Monday, November 30, 2009

”ფოლკსვაგენ პოლო” წლის საუკეთესო ავტომობილია
Car of the Year 2010: VW Polo
30 ნოემბერი”ფოლკსვაგენ პოლო” წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. ვოლფსბურგულმა სუბკომპაქტურმა ჰეჩბეკმა სულ ათი ქულით აჯობა ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს. ამ ორმა ავტომობილმა შესაბამისად, 347 და 337 ქულა დააგროვა, მესამეზე კი ”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა” გავიდა, რომელსაც ჟიურის წევრებმა 221 ქულა აკმარეს.
კონკურსის ჟიურის წევრ-ჟურნალისტთა უმეტესობამ ახალ ”პოლოს” დაპატარავებული ”გოლფი” უწოდა. თუმცა ამ პატარა ჰეჩბეკმა ”ფოლკსვაგენის” ბესტსელერზე (გოლფზე) მეტს მიაღწია - შარშანდელ კონკურსში ”გოლფი” მესამე ადგილს დასჯერდა, პოლო კი ბოლო 18 წელიწადში პირველი ”ფოლკსვაგენია”, რომელიც ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად აღიარეს. ვოლფსბურგული სახალხო ავტომობილებიდან, ბოლოს ეს საპატიო წოდება 1992 წელს მესამე თაობის ”გოლფს” ერგო.
”პოლოსთვის” ქულები კონკურსის ჟიურის 59 წევრიდან ყველამ გაიმეტა, მათგან 25-მა ის პირველ ადგილზე დააყენა. შედარებისთვის, iQ-ს ქულები ჟიურის 58-მა წევრმა დაუწერა, მათგან 20-მა კი ის საუკეთესოდ მიიჩნია. ”ასტრას” ქულები 55-მა ჟურნალისტმა დაუწერა, რომელთაგან მისთვის პირველი ადგილი მხოლოდ ხუთმა გაიმეტა.
მართალია, ახალი ”პოლო” B სეგმენტში თავის ბევრ კონკურენტზე მოკლეა, მასში მაინც ოთხი ზრდასრული ადამიანი კომფორტულად თავსდება. კომფორტს განაპირობებს საკმაოდ მოზრდილი (ამ სეგმენტისთვის) სალონი, დინამიურობა და ბარგისთვის საკმაოდ დიდი ადგილი. ”პოლო” თავისი დახვეწილი გარეგნობითაც გამოირჩევა და როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ამ პატარა ავტომობილს თავისი სეგმენტისთვის უჩვეულოდ მაღალ დონეზე შესრულებული სალონი აქვს.
რა თქმა უნდა, ახალი ”პოლო” შესაშური კონომიურობითაც გამოირჩევა. ვოლფსბურგელები ”პოლოს” მყიდველს ძრავების ფართო არჩევანს და სეკვენტალურ გადაცემათა კოლოფს (DSG) სთავაზობენ, რომელიც ძრავს ორდისკოიანი ქუროთი უკავშირდება. ახალ ”პოლოს” საუკეთესოდ მიესადაგება ახალი, 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელი (Tdi). ბენზინზე მომუშავე აგრეგატებს შორის კი ყველაზე გამორჩეული 1.2-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავია (TSI), რომელიც საკმარის სიმძლავრესაც გამოიმუშავებს და ეკონომიურობითაც გამოირჩევა.
ყველაზე ეკონომიური კი სერია ”ბლიუ მოუშნის” სამცილინდრიანი, 1.2-ლიტრიანი დიზელია, რომელიც 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რაც მთავარია, ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 3.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში სულ რაღაც 87 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ავტომიბილს, მათ შორის ადგილბი ასე განაწილდა: 158 ქულით, მეოთხე ადგილზე ”შკოდა იეტი” (ოთხი პირველი ადგილი) გავიდა. 155 ქულით (ორი პირველი ადგილი), შემდეგი ”მერსედესის” E-კლასის სედანია. მეექვსეზე ”პეჟო 3008” გავიდა (ორი პირველი ადგილი), რომელსაც 144 ქულა მოუგროვდა. 133 ქულით კი (ერთი პირველი ადგილი), მეშვიდეზე ”სიტროენ C3 პიკასო” გავიდა.
ტრადიციისამებრ, ჟიურის 59-ვე წევრს, რომლებიც ევროპის წამყვანი საავტომობილო ქვეყნების პოპულარული ავტოგამოცემებს წარადგენენ, გასანაწილებლად 25-25 ქულა ეძლევათ. აქედან ერთი ავტომობილისთვის მაქსიმუმ 10 ქულის მიკუთვნებაა შესაძლებელი. ჟიურიში ყველაზე მეტი - 6 წევრი გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, იტალიასა და ესპანეთს ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი ”ოპელ/ვოქსჰოლ ინსინია” გახდა, რომელმაც 321 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი ქულით აჯობა მეორეზე გასულ ”ფორდ ფიესტას” (ესეცB სეგმენტის ავტომობილია). მესამეზე, როგორც უკვე ითქვა, ”ფოლკსვაგენ გოლფი” (223 ქულა) გავიდა.
