Tuesday, January 12, 2010

დეტროიტის ავტო შოუ

”კადილაკმა” თავისი მომავალი ფლაგმანი გაგვაცნო

12 იანვარი

”ჯენერალ მოტორსის” პრემიუმ ბრენდმა ”კადილაკმა”, დეტროიტის საავტომობილო შოუზე თავისი ფლაგმანის, სედან DTS-ის შემცვლელი წარმოადგინა, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც, საზოგადოებას ”XTS პლატინუმ კონცეპტის” სახელით გააცნო.

ავტომობილის წარდგენისას, ”კადილაკის” გენერალურმა მენეჯერმა ბრაიან ნესბიტმა განაცხადა, რომ ”XTS პლატინუმ კონცეპტი” შექმნილია, როგორც პირადი შტაბბინა, რომელიც ეფექტური აგრეგატებითაა აღჭურვილი, არის კომფორტული და კომუნიკაბელური”.

დეტროიტში წარმოდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი ”კადილაკის” სპეციალისტების მიერ შემუშავებული, 3.6-ლიტრიანი ბენზინის V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. შიდაწვის ძრავთან უნისონში მუშაობს პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა, რომლის მეშვეობითაც, აკუმულატორების ბლოკი ენერგიას საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან შეივსებს. ”კადილაკი” გვარწმუნებს, რომ ამ სისტემის მეშვეობით, XTS ჩვეულებრივ ჰიბრიდულ მოდელებზე თითქმის ორჯერ უფრო ეკონომიური იქნება.

არადა, ჰიბრიდული სისტემის კომბინირებული მაქსიმალური სიმძლავრე 350 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 400 ნიუტონმეტრს. ”კადილაკის” რელიზში წერია, რომ ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავითაც შეუძლია გადაადგილება, თუმცა ამ რეჟიმში მუშაობისას, ავტომობილის სვლის სიშორე დაზუსტებული არაა.

როგორც ”კადილაკის” ფლაგმანს შეეფერება, ”XTS პლატინუმ კონცეპტი” დიდი გაბარიტებით გამოირჩევა: მისი სიგრძე 5.170, სიგანე 1.900, სიმაღლე 1.500, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.837 მეტრია.

ავტომობილი აღჭურვილია ადაპტირებადი საკიდარით (მაგნეტიკ რაიდ კონტროლ), რომელიც გზის საფარის შესაბამისად, თვითონვე ირჩევს მუშაობის რეჟიმს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სვლის მაქსიმალურ სირბილეს უზრუნველყოფს. და კიდევ, სპეციალურად ამ მოდელისთვის, საბურავების მწარმოებელმა კომპანია ”ბრიჯსტოუნმა” ახალი საბურავები შეიმუშავა.

დეტროიტის ავტო შოუ

FT-CH - ”ტოიოტას” ახალი ჰიბრიდული ავტომობილი

12 იანვარი

დეტროიტში ”ტოიოტამ” თავისი ახალი ჰიბრიდული მოდელი, კონცეპტუალური FT-CH წარმოადგინა. ავტომობილის გარეგნობა იაპონური კომპანიის ფრანგულ (ქალაქ ნიცაში) დიზაინ-ცენტრში დამუშავდა. ”ტოიოტას” ხელმძღვანელობამ დიზაინერებს დავალება მისცა, რომ მათ შეექმნათ ისეთი ავტომობილი, რომელიც ამ ჰიბრიდული მოდელისადმი ახალგაზრდა მყიდველთა ინტერესს აღძრავდა.

”ტოიოტას” FT-CH-ს შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია. თუმცა ის კი გვამცნო, რომ ეს კონცეპტუალური მოდელი ”პრიუსზე” 55 სანტიმეტრით მოკლე და 2.5 სანტიმეტრით ვიწროა. თავისი გაბარიტებით ის კომპაქტურ ჰეჩბეკ ”იარისთანაა” ახლოს. ამასთან, უფრო მცირე წონის წყალობით, ”პრიუსზე” ეკონომიურიცაა.

”ტოიოტას” ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებასთან დაკავშირებით, კარგად ჩამოყალიბებული გეგმა აქვს. მაგალითად, 2012 წლიდან, ის პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. იმავე წელს იგეგმება ელექტრომობილების წარმოების დაწყებაც. მოგვიანებით, ელექტრომობილების გამაში ისეთი მოდელებიც გამოჩნდება, რომლებიც ენერგიას წყალბადის ფიჭური ელემენტებისგან მიიღებენ.

