Monday, July 13, 2009

უნიკალური სარბოლი ”მილერი” აუქციონზე გაიყიდება

Miller V16

13 ივლისი

1931 წელს გამოშვებული სარბოლი ავტომობილი ”მილერ V16” შტატ კალიფორნიის ქალაქ მონტერეიში, კომპანია ”RM ოქშენზის” მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გაიყიდება. მის გარდა, იმავე აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ ”მილერის” კიდევ ერთ სარბოლ ქმნილებას, 1927 წელს გამოშვებულ ”მილერ 91-ს”. ორივე ავტომობილი კომპანია ”მილერის” რარიტეტული ავტომობილების თავგამოდებული კოლექციონერის, ჩაკ დევისის კოლექციიდანაა.

”მილერ V16” ჰარი მილერის მიერ გამოშვებული ერთადერთი ავტომობილია, რომელსაც V16 კონფიგურაციის ძრავი აქვს. ჩაკ დევისის კოლექციაში ის 1978 წელს მოხვდა, მის მფლობელს კი ინდიანაპოლისის 500-მილიან რბოლაზე სახელმოხვეჭილი ავტომობილის რესტავრაციისთვის 14 წელი დასჭირდა. განახლებული ავტომობილი ტესტირებისათვის, ის ინდიანაპოლისის ტრეკს დაუბრუნდა.

აღდგენილი ”მილერ V16” საზოგადოებამ პირველად მონტერეის ისტორიული ავტომობილების გარბენსა და პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე იხილა. 13-15 აგვისტოს კი მონტერეის აუქციონზე მასში 600 000-დან 1 მილიონ დოლარადე მოითხოვენ.

”დოჯ ვაიპერს” გადარჩენის შანსი მიეცა

Dodge Viper

13 ივლისი

კრიზისის გამო, ”კრაისლერი” თავისი ერთადერთი სუპრავტომობილის - ”დოჯ ვაიპერის” ცალკე ბრენდად გაყიდვას აპირებდა. შარშან, ამერიკულმა კომპანიამ მისი შეძენის მსურველთაგან რამდენიმე წინადადება მიიღო. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ გაკოტრება გარდაუვალი იქნებოდა, რის გამოც, ”კრაისლერის” მთავარმა აღმასრულებელმა ბობ ნარდელიმ ცოტა ხნით მოცდა ამჯობინა. თუმცა, ნებისმიერ ვარიანტში გადაწყვეტილი იყო, რომ დეტროიტული ქარხანა ”ვაიპერს” დეკემბრიდან აღარ გამოუშვებდა.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ”კრაისლერის” ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სუპერავტომობილ ”ვაიპერ SRT-10-ის” წარმოება აღარ შეწყდება. ”დოჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ აკავიტიმ განაცხადა, რომ ”დოჯ ვაიპერმა” სუპერავტომობილების მოყვარულთა გულებში ადგილი სამუდამოდ დაიკავა. კომპანია ამაყობს იმით, რომ ეს ავტომობილი პლანეტის სუპერავტომობილების ელიტის წევრი და ”დოჯის” ნამდვილი იკონაა, რომელზეც უარის თქმა დიდი შეცდომა იქნებოდა.

”დოჯ ვაიპერის” კონცეპტუალური ვერსია პირველად ნიუ იორკის 1989 წლის ავტო შოუზე გამოჩნდა, ერთი წლის შემდეგ, კომპანიაში მისი წარმოების გადაწყვეტილება მიიღეს, კიდევ ორი წლის შემდეგ კი მისი გაყიდვები დაიწყო. ახლანდელი ”ვაიპერი” მეოთხე თაობის მოდელია და ის 8.4-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ აგრეგატების მეშვეობით, ”ვაიპერ SRT-10” ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 4 წამზე ნაკლებში იღებს, 160 კმ/სთ-მდე კი 12 წამი სჭირდება. ამერიკაში ”ვაიპერის” საბაზო ღირებულება 91 220 დოლარია.

