Friday, August 21, 2009

”სეატი” მინიავტომობილს ამზადებს

Seat

21 აგვისტო

ესანური კომპანია ”სეატი” წარმოებისთვის სრულიად ახალ კომპაქტურ ავტომობილს ამზადებს, რომლის პრემიერაც მერმის, ჟენევის ავტო შოუზე იგეგმება. ფრანგულ გამოცემა ”ლ’აუტომობილის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილი ”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალური Up!-ის (მომავალი ლუპო) სერიული ვერსიის სახეშეცვლილი ვერსია იქნება და ესპანური ავტომწარმოებლის საწარმოო პროგრამაში ის უკვე მივიწყებული ”აროსას” ადგილს დაიკავებს.

ფრანგული გამოცემა გვატყობინებს, რომ ახალი ავტომობილი ესპანური კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდება, რომელიც ”სეატმა” პირველად ”იბიცასა” და ”ექსეოზე” გამოიყენა. ახალი მინიავტომობილისთვის სამცილინდრიანი, 1.0 და 1.2-ლიტრიანი ბენზინის, ასევე 1.2-ლიტრიანი ტურბოდიზელია განკუთვნილი. ავტომობილის წონა სულ რაღაც 830 კილოგრამი იქნება, მისი ავზი კი 35 ლიტრ საწვავს დაიტევს.

ჯერჯერობით არ ქვეყნდება ახალი ავტომობილის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. ჟენევაში მხოლოდ მისი კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა ჩატარდება, ავტომობილის წარმოება კი 2011 წელს, ბრატისლავას ქარხანაში დაიწყება. ევროპაში ამ ავტომობილის სავარაუდო საბაზო ღირებულება 7 300 ევრო იქნება.

”პორშეს” შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩატარდა

Porsche Offices Raided

21 აგვისტო

”პორშეს” ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ვენდელინ ვიდეკინგი (სურათზე) და ამავე კომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი ჰოლგერ ჰარტერი მაქინციებსა და კონფიდენციური ინფორმაციით მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ინტერნეტ გამოცემა ”აუტომოტივ ნიუსის” ინფორმაციით, გერმანიის ფინანსური საქმიანობის მაკონტროლებელმა ფედერალურმა სააგენტომ (BaFin) პროკურატურაში შეიტანა განაცხადება, რომლითაც კომპანიის დასახელებულ თანამშრომლებს ფასიანი ქაღალდებით მაქინაციებში ადანაშაულებს.

ხუთშაბათს შტუტგარტის პროკურატურამ ”პორშეს” შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და გარკვეული ფინანსური საბუთები ამოიღო. ჯერჯერობით, გამოძიების მხარე საქმის დეტალების შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა ”აუტომოტივ ნიუსის” წყარო იუწყება, რომ ჩხრეკა ასევე ვიდეკინგისა და ჰარტერის, ასევე სხვა ეჭვმიტანილების სახლებშიც ჩატარდა.

პროკურატურა კომპანიის კონფიდენციური ინფორმაციის საფონდო ბირჟაზე გაჟონვის შესაძლებლობას ამოწმებს. ამ ინფორმაციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ”პორშესა” და ”ფოლკსვაგენის” აქციების ფასებზე.

”პორშე” აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას კომპანიის საქმიანობაზე არ უმოქმედია, რამდენადაც, გამოძიება მხოლოდ კისი ყოფილი ხელმძღვანელობის საქმიანობას იძიებს.

”ჰონდამ” ”ქროსტურის” პრომო აქციას დაიწყო

Honda Crosstour

21 აგვისტო


”ჰონდამ” თავისი სრულიად ახალი ქროსოვერის, ”ქროსტურის” პრომო აქცია წამოიწყო, რომელიც 1 სექტემბრამდე ამ ავტომობილის 11 ფოტო ტისერის გამოქვეყნებას და ამგვარად, თავისი ახალი ავტომობილისადმი მსოფლიო მედიის ყურადღების მიქცევას ითვალისწინებს. 1 სექტემბერს კი ”ქროსტურის” მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

იაპონურმა კომპანიამ, რომელიც ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, თავისი სიახლის სახელს არ მალავს, უკვე გამოაქვეყნა პირველი ფოტო ტისერი, რომლიდანაც ჩანს, რომ ”ქროსტურს” თავის საბაზო მოდელ ”აკორდისგან” განსხვავებული რადიატორის ბადე აქვს. არადა, ის სწორედ სედან ”აკორდის” პლატფორმაზეა ბაზირებული და მისგან არაერთ ნაწილსა და აგრეგატს იზიარებს.

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, ”ქროსტური” ძრავების გამასაც ”აკორდისგან” მიიღებს. ამასთან, მყიდველს ქროსოვერის ტოპ ვერსიასაც შესთავაზებენ, რომელიც ოთხცილინდრიან, 2.3-ლიტრიან ძრავას მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 240 ცხენის ძალას მიაღწევს. ასეთი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის შეძენის მსურველებს, ოპციის სახით, სრულამძრავიან ტრანსმისიასაც შესთავაზებენ.

ჯერჯერობით უცნობია, იხილავს თუ არა ფრანკფურტის ავტო შოუს დამთვალიერებელი ”ქროსტურს”. სამაგიეროდ, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ”ჰონდას” სამოდელო გამის ამ უახლესი წევრის გაყიდვები წელსვე დაიწყება ამერიკაში.

”სმარტი” ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

Smart EV

21 აგვისტო

ნოემბერში ”სმარტი” თავისი მეორე თაობის ელექტრომობილის მცირესერიულ წარმოებას იწყებს. ლითიუმ-იონური აკუმულატორებით აღჭურვილი ”სმარტის” ელექტრომობილებს საფრანგეთის ქალაქ ჰამბახის ქარხანა გამოუშვებს. ავტომობილი აღჭურვილია სისტემით, რომელიც ”დაიმლერმა” ელექტრომობილების კალიფორნიელ მწარმოებელ ”ტესლასთან” თანამშრომლობით შეიმუშავა.

ჯუჯა ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს ელექტროძრავს, რომლის სიმძლავრეც 41 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 120 ნიუტონმეტრია. 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად ელექტრომობილს 6.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი სულ რაღაც 100 კმ/სთ-ია.

ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკის სიმძლავრე 14 კილოვატია. ის ავტომობილის ძირშია განლაგებული და მცირე ადგილს იკავებს. აკუმულატორები საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან იმუხტება (პლაგ-ინ სისტემა). კომპანიის განცხადებით, სამსაათიანი დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 30-40 კილომეტრი გაიაროს. მაგრამ თუ დამუხტვის პროცესი რამდენიმე საათს გასტანს, მაშინ სვლის მარაგი 115 კილომეტრამდე გაიზრდება.

პირველ ელექტრომობილებს ”სმარტი” ბერლინში, ლიზინგით გასცემს. შემდეგ კი ევროპის და აშშ-ის დიდი ქალაქების ჯერი დადგება. 2012 წლიდან წარმოება მასობრივ სახეს მიიღებს და ”სმარტის” ელექტრომობილის შეკვეთის საშუალება კომპანიის ნებისმიერ სადილერო პუნქტში იქნება შესაძლებელი.