”ტოიოტა” ჯერჯერობით არ აზუსტებს, აპირებს თუ არა FT-CH-ის წარმოებას. თუ ეს ავტომობილი კონვეიერზე დადგა (ამის დიდი შანსია), ის ”პრიუსზე” იაფი იქნება და იაპონური კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ჰიბრიდული ავტომობილების ახალ ოჯახს დაუდებს სათავეს, რომელშიც, სამ წელიწადში რვა ახალი მოდელი გამოჩნდება. ამასთან, ეს ავტომობილები არ იქნება არსებული მოდელების ჰიბრიდული ვერსიები.

”ტოიოტა” დეტროიტის შოუს დროს, FT-CH-ზე გამოხმაურებებს შეისწავლის და კონვეიერზე მისი დაყენების საკითხს ამის შემდეგ გადაწყვეტს. და თუ ამ ავტომობილს მწვანე შუქი აენთო, ის იაპონური კომპანიის დილერთა შოურუმებში 2011 წლიდან გამოჩნდება.

დეტროიტის ავტო შოუ

GMC-ის კონცეპტუალური ”გრანიტი”

12 იანვარი

დეტროიტის საავტომობილო შოუზე, ”ჯენერალ მოტორსის” შტო GMC-მ კონცეპტუალური კომპაქტვენი ”გრანიტი” გამოფინა. თავისი გაბარიტებით, ეს ავტომობილი ახლოსაა ”გოლფის” კლასის ჰეჩბეკებთან და მისი წარმოების დაწყების შემდეგ, ის GMC-ს (ჯენერალ მოტორს ტრაქ კომპანი) საწარმოო პროგრამაში ყველაზე პატარა მოდელი გახდება.

”გრანიტის” გაბარიტული სიგრძე 4.097 მეტრია, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2.631 მეტრი. ამ მონაცემებით, ის ახლოს დგას ”ფორდის” პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფოკუსთან”. ამასთან, ”გრანიტს” უჩვეულოდ განიერი და მაღალი ძარა აქვს, რაც მისი სალონის კომფორტულობას განაპირობებს. გარდა ამისა, ძარას არ აქვს შუა საყრდენი, მისი წინა და უკანა კარებები კი საპირისპირო მიმართულებით იღება, რითაც გაადვილებულია ავტომობილის შიგნით შესვლა და იქიდან გადმოსვლა.

”ეს არის სრულიად ახალი ტიპის ავტომობილი GMC-ს საწარმოო პროგრამაში. ”გრანიტი” ერთ-ერთი იმ ახალ მოდელთაგანია, რომელიც ხალხს ”ჯენერალ მოტორსზე” შეხედულებას რადიკალურად შეაცვლევინებს. ჩვენ მას მრავალმხრივი დანიშნულების საქალაქო ავტომობილს ვუწოდებთ. მისი შექმნისას, ჩვენი მიზანი ის იყო, რომ ახალი თაობის მომხმარებელთა თვალში, ”ჯენერალ მოტორსს” ფუნქციონალური და კოხტა ავტომობილების მწარმოებლის იმიჯი ჰქონდეს”, - განაცხადა GMC-ს წარმოების და მარკეტინგის განყოფილების დირექტორი ლაიზა ჰატჩინსონი.

”გრანიტის” კაპოტქვეშ განლაგებულია 1.4-ლიტრიანი ბენზინის ტურბომოტორი, რომელიც 138 ცხენის ძალას იძევა. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მათ შორის მაბრუნი მომენტის გადაცემას კი ორდისკოიანი გადაბმის ქურო უზრუნველყოფს.

დიზაინერებმა ”გრანიტისთვის” საკმაოდ ორიგინალური ინტერიერი შეიმუშავეს, რომელიც ალბათ, კონვეიერამდე უცვლელად ვერ მიაღწევს. აქ ყურადღებას მართვის მექანიკური საშუალებები იქცევს, რომლებიც თვითმფრინავის ანალოგიურ ელემენტებს მოგაგონებთ. მაგალითად, ორსაყრდენიანი საჭის რგოლი, რომელიც ამ ორი საყრდენი-წკირის გამო, უფრო საავიაციო შტურვალს ჰგავს. უჩვეულოა გადაცემათა კოლოფის გადამრთველიც - ბერკეტის ნაცვლად მის ადგილზე ერთგვარი ჯოისტიკია. ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა კი მხოლოდ საჭის რგოლის სიმაღლეზე, ერთ პარალელზეა განთავსებული. კონცეპტუალური მოდელის შესაბამისია სავარძლებიც, რომლებიც წარმოების დაწყებამდე აუცილებლად დაკარგავს ორიგინალობას და ”მოსაწყენ” დიზაინს მიიღებს.

