Monday, November 29, 2010

მერსედეს ბენცი კონცეპტუალურ ბიომეს გამოშვებას აპირებს

Mercedes Considering Production Version of Biome Concept

28 ნოემბერი

ლოს ანჯელესის ავტო შოუს ტრადიციულ საიდიზაინერო კონკურსისთვის, მერსედეს ბენცმა კონცეპტუალური მოდელი ბიომე მოამზადა, რომელიც საერთო სარგებლობის გზებზე ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ამგვარს შტუტგარტელები თავიანთ მყიდველს მალე შესთავაზებენ. ამის საბაბს კი შოუზე ამ ავტომობილთან დაკავშირებით მიღებული გამოხმაურებებია, რომლებმაც გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობა, კონვეიერზე მის დაყენებაზე დააფიქრა.

ესეც რომ არა, შტუტგარტელებს ძველი მეტოქეობა აქვთ ბეემვესთან, რომელიც წარმოებისთვის ასევე ”არაამქვეყნიურ” კონცეპტუალურ ვიჟნ ეფიშენტდაინემიქსს ამზადებს. და ბუნებრივია, ბრწყინვალე აეროდინამიკური მახასიათებლების მქონე ამ ავტომობილს ერთგვარი საპირწონე სჭირდება, ასეთად კი, როგორც ჩანს, სამქიმიანებს სწორედ ბიომე ესახებათ.

კონცეპტუალური ბიომე ორიგინალური საინჟინრო გადაწყვეტებით და ახალი, ჯერაც დაუნერგავი ტექნოლოგიებით გამოირჩევა და როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ძალიან ახლოსაა გარემოსთან. ჯერ ერთი, მას პრაქტიკულად არანაირი გამონაბოლქვით არ დააბინძურებს. მეორეც, ის გადამუშავებადი, უნარჩენო მასალებით დამზადდება.

მაგრამ რაც მთავარია, როგორც ინგლისური გამოცემა ”ავტოქარი” სანდო წყაროებზე დაყრდნობით გვამცნობს, ბიომე შუაძრავიანი სპორტული სუპერ ავტომობილის წინამორბედია, რომელმაც კონკურენცია სწორედ ბავარიულ ეკოლოგიურ სუპერ ავტომობილს უნდა გაუწიოს.

მერსედეს ბენცის კალიფორნიული (კარლსბადის) მოწინავე დიზაინ სტუდიის შეფი ჰუბერტ ლი ყვება, რომ ბიომეს შემუშავების პროცესში, მისი ზოგიერთი ელემენტი იმ გათვლით შემუშავდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბევრი ცვლილების გარეშე, მისი სერიული წარმოება შესაძლებელი ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას სამუშაოს დაწყებამდე, ამ ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა გათვალისწინებული ჰქონდა. იმავდროულად, კონცეპციაზე მუშაობისას, დიზაინერთა და ტექნოლოგთა ფანტაზია პრაქტიკულად შეუზღუდავი იყო:

”ბიომეზე მუშაობისას, ჩვენმა დიზაინერთა ჯგუფმა შთაგონების წყაროდ ბუნება გამოიყენა. ეს მანქანა, მისი შექმნიდან მოყოლებული, მთელი სამუშაო ციკლის განმავლობაში, გარემოსთან სრულად იქნება ინტეგრირებული. მერსედეს ბენც ბიომე, სათბურში გაზრდილი ნერგივით, სრულიად ორგანულ გარემოში წარმოიშვა. მოძრაობისას, ის მხოლოდ სუფთა ჟანგბადს გამოყოფს. სამუშაო ციკლის დასრულების შემდეგ კი ის სრულად დაექვემდებარება გადამუშავებას და საბოლოო პროდუქტი, შეიძლება სამშენებლო მასალადაც იქნას გამოყენებული”, - ნათქვამია კონცეპციის აღწერილობაში.

ეგ კიდევ არაფერი. ამ უცნაურ განმარტებას, დიზაინის კიდევ უფრო საოცარი აღწერა მოჰყვება: ”ამ ავტომობილის გარეგნობა ორი თესლიდან აღმოცენდა: მისი ინტერიერი, ბიომეს წინა ნაწილში მდებარე ვარსკვლავის დნმ-დან გაიზარდა, ექსტერიერს კი დასაბამი უკანა ნაწილში არსებულმა ვარსკვლავმა მისცა. მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მერსედესის ორივე ვარსკვლავი გენეტიკურადაა შემუშავებული. მანქანა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გენეტიკური კოდი ჩანაფიქრის კაპსულას შეერწყმება. ბორბლები კი ოთხი ცალკეული ჩანასახისგან იზრდება”...

აი, ასე: დიზაინერები ხშირად მარტო ვიზუალური წარმოსახვის უნარით კი არა, თავიანთი მდიდარი ფანტაზიითაც გვაკვირვებენ. აბა, სახელი ბიომე როგორღაც ხომ უნდა გაემართლებინათ...

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ამ საავტომობილო გენეტიკის პირველ სერიულ ნაყოფს, რომელიმე დიდ საავტომობილო შოუზე ვიხილავთ და მერე დავრწმუნდებით, რომ სამქიმიანების კალიფორნიელ დიზაინერთა ფანტაზიას რეალური საფუძველი ჰქონია.

”ნისან ლიფი” ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილია

Nissan Leaf first EV to win European Car of the Year

29 ნოემბერი

”ნისანის” ელექტრომობილი ”ლიფი” ევროპის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილად გამოცხადდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილი ხდება.

ტრადიციულ კონკურსში, რომლის ჟიურისაც ევროპის 23 ქვეყნის 59 ჟურნალისტი შეადგენდა, იაპონურმა ელექტრომობილმა 257 ქულა დააგროვა და 9 ქულით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ”ალფა რომეო ჯულიეტა”. მესამეზე კი 244 ქულით, ”ოპელ მერივა” გავიდა. მომდევნო ოთხი ადგილი დაიკავეს: ”ფორდ С-მაქს/გრანდ C-მაქს-მა” (224 ქულა), ”სიტროენ C3/DC3-მა” (175 ქულა), ”ვოლვო S60/V60-მა” (145) და ”დაჩია დასტერმა” (132).

კონკურსში ის ავტომობილები დაიშვება, რომლებიც ბაზარზე წელს, ან გასული წლის მიწურულს გამოჩნდა. ამასთან, კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ ავტომობილის ტირაჟი 5 000 ცალზე ნაკლები არ უნდა იყოს. ”ლიფი” ჯერ არ იყიდება, თუმცა მას ევროპის ოთხი ქვეყნის (ბრიტანეთი, ჰოლანდია, ირლანდია და პორტუგალია) დილერები მალე მიიღებენ. ეს ის ქვეყნებია, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მყიდველი ყველაზე მეტი შეღავათით სარგებლობს.

”ეს ჯილდო იმის ნიშანია, რომ ევროპამ ელექტრომობილი უსაფრთხოების, სვლის ხარისხის, სასარგებლო მოცულობისა და მართვადობის მხრივ, ტრადიციული ავტომობილის რეალურ კონკურენტად აღიარა. ეს გამარჯვება ”ნისანის” ინჟინრების მიღწევებისა და სიახლეების აღიარებაცაა. ”ნისანი” და მისი პარტნიორი ალიანსში ”რენო”, წარმოებისთვის კიდევრამდენიმე ელექტრომობილს ამზადებენ და ამ მხრივ, ”ნისან ლიფის” გამარჯვება იმის ნიშანიცაა, რომ ავტოინდუსტრიაში ახალი, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების ეპოქა იწყება”, - განაცხადა ”ნისან მოტორის” პრეზიდენტმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლოს გონმა.

”ნისან ლიფი” ცვალებად დენზე მომუშავე კომპაქტური ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში მდებარეობს და წინა ბორბლებს ამოძრავებს. მისი სიმძლავრე 107 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი - 280 ნიუტონმეტრია. მისი დახმარებით, ავტომობილი 145 კმ/სთ-ს ავითარებს. ძრავისთვის საჭირო ენერგია ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკში გროვდება, რომლის სიმძლავრეც 90 კილოვატია. ეს ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ”ნისან ლიფმა” აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, 162 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების სრულად დასამუხტად, 8 საათია საჭირო, სწრაფად დამუხტვის რეჟიმით კი, ნახევარი საათიც საკმარისია იმისათვის, რომ აკუმულატორები 80 პროცენტით შეივსოს.

ბოლოს ”ნისანს” ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება 1993 წელს ჰქონდა მოგებული, როცა საუკეთესოდ სუბკოპაქტური ჰეჩბეკი ”მიკრა” დასახელდა. შარშან კონკურსი ”ფოლკსვაგენ პოლომ” მოიგო, უფრო ადრე კი გამარჯვება ”ოპელ ინსიგნიას” და ”ფიატ 500-ს” ერგო.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას 41 ავტომობილი ღებულობდა, რომელთა თითქმის მესამედი აზიური კომპანიებისაა. ამათგან კი ფინალში მხოლოდ ერთი - ”ნისან ლიფი” გავიდა.