F999 - ფორმულას ტიპის ავტომობილი აბუ დაბის პოლიციისთვის
Abu Dhabi F999 Police Car
30 ნოემბერიაბუ დაბიმ წელს პირველად უმასპინძლა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს და ამ მოვლენის აღსანიშნავად, მალე ქალაქში ფორმულას ტიპის ღიაბორბლებიანი საპოლიციო მანქანა დაიქყებს პატრულირებას. აბუ დაბის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, F999-ის დანიშნულება სულაც არაა დამნაშავეების დევნა. სამაგიეროდ, მისი დანიშნულება მოძრაობის უსაფრთხოების პროპაგანდაა.
ავტომობილს აქვს წარწერა - ”ჩვენ თქვენს უსაფრთხოებას უსწრაფესი გზით უზრუნველვყოფთ”. წარწერა ავტომობილის ტანის იმ ადგილზეა დატანილი, რომლის შიგნითაც ძრავია მოთავსებული.
F999-ის გარდა, აბუ დაბის პოლიციის განკარგულებაში ასევე გადავიდა მოტოციკლი ”ფალკონი”, რომელიც ემირატების პოლიციისთვის სპეციალურად მოამზადა ამერიკაში მეტად პოპულარულმა საოჯახო კომპანია ”ორენჯ ქაუნთი ჩოპერსმა”, რომელმაც ტელეარხ ”დისქავერის” გადაცემა ”ამერიკული მოტოციკლის” მეშვეობით გაითქვა სახელი. მოტოციკლის დამზადებისას, ავტორებმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების სიმბოლიკა და არაბული კულტურის ელემენტები გამოიყენეს.
ამ მანქანების გარდა, ამიერიდან, აბუ დაბის პოლიცია სხვა ავტომობილებსაც გამოიყენებს - უსაფრთხოების პროპაგანდისთვის, პოლიციელები ისეთ სპორტულ ავტომობილებს გამოიყენებენ, როგორებიცაა ”შევროლე კამარო” და ”ნისან GT-R”. ისევე როგორც F999 და მოტოციკლი ”ფალკონი”, ეს ავტომობილებიც აბუ დაბის პოლიციის ფერებში გაწყობილნი ივლიან.
”ტატა” ჰიბრიდულ ”ნანოსაც” გამოუშვებს
Tata Plans Hybrid Nano
30 ნოემბერისაქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ინდურ ავტომწარმოებელ ”ტატას” არამხოლოდ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წარმოების სახელის დამკვიდრება სურს, არამედ მსოფლიოს ყველაზე იაფი ჰიბრიდული ავტომობილისაც. ამაზე მიგვითითებს კომპანიის მფლობელ რატან ტატას ინტერვიუ, რომელიც მან კორეულ ”მაეილ ბიზნეს ნიუსპეიპას” მისცა.
რატან ტატა ამბობს, რომ ინდოეთში იაფფასიან ავტომობილებზე გაცილებით დიდი მოთხოვნაა, ვიდრე დიდსა და ძვირ ავტომობილებზე. თუმცა მას მიაჩნია, რომ მალე იაფფასიანი ავტომობილების ”რევოლუცია” მთელ მსოფლიოს მოედება. ის დარწმუნებულია, რომ საავტომობილო მრეწველობის მომავალი ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ავტომობილებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის არ გამორიცხავს ”ნანოს” ბაზაზე ჰიბრიდული მოდელის წარმოებას.
”ნანო” სულ რაღაც 2 700 დოლარამდე ღირს. ”ტატამ” მისი მყიდველისთვის მიწოდება ივლისში დაიწყო. გარდა ამისა, რატან ტატა არ მალავს, რომ მისი კომპანია მსუბუქ პიკაპ ”ეისის” ექსპორტზე გატანას აპირებს. ამ ავტომობილისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი სამხრეთ კორეა გახდება, სადაც ”ტატას” უკვე გააჩნია საწარმო.
ისევე როგორც სხვა წარმატებული ბიზნესმენები, რატან ტატაც თავისი ბიზნესის გაფართოებასა და დივერსიფიკაციაზე ზრუნავს. კერძოდ, მისმა კომპანიამ მოღვაწეობა ბიოტექნოლოგიისა და ბიოინჟინერიის დარგშიც დაიწყო. გარდა ამისა, ”ტატა” ახლო მომავალში, აშშ-სა და ვიეტნამში აპირებს ინვესტირებას. რა თქმა უნდა, კომპანია საავტომობილო ბიზნესში ინვესტირებასაც გააგრძელებს. ასევე სასტუმროების, ელექტრონიკის და ბიოსაწვავის წარმოების საქმეშიც ჩაერთვება.