Tuesday, July 28, 2009

ახალი ”ბუგატის” პრემიერა გადაიდო

Bugatti Bordeaux

28 ივლისი

ამ დღეებში ერთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ”ბუგატის” უახლესი მოდელის შესახებ, რომელსაც ინტერნეტში უკვე ”ბორდოს” სახელით მოიხსენიებენ. გლობალურ ქსელში ამ ავტომობილის ტისერებიც კი გავრცელდა, რომელზეც ავტომობილის უკანა ნაწილია გამოსახული. ფოტოები კი მოსაწვევიდანაა, რომლითაც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი ფრანგული კომპანია, თავისი ახალი ავტომობილის პრეზენტაციაზე საპატიო სტუმრებს ეპატიჟება. ტისერს თან სხლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუს დროს იგეგმებოდა.

მაგრამ როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში ”ბუგატი” თავის ახალ სუპერავტომობილს დახურულ პრეზენტაციაზე, მხოლოდ პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს უჩვენებს. პრეზენტაციაზევე მოხდება პოტენციური მყიდველების გამოხმაურების გაანალიზება, რის შემდეგაც, ავტომობილს ფართო საზოგადოებასაც წარუდგენენ.

გამოცემა ”ავტოექსპრესის” ინფორმაციით, ახალი ოთხადგილიანი სუპერ ავტომობილის სახელი ”ბორდოა”. ის ოთხტურბოკომპრესორიანი 8.0-ლიტრიანი W16 მონსტრით აღიჭურვება, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში განლაგდება (ვეირონს ძრავი ბაზაში აქვს). ამასთან ძრავის სიმძლავრე იმდენივე იქნება, რამდენიც ”ვეირონისაა” – 1 001 ცხენის ძალა და 1 250 ნიუტონმეტრი (ეს უკვე ბუგატის ავტომობილების საფირმო მახასიათებელი ხდება). ამგვარად, ”ბუგატი ”ბორდო” მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი ავტომობილი გახდება.

”შევროლე ვოლტი” – 0-100 კმ/სთ აჩქარება 8.5 წამში

Chevrolet Volt

28 ივლისი

”ჯენერალ მოტორსს” თავისი ჰიბრიდული მოდელი ”შევროლე ვოლტი” ბაზარზე ჯერ არ გამოუყვანია, მაგრამ ამ ავტომობილის შესახებ პრესაში იმდენი იწერება, რომ პოპულარობით ის ბევრ სერიულ მოდელს მისცემს ფორას. და მაინც, ”ვოლტის” (გენერლები ამ ავტომობილს ელექტრომობილად მოიხსენიებენ) შესაძლებლობათა შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი.

და აი, ”ჯენერალ მოტორსის” გლობალური პროგრამების მართვის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი იონ ლაუკნერი ამბობს, რომ ”ვოლტს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა დაახლოებით 9 წამში შეუძლია. აჩქარება იმაზეა დამოკიდებული, თუ ავტომობილში რამდენი ადამიანი ზის და რა მოცულობის ბარგი დევს.

”0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 8.5-9 წამი სჭირდება, ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ ავტომობილში რამდენი ადამიანი ზის, რა წონის ტვირთი დევს და ასე შემდეგ. ”ვოლტს” კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს - ელექტროძრავები მაქსიმალურ მომენტს წუთში ერთი ბრუნის დროსაც კი ავითარებენ, ამის წყალობით კი, ”ვოლტი” ისევე სწრაფად იძვრის ადგილიდან, როგორც 250-ცხენისძალიანი V6 ძრავით აღჭურვილი სპორტული ავტომობილი. მას ადგილიდან რეზინის ღრჭიალით დაძვრაც კი შეუძლია - ეს მანქანას მე თვითონაც გავაკეთებინე”, - ამბობს ლაუკნერი.

”შევროლე ვოლტს” უკვე საგზაო გამოცდები უტარდება, მაგრამ მისი გავიდვების დაწყების თარიღი ჯერ დათქმულიც არ არის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ”ჯენერალ მოტორსს” ჯერ მისი შემუშავება არ დაუსრულებია. ლაუკნერის თქმით, ახლა მისი კომპანიის მთავარი საზრუნვი ავტომობილის ფასის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ მიმართულებით, მუშაობა აკუმულატირებსა და ზოგიერთ ელექტრულ კომპონენტზე მიმდინარეობს.

”ჩვენ ახლავე შეგვიძლია ”ვოლტის” წარმოების დაწყება, მაგრამ ამ ეტაპზე, მისი თვითღირებულების შესამცირებლად ვმუშაობთ. კონკრეტულად კი, ეს აკუმულატორებს, ელექტროძრავს და ელექტრონულ სისტემებს ეხება. პარალელურად კი ელექტრომობილებისთვის საჭირო ტექნოლოგიებიც იხვეწება და ვიმედოვნებთ, რომ ”ვოლტის” გამოშვებამდე, მათი ფასები ჩვენთვის სასურველ დონეზე ჩამოვა”, - დასძენს ლაუკნერი.