Thursday, November 25, 2010

”ვოლვოს” თვითმართვადი ავტომობილები ტესტებისთვის მზადაა

Volvo Self-Driving Cars Ready for Testing

25 ნოემბერი

”აუდის” თვითმავალი სისტემა ”შელი” შესაძლოა, ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებათა ხანის პირველი მერცხალი იყოს, თუმცა მისი შემქმნელები გვპირდებიან, რომ მათს მიზანს, მძღოლის შეცვლა არ წარმოადგენს. ასეა თუ ისე, ინდუსტრია სწორედ აქეთ მიდის. ყოველ შემთხვევაში, მსგავს პროექტებზე სხვა ავტომწარმოებლებიც მუშაობენ. მაგალითად, ”ვოლვო”...

უფრო მეტიც, თუ გერმანული კომპანია ჯერ მხოლოდ ძვირადღირებული ”გართობითაა” დაკავებული, შვედური კომპანია უფრო კონკრეტულ მიზნებს ისახავს და ამას მგზავრობის უსაფრთხოების და კომფორტულობის გასაუმჯობესებლად აკეთებს. ”ვოლვო” პროექტSARTRE-ზე (სეიფ როუდ ტრეინს ფორ დი ენვირონმენტ, ანუ უსაფრთხო საგზაო მატარებლები გარემოსთვის) მუშაობს, რომელიც ევროკავშირის მიერაა ინიცირებული და რომელსაც ევროკავშირივე აფინანსებს.

პროექტის სახელწოდება პირდაპირ არ მიუთითებს, თუმცა ის მიზნად სწორედ თვითმართვადი (არა სრულიად ავტონომიური, როგორიც ”აუდის” შელია) ავტომობილების შექმნას ითვალისწინებს.

მაინც, რა განსხვავებაა ავტონომიურსა და თვითმართვადს შორის? შესაძლოა, ბევრი არაფერი, მაგრამ ”ვოლვო” განმარტავს, რომ მის პროექტში თვითმართვადი ნიშნავს, როცა ავტომობილი საგზაო მატარებელს უერთდება და მის რიგებში ყოფნისას, მძღოლის გარეშე მოძრაობს.

”ვოლვოს” პროექტის არსი შემდეგში მდგომარეობს: გზაზე მოძრაობს წამყვანი ავტომობილი (მინივენის, ან მიკროავტობუსის ტიპის), რომელიც სხვადასხვა დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობითაა აღჭურვილი. ამ მოწყობილობების მეშვეობით, მას რამდენიმე (6-8) ავტომობილის ”ჩაბმა” და ტარება შეუძლია. ლიდერი ავტომობილის უკან ”ჩაბმულ” მანქანებს ავტოპილოტი მართავს. როცა თქვენი ავტომობილი დანიშნულების ადგილს მიუახლოვდბა, გამორთავთ ავტოპილოტს და ხელით მართვაზე გადახვალთ, რიგში გამოთავისუფლებულ ადგილს კი სხვა ავტომობილი დაიკავებს.

”ვოლვოს” და მის პარტნიორებს უკვე ყველაფერი აქვთ მომზადებული იმისათვის, რომ საგზაო ტესტები ჩაატარონ. სიმარტივისთვის, პირველ ტესტირებაში ერთი ლიდერი და ერთიც მიმყოლი ავტომობილი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ტექნიკური დეტალები ტესტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება. პირველი საგზაო გამოცდა კი წლის ბოლომდე ჩატარდება.

”საგზაო გამოცდებისთვის მზად ვართ. პირველ ტესტირებას მხოლოდ ერთი მიმყოლი ავტომობილით ჩავატარებთ, რომელზეც სენსორების, აქტუატორის და კონტროლის სისტემის მუშაობის გამართულობას შევამოწმებთ. შემდეგი ტესტის დროს, მიმყოლი ავტომობილების რაოდენობა ორამდე გაიზრდება და საბოლოოდ, სრულფასოვან სისტემას მაქსიმალური დატვირთვით გამოვცდით”, - ამბობს პროექტ SARTRE-ს კოორდინატორი ტომ რობინსონი.

უპილოტო ”აუდიმ” პაიკს პიკი დაიპყრო

Autonomous Audi TTS Takes Pikes Peak

25 ნოემბერი

20 კილომეტრი აღმართში და სარბოლ რეჟიმში, ოღონდ მძღოლის გარეშე - ეს მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში შეტანას ნამდვილად იმსახურებს. თუ გინესის წიგნში არა, ავტოინდუსტრიის ისტორიაში მაინც, რადგან არაა გამორიცხული, სწორედ ამ მიღწევით ედება დასაბამი ახალ ერას, რომლის დროსაც ავტომობილები მძღოლის გარეშე, წინასწარ მითითებული მარშრუტის შესაბამისად იმოძრავებენ.

”აუდის” ინჟინრების მიერ მოდელ TTS-ის ბაზაზე შექმნილმა უპილოტო აპარატმა სახელად ”შელი”, პაიკს პიკის ლეგენდარული სარბოლო აღმართი დაახლოებით 27 წუთში აიარა. მართალია, ამ შედეგით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ აღმართის ჩქაროსნული დაძლევის საერთაშორისო ფედერაციამ ის მაინც ოფიციალურად დააფიქსირა. ვინ იცის, იქნებ ოდესმე პაიკს პიკზე უპილოტო სარბოლმა ავტომობილებმაც იასპარეზონ და მაშინ ავტომობილ-რობოტებს პირველი ორიენტირი მართლაც ექნებათ...

”ჩვენმა წარმატებულმა შედეგმა ცხადყო, რომ უპილოტო ავტომობილით ნებისმიერი სირთულის გზის გავლა ნებისმიერ პირობებში შესაძლებელია”, - ნათქვამია პროექტის ავტორთა განცხადებაში. შედარებისთვის, მსგავსი მონაცემების, ოღონდ მძღოლის მიერ მართვადი ავტომობილით, იმავე ტრასის დაახლოებით 17 წუთში გავლაა შესაძლებელი.

სხვათა შორის, პაიკს პიკის რეკორდი 10 წუთზე ოდნავა მეტია. ეს შედეგი პაიკს პიკის იაპონელ ლეგენდას, ნობუჰირო ტაძიმას ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის 900-ცხენისძალიანი ავტომობილი გამოიყენა. უპილოტო ”აუდის” კი გაცილებით ნაკლები სიმძლავრე აქვს.

”შელი” ”აუდი TTS-ის” ბაზაზეა შექმნილი. მის მომზადებაში მონაწილეობა, ”აუდის” გარდა, ”ფოლკსვაგენის” ელექტრონიკის კვლევის ჯგუფმა, კომპანია ”ორეიკლისა” და სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ ”ქარზ-ის” სპეციალისტებმაც მიიღეს. რადიოგადამცემის დახმარებით, 265-ცხენისძალიანი ძრავი დისტანციურ კონტროლს ექვემდებარება. ”შელი” კომპიუტერებითაა გაძეძგილი. მათგან ერთი მართვაზე აგებს პასუხს, მეორე კი - დინამიკურ მონაცემებს აგროვებს და გადაამუშავებს. თანამგზავრული სისტემა GPS-ის მეშვეობით, ავტომობილი წინასწარ შედგენილი მარშრუტით მოძრაობს.

”ჩვენს მიზანს მძღოლის შეცვლა არ წარმოადგენს. მაგრამ ამის მიუხედავად, გვაინტერესებს, თუ როგორ მართავენ საუკეთესო პილოტები ავტომობილს, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილის მართვისას თანაშემწეობას გაგვიწევს ”, - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ჯერდესი.

სანამ სარეკორდო გარბენს შეასრულებდა, უპილოტო ”შელიმ” რამდენიმე სავარჯიშო ასვლა განახორციელა, რომლის დროსაც, გზადაგზა ჩერდებოდა, რათა მარშრუტი და ტრაექტორია დაზუსტებულიყო. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ტრასის ერთადერთ გრუნტისსაფარიან მონაკვეთზე (ადრე პაიკს პიკის გზა მთლიანად გრუნტიანი იყო, მაგრამ გრუნტს თანდათან ასფალტი ცვლის), 70 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა. რა თქმა უნდა, ეს ბევრი არაა, თუმცა უპილოტო ავტომობილით ეს სიჩქარეც ძალიან ძნელი მისაღწევი ყოფილა.

რობოტ-ავტომობილის შემქმნელები კი ოცნებობენ იმაზე, რომ მათმა აპარატმა ეს აღმართი გამოცდილი პილოტების დონეზე აიაროს. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდეს, ”აუდი ამერიკას” და მის პარტნიორებს, თავიანთი შედევრის რომელიმე სარბოლ ტრეკზე გამოცდა, მაყურებლის წინაშე სურთ.

Wednesday, November 24, 2010

ქეთი მელუა ”ოპელის” ბრენდის სახე გახდა

Opel Chooses Katie Melua as New Brand Ambassador

24 ნოემბერი

”ოპელმა” საკუთარი ბრენდის ელჩად ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აირჩია. ”ჯენერალ მოტორსის” გერმანულმა შტომ ეს გადაწყვეტილება მელუას ევროპული ტურნეს დაწყების წინ მიიღო. მელუა ევროპის 50 ქალაქში კონცერტებს 2011 წელს გამართავს და ამ ტურნეს დროს, ”ოპელის” გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ელექტრომობილ ”ამპერათი” ისარგებლებს.

”აღფრთოვანებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ ქეთი მელუასთან თანამშრომლობის პატივი გვერგო. ის ჩინებული ადამიანი და ფანტასტიური მომღერალია. ძალიან გვიხარია, რომ ის ახლო მომავალში ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული სახე გახდება. ჩვენი ბრენდის ძირითადი ღირებულებები ინოვაციები, დინამიური და ემოციური დიზაინი და რა თქმა უნდა, გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობაა. ჩვენთან ერთად, ამ ღირებულებებს ქეთი მელუაც გაიზიარებს”, - ამბობს ”ოპელის” ვიცე პრეზიდენტი ალენ ვიზერი, ვინც კომპანიის გაყიდვების, მარკეტინგის და გაყიდვების შემდგომი მომსახურების განყოფილებას კურირებს.

თავისი შემოქმედების გარდა, ქეთი მელუა გარემოზე ზრუნვითაცაა ცნობილი. ”ოპელი” იმედოვნებს, რომ პოპულარული მომღერლის თანადგომით, ევროპულ ბაზარზე დაკარგული პოზიციების დაბრუნებას და სხვა ბაზრებზე დამკვიდრებას შესძლებს.

”ძალიან მომწონს, რომ ”ოპელი” გარემოზეც ზრუნავს და იმავდროულად, ემოციურობასა და ეშხიანობასაც ინარჩუნებს. გუშინ ლონდონში ”ამპერას” მართვის საშუალება მომეცა და ეს შესანიშნავი იყო”, - ამბობს მელუა და დასძენს, რომ ”ამპერას” მართვამ დიდი სიამოვნება მიანიჭა.

ქეთი მელუას თავისი კარიერის განმავლობაში, არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. 2005 წელს ის გერმანულმა ”ექომ” ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო მუსიკოსად დაასახელა. იმავე წელს, ჯილდო ”DVD ჩემპიონი” (კატეგორიაში მუსიკოს შემსრულებელი) მიიღო. მომდევნო წელს, ჰოლანდიაში საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლად (ედისონის ჯილდო) დაასახელეს. 2006 წელსვე, ინგლისურ ენაზე მომღერალ საუკეთესო ქალი შემსრულებელი გახდა, 2007 წელსაც ორი აღიარება დაიმსახურა. ”ოქროს კამერას” მფლობელი (საუკეთესო საერთაშორისო მუსიკოსი) დაეუფლა და ”ექოს” ვერსიით, როკ/პოპის საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებელი გახდა.

Tuesday, November 23, 2010

”ჯენერალ მოტორსის” ჩინური ბრენდი ჩინურ კომპანიებთან საკონკურენციოდ მზადაა

First Baojun 630 Rolled Out Today

23 ნოემბერი

”ჯენერალ მოტორსის” და მისი ჩინელი პარტნიორების - SAIC-ის და ”ხულინის” მიერ შექმნილმა სრულიად ახალმა ჩინურმა ბრენდმა, სახელად ”ბაოძუნმა”, რომლის დანიშნულებაც იაფი, ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებაა, მუშაობა დაიწყო და პირველი ავტომობილი - ”ბაოძუნ 630” გამოუშვა, მის გაყიდვებს კი მერმისიდან დაიწყებს.

”ბაოძუნ 630” კომპაქტური სედანია, რომელიც ჩინელი ინჟინრების მიერაა შექმნილი, თუმცა ”ჯენერალ მოტორსის” აგრეგატებს იყენებს. ეს აგრეგატები კი გამონაბოლქვზე ჩინური ბაზრის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ევრო4 სტანდარტსაც შეესაბამება.

”ჩვენ ფრთხილად შევისწავლეთ აქაური ბაზრისა და მომხმარებლების მოთხოვნები. ხარისხი, დიზაინი, გამძლეობა და ეკონომიურობა - ეს ის თვისებებია, რომლებზეც აქაური მყიდველები თავიანთ ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ. განსაკუთრებით ეს იმათზე ითქმის, ვინც მეორე და მესამეხარისხოვან ქალაქებში ცხოვრობს და პირველად ყიდულობს ავტომობილს”, - ამბობს ”GM ჩაინა გრუპის” პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი კევინ უეილი.

SAIC-”ჯენერალ მოტორს”-”ვულინის” გენერალური მენეჯერი შენ იანი ამბობს, რომ მალე ”ბაოძუნი” სრულ გამას აამოქმედებს, რისი წყალობითაც, ეს კომპანია ჩინეთის ბაზრის ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშე გახდება. ერთობლივი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ იმ სეგმენტზე ამახილებს, რომელსაც ”ბაოძუნ 630” შეესაბამება. ეს სეგმენტი ჩინურ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდია.

ქარხანა, რომელიც ”ბაოძუნ 630-ს” უშვებს, ქალაქ ლიჟოუში (გუანსის რეგიონი) მდებარეობს. მასში დანერგილია ”ჯენერალ მოტორსის” ”გლობალური საწარმოო სისტემა” და ხარისხის ამერიკული სტანდარტი და მას წლიურად 100 000 ავტომობილის წარმოება შეუძლია. ერთობლივი კომპანია ჯერ კიდევ 2002 წელს დაარსდა, აქამდე კი ”ვულინის” მინი სატვირთო ავტომობილებს და მინივენებს, ასევე მინიავტომობილ ”შევროლე ლე ჩის” უშვებდა.

”მაზერატი” ”პორშე კაიენის” კონკურენტს გამოუშვებს

Jeep Grand Cherokee to Spawn Maserati SUV

23 ნოემბერი

”ფიატი” და ”კრაისლერი” როცა ერთიანდებოდნენ, ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს ორი კომპანია, თავისი ყველაზე პოპულარული პლატფორმების ერთმანეთისთვის გაზიარებას აუცილებლად დაიწყებდა. ერთ-ერთი პირველი კი ამ მხრივ, ”ჯიპ გრანდ ჩეროკის” პლატფორმა უნდა გამხდარიყო, რომელსაც იტალიური საავტომობილო ჯგუფის პრემიუმ ბრენდ ”მაზერატისთვის” დიდი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა.

ასეც მოხდა. ”პორშეს” უგზოობის მოდელ ”კაიენის” პოპულარობამ, პრემიუმ სეგმენტის ბევრ მწარმოებელს მსგავსი ავტომობილის გამოშვების გადაწყვეტილება მიაღებინა და მათ შორის, ”მაზერატიც” აღმოჩნდა, რომელიც თავისი სამოდელო გამის გაფართოებას სწორედ უგზოობის ავტომობილის გამოშვებით დაიწყებს.

”ფიატის” მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ ”გრანდ ჩეროკის” პლატფორმას დიდებული არქიტექტურა უწოდა და განაცხადა, რომ ის შესანიშნავი ბაზისი იქნებოდა ”მაზერატის” უგზოობის მოდელისთვის. სხვა თუ არაფერი, ”კრაისლერის” უგზოობის ავტომობილების მწარმოებელ შტოს (ჯიპს) ასეთი ავტომობილების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს და ის ამ საქმეში მსოფლიო პიონერია.

სხვათა შორის, ”კრაისლერი” და ”მაზერატი” ადრეც თანამშრომლობდნენ - 1986-91 წლებში, ერთობლივად უშვებდნენ მოდელ ”კრაისლერ TC-ს”, მაგრამ ის ავტომობილი პოპულარული ვერ გახდა და ამერიკულ-იტალიური პარტნიორობა მალევე დასრულდა. თუმცა, მარკიონე თვლის, რომ ამჯერად ორი ბრენდის პარტნიორობა გაცილებით პროდუქტიული იქნება.

”მაზერატის” უგზოობის ავტომობილს ”კრაისლერის” ქარხანა ჯეფერსონ ნორთი გამოუშვებს. ამასთან, ავტომობილს პლატფორმა ”ჯიპ გრანდ ჩეროკისა” ექნება, ძარას კი მისთვის ”მაზერატი” შეიმუშავებს და დაამზადებს. სხვათა შორის, იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული ”მერსედესის” ქროსოვერი M63 AMG, რომლის ფასიც 90 ათას დლარზე მეტია. ასე რომ, ”მაზერატიმ” თავისი იმიჯის შესაფერისი პლატფორმა შეარჩია. სხვა საქმეა, რამდენად ხარისხიან ავტომობილს დაამყნობს მასზე.

გამოცემა ”უოლ სტრიტ ჯორნელის” ინფორმაციით, ”მაზერატის” უგზოობის ავტომობილი ბაზარზე 2013 წელს უნდა გამოჩნდეს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შეასახებ, თუ რომელი ძრავებით აღიჭურვება ეს ავტომობილი. ამერიკული იქნება ეს ძრავები, თუ იტალიური. იყო ვარაუდი იმისა, რომ ის ”ფერარის” წარმოების 4.2, ან 4.7-ლიტრიანი V8 ძრავები იქნებოდა. თუმცა ეს ვარაუდი არ დასტურდება.

