Sunday, December 20, 2009

ტრევის პასტრანა ახალ წელს სარეკორდო ნახტომს შეასრულებს

Travis Pastrana

20 დეკემბერი

ტრევის პასტრანა
..........................................
ახალი წლის ღამეს, ლონგ ბიჩის (აშშ, კალიფორნია) ათიათასობით მცხოვრები და ქალაქის სტუმრები საინტერესო და მეტად სახიფათო სანახაობის მოწმენი გახდებიან: ტრიუკების სახელგანთქმული ოსტატი, თავგადასავლების მაძიებელი და რალიში აშშ-ის ოთხგზის ჩემპიონი ტრევის პასტრანა წარმოუდგენელ ტრიუკს შეასრულებს და გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას ეცდება.

პასტრანა ვარჯიშისას

...............................................

ზუსტად იმ დროს, როდესაც საათი 12-ჯერ დარეკავს და ახალი წლის დადგომას გვამცნობს, პასტრანა, ვინც მომავალ სეზონში, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ”სუბარუ იმპრეზათი” იასპარეზებს, ამ მანქანით წარმოუდგენელ ნახტომს შეასრულებს და ლონგ ბიჩის პორტშე სპეციალურად მოდრეიფე ბარჟაზე დაშვებას ეცდება.

პასტრანა ამერიკაში მეტად პოპულარული პიროვნებაა. დღეისათვის ის ერთადერთია მსოფლიოში, ვისაც ქროსის მოტოციკლით, ნახტომში ორმაგი უკანა ბრუნი აქვს შესრულებული. მას მოპოვებული აქვს X-თამაშების 9 მედალი და კლასიკურ რალიში აშშ-ის ბოლო ოთხი ჩემპიონატი აქვს მოგებული. მის მიღწევებს ამერიკაში არაერთი სდატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა. მერმის პასტრანა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს და იმედოვნებს, რომ ხელცარიელი არც ამჯერად დარჩება. თუმცა, მანამდე ძალიან სახიფათო ტრიუკს შეასრულებს და ამით, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააკვირვებს.

ადგილი,სადაც პასტრანა ნახტომს შეასრულებს

............................................................................................

სარეკორდო ნახტომი ავსტრიულ კომპანია ”რედ ბულის” მიერაა ორგანიზებული და შოუს ”ახალი წელი - არანაირი საზღვარი” ეწოდება. მას ტელეკომპანია ”იესპიენი” მთელ ამერიკას და მსოფლიოს პირდაპირი ეთერით უჩვენებს.

”მოუთმენლად ველი, რომ ამ მოვლენის ნაწილი გავხდე. ავტომობილით წყლის თავზე ნახტომის შესრულება და მოტივტივე ბარჟაზე დაშვება სცილდება ყველაფრის საზღვარს, რაც კი ოდესმე შემისრულებია. პირდაპირ ეთერში შესრულებული ტრიუკი ყოველთვის ათმაგად საინტერესოა ფანებისთვისაც და შოუს მონაწილეებისთვისაც. ამ ნახტომის წარმატება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახიფათო ტრიუკი შემისრულებია და ეს წუთები ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია”, - ამბობს პასტრანა.

”გვიხარია, რომ უკვე მესამე წელია, ”რედ ბულთან” ერთად, ასეთ საინტერესო შოუებს ვაშუქებთ. ჩვენი ტელეკომპანიის მიზანი, მაყურებლისთვის ცოცხალი, საინტერესო და ამაღელვებელი სანახაობების შეთავაზებაა. ეს კი განსაკუთრებული შოუ იქნება - არ მახსოვს სხვა მსგავსი შოუ, რომელსაც ამდენი ინტერესი გამოეწვიოს. ”ახალი წელი, არანაირი საზღვარი” ყველაზე გამორჩეული ექსტრემალური სანახაობა იქნება, რაც კი ოდესმე რომელიმე ტელევიზიას გადაუცია”, - ამბობს ”იესპიენის” ვიცე პრეზიდენტი ჯოან ლინჩი.

პასტრანა ნახტომს ლონგ ბიჩის ნავსადგურის მახლობლად, პაინ სტრიტის დამბიდან შეასრულებს, და ნავსადგურში მოდრეიფე ბარჟაზე დაშვებას ეცდება. წინასწარი გათვლებით, ნახტომის შემდეგ, პასტრანას ”სუბარუ იმპრეზა” 50 მეტრზე მაღლა უნდა აფრინდეს. ბარჟა კი მას დაახლოებით 200 მეტრის სიშორეზე დაელოდება.

მიმომხილველები პასტრანას ტრიუკს გოლფის თამაშს ადრიან, როდესაც გოლფმენი ცდილობს, ბურთი წყალს გადაატაროს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, პასტრანა უფრო გოლფის ბურთის როლში იქნება. გოლფის ბურთივით, ის რაც შეიძლება, მაღლა უნდა აფრინდეს, რაღა საჭირო მანძილზე იფრინოს და ბარჟაზე მშვიდობიანად დაეშვას. ამასთან, არც მეტისმეტი უნდა მოუვიდეს, რომ წყალში არ ჩავარდეს.

”იესპიენის” წინა ორ საახალწლო შოუში პასტრანასავით თავზეხელაღებული რობი მედისონი და რის მილენი მონაწილეობდნენ, რომლებმაც ნახტომები შესაბამისად, მოტოციკლით და ქროსის ავტომობილით შეასრულეს. თან, მილენმა თავისი საქროსო მანქანით ხტომისას, რამდენიმე გვერდითი ბრუნიც შეასრულა.