Saturday, January 9, 2010

”სააბის” ყიდვა ფორმულა 1-ის ბოსსაც მოუნდა

F1 boss Ecclestone joins Saab bidders

8 იანვარი

”სააბის” შეძენის მოსურნეთა რიგებს ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი, ბრიტანელი მილიარდერი (ფორბსის შეფასებით, მისი ქონება 3.7 მილიარდ დოლარს შეადგენს) ბერნი ეკლსტოუნიც (სურათზე) შეუერთდა. ეკლსტოუნთან ერთად, ”ჯენერალ მოტორსს” შვედური კომპანიის გამოსყიდვის განაცხადი ლუქსემბურგულმა საინვესტიციო ფონდმა ”ჯენიი კეპიტალზმაც” წარუდგინა.

მართალია, ახალი წლის შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ თავისი შვედური შტოს გამოსყიდვაზე სამი ახალი შეთავაზება მიიღო, მაგრამ ”გენერლები” მაინც ”სააბის” საქმიანობის შეჩერერბაზე ფიქრობენ, რისთვისაც საკონსულტაციო ფირმები მოიწვიეს.

თუმცა ეკლსტოუნი და ”ჯენიი კეპიტალზი” იმედოვნებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამერიკელებს განზრახვას გადააფიქრებინებენ და ”სააბის” აქციების საკონტროლო პაკეტს დაეუფლებიან.

”ჩვენ გვჯერა, ”სააბს”, როგორც საერთაშორისო ბრენდს, თავისი ღირებულება შენარჩუნებული აქვს და რიგ წამყვან ბაზრებზე კვლავაც პოპულარობით სარგებლობს. როგორც ინოვატორ კომპანიას, მას განვითარების კარგი პერსპექტივა გააჩნია და ყველაფერს ვეცდებით, რომ ეს პოტენციალი გამოუყენებელი არ დარჩეს”, - ნათქვამია ”ჯენიი კეპიტალზის” ოფიციალურ რელიზში.

სხვათა შორის, ახლახანს, ”ჯენიი კეპიტალზმა” ”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტი გამოისყიდა. გამორიცხული არაა, რომ ამ გარიგებაში, ლუქსემბურგულ კომპანიასთან ერთად, ეკლსტოუნიც არის გარეული. ცნობისათვის, ეკლსტოუნისა და ”ჯენიი კეპიტალზი” საინვესტიციო აქტივობას კოორდინაციას შვედი ინვესტორი ლარს კარლსტრიომი უწევს. მისი თქმით, ”სააბის” შეძენის შემთხვევაში, მის ჯგუფს წამყვანი ევროპული ბანკებიდან კრედიტების მოზიდვა აქვს გადაწყვეტილი, მოზიდულ თანხას კი კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

საინტერესოა ისიც, რომ ”სააბის” შეძენა კიდევ ერთ ისეთ კომპანიას სურს, რომელიც ორი წლის წინ, თავადაც მონაწილეობდა ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში. ესაა ჰოლანდიური ”სპაიკერი”, რომელსაც კანადელი მილიარდერი ვიქტორ მიულერი (ეს კაცი წარმოშობით ყოფილი საბჭოეთიდანაა) ფლობს.

”სააბის” შეძენა ასევე სურს შვედურ კონსორციუმს, რომელსაც სათავეში ”სააბის” აეროკოსმოსური შტოს ყოფილი აღმასრულებელი და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი მოხელე, იან ნიგრენი უდგას.

”ჯენიი კეპიტალზი” აცხადებს, რომ ”სააბის” დაუფლების შემთხვევაში, ამ კომპანიებს სხვა კომპანიებთან პარტნიორული თანამშრომლობით განავითარებს. აქცენტი კი ეკონომიური ძრავებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

მართალია, ამ ეტაპზე ”ჯენერალ მოტორსში” ყველაზე რეალურად ”სააბის” დახურვას თვლიან, მაგრამ ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში, ამერიკული კომპანია ”სააბს” გაჰყიდის. ამიტომ, ”გენერლები” ახლა სწორედ ამ შემოთავაზებათა შესწავლაში არიან.

”ჯენერალ მოტორსის” მთავარი აღმასრულებელი ედ უაითექრი ამბობს, რომ მას ეჭვი ეპარება ახალ შემოთავაზებათა რეალობაში, რისი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ ყველა მსურველს, ”სააბის” შესაძენად ფულის ბანკებიდან მოზიდვა აქვს გადაწყვეტილი, კრიზისის პირობებში კი დიდი კრედიტის აღება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.