”ფორდი” ”ფოკუს კუპესაც” გამოუშვებს

Ford Focus Coupe Arrives in 2012

23 ნოემბერი

”ფორდი” ”ფოკუსის” სპორტულ ვერსია ST-ზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ამ ავტომობილის 2.5-ლიტრიანი ტურბომოტორი გამონაბოლქვზე ევრო5 სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც, ამ ავტომობილს ევროპაში მომავალი არ აქვს. ამიტომ, ”ცისფერი ოვალი” ”ფოლკსვაგენ სიროკოს” ახალ კონკურენტს უმზადებს. ამჯერად, დირბორნელების არჩევანი ”ფოკუსის” სამკარიან ვერსიაზე შეჩერდა.

ეს ავტომობილი, რომელიც ”ფოკუსის” შემდეგი თაობის ბაზაზე დამზადდება, დებიუტისთვის პრაქტიკულად მზადაა და ის საზოგადოებას პირველად დეტროიტის ავტო შოუზე დაენახება. ხუთკარიანი ”ფოკუსისა” და ”ფიესტას” მსგავსად, სამკარიანი კუპეც გლობალური მოდელი იქნება და არაა გამორიცხული, რომ მას სახელად ”კაპრი” უწოდონ. ახალი ავტომობილი ”ფოკუს ST-ზე” ოდნავ გრძელი, განიერი და დაბალი იქნება, რითაც თავის ტემპერამენტიან ხასიათს გაუსვამს ხაზს.

”ჩვენი უპირველესი ამოცანა, ”ფორდის” საბაზო მოდელების სრული გამის შექმნა იყო, რასაც უკვე მივაღწიეთ. ახლა კი ახალი პროდუქტების შემუშავების ჯერია. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას, დეტროიტში გიჩვენებთ”, - გვპირდბა ”ფორდის” ევროპული შტოს დიზაინის შეფი მარტინ სმიტი.

როგორც ამერიკული კომპანიის ინკოგნიტო წყარო იუწყება, ახალი ავტომობილი ”კაპრის” ტრადიციების იდეოლოგიური გამგრძელებელი იქნება. თუმცა, გარეგნულად ის ”ფოკუსის” სტილში შესრულდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, მას უფრო სპორტული შესახედაობა ექნება. სპორტულობას კი ხაზს დაბალი ჭერი და მკვეთრად დახრილი უკანა საყრდენი გაუსვამს. გარდა ამისა, მას დაბერილი საბორბლე თაღები და აეროდინამიკური ელემენტები ექნება. ყველაფერი ეს კი ავტომიბილს აგრესიულ იერს შესძენს.

ახალი კუპესთვის ”ცისფერი ოვალი” ”ფოკუს ST-ს” წინა წამყვანბორბლიან პლატფორმას გამოიყენებს. თუმცა, ამ ბორბლებს უფრო განიერი კვალი ექნება, რაც ავტომობილს უფრო ადვილად მართვადს და სტაბილურს გახდის. მამოძრავებელ ძალას მას სერია ”ეკობუსტის” 247-ცხენისძლიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი მიანიჭებს, რომლის დახმარებითაც, კუპე ადგილიდან 100 კმ/სთ-ს დაახლოებით 6 წამში აკრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება.

”პორშემ” ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის მაკეტი გვიჩვენა

Porsche Teasing the Production 918 Spyder

23 ნოემბერი

ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, ”პორშემ” საავტომობილო სამყარო თავისი ჰიბრიდული სუპერ ავტომობლით - ”918 სპაიდერით” გააოცა, რომელსაც შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლების გარდა, მოკრძალებული აპეტიტიც ჰქონდა. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ამ ავტომობილს სერიულ წარმოებაში გაშვება არ ეწერა.

მაგრამ ცოტა ხანში, ცუფენჰაუზენელებმა თავიანთი პროდუქციის თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააოცეს, როდესაც გამოაცხადეს, რომ ”918 სპაიდერს” მწვანე შუქი აენთო. მაშინვე ითქვა, რომ ეს ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით დამზადდებოდა, ავტომობილის შემუშავება კი ვაიზენახში (გერმანია), კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრში მოხდებოდა.

ახლახანს კი ”პორშემ” ეს ავტომობილი კიდევ ერთხელ შეგვახსენა. ამჯერად კი გერმანულმა კომპანიამ ”918 სპაიდერის” სამუშაო მასშტაბური (1:3-ზე) მოდელის შექმნის პროცესის დროს გადაღებული ფოტო გაავრცელა. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა მარჩიელობა იმაზე, თუ როგორი გარეგნობა ექნება ამ მართლა შესანიშნავი მახასიათებლების მქონე ავტომობილს, რამდენად დაემგვანება ის ჟენევაში ნაჩვენებ პროტოტიპს.

ამ ფოტოს მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ (მცირე)სერიული ავტომობილი ჟენევური კონცეპციისგან განსხვავებული უნდა იყოს. სამუშაო მაკეტზე ოდნავ შეცვლილია მისი წინა ნაწილი, გამოსაბოლქვი კი, რომელიც გვერდითაა გამოტანილი, ერთი მილისგან შედგება და არა ორისგან, როგორც ეს კონცეპტულურ ვერსიაზე იყო. როგორც ჩანს, ცვლილება შეეხება კარის ნიშასაც.

”პორშემ” ასევე გამოაცხადა, რომ აიზენახის ცენტრის მოდერნიზაციას 150 მილიონ ევროს მოახმარს. ეს თანხა მაღალტექნოლოგიური აეროდინამიკური მილის მშენებლობაზე, დიზაინ სტუდიის შექმნასა და თანამედროვე ელექტრონული სისტემების შემმუშავებელ განყოფილებაზე დაიხარჯება. კომპანიამ ახალი ავტომობილის შემუშავება წელსვე უნდა დაასრულოს. სავარაუდოდ დეტროიტის, ან ჟენევის ავტო შოუზე, მისი ტექნიკური მონაცემებიც გამოცხადდება და გაირკვევა ფასი. სავარაუდოდ, ის 500 000 ევროს მიაღწევს.

ჟენევაში წარმოდგენილი კონცეპტუალური ”918 სპაიდერი” აღჭურვილია ჰიბრიდული ძალური დანადგარით, რომელშიც გაერთიანებულია 3.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავი (სიმძლავრე 500 ცხენის ძალა) და ორი ელექტროძრავი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 218 ცხენის ძალას აღწევს. შიდაწვის ძრავთან, ორდსკოიანი ქურის გავლით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული, ელექტროძრავებს კი, რომელთაგან ერთი წინა ღერძს ატრიალებს, მეორე კი - უკანას, ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს.

ამ სისტემაში მთავარი მაინც შიდაწვისძრავია, რომლის მეშვეობითაც, ”918 სპაიდერს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა სულ რაღაც 3.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. რაც შეეხებას ელექტროძრავებს, მათი მეშვეობით ავტომობილს სულ რარაც 25 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კონცეპტუალური ავტომობილის შექმნისას მრავლად გამოიყენეს ალუმინის შენადნობები და კომპოზიციური მასალები, რისი წყალობითაც, მისი წონა 1 490 კილოგრამს არ ასცდენია.

”918 სპაიდერი” სულ ოთხ რეჟიმში მუშაობს. ერთი რეჟიმი ელექტრომობილისაა. მეორე რეჟიმით მუშაობისას, საქმეში შიდაწვის ძრავიცაა ჩართული და ელექტროძრავებიც. ამასთან ელექტრონიკა თვითონ წყვეტს, როდის და რა ინტენსივობით გამოიყენოს ეს ძრავები.

მესამე რეჟიმი სპორტულია. ამ დროს, შიდაწვის ძრავის მაბრუნი მომენტის ძირითადი ნაწილი უკანა ღერძისკენაა მიმართული, ელექტრომოტორები კი ავტომობილის წევის დასაბალანსებლად გამოიყენება. დაბოლოს, მეოთხე, სარბოლი რეჟიმი. ამ დროს, ყველა ძრავი მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობს.

ეკონომიურ რეჟიმში მუშაობისას, ის 100 კილომეტრზე სულ რაღაც 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 70 გრამ СО2-ს გამოჰყოფს.

Monday, November 22, 2010

”ფოლკსვაგენი” ახალ ”კამპერს” ამზადებს

Volkswagen Confirms Plans to Build Microbus

22 ნოემბერი

ალბათ გახსოვთ, ერთ-ერთი პირველი სამარშრუტო ავტობუსი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს გზებს მოევლინა, ”ფოლკსვაგენის” მიკროავტობუსი იყო. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ მისი პირველი თაობის მოდელი გასული საუკუნის შუა წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა არამხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაშიც, სადაც იმ დროს უზარმაზარი სედანების მოდა იყო და ევროპულ და იაპონურ ლიფსიტებს ზედაც არავინ უყურებდა. განსაკუთრებული პოპულარობით კი ეს პატარა ავტობუსი ქალაქგარეთ დასვენების მოყვარულებს შორის სარგებლობდა, რის გამოც მას ”კემპერის” სახელითც იცნობდნენ.

