Tuesday, September 8, 2009

”ფერარი” მსოფლიოში ყველაზე სასურველი ბრენდია

Ferrari Voted Most Iconic Car Badge In The World

8 სექტემბერი



ბრიტანული ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სასურველი საავტომობილო ბრენდი იტალიური ”ფერარია”. იმავე გამოკითხვით, მეოე ყველაზე პოპულარული მარკა ინგლისური ”ასტონ მარტინია”, მესამე კი - იტალიური ”ლამბორგინი”.

სულ გამოიკითხა 5 235 ადამიანი, რომელთაგან თითქმის ნახევარმა (48%-მა) უპირატესობა მარანელოში ბაზირებულ პატარა კომპანიას მიანიჭა. თავიანთი არჩევანის განმსაზღვრელ ფაქტორად, ისინი პირველ რიგში, ”ფერარის” მიერ ფორმულა 1-ში მოპოვებულ გამარჯვებებს და უბადლო საგზაო ავტომობილებს, ასევე ძალიან პოპულარულ ლოგოს (ყალყზე შემდგარ კვიცს - კავალინო რამპანტეს) ასახელებდნენ.

იტალიური საინჟინრო და დიზაინერული მიღწევების კიდევ ერთი გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ გამოკითხვის შედეგად, მესამეზე ”ლამბორგინი” გავიდა. ”გამძვინვარებულ ხარს” (ლამბოს ლოგო) უპირატესობა გამოკითხულთა 8%-მა მიანიჭა. იტალიური კომპანიების შუაში კი 25%-ით ”ასტონ მარტინი” ჩადგა. მომდევნო ადგილები შესაბამისად, ”ბუგატის”, ”პორშეს” და ”მაზერატის” ერგო.

”ლაგონდა” ”მერსედეს S-კლასის ბაზაზე სედანს შექმნის?

Lagonda’s Mercedes S-Class-based Sedan

8 სექტემბერი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო გამოფენაზე ”ასტონ მარტინმა” აშკარა კრახი განიცადა, როდესაც თავისი განახლებული ბრენდის - ”ლაგონდას” სახელით, უგზოობის ავტომობილი წარმოადგინა. საზოგადოებამ ეს უცნაური მოყვანილობის მქონე ცონცეპტუალური მოდელი აშკარად არ მიიღო. ბუნებრივია, პროექტი თაროზე შემოდეს. მაგრამ წარუმატებლობამ ინგლისურ კომპანიას ”ლაგონდას” აღდგენაზე ხელი ვერ ააღებინა.

ინტერნეტში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, რომ ”ლაგონდას” სახელით ამჯერად სედანის ტიპის ძარიანი კონცეპტუალური ავტომობილი იქმნება. ამჯერადაც, ინგლისურ კომპანიას პარტნიორობას გერმანული ”მერსედეს-ბენცი” უწევს - ახალი კონცეპტუალური მოდელის ბაზისად ”ასტონელები” გერმანული კომპანიის ფლაგმანის, S-კლასის სედანის პლატფორმას გამოიყენებენ.

სხვათა შორის წინა ჩაფლავებული პროექტიც შტუტგარტული კომპანიის მოდელის - უგზოობის GL-ის პლატფორმაზე დაემყნო, თუმცა უშედეგოდ და ეს მხოლოდ ინგლისური კომპანიის დიზაინრთა ბრალია, რომლებმაც მეტისმეტად თამამი სტილი შეიმუშავეს. მაგრამ პირველ წარუმატებლობას ორივე კომპანიისთვის პარტნიორობის მადა არ გაუფუჭებია.

S-კლასის სედანის პლატფორმის გამოყენებით, ”ასტონ მარტინი” მნიშვნელოვან სახსრებს დაზოგავს და რაც მთავარია, უმაღლესი სტანდარტით შექმნილ პროდუქტს გამოიყენებს. სხვათა შორის, იგივე პლატფორმას ”სამქიმიანები” თავიანთი სუპერ ბრენდის - ”მაიბახის” სედანებისთვისაც იყენებენ. ავტომობილი, რომელიც ბაზარზე 2012 წელს უნდა გამოჩნდეს, ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება და ”მერსედესისგან” უამრავ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიასაც მიიღებს, რაც მას დებიუტისთანავე ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს.

ჰიბრიდული აგრეგატი, რომელსაც ”ლაგონდა” თავის სედანზე გამოიყენებს, შტუტგარტელებმა პირველად S-კლასის ”S400 ჰიბრიდზე” დააყენეს. ეს აგრეგატი იმითაა საყურადღებო, რომ ის ოთხი კონკურენტი კომპანიის - ”დაიმლერის”, ”ჯენერალ მოტორსის”, ”კრაისლერისა” და ”ბეემვეს” ერთობლივი გარჯის შედეგია.

რაც შეეხება ახალი კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობას, მას კვლავ ”ასტონ მარტინის” დიზაინერები შეიმუშავებენ. ჟენევური ფიასკოს შემდეგ, ეს გარკვეული რისკია, თუმცა ინგლისური კომპანია ირწმუნება, რომ მკაცრი გაკვეთილის შემდეგ, მსგავს შეცდომას აღარ გაიმეორებენ...

