Tuesday, November 3, 2009

”ჯენერალ მოტორსი” ”ოპელს” აღარ ჰყიდისო...
General Motors – Opel
3 ნოემბერისააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, ”ჯენერალ მოტორსი” უარს იტყვის თავისი გერმანულ/ბრიტანული შტოს, ”ოპელ/ვოქსჰოლის” კანადურ-რუსულ ალიანს ”მაგნა-სბერბანკისთვის” მიყიდვაზე. სააგენტოს ცნობით, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკული ავტოგიგანტის დირექტორთა საბჭომ, რომელმაც ეს საკითხი დღეს განიხილა.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. ჯერ ერთი, განახლების შემდეგ, ”ჯენერალ მოტორსი” ფინანსურად საკმაოდ მოძლირდა და ახლა მისთვის აუცილებელი არაა ”ოპელის” გაყიდვა. მითუმეტეს, ამ კომპანიას ამერიკული გიგანტის ბიზნესში ყოველტვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
”ოპელის” გაყიდვა, ამ კომპანიის ავტომობილების მყიდველთა და დილერთა, ასევე თანამშრომელთა და მაკომპლექტებლების მიმქოდებელთა ინტერესებშიც შედის.
მხარეებს შორის ადრე მიღწეული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, ”ჯენერალ მოტორსს” ”ოპელის” აქციების 55 პროცენტი, მაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლისა” და რუსულ სახელმწიფო ბანკ ”სბერბანკისთვის” უნდა მიეყიდა, რომლებიც ამ აქციებს შუაზე გაიყოფდნენ. აქციების 35 პროცენტი ამერიკულ კომპანიას რჩებოდა, დარჩენილი 10 პროცენტი კი გერმანული კომპანიის თანამშრომელთა პროფკავშირის ხელში გადადიოდა.
გარიგების შემდეგ, გერმანიის მთავრობა ”ოპელს” 4.5 მილიარდი ევროთი დაეხმარებოდა, რაც კომპანიის რესტრუქტურიზაციისთვის აუცილებელი ინექცია იყო. მაგრამ ევროკომისიამ ჩათვალა, რომ ”ჯენერალ მოტორსმა” თავისი არჩევანი ”მაგნა/სბერბანკზე” სწორედ გერმანიის მთავრობის დახმარების ”ხათრით” შეაჩერა.
არადა, ”ოპელის” თანამშრომლები” ბევრ დათმობაზე მიდიოდნენ იმისათვის, რომ ”ჯენერალ მოტორსს” გერმანული კომპანია გაეყიდა. ისინი ამაზე საკუთარი ხელფასების შემცირების ხარჯზეც კი მიდიოდნენ. ახლა კი, როდესაც გარიგება ჩაშლის პირას დადგა, ”ოპელის” თანამშრომლები გაფიცვებით იმუქრებიან.
”ფორდმა” ”რეაქტიული” ”მუსტანგ კობრა” დაამზადა
Ford Mustang Cobra Jet
3 ნოემბერი”ფორდმა” თავისი პოპულარული მასკლ ქარის - ”მუსტანგის” დამუხტული ვერსია - ”კობრა ჯეტი” დაამზადა, რომლის წარმოებასაც მერმის დაიწყებს და რომელიც დრეგ რეისინგისთვისაა გამიზნული.
ავტომობილი, რომლის კოდური სახელწოდებაცაა FR500CJ, აღჭურვილია ბენზინის 5.4-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც კომპანია ”უაიპლ სუპერჩერჯერსის” წარმოების მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 475 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავმა საფუძვლიანი მოდერნიზაცია გაიარა - ცვლილება მისი შემშვები და გამომშვები კოლექტორების კონსტრუქციას და დამუშავების ხარისხს შეეხო. ძრავის კუმშვის ხარისხი 9.6:1-მდე გაიზარდა. ყოველივემ კი სიმძლავრის ზრდა განაპირობა.
შემკვეთის სურვილის შესაბამისად, ძრავს მექანიკური, ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. შეიცვალა ძრავის გაგრილების სისტემა, რომელიც უფრო მძლავრი და ეფექტური გახდა.