გავიდა დრო და ასეთ მანქანებზე ბაზრის მოთხოვნა შემცირდა, ვოლფსბურგელებმა კი უფრო დიდი ზომის მინივენების წარმოება დაიწყეს. ”კემპერი” მხოლოდ კოლექციონერებს და ამ ავტომობილის მოყვარულთა კლუბებსღა ახსოვთ, თუმცა ისინი მთელს მსოფლიოში საკმაოდ მრავლად არიან...

და აი, როგორც ირკვევა, ”ფოლკსვაგენს” თავისი კიდევ ერთი სახალხო ავტომობილის აღდგენის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ყოველ შემთხვევაში, მისმა მთავარმა დიზაინერმა კლაუს ბიშოფმა ინგლისურ გამოცემა ”აუტოექსპრესთან” საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია კლასიკური ”კემპერის” თანამედროვე ვერსიის გამოშვების გეგმებს ამუშავებს. ”ჩათვალეთ, რომ მე ჩემს საქმეს სათანადოდ ვერ შევასრულებ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ”კემპერის” დაბრუნებაზე არ ვიზრუნებ”, - ლოს ანჯელესის შოუს დროს, ”აუტოექსპრესის” მიერ ჩაწერილი ინტერვიუს დროს ამბობს ბიშოფი.

დიზაინერთა ჯგუფი, რომელსაც ახალი ”კემპერის” შემუშავება ევალება, ჯერ იმაზე ფიქრობს, თუ როგორი ავტომობილის გაკეთება სჯობს - ტრადიციული მიკროავტობუსისა, რომელსაც კომფორტული და მოსახერხებელი ინტერიერი ექნება, თუ უნივერსალური მიკროვენისა, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა გემოვნების ავტომოყვარულის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს (როგორც პირველი კემპერი). როგორც ჩანს, აქცენტი მეორე ვარიანტზე ჩერდება, რადგან ვოლფსბურგელებს საქმეში თავიანთი კალიფორნიული დიზაინ სტუდია ჰყავთ ჩართული.

ახალი მინიავტობუსის კონცეპტუალური მოდელი (ფოტოზე) ვოლფსბურგელებმა პირველად 2001 წელს წარმოადგინეს დეტროიტის შოუზე, მაგრამ ის პროექტი არ განვითარდა და 2005 წელს თაროზე შემოდეს. ბიშოფი ამბობს, რომ საზოგადოებამ კონცეპტუალური ავტომობილი მოიწონა, პროექტის შეჩერების მთავარი მიზეზი კი მისი სიძვირე გახდა.

ამჯერად კი ”ფოლკსვაგენი” თავისი სრულიად ახალი, მოდულური პლატფორმის გამოყენებას აპირებს, რომლის შემუშავებაც მალე დასრულდება და რომელიც კომპანიას ყველა მოდელის შემუშავებაზე ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. ამასთან, დიდია შანსი იმისა, რომ ახალი ”კემპერი” ჰიბრიდული, ან ელექტრული აგრეგატებითაც აღიჭურვოს.

ჰიუნდაის ახალი ელანტრას პრემიერა ლოს ანჯელესში

2011 Hyundai Elantra Revealed

22 ნოემბერი

კორეული დებიუტის შემდეგ, ახალ ჰიუნდაი ელანტრას ამერიკაში გამოჩენის დრო დაუდგა - ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, ის ჩრდილოამერიკული საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა. კორეული კომპანია ამერიკის ბაზარზე ექსპანსიას აგრძელებს და სწორედ ამიტომაა, რომ ევროპულ პრემიერამდე, ეს ავტომობილი ამერიკელებს უჩვენა. ძველი კონტინენტის და შესაბამისად, საქართველოს ჯერ კი მერმისს დადგება.
ახალი ელანტრა ჰიუნდაის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელსაც მწარმოებელი თხიერ სკულპტურას უწოდებს. ცნობისათვის, ეს სტილი კომპანიამ პირველად ახალ ტუსანსა და სონატაზე გამოიყენა. ახალი ელანტრა ძველზე, რომელსაც ჰიუნდაი 2006 წლიდან აწარმოებს, 3 სანტიმეტრით გრძელია. მისი ტოპ ვერსია ლიმიტედს, ტყავის სალონით, გამჭვირვალე სახურავით, ყველა სავარძლის გამათბობლით და 15-დუიმიანი ბორბლებით გამოირჩევა. ამასთან, მყიდველს 16 და 17-დუიმიანი ბორბლების შეკვეთის საშუალებაც ექნება.

ახალი ელანტრა ოთხცილინდრიანი 1.8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 148 ცხენის ძალას და 186 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავის მაბრუნი მომენტის გადამუშავება 6-საფეხურიან მექანიკურ, ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ევალება. მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, ელანტრა ტრასაზე მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, დაახლოებით 6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ქალაქში კი იმავე მანძილისთვის 8 ლიტრი სჭირდება.

სხვათა შორის, ელანტრას კორეულ ვერსიზე, რომელიც იქ ავანტეს სახელითაა ცნობილი, ჰიუნდაი თავის უახლეს, სერია გამა-ს ოთხცილინდრიან 1.6-ლიტრიან GDI ძრავს იყენებს, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. ამ აგრეგატის სიმძლავრე 140 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 180 ნიუტონმეტრია, თუმცა 1.8-ლიტრიანზე ეკონომიურია. აღნიშნული ძრავით აღჭურვილ ელანტრას ევროპელ მყიდველსაც შესთავაზებენ.

ჰიუნდაის ამერიკული შტოს მთავარ აღმასრულებელ ჯონ კრაფჩიკის განცხადებით, ახალი ელანტრა ყველაზე ეკონომიურია კომპაქტური სედანების კლასში, სადაც მას კონკურენცია ისეთ სერიოზულ მეტოქეებთან მოუწევს, როგორებიცაა ტოიოტა კოროლა, ჰონდა სივიკი, ნისან სენტრა და ფორდ ფოკუსი.

სავარაუდოდ, ეს ავტომობილი საქართველოში მერმისს, ივლისში შემოვა. ჯერჯერობით ცნობილი არაა მისი ფასი. ცნობისათვის, კორეასა და ამერიკაში საბაზო კომპლექტაციით, ელანტრა 15 550 დოლარი ღირს.

Sunday, November 21, 2010

ლოს ანჯელესის დიზაინის გამოწვევის ორი ჩემპიონი

2010 LA Design Challenge ends with a Tie

21 ნოემბერი

ლოს ანჯელესის ავტო შოუს კონკურს ”დიზაინის გამოწვევის” ჟიურიმ, გამარჯვებულად ერთდროულად ორი კონცეპტუალური ნამუშევარი - ”კადილაკ აერა” და ”სმარტ 454 WWT” დაასახელა. ბევრი მსჯელობისა და აწონ-დაწონის შემდეგ, ჟიურიმ აღიარა, რომ ეს ორივე პროექტი გამარჯვებას იმსახურებდა.

არც მეტი, არც ნაკლები, ”კადილაკის” კონცეპტუალური ავტომობილი საჰაერო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიაც შეკუმშულ აირზე მუშაობს. უფრო სწორედ, აღჭურვილია ვირტუალურად, რადგან ასეთი მანქანა ჯერ მხოლოდ პროექტში არსებობს.

”აერას” შემქმნელებმა მოიგონეს ეგრეთ წოდებული პნევმატური ამძრავი სისტემა, რომელშიც ჰაერი 10 000 პასკალი წნევითაა დაჭირხნული. შეკუმშული ჰაერისთვის, პროექტის ავტორები კომპოზიტური მასალისგან დამზადებულ ბალონბს გვთავაზობენ და ირწმუნებიან, რომ 10 000 პასკალით ჩატუმბული ჰაერი, ”აერას” (ეს სახელი ნიშნავს აერო ერას, ანუ, მისი ავტორები თვლიან, რომ მომავალი არა ელექტრომობილებს, არამედ აერომიბილებს ეკუთვნის) მინიმუმ 1600 კილომეტრს გაატარებს.

ავტომობილის ტანი კი ისეთი (ასევე ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალური) მასალებისგან შეიქმნება, რომლებიც ძალიან მტკიცეცაა და მსუბუქიც. პროექტის ავტორები მიგვანიშნებენ, რომ მსგავსი მასალები NASA-მ თავის მარსიულ მისიებში მონაწილე როვერების დასაჯდომი აირბალიშების დასამზადებლად გამოიყენა. ამ მასალას პოლიმერული კანი უწოდეს, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად, ავტომობილის აროდინამიკასაც გამოადგება.

”კადილაკმა” ამ კონცეპციის მომზადებისას, სხვა ტექნოლოგიური სიახლეებიც გამოიყენა. მაგალითად, ”ყველაფერი-ერთში” ტიპის ბორბალი. მასში მოთავსებულია როტორული ამძრავი სისტემა, რომელსაც ავტომობილის ამძრავის გარდა, სამართავი დანიშნულებაც აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი ბორბალი სამუხრუჭე სისტემასაც იტევს.