სავარაუდოდ, ”გრანიტის” წარმოებას GMC მერმის დაიწყებს. ამასთან, ”ჯენერალ მოტორსის” ტრადიციის შესაბამისად, ამავე ავტომობილს ავტომწარმოებლის სხვა ბრენდებიც გამოუშვებენ.

დეტროიტის ავტო შოუ

”ფოლკსვაგენმა” კომპაქტური კუპე წარმოადგინა

12 იანვარი

შარშან ”ფოლკსვაგენმა” საზოგადოებას არაერთი სიახლე უჩვენა, რომელთაგან ზოგი მაშინვე დადგა კონვეიერზე, ზოგს კი წარმოების პერსპექტივა აქვს. თუმცა, ვოლფსბურგელთა აქტივობა ამით არ მცირდება. უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ წელს გერმანული გიგანტი კიდევ უფრო მეტ სიახლეს გვიჩვენებს.

ამ სიახლეთაგან კი პირველი მერცხალი ახალი კომპაქტური კუპეა, რომლის ხილვაც ამ დღეებში დეტროიტის ავტო შოუს დამთვალიერებლებს შეუძლიათ. არსებობს იმის ვარაუდი, რომ ამ ავტომობილის წარმოების დაწყების შემდეგ, მას ”ჯეტა კუპეს” დაარქმევენ. ამ ვარაუდის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ ავტომობილი კომპაქტურ სედან ”ჯეტას” ბაზაზეა აგებული.

დეტროიტში გამოფენილი კომპაქტური კუპეს სიგრძე 4.54 მეტრი, სიგანე 1.78 მეტრი, სიმაღლე კი 1.41 მეტრია. რაც მთავარია, ის ჰიბრიდული ძალური დანადგარითაა აღჭურვილი - კაპოტქვეშ განლაგებულია TSI სერიის 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც 150 ცხენის ძალას იძლევა. მასთან უნისონში მუშაობს 27-ცხენისძალიანი ელექტროძრავი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. შიდაწვის ძრავთან 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია (DSG) დაკავშირებული.

”ფოლკსვაგენი” აცხადებს, რომ კომპაქტურ კუპეს მარტო ელექტროძრავითაც შეუძლია გადაადგილება, თუმცა ამ რეჟიმში მოძრაობისას, სვლის სიშორე არ კონკრეტდება. არც ისაა ცნობილი, თუ რა დროს სჭირდება აკუმულატორების სრულად დამუხტვას.

სამაგიეროდ, პრეს რელიზში მითითებულია, რომ 100 კილომეტრის გასავლელად, კომპაქტური კუპე მხოლოდ 4.2 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 98 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. და ეს იმ დროს, როდესაც ავტომობილი საკმაოდ ტემპერამენტიანია - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ის 8.1 წამში კრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 227 კმ/სთ-ს აღწევს.

”ფოლკსვაგენის” სამოდელო გამაში, ახალი კომპაქტური კუპე ”სიროკოსა” და CC-ს შორის ნიშას შეავსებს. მოსალოდნელია, რომ თავიდან ის მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე გაიყიდება, თუმცა მოგვიანებით, ის ევროპისა და სხვა რეგიონების ბაზრებზეც გამოჩნდება.

დეტროიტის ავტო შოუ

”ლანჩა დელტა” ”კრაისლერის” სახელით

12 იანვარი

დეტროიტში გახსნილ საავტომობილო შოუზე, ”კრაისლერმა” თავისი ევროპელი პარტნიორის, ”ფიატის” ჯგუფში შემავალ იტალიურ კომპანია ”ლანჩას” პოპულარული ჰეჩბეკი ”დელტა” საკუთარი ბრენდით წარმოადგინა. როდის დაიწყებს ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ ”კრაისლერის” რესტრუქტურიზაციის გეგმის შესაბამისად, ამერიკული კომპანიის ზოგიერთი მოდელი მალე ევროპაში ”ლანჩას” მარკით დაიყიდება და პირიქით, იტალიური კომპანიის პოპულარულ მოდელებს, ”კრაისლერი” საკუთარი ემბლემით გაჰყიდის. ამგვარი გაცვლის შედეგად, ”კრაისლერის” სამოდელო გამა ხუთიდან შვიდ ავტომობილამდე გაიზრდება, ”ფიატი” კი თავის ჯგუფში შემავალი ბრენდების გაყიდვებს გაზრდის.

