Wednesday, June 24, 2009

ტოიოტა სუპრა ბრუნდება

24 ივნისი

ექვსი წლის წინ, ”ტოიოტამ” თავისი პოპულარული სპორტული მოდელის, ”სუპრას” წარმოება შეწყვიტა და ამით, ამ ავტომობილის თაყვანისმცემლებს ძლიერ დასწყვიტა გული. გავიდა ოთხი წელი და იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის ავტო შოუზე, კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი - FT-HS წარადგინა, რომელიც ბევრმა განახლებული ”სუპრას” წინამორბედად შერაცხა.

მათ კვერი ”ტოიოტას” წარმომადგენლებმაც დაუკრეს, რომლებმაც ორაზროვნად განაცხადეს, რომ ”სუპრა” შეიძლება დაბრუნდეს. გავიდა კიდევ ორნახევარი წელი და ინტერნეტში გავრცელდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ FT-HS მალე ”სუპრას” სახელით გამოჩნდება ბაზარზე.

ახალი ავტომობილის წინასერიული პროტოტიპი, შესაძლოა, უკვე ”სუპრას” სახელით, ტოკიოს წლვანდელ ავტო შოუზე გამოჩნდება, მერმის კი, უკვე როგოეც საწარმოო მოდელს, მას პარიზის ავტო შოუს დამთვალიერებელი იხილავს.

ახალი ”სუპრა” 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 268 ცხენის ძალა იქნება. მას კი შეუწყვილდება ჰიბრიდული სისტემა, რომელსაც იაპონური კომპანია თავის პოპულარულ სრულგაბარიტიან სედან ”ქრაუნზე” იყენებს. ჯამში, ორივე აგრეგატის მაქსიმალური სიმძლავრე 400 ცხენის ძალას მიაღწევს.

სრულამძრავიანი ტრანსმისია მე-7 სერიის ბეემვესთვის

24 ივნისი

”ბეემვე” ფრანკფურტის ავტო შოუზე სადებიუტოდ ამზადევბს თავისი ფლაგმანის, მე-7 სერიის სედანის სრულამძრავიან ვერსიას. ბენრი ბავარიელებისგან ამ ნაბიჯს კარგა ხნით ადრე ელოდა, რადგან მათი ბევრი კონკურენტი ასეთ ავტომობილებს დიდი ხანია, სთავაზობს მყიდველს.

სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ მე-7 სერიის სედანს ინდექსად xდრაივ მიეწერება. ამასთან ასეთი ტრანსმისია მხოლოდ 407-ცხენისძალიანი 750i-სთვის იქნება განკუთვნილი. ჯერჯერობით უცნობია, იგივე ტრანსმისიას თუ შესთავაზებენ იმ მყიდველს, რომელიც უფრო მცირელიტრაჟიანი ძრავით აღჭურვილი სედანის, ან დიზელისძრავიანი მე-7 სერიის შეძენას მოისურვებს.

სწორ გზაზე გადაადგილებისას, ბავარიელთა სრულამძრავიანი ტრანსმისია ძრავის მაბრუნი მომენტის 40%-ს წინა ბორბლებს აწვდის, დანარჩენ 60%-ს კი - უკანა ბორბლებს. მაგრამ თუ გზის ხარისხი უარესდება, მაშინ უკანა ღერძს მაბრუნი მომენტის 80% მიწოდება. გარდა ამისა, მაბრუნი მომენტის განაწილება საჭის რგოლის მობრუნების კუთხეზეც არის დამოკიდებული.

გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, სრულამძრავიან მე-7 სერიის მოდელებს უფრო მაღალი კლირენსი ექნება. გარდა ამისა, ისინი დაღმართზე მოძრაობისას დამხმარე სისტემითაც (ჰილ დესცენტ) დაკომპლექტდებიან.

