Thursday, September 10, 2009

”ოპელი” რუსებს უვარდებათ ხელში

GM to sell control of Opel to Russia-backed Magna (Reuters)

10 სექტემბერი

ჯენერალ მოტორსის მხრიდან მოლაპარაკების ხელმძღვანელი ჯონ სმიტი
ცოტაც და ოპელი ჯენერალ მოტორსის ოჯახს დატოვებს

”ჯენერალ მოტორსი” თანახმაა, თავისი ევროპული შტოს - ”ოპელ/ვოქსჰოლის” საკონტროლო პაკეტი (55 პროცენტი) საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ კანადურ კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლს” მიჰყიდოს, რომელსაც ფინანსურ გარანტად რუსული ”სბერბანკი” უდგას.

გადაწყვეტილება ამერიკული კომპანიის დირექტორთა საბჭომ ორდღიანი თათბირის შემდეგ მიიღო, რითაც პირველ რიგში, რუსები, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ”ოპელის” პროფკავშირები გაახარა, რომლებიც არნახული გამოსვლებით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ”ჯენერალ მოტორსი” ”ოპელს” ან თავისთვის დაიტოვებდა, ან მას ბელგიურ საინვესტიციო ჯგუფ ”RHJ ინტრნეშნლს” მიჰყიდდა.

ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ”ჯენერალ მოტორსს” სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა გარდა იმისა, რომ ”ოპელი” და ”ვოქსჰოლი” კანადურ-რუსული ალიანსისთვის მიეყიდა. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული კომპანია თავის გერმანულ/ინგლისურ ბრენდს დაიტოვებდა, მასში საინვესტიციოდ რამდენიმე (ფინანსური მრჩევლების შეფასებით, 6 მილიარდი) მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა, ასეთი თანხის მოზიდვა კი სარისკოდ ჩანდა.

ბელგიური კონსორციუმისთვის ”ოპელის” მიყიდვას კი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მთავრობა. ”მაგნას” გარდა, ორივე დანარჩენი ვარიანტით კი უკიდურესად უკმაყოფილო რჩებოდა ”ოპელის” პროფესიული კავშირი, რომელიც ფრანკფურტის საავტომობილო შოუს დროს, არნახული და ”ძალიან მძაფრი” აქციებით იმუქრებოდა.

მიღებული გადაწყვეტილებით, ”გენერლები” ”ოპელის” აქციების 35 პროცენტს დაიტოვებენ, 10 პროცენტს პროფკავშირი მიიღებს, დარჩენილ 55 პროცენტს კი ”მაგნა” და ”სბერბანკი” თანაბრად გაიყოფენ. ამერიკული კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მერკელმა ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ ამიერიდან, ”ოპელი” ახალ ცხოვრებას იწყებს.

საინტერესოა, როგორი იქნაბა ეს ”ახალი ცხოვრება”, თუ გერმანულ კომპანიას რუსები ჩაიგდებენ ხელში, რომელთა ფულითაც ”მაგნამ” ”ოპელის” ყიდვა გადაწყვიტა. ისე, რუსებს თავად კანადურ კომპანიაშიც ეკუთვნით წილი. ასე რომ, ამის გათვალისწინებით, რუსული მთავრობის ხელში (სბერბანკი სახელმწიფოს ეკუთვნის), რეალურად ”ოპელის” მეტი წილი აღმოჩნდება, ვიდრე ეს ამერიკელებს სურდათ.

თუმცა, ჯერ ყველაფერი საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა. ”სბერბანკის” მთავარი აღმასრულებელი გერმან გრეფი ამბობს, რომ გარიგების სტრუქტურა უაღრესად რთულია და ის ბევრ დაზუსტებას მოითხოვს. ასე რომ, ”ჯენერალ მოტორსის” გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საბოლოოა.

აღსანიშნავაია, რომ ”ოპელის” გაყიდვის შემდეგ, ”ჯენერალ მოტორსმა” პრაქტიკულად დაკარგა იმის შანსი, რომ ”ტოიოტასგან” მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსი დაებრუნებინა. ნახევარი წლის მონაცმების მიხედვით, ამერიკული და იაპონური კომპანიების გაყიდვების მოცულობებს შორის სხვაობა მხოლოდ 8 000 იყო (ტოიოტას სასარგებლოდ). ”ოპელის” გაყიდვის შემდეგ კი იაპონური კომპანიის უპირატესობა საგრძნობლად გაიზრდება.

ცნობისათვის, შარშან ”ჯენერალ მოტორსის” გაყიდვების 18 პროცენტი ”ოპელზე” მოდიოდა. ამასთან, ამერიკულ ჯგუფში გერმანული კომპანია ”შევროლეს” შემდეგ სიდიდით მეორე იყო.

”ფიატ 500 აბარტ SS-ის” ფერარისეული ვარიანტი

Fiat Abarth 695 Tributo Ferrari

10 სექტემბერი

”ფიატ 500 აბარტ SS” (ესეესე) იტალიური კომპანიის მინიავტომობილის ყველაზე ტემპერამენტიანი, ”მხურვალე” ვერსიაა. არაერთმა სატუნინგო კომპანიამ სცადა უკეთესის დამზადება, მაგრამ ”ჩინკვეჩენტოს” აბარტისეული ვერსია მაინც საუკეთესოდაა მიჩნეული. მაგრამ მალე, საავტომობილო სამყარო მასზე უკეთესსაც მალე იხილავს.

ეს ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე მოხდება, სადაც ”ფიატი” და მის ჯგუფში შემავალი ”აბარტი” და ”ფერარი”, თავიანთ ერთობლივ ნამუშევარს წარადგენენ. ავტომობილის სრული სახელწოდება ”ფიატ აბარტ 695 ტრიბუტო ფერარია”. უკვე ცნობილია, რომ ტურინული გიგანტის შეკვეთით, ”აბარტი” და ”ფერარი” ამ ავტომობილს მხოლოდ 200 ეგზემპლარად დაამზადებენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ”ფერარის” საფირმო წითელ ფერში შეიღებება.

პატარა ბოლიდის მთავარი ნაწილი მისი 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავია, რომელიც მაქსიმუმ 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი, ნახევრად ავტომატური, ელექტრომექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომლის საფეხურებიც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით იცვლება.

”695 ტრიბუტო ფერარის” საკიდარი ”ფერარის” სპეციალისტებმა მოამზადეს, მუხრუჭები კი იტალიურმა კომპანია ”ბრემბომ” შექმნა. ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც ”ფერარის” საფირმო სტილშია შესრულებული.

ინტერიერიც ”ფერარის” სტილშია შესრულებული - თვალში საცემია გამოკვეთილი სპორტული ყაიდა, ტყავით და კარბონით გაწყობილი დეტალები და რა თქმა უნდა, სპორტული საჭე და სავარძლები.

ჯერჯერობით არ ქვეყნდება ამ შედევრის დინამიკური მახასიათებლები და ფასი. თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ორივე ”ფერარისთვის” შესაფერისი იქნება. უფრო დაწვრილებით კი მათ შესახებ ფრანკფურტის ავტო შოუს დროს შევიტყობთ.