Saturday, December 26, 2009

”ფერარი” ჟენევისთვის ჰიბრიდულ მოდელს ამზადებს

Ferrari Planning Mild Hybrid 599 For Geneva

260 დეკემბერი

იტალიურ გამოცემა ”კვატრორუტეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”ფერარი” ჟენევის ავტო შოუზე თავისი პოპულარული მოდელის, ”599 GTB ფიორანოს” ჰიბრიდულ ვერსიას გამოფენს. ჟურნალის ცნობით, ეს ავტომობილი ”სოფტ” ჰიბრიდი იქნება და ის აღჭურვაში კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (KERS) მიიღებს, რომელსაც იტალიური კომპანია გასულ სეზონში ფორმულა 1-ის ბოლიდებზე იყენებდა.

ეს სისტემა, რომელიც ელექტროძრავისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან შედგება, ავტომობილის უკანა ნაწილში განლაგდება. აკუმულატორების ბლოკი ენერგიით დამუხრუჭებისას იმუხტება და შემდეგ ამ ენერგიას ელექტროძრავს აწვდის.

ჰიბრიდულ დანადგარს ავტომობილი სიმძლავრის მცირე ხნით გაზრდისთვის გამოიყენებს (როგორც ფ1-ში). გარდა ამისა, ამ დანადგარსვე შეუთავსდება სისტემა სტოპ-სტარტის დანიშნულებაც. სისტემა შუქნიშნებზე ძრავს გამორთავს და მაშინვე ჩართავს, როგორც კი მძღოლის აქსელერატორის სატერფულს დააწვება.

”კვატრორუტეს” ინფორმაციით, კერს-ის გამოყენებით, ავტომობილის ეკონომიურობა მნიშვნელოვნად, 35 რპოცენტით გაუმჯობესდება. კერძოდ, 100 კილომეტრის გასავლელად, ”599 GTB ფიორანოს” 27-ის ნაცვლად, 17 ლიტრი საწვავი ეყოფა. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა. ცნობისათვის, ეს ავტომობილი 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 620 ცხენის ძალას ავითარებს.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ”ფერარიმ” ჰიბრიდული სრულამძრავიანი ტრანსმისია დააპატენტა, რომელშიც თითო ღერძს თითო ელექტროძრავი ემსახურება. თუმცა, ამა სისტემის წარმოებაში დანერგვა უახლოეს წლებში არ იგეგმება.

ყველაზე სწრაფი ”ასტონ მარტინი”

Aston Martin One-77 Breaks the 200MPH Mark

23 დეკემბერი

”ასტონ მარტინის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსი სუპერ ავტომობილმა ”ასტონ მარტინ ვან-77-მა” დაისაკუთრა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ავტომობილის ტესტირებისას, მაქსიმალური სჩქარე 355 კმ/სთ დაფიქსირდა. არადა, ამ ავტომობილის მონაცემებში, რომლებიც ადრე ინგლისურმა კომპანიამ გამოაქვეყნა, წერია, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარე 321 კმ/სთ-ის.

ინგლისურ გამოცემა ”ავტოქარის” ინფორმაციით, ავტომობილის ტესტები ქარიან ამინდში ჩატარდა და კომპანიაში ვარაუდობენ, რომ უფრო ხელსაყრელ პირობებში, სიჩქარე უფრო მეტიც იქნებოდა.

ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა წელს, ჟენევის ავტო შოუზე ჩატარდა. ვან-77-ს უკანა წამყვანი ბორბლები აქვს, მისი შასი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ძრავის სექციაში განლაგებულია 7.3-ლიტრიანი V12, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალას შეადგენს. მის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.5 წამში შეუძლია, მის მაქსიმალურ სიჩქარეზე კი უკვე ითქვა.

”ასტონ მარტინი” მხოლოდ 77 ცალ ვან-77-ს დაამზადებს. სხვათა შორის, ინგლისურ კომპანიას მთელ ამ ტირაჟზე წინასწარი შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. არადა, წინასწარი შენატანის ოდენობა 200 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. სრულად კი ავტომობილი 1.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 1.9 მილიონი დოლარი) ღირს.

პირველი ვან-77 ვიღაც ავსტრალიელს შეუძენია, რომელსაც საბაჟო გადასახადისა და სხვა მოსაკრებლების დამატების შემდეგ, ავტომობილი 3.8 მილიონი დოლარი უჯდება.

”ასტონ მარტინი” ვან-77-ზე მიღებული შეკვეთების შესრულებას 2010 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.