სრულამძრავიანი მე-7 სერიის მოდელი ჩვეულებრივზე 50 კილოგრამით მძიმე და 2 500-2 800 ევროთი ძვირი იქნება. ჩატარებულმა საგზაო ტესტებმა გამოავლინა, რომ ამ ზედმეტი წონის გამო, საწვავის მოხმარება ყოველ 100 კილომეტრზე 0.2-0.4 ლიტრით გაიზრდება.

პორშე კარერა GT-ს შემცვლელზე ფიქრობს

Porsche Carerra GT

24 ივნისი

”პორშეს” ხელმძღვანელობა ახალი სუპერავტომობილის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რომლითაც შუამოტორიანი ”კარერა GT” უნდა შეიცვალოს. ეს ავტომობილი არცთუ დიდი ხნის წინ, სიძვირის მიუხედავად, პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ იმის გამო, რომ თავიდანვე მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოება იყო გათვალისწინებული, სამი წლის წინ წარმოებიდან მოიხსნა.

ფრანგული ჟურნალი ”ლ’აუტომობილი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალი ავტომიბილი იქნება იმ სარბოლი ”სპაიდერ RS-ის” (სურათზე) საგზაო ვერსია, რომლითაც ”პორშე” ლე მანის 24-საათიან რბოლებში და ლე მანის სერიის ჩემპიონატებში მონაწილეობს.

ინგლისური ”აუტოქარი” ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, რომ გერმანული კომპანია ახალ სუპერავტომობილს ამზადებს. თუმცა უარყოფა ფრანგული ჟურნალის ვარაუდს იმის შესახებ, რომ შტუტგარტელები ახალი ავტომობილის ბაზისად სარბოლი ბოლოდის პლატფორმას გამოიყენებენ. პარალელურად, LMP2 კლასის ”სპაიდერ RS-ს” ახალი სარბოლი ავტომობილის ბაზისად გამოიყენებენ.

სამაგიეროდ, ორივე გამოცემის ინფორმაცია ერთმანეთს იმ საკითხში ემთხვევა, რომ ახალი ავტომობილი ღია იქნება, მისი შასი (მონოკოკი) ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადდება და მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება. ასევე, კოკპიტის უკან დამონტაჟდება 3.4-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი მოემსახურება. ეს ის ძრავი, რომლის მეშვეობითაც, ”სპაიდერ RS-მა” ლე მანის წლევანდელ 24-საათიან რბოლაში, LMP2 კლასში გაიმარჯვა. ამ ძრავის სიმძლავრე 480 ცხენის ძალაა, თუმცა სერიულ ავტომობილზე გამოყენების წინ, მას დეფორსირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც მაქსიმალური სიმძლავრე 400 ცხენის ძალამდე ჩამოვა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი სამუშაო რესურსი. ძრავს 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, ამ აგრეგატებს კი ორსაფეხურიანი გადაბმულობის ქურო დააკავშირებს.

”ლ’აუტომობილისვე” ინფორმაციით, ”პორშეს” ახალი სუპერავტომობილის სიგრძე 4.65 მეტრი, სიგანე 2.00 მეტრი და სიმაღლე 1.10 მეტრი იქნება. ”კარერა GT-ს” მსგავსად, ახალ ავტომობილსაც შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, მისი წარმოება კი ქალაქ ლაიპციგის (გერმანია) ქარხანაში 2012 წელს დაიწყებენ.

მერსედეს-ბენც CL-ს S-კლასის კუპე დაერქმევა

Mercedes-Benz S-Class Coupe

24 ივნისი

”მერსედეს-ბენცი” თავისი სპორტული მოდელებისთვის სახელის გადარქმევის პროცესს აგრძელებს. მალე ბაზარზე E-კლასის კუპე გამოჩნდება, რომლის წინა თაობების მოდელებიც CLK-ს სახელით იყო ცნობილი. რიგში დგას CLC ჰეჩბეკი, რომელიც ორი წლის შემდეგ, C-კლასის კუპეს სახელით დაბრუნდება. ამ ტენდენციის ლოგიკური გაგრძელება კი კუპე CL-სთვის S-კლასის კუპეს დარქმევა გახდება.