”ლანჩასთან” პარტნიორობა ”კრაისლერს” ევროპის ბაზარზე შეღწევაში გამოადგება. ამისათვის ის ”ლანჩას” სადილერო ქსელს გამოიყენებს. ამასთან, მინივენი ”კრაისლერ ვოიაჯერი” ”ლანჩა ფედრას” შეცვლის, მომდევნო თაობის ”კრაისლერ 300C” კი ევროპაში ”ლანჩა თეზისის” სახელით გაიყიდება. ამ ორი ბრენდის კიდევ ერთი საერთო მოდელი კომპაქტური ქროსოვერი გახდება, რომელიც ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე შესაბამისად, ”ლანჩას” და ”კრაისლერის” მარკებით გაიყიდება.

პარალელურად, ”დოჯის” ავტომობილები ამიერიდან ევროპაში ”ფიატის” ემბლემით გაიყიდება. ამერიკული კომპანიის ერთადერთი ბრენდი, რომელიც ამერიკაშიც და ევროპაშიც ავტომობილებს საკუთარი ემბლემით გაჰყიდის, ”ჯიპია”, რომელიც კვლავაც მხოლოდ უგზოობის ავტომობილების წარმოებას გააგრძელებს.

”დელტას” კრაისლერისეული ვერსია, ამერიკული კომპანიის უახლესი, ეგრეთ წოდებული მსოფლიო ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც 4 ცილინდრი აქვს და რომლის მუშა მოცულობაც 2.4 ლიტრია. ა, აგრეგატის სიმძლავრე 190 ცხენის ძალას აღწევს. ”კრაისლერის” წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ძრავი, ანალოგიური ლიტრაჟის აგრეგატთან შედარებით, უფრო მძლავრიცაა და ეკონომიურიც.

ალ-ატიამ საინსთან ჩამორჩენა შეამცირა

დაკარის რალი-რეიდი

12 იანვარი

დაკარის რალი-რეიდზე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, არგენტინისა და ჩილეს მიწაზე მიმდინარეობს, ”ფოლკსვაგენის” საქარხნო გუნდს ბადალი არ ჰყავს. რეიდის მეცხრე ეტაპიც გერმანული კომპანიის ეკიპაჟის გამარჯვებით დასრულდა და რბოლის კლასიფიკაციაშიც, პირველი სამი ადგილიც მის ეკიპაჟებს აქვთ ოკუპირებული.

რბოლას კლსაიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი ლიდერობს, თუმცა მისთვის გამარჯვების იოლად დათმობას არ აპირებს ყატარელი ნასერ ალ-ატია, რომელმაც მეცხრე ეტაპი სოლიდური უპირატესობით მოიგო და ლიდერ თანაგუნდელთან ჩამორჩენა 8 წუთამდე შეამცირა.

კოპიაპოდან ლა სერენამდე 338-კილომეტრიანი გზა ალ-ატიამ 1 საათში, 59 წუთსა და 28 წამში გაიარა და საინსს 5 წუთით და 59 წამით აჯობა. ეს ყატარელი მრბოლის მიერ წლევანდელ დაკარზე მოგებული მესამე, კარიერაში კი მეექვსე ეტაპია.

”გუშინდელი ეტაპის შემდეგ ვთქვი, რომ დღეს საინსთან მინიმუმ ექვსი წუთი უნდა მომეგო, რათა პირველობისთვის ბრძოლის შანსი შემენარჩუნებინა. მთავარი კი ისაა, რომ მას დღესაც რომ გაეზარდა ჰანდიკაპი, მაშინ გუნდი მას ლიდერად მიიჩნევდა და მითითებების მოცემას დაიწყებდა, რაც საბოლოო გამარჯვების იმედებს გადამიწურავდა. ახლა კი ბრძოლა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ გუნდი არანაირად არ შემზღუდავს”, - ამბობს ალ-ატია, ვისაც იმედი აქვს, რომ მეათე ეტაპზე კვლავ შეძლებს ჩამორჩენის შემცირებას.

მეათე ეტაპზე, რბოლის მონაწილეებს კლასიკური რალის სპეცმონაკვეთის მარშრუტის გავლა უწევთ და რაც მთავარია, გზა ქვიშიანი არ იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწინავე ეკიპაჟს, რომელსაც გზის გაკვალვა მოუწევს, პრობლემები ნაკლებად ექნება.