”ჩვენ ამ კონცეპციით ვაგრძელებთ ”კადილაკის” ფილოსოფიას - ”ხელოვნება და მეცნიერება”, რომელიც ჩვენი ბრენდის მომავლის გააზრებაში გვეხმარება. ”აერა” პატარა საქალაქო ავტომობილია, თუმცა ჩვენ მასში ოთხი სავარძლის ჩატევა შევძელით. მისი ყველა დეტალი იმ გათვლით შევქმენით, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება მაქსიმალურად შეგვემცირებინა. იმავდროულად, შევინარჩუნეთ სტილი და კომფორტი, რაც ჩვენი ბრენდისთვის დამახასიათებელია”, - ამბობს პროექტის მთავარი დიზაინერი იუსი ტიმონენი.

რაც შეეხება ”სმარტის” კონცეპციას, ის ალბათ ყველაზე არარეალური და მხიარულია. თავად განსაჯეთ, მისთვის ძარას ”ბებია-რობოტები” კარბონის ბოჭკოსგან ქსოვენ. თანაც, ძარის სხვადასხვა დეტალისთვის, სხვადასხვა ტიპის ბოჭკოს ირჩევენ. როგორც პროექტის ავტორები გვარწმუნებენ, ქსოვით ნებისმიერი სირთულის ფორმის მიღებაა შესაძლებელი. როგორც ამბობენ, ასეთი ტექნოლოგია რეალურად შემუშავებულია და ის ფართოდ გამოიყენება...

ავტომობილის ფრთები, შუშები და ბამპერები მეორადი პლასტიკატისგან დამზადდება, სახურავს კი ასევე მეორადი ტექსტილისგან ”შეკერავენ”. შეღებვის პროცესი კი ძარის დეტალების წარმოების პარალელურად განხორციელდება პლასტიკატის ნედლეულთან საღებავის წინასწარი შერევით.

”სმარტ 454 WWT-ის” ბორბლები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ბორბლებშია ინტეგრირებული საკიდარის ელემენტები. საერთო ჯამში, ბორბლის, მუხრუჭებისა და საკიდარის მთლიანი კვანძი ძალიან მსუბუქი გამოდის, რაც ავტომობილის მართვადობას და დინამიკურ მახასიათებლებს გააუმჯობესებს. ავტომობილის შეთანწყობა ისეთია, რომ მას ადვილად ეხსნება ძრავი და ტრანსმისია, რაც მათს რემონტს გააადვილებს. ასევე ადვილად იხსნება კარები და სახურავი.

ეს პროექტი ”მერსედეს ბენცის” მოწინავე დიზაინის ლაბორატორიის მიერაა შემუშავებული, მისი ავტორები კი არიან ემილ ბურკი, სილვენ ვენერი და გაბრიელ ნემეთი.

Friday, November 19, 2010

ნიუ იორკის ყვითელი ტაქსი შეიძლბა თურქეთში გამოუშვან

New York's next yellow cab could be made in Turkey

19 ნოემბერი

ნიუ იორკი მალე თავისი ტაქსოპარკის განახლებას დაიწყებს და ძველი ავტომობილების შესაცვლელად, ქალაქის ხელისუფლებას ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელში გამარჯვებულიც, ”დიდი ვაშლის” ერთ-ერთი სიმბოლოს წარმოების უფლებას მიიღებს.

ტენდერის ფინალში სამი კომპანიაა გასული, რომელთაგან ერთს - თურქულ ”კარსან ოტომოტივს”, იქ ალბათ ნაკლებად თუ ელოდა ვინმე. მის გარდა, ნიუ იორკს თავის ავტომობილებს ”ნისანი” და ”ფორდი” სთავაზობენ. ქალაქს არ გამოუცხადებია, თუ რა ღირებულებისაა კონტრაქტი.

ნიუ იორკის ტაქსისა და ლიმუზინების კომისიამ ტენდერი ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოაცხადა. კონკურსის მთავარი მოთხოვნა საწვავის ეკონომიურობაა. გარდა ამისა, ავტომობილი ადვილად მისადგომი უნდა იყოს ინვალიდის ეტლისთვისაც. ტენდერში გამარჯვებული, ქალაქს ტაქსებით მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მოამარაგებს.

”ყვითელი ქები ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლოა. ტაქსი ჩვენი მასობრივი სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვინდა, რომ ქალაქისთვის ახალი ტაქსი შევქმნათ, რომელიც უფრო უსაფრთხო, ეკოლოგიური და კომფორტული იქნება, ვიდრე ის მანქანები, რომლებიც ამჟამად გაგვაჩნია”, - ამბობს ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი.

ტაქსისა და ლიმუზინების კომისიის თავმჯდომარე დევიდ იასკი ამბობს, რომ თურქული კომპანიის მოდელ V1-ს კონკურენტებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ მისი სისუსტე ისაა, რომ ამერიკაში და საერთოდ, მსოფლიოში, ”კარსან ოტომოტივს” და მის პროდუქციას თითქმის არავინ იცნობს. გარდა ამისა, ამ კომპანიას ამერიკაში ავტომობილები არასდროს გაუყიდავს და იქაური ბაზრის სპეციფიკასაც ნაკლებად იცნობს.

”ფორდს” კონკურსში მოდელი ”ტრანზიტ კონექტი” აქვს წარდგენილი, რომელიც ევროპაში პოპულარული კომპაქტვენია და რომელსაც ასევე თურქეთში აწარმოებენ. დეტროიტის წლევანდელ ავტო შოუზე, ეს ავტომობილი წლის საუკეთესოდ დაასახელეს.

”ნისანის” ავტომობილიც კომპაქტური ვენია - NV200. ამის უპირატესობა ის შეიძლება იყოს, რომ იაპონურ კომპანიას ის ელექტრომობილად აქვს ჩაფიქრებული. თუმცა, ამ შემთხვევაში, რიგი პრობლემები (სიძვირე და აკუმულატორების შედარებით მცირე რესურსი, ასევე დასამუხტი წერტილების ინფრასტრუქტურის აუცილებლობა) წარმოიქმნება.

კონკურსში გამარჯვებული მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. ახალი ტაქსით ძველების ჩანაცვლება კი 2014 წლამდე უნდა დაიწყოს. ნიუ იორკს სულ 13 237 ლიცენზირებული ტაქსი ემსახურება. ესაა 9 კომპანიის წარმოების 16 მოდელი. რაც შეეხება ”კარსანს”, ეს კომპანია პიკაპებს და მსუბუქ ვენებს, მათ შორის ლიცენზიით ”პეჟო პარტნერსა” და ”სიტროენ ბერლინგოს” აწარმოებს.

Thursday, November 18, 2010

”შევროლე ვოლტი” წლის საუკეთესო ”მწვანე” ავტომობილია

First Award for the Volt: Green Car of the Year

18 ნოემბერი

”ჯენერალ მოტორსის” პირველმა ელექტრომობილმა ”შევროლე ვოლტმა” კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა - გამოცემა ”გრინ ქარ ჯორნელმა” ის წლის საუკეთესო ”მწვანე” ავტომობილად დაასახელა. მართალია, ამ ავტომობილის გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მან უკვე აჯობა ამ წლის კიდევ ერთ ”მწვანე” ფავორიტს - ”ნისანის” ელექტრომობილ ”ლიფს”.

წლის საუკეთესო ”მწვანე” ავტომობილის წოდებისთვის კონკურსში, ”შევროლე ვოლტმა” უკან მოიტოვა ისეთი სერიოზული კონკურენტები, როგორებიცაა ”ფორდ ფიესტა”, ”ჰიუნდაი სონატა ჰიბრიდი”, ”ნისან ლიფი” და ”ლინკოლნ MKZ ჰიბრიდი”.

”წლის საუკეთესო ”მწვანე” ავტომობილის წოდება იმის ნიშანია, რომ ”შევროლემ” პირობა შეასრულა და მყიდველს ისეთ პრაქტიკულ ელექტრომობილს სთავაზობს, როგორსაც შეპირდა. ”ვოლტი” სრულიად ახალი ტექნოლოგიის გამოყენებითაა აგებული, რომელმაც ჩვენი ინდუსტრია ელექტრიფიკაციის რელსებზე უნდა გადაიყვანოს”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი ჯოელ ევანიკი, რომელიც ლოს ანჯელესის ავტო შოუზე სწორედ ”შევროლე ვოლტით” მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ”ჯენერალ მოტორსმა” წლის საუკეთესო ”მწვანე” ავტომობილის წოდება ზედზედ მეორედ მოიპოვა. შარშან პრიზს ”შევროლე ტაჰოს” ჰიბრიდულმა ვერსიამ მოიპოვა.

ელექტრონული ”ტოიოტა RAV4-ის” დებიუტი ლოს ანჯელესში

Toyota RAV4 Electric Debuts in LA

18 ნოემბერი

იაპონურ საავტომობილო გიგანტ ”ტოიოტასა” და ელექტრომობილების მწარმოებელ პატარა ამერიკულ კომპანია ”ტესლას” შორის თანამშრომლობამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო - ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, მათი ერთობლივი კონცეპტუალური პროდუქტის, უგზოობის ელექტრონულ RAV4-ის მსოფლიო პრემიერა შედგა.