ამჟამად S-კლასის კუპეს შემუშავება სრული ტემპით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ავტომობილს ახალი LED დღის და იმავე სისტემის ღამის მთავარი მაშუქები ექნება. შეიცვლება რადიატორის ბადისა და წინა ბამპერის დიზაინი.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი S-კლასის კუპეს ბაზაზე მომავალში, S-კლასის კაბრიოლეტიც დამზადდება, რომელსაც, ისევე როგორც კუპეს, კონცეპტუალური ”ოუშენ დრაივის” სტილში შეასრულებენ. რაც შეეხება სედანს, მას უფრო თავშეკავებული გარეგნობა ექნება.

გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალი S-კლასის კუპე უფრო მძლავრ ძრავებს და სპორტულ საკიდარს მიიღებს.

ფორმულა 1 გახლეჩას გადაურჩა

Formula 1

24 ივნისი

დღეს პარიზში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) შტაბ-ბინაში, ფორმულა ერთის ბედი წყდება - ფედერაცია ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს სხდომას მართავს, რომლის მთავარი საკითხიც ფორმულა 1-ის მომავალზე მსჯელობაა. საბჭოზე მონაწილეობას ფედერაციის პრეზიდენტი მაქს მოსლი და მისი მთავარი ოპონენტები - ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციის (FOTA) წევრებიც მიიღებენ.

შეხვედრის დაწყებამდე კი მოსლი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ ახარა, რომ მოქიშპე მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და რომ ფორმულა ერთს ორ მეტოქე სერიად დაყოფა აღარ ემუქრება.

”ჩვენ კვლავაც ერთიან ჩემპიონატს ჩავატარებთ. რიგ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. რაც მთავარია, შევთანხმდით ხარჯების შეკვეცის საკითხზე. FOTA-ს წევრმა გუნდების შემწეობით, ჩვენ გამოსავალს მივაგენით. მიზნად კი ყველანი ერთად ხარჯების შემცირებას ვისახავთ. მიღწეული შეთანხმებით, ორ წელიწადში, ხარჯები 90-იანი წლების დასაწყისის დონეზე უნდა ჩამოვიდეს”, - განაცხადა მოსლიმ, ვინც ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრასაც აღარ აპირებს და ეს გუნდების წინაშე გაწეული კომპრომისის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.

არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ მოსლი, FOTA-ს აღმასრულებელი და ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო და ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი წუხელ და დღეს დილით, რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს და ინტენსიური მოლაპარაკება გაუმართავთ.

მიღწეული შეთანხმებით, გუნდები უარს იტყვიან ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებაზე და თანხმობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომელიც 2012 წლამდე იმოქმედებს. შეხვედრების შედეგით კმაყოფილი დარჩა ეკლსტოუნი, ვისი თქმითაც, ”საღმა აზრმა გაიმარჯვა”.

ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს სხდომა მოგვიანებით დასრულდება და სავარაუდოდ, მასზე ფორმულა ერთის მომავალი გადაწყდება.

სურათზე: მაქს მოსლიმ ფაქტობრივად, მარცხი აღიარა

ფორმულა 1: ტექნიკური სიახლეები

Formula 1

24 ივნისი

რედ ბული

და ისევ ”რედ ბული”. იმას, რომ ლიდერთა შორისაა, ეს გუნდი ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის უნდა უმადლოდეს. ორი რბოლა დასჭირდა ამ უნიჭიერეს ინჟინერს იმისათვის, რომ მონაკოში გამოყენებული ”უმი” ორმაგი დიფუზორი ჭკუაზე მოეყვანა, რის შემდეგაც, ამ გუნდის ორივე პილოტს მდევრის როლი დევნილის როლით შეეცვალა. არავინ იცის, თბილ ამინდსა და სილვერსტოუნთან შედარებით, მრავალფეროვან ტრასებზე როგორ იმუშავებს მეტოქე ”ბრაუნის” მანქანები, მაგრამ ფაქტია, რომ ბრიტანულ რბოლაზე ”რედ ბული” უახლოეს მდევრებზე ერთი თავით წინ იყო.