ავტომობილის სალონი ჰოტ როდების ეროვნული ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული კარკასით გაძლიერდა. შეიცვალა საკიდარი, რომელიც ”ჯეტზე” დრეგრეისინგის შესაბამისი გახდა. ”რეაქტიულ მუსტანგზე” დრეგსტერებისთვის დამახასიათებელი - უკანა მუხრუჭების გამთიშავი სისტემაც გამოჩნდა. ამ სისტემას რბოლების წინ, უკანა საბურავების ადგილზე მოსასრიალებლად და ასე გასახურებლად იყენებენ, რაც უკეთესი სტარტისთვის კეთდება.
სამწუხაროდ, ეს ავტომობილი საერთო სარგებლობის გზებზე სამოძრაოდ არაა განკუთვნილი. ამირო, მას არ აქვს უსაფრთხოების ბალიშები. მათ ადგილზე კი იჟინრებმა სამართავი კომპიუტერი მოათავსეს, რომელიც ავტომობილის მუშაობას სრულად აკონტროლებს და მის ტელემეტრიულ მონაცემებს ინჟინრების შტაბს გადასცემს.
”ფორდი” სულ 50 ცალი ”რეაქტიული მუსტანგ კობრას” გამოშვებას აპირებს. ამ ავტომობილის საბაზო ღირებულება 77 000 დოლარს შეადგენს, მისი ტოპ ვერსიის ღირებულება კი 95 000 დოლარს აღწევს.
”მინის” სამომავლო გეგმები
MINI
3 ნოემბერიგერმანულმა კომპანია ”ბეემვემ” თავისი ინგლისუტი შტოს, ”მინის” სამომავლო გეგმები გამოაქვეყნა. ეს გეგმები კი ”მინის” საწარმოო პროგრამის მნიშვნელოვან გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას ითვალისწინებს.
სიახლეთაგან პირველი ბაზარზე ქროსოვერ ”ქანთრიმენის” სერიული ვერსია იქნება, რომელსაც ალბათ სახელიც შეეცვლება. ამ ავტომობილის საგზაო ტესტები სრული ტემპით მიმდინარეობს და როგორც ბავარიელები ირწმუნებიან, მისი გაყიდვები მერმის, წლის პირველ მეოთხედში დაიწყება.
ეს ავტომობილი ქროსოვერი კია, მაგრამ მისი საბაზო ვერსია სრულამძრავიანი მაინც არ იქნება. თუმცა, ასეთი ტრანსმისიის შეკვეთის საშუალება მყიდველს აუცილებლად ექნება. გარდა ამისა, ზოგიერთი ბაზრისთვის, ”ქანთრიმენი” დიზელის ძრავებითაც კი აღიჭურვება.
ბავარიელები ასევე არ მალავენ, რომ ამჟამად ”მინი” მარკა ”მოუკის” აღდგენაზე მუშაობს. ამ მარკით ადრე ეგრეთ წოდებული საპლიაჟო, ღია ავტომობილები მზადდებოდა, რომლებიც რაღაცით ”ჯიპ ვრანგლერს” მოგაგონებდათ. ჰოდა, ახალი ავტომობილიც იმავე ”ვრანგლერს” დაემგვანება. ოღონდ, ძველი ”მოუკისგან” განსხვავებით, ის უგზოობის სრულფასოვანი მოდელი იქნება. ამ ახალი ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ”მინი” მერმის, რომელიმე დიდ ავტოგამოფენაზე წარუდგენს საზოგადოებას.
გარდა ამისა, ”ქანთრიმენის” ბაზაზე, ”მინი” რამდენიმე კონცეპტუალურ ავტომობილსაც დაამზადებს, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად გამოიყენებს. ამავე კონცეპციების მეშვეობით, კომპანია თავისი მოდერნიზებული კორპორატიული სტილის სხვადასხვა ვარიანტსაც გვიჩვენებს.