ჩვეულებრივ RAV4-თან შედარებით, ელექტრონულს მცირე ფეისლიფტიც ჩაუტარეს, რის შედეგადაც შეიცვალა რადიატორის ბადე, წინა ბამპერი, ნისლსაწინააღმდეგო ფარები. შეცვლილია ინტერიერიც. კერძოდ, სავარძლები და მაჩვენებლების დაფა. ”ტოიოტას” განცხადებით, არ შემცირებულა საბარგულის მოცულობა, რადგან აკუმულატორების ბლოკი ავტომობილის ძირში ჩაეტია.

იაპონური კომპანია ჯერჯერობით არ აქვეყნებს ელექტრონული RAV4-ის ძრავის მახასიათებლებს. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ძრავი ”ტესლას” მიერ შემუშავებული ლითიუმ მეტალ ოქსიდური აკუმულატორების ბლოკით იკვებება, რომელში დაგროვილი ენერგიაც საკმარისია იმსიათვის, რომ ავტომობილმა 160 კილომეტრი გაიაროს.

ლოს ანჯელესის გამოფენაზე წარმოდგენილი ეგზემპლარი მხოლოდ მომავალი ელექტრომობილის პროტოტიპია, რომელსაც ამ ეტაპზე, სრულფასოვანი საგზაო ტესტები აქვს გასავლელი, რის შემდეგაც, სრულყოფას გაივლის და ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება. საგზაო ტესტირებისთვის, ორი კომპანია სულ 35 ავტომობილს მოამზადებს.

ცნობისათვის, ”ტოიოტამ” და ”ტესლამ” პარტნიორული ურთიერთობა წელს, მაისში დაიწყეს. მაშინ იაპონურმა კომპანიამ კალიფორნიელი პარტნიორის აქციები შეიძინა, რომელთა ღირებულებამ 50 მილიონი დოლარი შეადგინა. სამაგიეროდ, ”ტესლამ” კალიფორნიულ ქარხანა NUMMI-ს საამქროებით სარგებლობის უფლება გამოისყიდა. გარდა ამისა, ”ტოიოტამ” ტავის პარტნიორს 60 მილიონი დოლარი გადაუხადა, რათა ამ უკანასკნელს ერთობლივი პროექტებისთვის, ელექტროძრავები, აკუმულატორები და სხვა კომპონენტები შეემუშავებინა.

რის მილენმა ბრაზილიაში ახალი რეკორდი დაამყარა

Rhys Millen Sets Unprecedented Record in Brazil

18 ნოემბერი

დრიფტინგისა და აღმართის ჩქარსნული დაძლევის ახალზელანდიელმა სპეციალისტმა რის მილენმა, ბრაზილიის სანტა კატერინას მხარეში მდებარე რიუ დუ რაშტრუს აღმართი სარეკორდო მაჩვენებლებით დაძლია, რისთვისაც 750-ცხენისძალიანი ”ჰიუნდაი ჯენეზისი” გამოიყენა, ავტომობილი, რომლითაც შარშან ლეგენდარული პაიკს პიკის (შტატი კოლორადო) სამთო გზის რეკორდი დაამყარა.

750 ცხენის ძალა ის სიმძლავრეა, რომლითაც ”რედ ბულ რეისინგმა” ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ტიტული - მრბოლებისა და კონსტრუქტორებისა მოიპოვა. მაგრამ ერთია, როცა ასეთი მძლავრი მანქანით სწორ გზაზე ასპარეზობ და სულ სხვაა, როცა ამ მონსტრით მთის მწვერვალისკენ მიმავალ დაკლაკნილ გზაზე მისრიალებ და თან ღრმა უფსკრულებს ჩასცქერი.

38 წლის მილენმა რიუ დუ რაშტრუს 9.4-კილომეტრი სიგრძის აღმართზე სამი დღე დაჰყო. პირველ დღეს, მრბოლმა დისტანცია ოთხ ნაწილად დაჰყო და აქცენტი თავის ძირითად სპეციალობაზე - დრიფტინგზე გააკეთა. ცნობისათვის, ის 2008 წელს, დრიფტინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს სესია მან ტრასის 156 მოსახვევის დასამახსოვრებლად გამოიყენა.

”აბსოლუტური დამთხვევაა, რომ აქაურ ტრასასაც და პაიკს პიკსაც 156 მოსახვევი აქვს. მაგრამ პაიკს პიკის ტრასის სიგრძე 20 კილომეტრზე მეტია. ასე რომ, რიუ დუ რაშტრუ თითქმის ორჯერ უფრო დაკლაკნილი და შესაბამისად, ძნელი გასავლელია. რა ტქმა უნდა, ეს საქმეს ძალიან ართულებს, თუმცა ტრასა ძალიან სასიამოვნოდ გასავლელია”, - ყვება მილენი.

მეორე დღიდან, მილენს ტრასაზე სარბოლ რეჟიმში უნდა ეასპარეზა, მაგრამ სქელმა ნისლმა ამის საშუალება არ მისცა. ისეთი შთაბეჭდლება იქმნებოდა, თითქოს დრიფტინგის დროს, ”ჰიუნდაი ჯენეზისის” მიერ დატოვებული თეთრი კვამლი მთის ფერდობებზე დარჩა, რათა თავზეხელაღებული ახალზელანდიელის რბოლა ენახა. მოკლედ, ნესტიან გზაზე, სადაც ნისლის გამო, ხედვის არეც შეზღუდული იყო, მილენმა მაინც სცადა ბედ და ტრასა 8 წუთსა და 33.867 წამში გაიარა. როგორც ამბობენ, ესეც არ იყო ცუდი, თუმცა მილენი ბრაზილიაში ამისათვის არ ჩასულა...

მესამე დღეს, როგორც იქნა, მზემ გამოანათა, ნისლიც გაიფანტა და მილენსაც თავის გამოჩენის საშუალება მიეცა. მანაც ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა: ორი ცდაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ დისტანცია 7 წუთსა და 17.898 წამში დაეფარა. მოსახვევებით გაჯერებულ, ვიწრო გზაზე, რომლის ზოგი მოსახვევიც ქარაფებს გადასცქერის, ”ჰიუნდაი ჯენეზისის” სიჩქარე ზოგ ადგილას 220 კმ/სთ-ზე მეტი იყო.

”დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი რეკორდის წყალობით, მალე საფუძველი ჩაეყრება ახალ სამთო რბოლას - ბრაზილიურ პაიკს პიკს. ყოველ შემტხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტრასის სახით, ბრაზილიელებს შესანიშნავი ასპარეზი აქვთ. კოლორადოს პაიკს პიკი ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ფავორიტი სამთო ტრასა გამომიჩნდა”, - განაცხადა მილენმა.

Wednesday, November 17, 2010

”ფორდი” ”მაზდაში” თავის წილს მინიმუმამდე შეამცირებს

Ford to Sell Most of Its Mazda Shares

17 ნოემბერი

ამერიკულ საავტომობილო კომპანია ”ფორდს” გადაწყვეტილი აქვს, რომ იაპონურ ”მაზდაში” თავისი წილი 4 პროცენტზე დაბლა დასწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო ნიკეი ავრცელებს. ამავე სააგენტოს ცნობით, ”ფორდისგან” აქციების 3-3 პროცენტს იაპონური კომპანიები - ”იტოჩუ” და ”სუმიტომო მიცუი” შეიძენენ, რაც მათ თითოეულს 119.7 მილიონი დოლარი დაუჯდება. ამ ორის გარდა, ”ცისფერი ოვალისგან” ”მაზდას” აქციებს კიდევ 8 იაპონური კომპანია გამოისყიდის, რომელთა შორისაც, უმეტესობა ”მაზდას” მიმწოდებელი კომპანიებია.

”ფორდს” ამჟამად ”მაზდას” 195 მილიონი აქცია ეკუთვნის, რომელთა საერთო ღირებულებაც 515 მილიონ დოლარს შეადგენს. დაგეგმილი გაყიდვის შემდეგ, ”ფორდს” იაპონური კომპანიის აქციების 3-4 პროცენტი დარჩება. დღეისათვის კი ის ”მაზდას” დაახლოებით 11 პროცენტს აკონტროლებს.

ამჟამად, ”ფორდის” შემდეგ, ”მაზდას” ყველაზე მსხვილი აქციონერი იაპონური ფინანსური გაერთიანება ”სუმიტომო მიცუი ბანკინგ კორპორეიშნია”, რომელსაც აქციების მხოლოდ 2.9 პროცენტი ეკუთვნის. ამერიკული კომპანიისგან აქციების გამოსყიდვის შემდეგ კი ის ”მაზდას” უმსხვილესი აქციონერი გახდება.