მონაკოს შემდეგ, ”რედ ბულის” ორმაგმა დიფუზორმა მნიშვნელვანი ცვლილება განიცადა. ის მაქსიმალურად გაგანიერდა და თითქმის უკანა ბორბლებამდე მივიდა. ამგვარად, ავტომობილის ძირიდან გამოსული ჰაერის უფრო დიდ ნაკადს უყრის თავს და ამგვარად, მთლიანად მანქანის აეროდინამიკურ დატვირთვას ზრდის, რითაც სწრაფ მოსახვევებში მის უკეთეს მდგრადობას უზრუნველყოფს. ცნობისათვის, ბრიტანეთამდე, რედ ბულის” დიფუზორებს (ორმაგსაც და ერთმაგსაც) უკანა ფრთის სიგანე ჰქონდა. ეს ორი ელემენტი კვლავ ხისტად უკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ ფრთის ვერტიკალური ფირფიტები დიფუზორის გარე კედლების როლს აღარ ასრულებენ.

გარდა ამისა, ამიერიდან ოდნავ ზევითაა აწეული ძრავის სეგმენტის ”კაბა”, რითაც ძრავის სეგმენტისგან ცხელი აირის უფრო ინტენსიური არიდება ხდება. იგივე მიზანს ემსახურება უკანა ფრთის ქვედა ჰორიზონტალური სეგმენტის ცენტრში გამოტანილი ოვალური ღრიჭო. დიფუზორის ზედა სიბრტყეშია გადმოტანილი გამოსაბოლქვი მილების დაბოლოებებიც, რაც მანქანის უკანა ნაწილში ჰაერის ნაკადის მოწესრიგებას უწყობს ხელს.

BMW ზაუბერი

შვეიცარიულ-გერმანული გუნდი ყველანაირად ცდილობს კრიზისიდან თავის დაღწევას და თითქმის ყველა ეტაპზე შეაქვს მანქანის კონსტრუქციაში ცვლილება. მას შემდეგ, რაც გუნდმა უარი თქვა KERS-ის გამოყენებაზე, მისი ყურადღება მთლიანად აეროდინამიკას დაეთმო. პირველ რიგში, ის ელემენტები იხვეწება, რომლებიც ერთი შეხედვით, მარტივად ჩანდა. მაგალითად, წინა ანტიფრთა.

ყურადღებას იქცევს წინა ანტიფრთის ვერტიკალური ფირფიტა, რომელიც ძირთან გარეთაა გამოღუნული და ამით, ფრთის ქვეშ ჰაერის გაზრდილ ნაკადს მიმართავს. ადრე, ამ ნაკადის ნაწილი ბორბლისკენ იყო მიმართული და წინააღმდეგობას ზრდიდა.

ასევე შეცვლილია ჰორიზონტალური პირველი და მესამე ფირფიტების (ფრთების) შიდა სეგმენტები. ქვედა ფირფიტას ვერტიკალური ტორსი გაუჩნდა, რომელიც ჰაერის ნაკადის მანქანის ძირისკენ უკეთ მიმართვას უწყობს ხელს. მესამე ფირფიტა კი ოდნავ აწეულია, რითაც მთლიანად ფრთის ქვეშ ჰაერის გაუხშოებას უფრო ეფექტურს ხდის და ამით, ფრთის აეროდინამიკურ დატვირთვის გაზრდას იწვევს.

რედ ბული

ავსტრიულმა გუნდმა თავისი ბოლიდის კონსტრუქციაში პირველი სერიოზული აეროდინამიკური ცვლილება ჯერ კიდევ მონაკოს ეტაპისთვის შეიტანა, როცა ორმაგი დიფუზორი პირველად გამოიყენა. მაგრამ ეს სიახლე ფრაგმენტული იყო და სასურველი შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ბრიტანული ეტაპისთვის გუნდმა რადიკალურად შეცვლილი მანქანა მოამზადა.