გაიცანით - ”ვოლვოს” განახლებული C30

Volvo C30

8 სექტემბერი



შვედურმა კომპანია ”ვოლვომ” თავისი ყველაზე პატარა ავტომობილის - ჰეჩბეკ C30-ის ოდნავ სახეშეცვლილი ვარიანტის შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელა. ახალი ავტომობილი ”ვოლვოს” ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდა, რამაც გარე დიზაინის ოდნავ შეცვლა მოითხოვა.

პირველი თაობის C30-გან ახალ ავტომობილს შეცვლილი წინა ფარები, წინა ფრთასხმულობა, რადიატორის ბადე და სხვა, ნაკლებად შესამჩნევი ელემენტები განასხვავებს. რადიატორზე კი ”ვოლვოს” გაზრდილი ზომის ლოგოა გამოსახული. შიგნიდან განახლებული C30 სისადავით გამოირჩევა - არაფერი ზედმეტი, ყველაფერი მხოლოდ საქმისთვის. განსაკუთრებულად ორიგინალურად მოსჩანს ცენტრალური კონსოლი, რომელზეც მთავარი ადგილი ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტის მსგავს სამართავ პულტს უკავია. კონსოლის უკანა ნაწილში კი მძღოლისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილზე, მცირე ყუთია მოთავსებული, რომელიც მცირე საგნების მოსათავსებლადაა განკუთვნილი.

რაც შეეხება ავტომობილის აღჭურვილობას, ახალი C30 ძველ შასიზე ზის, თუმცა მყიდველს ოპციის სახით, სპორტულ ყაიდაზე მომართულ შასისაც შესთავაზებენ. უფრო სპორტული გახდა საჭის მექანიზმიც, რაც იმის შედეგია, რომ კბილანსა და ლარტყას შორის გადაცემის რიცხვი შემცირდა. დაახლოებით 30 პროცენტით გახისტებულია დრეკადი ელემენტებიც - ზამბარები და ამორტიზატორები. ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ ავტომობილი უფრო მანევრული იყოს და მოსახვევებიც უკეთ გაიაროს (რა თქმა უნდა, დიდი სიჩქარით).

ძრავების გამაში არაფერი შეცვლილა - კაპოტქვეშ ბენზინის და დიზელის ძველ ძრავებს ნახავთ. მათი ლიტრაჟი 1.6-დან 2.5 ლიტრამდეა, სიმძლავრე კი - 100-დან 230 ცხ.ძალამდე. მათგან ყველაზე ეკონომიური 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელია, რომელიც სისტემა სტოპ-სტარტის შემწეობით, 100 კილომეტრს სულ რაღაც 3.8 ლიტრი საწვავით გადის.

დიდი არჩევანია გადაცემათა კოლოფების მხრივაც. ესენია 6-საფეხურიანი მექანიკური, 5-საფეხურიანი ავტომატური და 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომელიც მუხლა ლილვისგან მაბრუნ მომენტს ორდისკოიანი გადაბმის ქუროს გავლით ღებულობს.

ახალი C30 პირველად საზოგადოების წინაშე ალბათ ფრანკფურტში წარსდგება, ევროპელი დილერების შოურუმებში კი ის მერმის გამოჩნდება.

”ლექსუსმა” თავისი ახალი ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა

Lexus LF-Ch Compact Hybrid Concept

8 სექტემბერი

ფრანკფურტის ავტო შოუს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, იაპონურმა კომპანია ”ლექსუსმა” თავისი უახლესი კონცეპტუალური ავტომობილის, ხუთკარიანი ჰეჩბეკის სახელი და პირველი სრული ფოტო გამოაქვეყნა. ავტომობილს ”ლექსუსის” სტილში LF-Ch უწოდეს, თუმცა სავარაუდოა, რომ მერმის, როდესაც მისი წარმოება დაიწყება, ის ბაზარზე შეცვლილი სახელით წარსდგება.

კონცეპტუალური ავტომობილი ჰიბრიდული დანადგარითაა აღჭურვილი. მის გადაადგილებას ცალკე ელექტროძრავიც უზრუნველყოს და ელექტროძრავისა და შიდაწვის ძრავის ტანდემიც. შიდაწვის ძრავი ბენზინს მოიხმარს, მისი მუშა მოცულობა 2.4 ლიტრია. ძრავთან უსაფეხურო ვარიატორი და ელექტროგენერატორია დაკავშირებული. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 187 ცხენის ძალას აღწევს. გენერატორის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი ნიკელ-მეტალჰიდრიდულ აკუმულატორებს მიეწოდება.

სავარაუდოა, რომ სერიული ავტომობილის სახელწოდებაში აბრევიატურა CT გაჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტით გავრცელებული ცნობა გვაუწყებს, რომ ამერიკაში ”ლექსუსმა” თავის სახელზე ეს აბრევიატურა რეგისტრაციაში უკვე გაატარა.

”ლექსუსის” ახალი ჰეჩბეკი პირველ რიგში, ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, სადაც მისი ფასი 30 000 ევროზე დაბლა იქნება. მისი მეშვეობით კი, ”ტოიოტას” პრემიუმ ბრენდმა კონკურენცია ”აუდი A3-ს” და ”ბეემვეს” 1-ლი სერიის მოდელს უნდა გაუწიოს.