მერმისვეა მოსალოდნელი ორი ახალი სპორტული მოდელის - ”კუპესა” და ”როდსტერის” (ორივე სურათზეა) წარმოების დაწყებაც. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილების კონცეპტუალური ვერსიების ხილვა პირველად ერთი თვის წინ, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე იყო შესაძლებელი.
კონკურს ”წლის საუკეთესო” ავტომობილის ფინალისტები
COTY finalists
2 ნოემბერიევროპულ კონკურს ”წლის საუკეთესო ავტომობილის” ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთაგან შვიდი ფინალისტი ავტომობილი შეარჩია, რომელთაგანაც, ევროპის წამყვანი საავტომობილო გამოცემების რედაქტორები, ნოემბრის ბოლოს საუკეთესოს შეარჩევენ.
ფინალისტთა შორის მოხვდნენ: ”სიტროენ C3 პიკასო”, ”მერსედეს-ბენცის” E კლასის სედანი, ”ოპელ ასტრა”, ”პეჟო 3008”, ”შკოდა იეტი”, ”ტოიოტა iQ” და ”ფოლკსვაგენ პოლო”.
კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში ევროპის 22 ქვეყნის 58 ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას. ჟიურის თითოეული წევრის განკარგულებაში 25 ქულაა, რომელთაგან მათ ერთი მანქანისთვის მაქსიმუმ 10 ქულის დაწერა შეუძლიათ. გამარჯვებულის ვინაობა მათთვის 27 ნოემბერს გახდება ცნობილი, ოფიციალურად კი გამარჯვებული 30 ნოემბერს გამოცხადდება.
შარშან ამავე კონკურსის გამარჯვებული ”ოპელის” უახლესი სედანი ”ინსინია” გახდა, რომელმაც 321 ქულა მიიღო. გამარჯვებულს სულ 1 ქულით ჩამორჩა სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”ფორდ ფიესტა”. მესამე ადგილი კი ”ფოლკსვაგენის” პოპულარულ კომპაქტურ ჰეჩბეკ ”გოლფს” ერგო. ”ოპელ ინსინიამდე” ამ საპატიო წოდებას ”ფიატი 500” ფლობდა.
”ოპელი” ყველაზე ეკონომიურ ”კორსას” ამზადებს
Opel Corsa ecoFLEX
3 ნოემბერი”ოპელი” თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”კორსას” ყველაზე ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ვერსიას ამზადებს, რომლის სრული სახელწოდებაც ”ოპელ კორსა ეკოფლექსი” იქნება.
ავტომობილი 1.3-ლიტრიანი ტურბოდიზელით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 95 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 190 ნიუტონმეტრია. ძრავთან შეწყვილდება 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელშიც გადაცემების რიცხვები, ჩვეულებრივთან შედარებით გაზრდილია.
ძრავის გამოსაბოლქვი სისტემა აღჭურვილია სპეციალური ფილტრით, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვი აირში შემავალი ნამწვი ნაწილაკების დაჭერაა.
გერმანული კომპანიის განცხადებით, ”კორსა ეკოფლექსი” 100 კილომეტრის გასავლელად სულ რაღაც 3.7 ლიტრ საწვავს იმყოფინებს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 98 გრამ СО2-ს გამოჰყოფს, რაც ამ მოდელის წინა ვერსიის შესაბამის მაჩვენებელზე დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებია.
ძრავის გარდა, ავტომობილის ეკონომიურობაში თავისი წვლილი მის დახვეწილ აეროდინამიკასაც შეაქვს. ამ მხრივ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტომობილის კლირენსი 20 მილიმეტრითაა შემცირებული, რისი წყალობითაც მნიშვნელოვნად შემცირდა შემხვედრი ჰაერისადმი წინააღმდეგობა.
”ოპელის” განცხადებით, ”კორსა ეკოფლექსის” გაყიდვები მერმის, იანვარში დაიწყება.