ცვლილებათაგან, გარეგნულად ყველაზე შესამჩნევი ბოლიდის ახალი, უფრო გაგანიერებული და კიდევ უფრო ზეაწეული ცხვირია, რომელიც ავტომობილის წინ ჰაერის ნაკადის უფრო ეფექტურად ”შეგროვებას” და ძირისკენ მიმართვას უწყობს ხელს. მაქსიმალურად წინაა გამოტანილი სეგმენტი, რომელზეც ვიდეოკამერები მაგრდება ხოლმე. ამიერიდან, ამ სეგმენტს აეროდინამიკური დატვირთვაც აქვს და იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც გაგანიერებული ცხვირი. გარდა ამისა, ავტომობილის წინა ნაწილის ქვეშ, იქ სადაც ძირი იწყება, ჰაერმჭრელზე დაყენებულია სენსორი, რომლიც ჰაერის ნაკადის ოპტიმალურობას აკონტროლებს. ეს ელემენტი მხოლოდ თავისუფალ პრაქტიკებზე გამოიყენეს, კვალიფიკაციასა და რბოლაზე კი მოხსნილი იყო, რადგან ზედმეტ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ქმნის.

ავტორბოლები მოყვარულებისთვის

24 ივნისი

ბევრის ოცნებაა, რომ ღიაბორბლიანი ავტომობილების რბოლებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ამ სურვილის ასრულება ძალიან ძვირი ჯდება - ჯერ ერთი, სარბოლი ავტომობილია შესაძენი, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და რომელსაც პროფესიონალის მომსახურება (ასევე საკმაოდ ძვირი) სჭირდება. მეორეც, ტრასიდან ტრასაზე გადაადგილებასაც უამრავი თანხა სჭირდება.

მაგრამ ამიერიდან, ამერიკელ მეოცნებეებს, თავიანთი ოცნებების ასრულებაში ბობ ბონდურანის სარბოლო სკოლა დაეხმარებათ. ბონდურანი ოდესღაც ფორმულა 1-ის ჩემპიონატში გამოდიოდა, GT-ს კლასში კი ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებულიც იყო. შემდეგ კი საკუთარი სახელობის სარბოლო სკოლა ჩამოაყალიბა და დღემდე ამ ბიზნესს საკმაოდ წარმატებით უძღვება - ამერიკაში მისი სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია. ამიერიდან კი მისი კომპანია მისივე სახელობის ჩემპიონატს გაუწევს ორგანიზებას.

ბონდურანის პირველი ჩემპიონატი სტარტს სექტემბერში აიღებს. ის 9 ეტაპისა და 18 რბოლისგან შედგება (ყოველ ეტაპზე ორ-ორი რბოლა ჩატარდება). თითოეულ ეტაპზე მონაწილეობა 3 495 დოლარი ჯდება, რაშიც შედის როგორც სარბოლი ავტომობილის დაქირავება, ასევე ეტაპის მსვლელობისას მისი მომსახურებაც. რაც შეეხება რბოლებს, ყველა მათგანს ფინიქსის (შტატი არიზონა) საერთაშორისო ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელსაც სამი სხვადასხვა კონფიგურაცია აქვს.

ჩემპიონატისთვის ბონდურანის სკოლამ სპეციალურად შეიძინა ფორმულა ”მაზდას” სარბოლი ბოლიდები, რომლებიც ”მაზდას” წარმოების, 1.3-ლიტრიანი როტორული ძრავებითაა აღჭურვილი და ეკიპირებულია კომპანია ”ჰიულანდის” წარმოების 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფებითა და ”გუდიარის” წარმოების ”სლიკ” საბურავებით.

