Sunday, October 11, 2009

”ფერარიზე” სწრაფი ”აუდი TT RS”

AVUS Performance

11 ოქტომბერი

გერმანულმა სატუნინგო კომპანია ”აფუს პერფორმენსმა” პოპულარულ კუპე ”აუდი TT RS-თვის” შეიმუშავა სატუნინგო პაკეტი, რომლის გამოყენების შემდეგაც, ამ ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები იმდენად უმჯოვესდება, რომ ის ”ფერარის” მოდელებს - F430-სა და ”612 სკალიეტისაც” კი სჯობნის, რომლებიც მოძრაობაში შესაბამისად, 490 და 540 ცხენისძალიან V8 ძრავებს მოჰყავს.

პაკეტი ძრავის და მისი გამოსაბოლქვი სისტემის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, თუ ”აფუსის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზს დავუჯერებთ, ”აუდი TT RS” ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფას 3.8 წამში ასწრებს, რაც სტანდარტული მოდელის აჩქარებაზე დაახლოებით 0.8 წამით ნაკლებია.

”აფუსის” მიერ შემუშავებუკ მოდერნიზაციის პაკეტში შედის ახალი ტურბოკომპრესორის და სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის დაყენება, ასევე ძრავის მართვის ელექტრონული ბლოკის სპორტულად დაპროგრამება. ამის შედეგი ისაა, რომ 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი აგრეგატის სიმძლავრე 340-დან 460 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 450-დან 639 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ კი 312 კმ/სთ-ს (280-დან) მიაღწია.

ძრავის სრულყოფის გარდა, ”აფუსი” მყიდველს საკიდარის განახლებასაც სთავაზობს, რომელიც ახალი, რეგულირებადი ამორტიზატორებითაა აღჭურვილი. მოდერნიზებული ”აუდი TT RS” 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”ჰენკუკის” წარმოების (255/30/20 ზომის) ”S1 ევო” საბურავებითაა შემოსილი. გარეგნულად კი ავტომობილს მისი საბაზო ვერსიისგან ფერიც გამოარჩევს - ”აფუსის” მოდელი შავი მქრქალი ფერითაა შეღებილი.

დაბოლოს ფასები: ავტომობილის გადაღებვა 1 999, ახალი ბორბლების (საბურავებითურთ) დაყენება კი 6 400 ევრო ჯდება. თუმცა ”აფუსი” ჯერ არ აცხადებს მთავარს - თუ რა დაუჯდება შემკვეთს ძრავის მოდერნიზება.

”ჯენერალ მოტორსი” ახალ ”ასტრას” უფრო სწრაფად აწარმოებს

GM to Build 2010 Opel Astra Faster

11 ოქტომბერი

”ჯენერალ მოტორსმა” ახალი ”ასტრას” წარმოებაში სრულიად ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომლის მეშვეობითაც, თითო ავტომობილის აწყობა ჩვეულებრივზე 6 საათით ადრე ხდება. ”ვოქსჰოლის” (ოპელის ბრიტანული ანალოგია) ელესმერ პორტის (ბრიტანეთი) ქარხანაში ადრე თითო ”ასტრას” წარმოებისთვის 21 საათი იყო საჭირო, ახლა კი ეს საქმე 15 საათში ესწრება.

”ვოქსჰოლის” საწარმოო პროცესის მენეჯერი ლინდსი უიკენსი ამბობს, რომ ახალი ”ასტრას” შემუშავებისას, მისი წსრმოების ტექნოლოგია იმგვარად დაიგეგმა, რომ აწყობის დრო მნიშვნელოვნად შემცირებულიყო. ამის მთავარი შედეგი კი საწარმოო ხარჯების და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაა.

ახა;ი ”ასტრას” გაყიდვები ევროპაში მალე დაიწყება. მისთვის ”გენერლებმა” რამდენიმე ახალი ძრავი შეიმუშავეს, რომელთა შორისაცაა 1.4 და 1.6-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავები. ყველაზე იაფფასიანი ”ასტრა” კი 1.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 8 პროცენტით უფრო ეკონომიურია თავის იმ ანალოგზე (წინამორბედზე), რომელიც ახლანდელ ”ასტრებზე” დგას.

ბენზინის ძრავების გარდა, ”ასტრას” მყიდველს დიზელის აგრეგატების ფართო არჩევანსაც შესთავაზებენ. ესენია 1.3, 1.7 და 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელები, რომელთა სიმძლავრეც 95-დან 160 ცხენის ძალამდე დიაპაზონშია. მერმის ავტომობილი ასევე სერია ”ეკოფლექსის” ეკონომიურ ძრავსაც მიიღებს.