წარმოების დაწყებიდან მოყოლებული, ”კრაისლერმა” სულ 25 000 ”ვაიპერზე” მეტი გაჰყიდა.

”მერსედესი” სუპერ ელექტრომობილს გამოუშვებს

all-electric SLS gullwing

13 ივლისი

შესაძლოა, ბევრს არ მოსწონს ის, რომ მალე, საერთო სარგებლობის გზებზე ელექტრომობილები გამოჩნდება, რომლებიც თანდათან ჩაანაცვლებენ გარემოს დამაბინძურებელ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. და ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ელექტრომობილები სუპერავტომობილების დინამიკას ვერასდროს შესწვდებიან. ჯერ ერთი, ეს მცდარი შეხედულებაა, რომელმაც დღემდე წინა საუკუნის დასაწყისიდან მოაღწია. მეორეც, სუპერავტომობილებს ხომ მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები ყიდულობენ, ასეთები კი ჩვენს შორის, ესე იგი, ამ ბლოგის მკითხველთა შორის ნაკლებად მეგულებიან.

ზემოთ რომ მცდარ შეხედულებაზე მოგახსენეთ, ერთ-ერთმა პირველმა ის კალიფორნიულმა კომპანია ”ტესლამ” გააქარვა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ”ლოტუს ელისის” ბაზაზე ელექტრულ სუპერავტომობილს (სახელად როდსტერი) აწარმოებს, რომელიც აშშ-ში იმდენად პოპულარულია, რომ მისი სხვა ბაზრებზე, მათ შორის, ევროპულ ბაზარზე გატანაც გადაწყდა.

და რახან ასეა, მაშინ ავტოინდუსტრიის ვეშაპებს დიდხანს უქმედ ყოფნა როგორ შეეძლოთ. ჰოდა, მათგან პირველები რეაგირებას ”მერსედეს-ბენცი” და მის ჯგუფში შემავალი სატუნინგო კომპანია AMG აპირებენ, რომლებიც სუპერავტომობილ ”SLS AMG გალვინგის” (გალვინგ - თოლიას ფრთა) ბაზაზე ელექტრომობილის გამოშვებას 2015 წელს გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ”SLS AMG გალვინგის” წარმოება ჯერ არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ის კონცეპტუალური მოდელის სახითაც კი არავის უნახავს. ტესტირების დროს, მას ძლიერ შენიღბულს პერიოდულად კი უღებენ ფოტოებს, მაგრამ ავტომობილის შესახებ რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ახლახანს კი გერმანულმა გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”SLS AMG გალვინგი” შეიძლება პირველად ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე ეჩვენოს საზოგადოებას.

გერმანული ჟურნალის ცნობით, ელექტრომობილი ”SLS AMG გალვინგის” (სურათზე მისი ოფიციალური ესკიზია) ანალოგიურ ძარათი და ”თოლიას ფრთის” ტიპის კარებით შეიმოსება, თუმცაღა სრულიად განსხვავებულ შასიზე აიგება და საკიდარსაც განსხვავებულს მიიღებს, რასაც ელექტრომობილის თავისებურებანი განაპირობებს.

პირველი თავისებურება ისაა, რომ ელექტროძრავები, რომელთა სიმძლავრე 133 ცხენის ძალა იქნება, ოთხ ბორბალში მოთავსდება. შესაბამისად, მათი ჯამური სიმძლავრე 532 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 880 ნიუტონმეტრს მიაღწევს. შედარებისთვის, შიდაწვისძრავიანი ”SLS AMG გალვინგი” 6.3-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 571 ცხ. ძ-ს და 649 ნმ-ს იძლევა. AMG-დან გამოსული ინფორმაციით, ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას 4 წამს მოანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 200 კმ/სთ იქნება. სამაგიეროდ, სრულად დამუხტული ლითიუმ-იონური აკუმულატორები მას 150-180 კილომეტრს გაატარებს, მათი სრულად დამუხტვისთვის კი 5-6 საათი იქნება საჭირო.