ქირის გადახდის შემდეგ, მოყვარულ ავტომრბოლს სრულ სარბოლ უქმეზე ასპარეზობის უფლება ეძლევა. სარბოლ უქმეებზე პარასკევი თავისუფალ პრაქტიკას ეთმობა, შაბათს კვალიფიკაცია ჩატარდება, კვირას კი - ორი რბოლა. ქირის გარდა, მოყვარულ მრბოლს საკუთარი ეკიპირების (კომბინეზონი, ჩაფხუტი, სარბოლი ხელთათმანები და ფეხსაცმელი, ასევე კისრის დამცავი) გამოყენებაც მოუწევს.

”ოპელი” კაბრიოლეტ ”ასტრას” ამზადებს

Opel Astra

24 ივნისი

”ოპელს” ჯერ მეექვსე თაობის ”ასტრას” წარმოება არ დაუწყია და ამ ავტომობილის ბაზაზე უკვე სხადასხვაძარიან მოდიფიკაციებს ამზადებს, მათ შორის, კაბრიოლეტსაც. საერთოდ, წინა ”ასტრას” პლატფორმაზე ”ოპელი” რამდენიმე ვერსიას, მათ შორის, კუპეს, უნივერსალს, სედანს, ფურგონს და რა თქმა უნდა, კაბრიოლეტსაც აწარმოებს. გერმანული კომპანია ამ გამის შენარჩუნებას მომავალშიც აპირებს, თუმცა კაბრიოლეტი ოდნავ განსხვავებული, სპორტული ნირის ავტომობილი იქნება.

ინგლისურ ჟურნალ ”ავტოექსპრესის” ინფორმაციით, ”ასტრას” ბაზაზე ორადგილიანი კაბრიოლეტი დამზადდება, რომელიც ბაზარზე კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს, როგორებიცა ”მინის” და ”ფოლკსვაგენის” როდსტერებია.

იმისათვის, რომ პრემიუმ დონეზე ადგილი დაიმკვიდროს, როდსტერ ”ასტრას” მეტალის მოსახსნელი სახურავით, ქსენონის ფარებით და მოქრომილი გამოსაბოლქვი მილებით აღჭურვავენ. მისი ინტერიერი ჰეჩბეკის ბაზაზე შემუშავდება, თუმცა მის (სპორტულ) სავარძლებს უფრო ძლიერი გვერდითა დამჭერები ექნება.

ძრავების გამაში შევა 1.4-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავი, რომელიც 150 ცხენის ძალას ავითარებს და 2.0-ლიტრიანი CDTI, რომელზეც არჩევანს დიზელის ფანები შეაჩერებენ. ტოპ ვერსიისთვის გათვალისწინებულია ბენზინზე მომუშავე 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 270 ცხენის ძალას აღწევს, მისი მეშვეობით კი ავტომობილი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 6 წამზე ნაკლებში შეძლებს.

ჰეჩბეკ ”ასტრას” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო შოუზე (სექტემბერში) შედგება, მერმის კი ბაზარზე მის ბაზაზე დამზადებული უნივერსალი და კუპე გამოჩნდება. მხოლოდ ამის შემდეგაა როდსტერის (თუ ის ოთხადგილიანი იქნა, მაშინ კაბრიოლეტის ძარას მიიღებს) გამოჩენა მოსალოდნელი.

ელექტრო ”სმარტი” წარმოებისთვის მზადაა

Electric smart

24 ივნისი

”დაიმლერმა” დაასრულა ბრიტანეთის გზებზე თავისი ელექტრული ”სმარტის” საგზაო ტესტირება და მათ შედეგებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ ასეთი ავტომობილები შეზღუდული ტირაჟით 2010 წლიდან აწარმოოს.

ავტომობილი აღჭურვილია 40-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელიც ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ელექტროენერგიით სარგებლობს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 50 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად კი მას 6.5 წამი ჰყოფნის. ელექტრო ”სმარტის” ტრანსმისია საფეხურების შეცვლას არ საჭიროებს და ამდენად, ქალაქში მისი მართვა უმარტივესი საქმეა.