ბოლო ინფორმაციით, ”ჯენერალ მოტორსს” ”შევროლე ვოლტის” ევროპაში გაყიდვაც აქვს დაგეგმილი. პირვანდელი გეგმა ამას არ ითვალისწინებდა - ძველი კონტინენტისთვის ”ვოლტის” ბაზაზე დამზადებული ”ოპელ ამპერას” წარმოება იგეგმებოდა. თუმცა ამ ავტომობილს ბაზარზე გამოსვლა ცოტა დაუგვიანდება, თანც ”გენერლები” მალე ”ოპელს” გაყიდვას უპირებენ. ასე რომ, ევროპულ ბაზარზე მათს ინტერესებს ”ვოლტი” დაიცავს.

გაიცანით: ”ფერარი 458 იტალია”

Ferrari 458 Italia

28 ივლისი




დღეს ავტოსამყაროს მთავარი მოვლენა ”ფერარის” სრულიად ახალი მოდელის, პოპულარულ F430-ის შემცვლელის, ორადგილიანი ”458 იტალიას” ინტერნეტ პრემიერაა. მწარმოებელი გვაუწყებს, რომ ”458 იტალიას” სახით, ”ფერარიმ” მისთვისაც კი არნახული პროგრესი განიცადა ტექნოლოგიის სფეროში, ავტომობილი უმაღლეს დონეზეა შესრულებული და განსაკუთრებით, გამონაბოლქვში შემცირებული ნახშირორჟანგის შემცველობით გამოირჩევა.

”458 იტალიაზე” ბაზაში დგას 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 570 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრია. აგრეგატი მაქსიმალურ სიმძლავრეს მუხლა ლილვის 9 000 ბრ/წთ-ზე იძლევა, მაქსიმალურუ მაბრუნი მომენტი კი 6 000 ბრ/წთ-ზე გამომუშავდება. მაქსიმალური მომენტის 80 პროცენტს ძრავი 3 250 ბრ/წთ-ზე აღწევს. საერთო ჯამში, ძრავის ლიტრული სიმძლავრე ლიტრზე 127 ცხენის ძალაა, რაც სამოქალაქო (არასარბოლ) ავტოინდუსტრიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული. მისი მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება კი უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ავტომობილის სრულ სახელს იტყვით, ანუ 3.4 წამში. ამ მახასიათებლებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შემდეგი მონაცემებია: ავტომობილი 100 კილომეტრს 13.7 ლიტრი ბენზინით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 320 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ახალი ”ფერარის” გარეგნობა იტალიურ ატელიე ”პინინფარინას” სპეციალისტთა ნახელავია. კომპანიის განსაზღვრებით, ეს არის ახალი სიტყვა ”ფერარის” დიზაინის ისტორიაში. მასში შეხამებულია სტილი, კრეატიულობა, ჟინი და მაღალტექნოლოგიურობა. მაგრამ როგორც ყოველთვის, ”ფერარის” ავტომობილის გარეგნობა მარტო თვალს როდი იზიდავს. ის ფუნქციურიცაა. მაგალითად, ”458 იტალიას” მეტად დახვეწილი აეროდინამიკა აქვს - 200 კმ/სთ სიჩქარეზე, მისი ტანი 140-კილოგრამიან დინამიკურ დატვირთვას უზრუნველყოფს. ნაწილობრივ, ასეთ მახასიათებელს რადიატორის ჰაერამღებებთან მოთავსებული დრეკადი ფრთოვანები (ფორმულა 1-დან გადმოღებული ტექნოლოგია) უზრუნველყოფს, რომლებიც დიდ სიჩქარეზე იღუნებიან და რადიატორების ჰაერამღებების განივკვეთის ფართობს ამცირებენ. ასე კი ჰაერის შემხვედრი ნაკადის წინააღმდეგობას ამცირებენ.

”458 იტალიას” სარბოლ ავტომობილებთან ნათესაობა მის ინტერიერშიც შეინიშნება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ფორმულა ერთში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, მიხაელ შუმახერმა მიიღო (საერთოდ, შუმახერი ამ ავტომობილის შექმნის პროცესში პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მონაწილეობდა).

”458 იტალიას” შექმნისას ბლომადაა გამოყენებული ფ1-ის ტექნოლოგიები. განსაკუთრებით, ეს შასისა და ძარის მასალებს ეხება. შედეგად, ავტომობილი 1 380 კილოგრამს იწონის. წონის 42 პროცენტი წინა ღერძზე მოდის, დანარჩენი 58 პროცენტი კი - უკანა ღერძზე. ავტომობილის წინა საკიდარი ორკაპა ჩანგლისებრ გიტარებს ეყრდნობა, უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული.

ახალი ”ფერარის” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე იგეგმება. მის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია სწორედ იქ გამოქვეყნდება. მისი გაყიდვები კი მერმის დაიწყება.