”ფორდ ფოკუსის” ყველაზე მძლავრი ვერსია
Wolf RS360
3 ნოემბერიგერმანულმა სატუნინგო ატელიე ”ვოლფ რეისინგმა”, წარმოებისთვის ”ფორდ ფოკუსის” ყველაზე მძლავრი ვერსიის, RS360-ის მისეული, კიდევ უფრო გაძლიერებული და ექსტრემალური ვერსია მოამზადა.
ატელიეს სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად, ავტომობილის 2.5-ლიტრიანი ტურბოძრავის სიმძლავრე, 300-დან 360 ცხენის ძალამდე, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 400-დან 559 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. სიმძლავრის ესოდენ მნიშვნელოვანი მატება ძრავის მართვის ელექტრონული სისტემის გადაპროგრამებამ და ახალი, გაცილებით მძლავრი ტურბოდამჭირხნის გამოყენებამ განაპირობა.
მწარმოებლის განცხადებით, შემკვეთს ძრავის გაძლიერება 1 300 ევრო დაუჯდება. მაგრამ ხარჯები ამით არ შემოიფარგლება. მძლავრი ძრავი ახალი, უფრო ეფექტური, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის დაყენებას მოითხოვს, რაც დამატებით 2 500 ევრო ჯდება. გარდა ამისა, ატელიე კლიენტს საკიდარის შეცვლასაც სთავაზობს, რაზეც 1 300 ევროს ითხოვს. დაბოლოს, შეთავაზების პაკეტში ასევე შედის 20-დუიმიანი ბორბლები, რომელთა კომპლექტის ფასიც 1 600 ევროს შეადგენს.
”ვოლფ რეისინგის” განცხადებით, მის მიერ მომზადებული სატუნინგო პაკეტით აღჭურვილი RS360-ის პირველი ჩვენება ესენის (გერმანია) საავტომობილო გამოფენაზე შედგება, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

”ფოლკსვაგენმა” სრულიად ახალი სედანის ესკიზი გამოაქვეყნა
Volkswagen US Sedan
3 ნოემბერი

”ფოლკსვაგენის” ამერიკულმა შტომ გამოაქვეყნა სეულიად ახალი სედანის ესკიზი, ავტომობილისა, რომელიც პირველ რიგში, ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და ოკეანის გაღმა დებიუტის შემდეგ, სხვა, მათ შორის ევროპულ ბაზრებზეც გაიყიდება.

”ფოლკსვაგენ ოფ ემერიკას” შეფის განცხადებით, ახალი ავტომობილი ჯერ შემუშავების ადრეულ სტადიაში იმყოფება. მისი კოდური სახელწოდებაა NMS, რაც იშიფრება, როგორც ”ნიუ მიდსაიზდ სედან”, ანუ ”ახალი საშუალო ზომის სედანი”.
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია ახალი ავტომობილის ტექნიკური პარამეტრები. სამაგიეროდ, გერმანული კონცერნის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ სედანი 20 000 დოლარზე ოდნავ მეტი ეღირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ”პასატზე” დაახლოებით 8 000 დოლარით იაფი ეღირება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს აშშ-ის ბაზრის ისეთ სოლიდურ მოთამაშეებს, როგორებიცაა ”ტოიოტა ქამრი” და ”ჰონდა აკორდი”.
ახალი ავტომობილის საწარმოებლად, ვოლფსბურგელებს ჩატანუგას (შტატი ტენესი) ქარხანა აქვთ შერჩეული. იმის გამო, რომ ამერიკული დოლარი ევროსთან მიმართებაში შესუსტებულია და პროგნოზებით ასეც იქნება, ”ფოლკსვაგენში” იმედოვნებენ, რომ ამერიკაში ავტომობილის წარმოება, ევროპაში წარმოებასთან შედარებით, დაახლოებით 15 პროცენტით იაფი დაუჯდებათ.
ახალი ავტომობილის წარმოება 2011 წელს უნდა დაიწყოს. წლიურად დაახლოებით 100 000 ცალი ახალი სედანის წარმოება იგეგმება.
”ფოლკსვაგენი” ასევე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბაზარზე ახალი სედანის დამკვიდრებისთანავე, ამერიკაში ”ფაეტონის” დაბრუნებასაც აპირებს.