ყოველივეს მიუხედავად, ”მაზდას” პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ტაკაში იამანუჩი იმედოვნებს, რომ ”ფორდთან” მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. ცნობილია, რომ ორი კომპანია ერთობლივად შეიმუშავებს ახალ მოდელებს, რითაც ისინი მნიშვნელოვან ფულად სახსრებს ზოგავენ. მაგალითად, ახლანდელი ”ფორდ ფიესტა” ”მაზდა2-ის” პლატფორმაზეა ბაზირებული, ”ფორდ ფიუჟნი” კი რეალურად, სახეშეცვლილი ”მაზდა6-ია”. სულ ახლახანს, ავსტრალიის ბაზრისთვის, ორმა კომპანიამ ”ფორდ რეინჯერი” და ”მაზდა BT-50” ერთობლივად შეიმუშავა.

”ფორდ მოტორი” ”მაზდას” უმსხვილესი აქციონერი 1979 წელს გახდა, როცა იაპონური კომპანია გაკოტრების პირას აღმოჩნდა. 1996 წელს, ამერიკულმა კომპანიამ თავისი წილი 33.4 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა 2008 წელს ის 13 პროცენტამდე, შემდეგ კი 11 პროცენტამდე შეამცირა.

”კადილაკის” საქალაქო ავტომობილის კონცეპცია

Cadillac to Bring Urban Luxury Concept at LA 2010

17 ნოემბერი

ლოს ანჯელესის ავტო შოუსთვის, ”ჯენერალ მოტორსის” პრემიუმ ბრენდმა ”კადლაკმა” სუბკომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი ”ურბან ლაქშერი კონცეპტ” მოამზადა, რომელიც თავისი გაბარიტებით, ”მერსედს ბენცის” A-კლასის ჰეჩბეკთანაა ახლოს.
ავტომობილი ოთხადგილიანია. მისი სიგრძე 3.8 მეტრი, სიგანე 1.72, სიმაღლე 1.44, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.46 მეტრია. ”ურბან ლაქშერი კონცეპტს” მხოლოდ ორი, სამაგიეროდ ზორბა კარის აქვს, რომლებიც ერთ წერტილს ეყრდნობა და ჯერ გარეთ გამოდის, შემდეგ კი ქვევიდან ზევით იღება, რითაც უკანა სავარძლებზე დაჯდომას და იქიდან გადმოსვლას, წინა სავარძლების დაკეცვის გარეშეც შესაძლებელს ხდის.
”ჯენერალ მოტორსის” ჩრდლოამერიკულ დიზაინ განყოფილების დირექტორ კლეი დინის თქმით, ”ურბან ლაქშერი კონცეპტი” გარეგნულად ძალიან პატარა ჩანს, თუმცა მისი ინტერიერი საკმაოდ ტევადია. სალონში ბევრი ტექნოლოგიური სიახლეა გამოყენებული, რომლებსაც ”კადილაკი” მალე თავის ავტომობილებზე დანერგავს. ასეთთა შორისაა აუდიოსისტემისა და კლიმატ კონტროლის მართვის თაჩ-სქრინ სისტემები.


ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც ელექტრომობილთან ერთად, ბენზინის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ტურბოძრავი შედის (ჯერჯერობით, მათი ტექნიკური მონაცემები არ ქვეყნდება). მასთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. ტრანსმისია კი ამძრავ ძალას წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე შედის ძრავის ავტომატურად ჩართვისა და გამორთვის სისტემა სტოპ-სტარტი და მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემა.

ამ აგრეგატების მეშვეობით, თეორიულად, ”ურბან ლაქშერი კონცეპტს” ქალაქში 100 კილომეტრის გასავლელად 4.2 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ქალაქგარეთ მოძრაობისას კი ხარჯი მხოლოდ 3.6 ლიტრია.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ”ჯენერალ მოტორსი” ასეთი პატარა ავტომობილის სერიულ წარმოებას. ბაზრის ტენდენციის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამ კონცეპციით, ”კადილაკი” გვანიშნებს, რომ პრემიუმ კლასის სუბკომპაქტური ავტომობილების წარმოება შეუძლია და ბაზრის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პროექტს მწვანე შუქს აუნთებს.

Tuesday, November 16, 2010

”შევროლე ვოლტი” - აღიარებების დასაწყისი

Chevrolet Volt wins Automobile Magazine Automobile of the Year award

Motor Trend Car of the Year? The 2011 Chevrolet Volt

16 ნოემბერი

სვლის გაზრდილი სიშორის ელექტრომობილმა ”შევროლე ვოლტმა” უკვე ორი ავტორიტეტული საავტომობილო გამოცემისგან - ”მოტორ ტრენდისგან” და ”ავტომობილ მეგზინისგან” დაიმსახურა საპატიო ჯილდო ”წლის საუკეთესო ავტომობილი”.
”შევი ვოლტმა” წელს ჟურნლისტებისგან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. ბევრი კითხვის ნიშანს უსვამდა ამ ელექტრომობილის ეკონომიურობას და კერძოდ იმას, რომ ამ ავტომობილს, ერთი გალონი (3.78 ლიტრი) საწვავით დაახლოებით 200 კილომეტრის გავლა შეუძლია. მაგრამ საბოლოოდ უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს არის რევოლუციური სიახლე საავტომობილო მრეწველობაში.

”მოტორ ტრენდმა” ”შევი ვოლტი” თავის ექვსივე ძირითად კატეგორიაში, საუკეთესოდ დაასახელა. ეს კატეგორიებია: მოწინავე კონსტრუქცია, საინჟინრო ხელოვნება, ეფექტურობა, უსაფრთხოება, ღირებულება და შესრულების ხარისხი.

”ავტომობილ მეგზინის” ჟიურიმ, ცხრა ფინალისტიდან ყველაზე მკაცრი გამოცდა სწორედ ”ვოლტს” ჩაუტარა, რომელმაც წლის განმავლობაში, ასევე ამ ჟურნლისგანაც არაერთი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა საბოლოო შეფასება სულ ორი სიტყვით შემოიფარგლა - ”გეიმ ჩეინჯერ”, ანუ თამაშის (წესების) შემცვლელი. მოკლედ, ”ვოლტი” ავტოინდუსტრიაში ახალ ეპოქას იწყებს და მას ელექტრომობილების ეპოქა ჰქვია. ბუნებრივია, ამ ეპოქის პიონერი განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებს.

”შევროლე ვოლტს” მარტო აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა შეუძლია. და როცა აკუმულატორები განიმუხტება, საქმეში შიდაწვის ძრავის და გენერატორის ტანდემი ერთვება, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგიითაც, ავტომობილს კიდევ 500 კილომეტრის გავლა შეუძლია (რა თქმა უნდა, სავსე ავზით).

”ჯენერალ მოტორსის” გლობალური პროდუქციის განყოფილების შეფი ტომ სტივენსი ამბობს, რომ ”შევროლე ვოლტის” წარმოება დაწყებულია და ერთადერთი, რაც დილერებისთვის მის მიწოდებას აფერხებს ისაა, რომ ავტომობილს ჯერაც არ მიუღია EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) ეტიკეტი, რომელიც ”ვოლტის” სვლის სიშორის მონაცემებს ოფიციალურად დაადასტურებს და ამ საკითხთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას წერტილს საბოლოოდ დაუსვამს.

სტივენსმა ასევე დაადასტურა, რომ მერმისს ”გენერლები” 10 000 ცალი ”შევროლე ვოლტის” წარმოებას აპირებენ, 2012 წელს კი წარმოება 45 000-ს მიაღწევს.

P.S. ”ნიუ იორკ ტაიმსში” გავიდა პუბლიკაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებს ”ჯენერალ მოტორსთან”. მოლაპარაკების თემა ელექტრომობილების შეძენაა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრ ვერა ქობალიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების მთელი ავტო პარკი, რომელიც დაახლოებით 4 000 ავტომობილს მოიცავს, უახლოეს ოთხ წელიწადში სრულად შეიცვლება და ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილებით ჩანაცვლდება.

”ნიუ იორკ ტაიმსში” მოყვანილი მონცემებით, ამ რაოდენობით ”შევროლე ვოლტის” შეძენა 164 მილიონი დოლარი დაჯდება. თუ მთავრობა ელექტრომობილ ”ნისან ლიფს” შეიძენს, მაშინ ხარჯი 128 მილიონი დოლარი იქნება, ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსის” შეძენა კი ჩვენს ქვეყანას 88 მილიონი დოლარი დაუჯდება.

”ჯენერალ მოტორსის” გათვლებით, თუ ავტომობილით დღეში საშუალოდ 60 კიომეტრს გადიხართ, ეს ნიშნავს, რომ ”შევროლე ვოლტის” (იგივე ოპელ ამპერას) მეშვეობით, წლიურად დაახლოებით 1 700 ლიტრი ბენზინის დაზოგვა შეიძლება. თუ დღიური გარბენი 100 კილომეტრია, მაშინ წლიური დანაზოგი 2 200 ლიტრს აღწევს.

გამოდის რომ, ჩვენს მთავრობას 4 000 ელექტრომობილი წლიურად დაახლოებით 8 000 000 ლიტრ საწვავს დააზოგინებს, რაც დაახლოებით 14-16 მილიონი ლარის ტოლფასია (თუ საწვავზე ფასები არ გაიზარდა)...