებს. სხვა ანალოგიურ სისტემებს, სრულად ავტომატურებსაც კი, მსგავსი თვისება არ გააჩნია.

სისტემის გააქტიურება მაშინაც კი შეიძლება, როცა ავტომობილი 30 კმ/სთ სიჩქარით, გზის პირას მდგარი მანქანებიდან 1.8 მეტრის სიშორეზე მოძრაობს. მძღოლს შეუძლია, მანქანების რიგს არც უყუროს. როდესაც მისი ”ინსინიას” წინა (ან უკანა, თუ ავტომობილი უკუსვლით მოძრაობს) ბამპერის კუთხეში მოთავსებული სენსორი საჭირო ადგილს აღმოაჩენს, მაშინვე შესაბამისი ცნობა დაფაზე გამოჩნდება (სურათზე). პარალელურად, სისტემა მძღოლს საჭის საჭირო მოძრაობის ინსტრუქციასაც აძლევს. წინა და უკანა ბამპერებში განლაგებული ათი სენსორის მეშვეობით, სისტემა თავადვე ადგენს პარკირების დროს არსებულ სიტუაციას და მძღოლისთვის ინსტრუქციების გაცემას განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ”პარკ ესისტენტი” და მისი სენსორები ”ინსინიაზე” გამოყენებულ კიდევ რამდენიმე დამხმარე სისტემაშიცაა ჩართული. ესენია ”ოპელ აი”, რომელიც ტრაფიკს აკონტროლებს და ”ადაპტივ ფორვარდ ლაითნინგი”, რომელიც განათების სისტმის ცხრა განსხვავებულ ფუნქციას და რეჟიმს აკონტროლებს.