ბრიტანეთის გარდა, ”დაიმლერი” თავისი (მეორე თაობის) ელექტრო ”სმარტის” საჩვენებელ გამოცდებს რომში, მილანში, პარიზსა და აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში გეგმავს, რის შემდეგაც, ამ ავტომობილს იქაურ მომხმარებელსაც (მეტწილად კორპორატიულს) მიაწვდის. მეორე თაობის ელექტრო ”სმარტს” წინამორბედთან შედარებით, სვლის გაზრდილი სიშორე ექნება, სრულად დასამუხტად მას ნაკლები დრო დასჭირდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას გაუმჯობესებული დინამიკური მახასიათებლები ექნება.

ისევე როგორც სხვა ელექტრომობილებს, ელექტრო ”სმარტსაც” არ აქვს სანთლები, ზეთის ფილტრი, გამოსაბოლქვი სისტემა, არ საჭიროებს ზეთის პერიოდულ შეცვლას და სხვა, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის საჭირო სერვისს. გარდა ამისა, ეს ავტომობილი ენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდან ივსებს, რის გამოც, ის ეგრეთ წოდებულ პლაგ-ინ კლასს მიეკუთვნება. ავტომობილს შედარებით მცირე რაოდენობით მოძრავი ნაწილები აქვს, რისი წყალობითაც, მას ნაკლები მომსახურება და მოვლა ესაჭიროება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება (შიდაწვისძრავიან სმარტთან შედარებით) მისი საექსპლუატაციო ხარჯები. დაკიდევ, ”დაიმლერი” ირწმუნება, რომ ელექტრო ”სმარტში” გამოყენებული აკუმულატორი მინიმუმ ათი წელი მაინც იმუშავებს.

ამასთან, ელექტრო ”სმარტი” უსაფრთხოების ყველა იმ სისტემითაა აღჭურვილი, რომლებიც ჩვეულებრივ ”სმარტებზე” გამოიყენება. ეს სისტემებია ESP, ABS, ორი აირბალიში და უსაფრთხოების წინასწარი დამჭიმები.

ეკოლოგიურ ავტომობილებზე ბრიტანეთის მთავრობისა და ლონდონის მერიის მიერ დაწესებული სხვადასხვა შეღავათების წყალობით, ელექტრულ ”სმარტში” ლონდონელ კორპორატიულ მყიდველს 13 750 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

”მაგნა” ”ოპელზე” უარს იტყვის?

Magna-Opel

24 ივნისი

დასავლურ პრესაში გავრცელებული ცნობით, ”ჯენერალ მოტორსი” კანადურ ”მაგნასთვის” თავის ევროპულ შტო ”ოპელის” იმ პირობით მიყიდვას დათანხმდა, რომ მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა, როცა გერმანული კომპანია მომგებიან საქმიანობაზე გადავა.

კარგად ინფორმირებული ანონიმური წყაროს მიერ გერმანულ გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, ”მაგნამ” ”ჯენერალ მოტორსის” თანხმობა სწორედ ამ პირობის შესრულების გამო მიიღო. მაგრამ ამ შემთხვევაში, კანადური კომპაინიისთვის ”ოპელის” შეძენა ყოველგვარ აზრს კარგავს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ”მაგნა ინტერნეიშნლი” ”ოპელზე” უარის თქმას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული კომპანიის შეძენის რეალური შანსი უჩნდებათ იტალიურ ”ფიატს”, ჩინურ ”ბეიძინ აუტომოტივსა” (BAIC) და ბელგიურ ”RHJ ინტერნეიშნლს”.

ამათგან პირველ ორს ”ოპელში” თითქმის ისეთივე ინტერესები აქვთ, როგორიც ”მაგნას”, ბელგიურ კომპანიას კი შესაძლოა, მხოლოდ დროებითი ეფექტის მქონე, მომგებიანი გარიგება აინტერესებდეს, რომელიც მას ”ოპელის” ”ჯენერალ მოტორსისთვის” დაბრუნების შემთხვევაში, მოგებას მოუტანს.

ასე რომ, ”ოპელს” მყიდველი მაინც ეყოლება...