Monday, January 25, 2010

”ფიატი” ”ალფას”, ”მაზერატის” და ”აბარტს” ერთ საბრენდო ჯგუფში გააერთიანებს

Fiat will merge Alfa, Maserati and Abarth into single brand group

25 იანვარი

”ფიატმა” ახალი საბრენდო სუბ ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელშიც პრემიუმ და სპორტული ავტომობილების მწარმოებელი სამი კომპანია - ”ალფა რომეო”, ”მაზერატი” და ”აბარტი” გააერთიანა.

ჯგუფს ”მაზერატის” ახლანდელი მთავარი აღმასრულებელი ჰარალდ ვესტერი უხელმძღვანელებს, ვინც იმავდროულად, ”ფიატის” ჯგუფისა და ”ფიატის” საავტომობილო ჯგუფის მთავარი ტექნიკური მოხელის თანამდებობებზეც მუშაობს. ახალი დანიშვნის შემდეგაც, ის თავის ყველა პოსტს შეინარჩუნებს. ”ალფა რომეოს” ახლანდელი მთავარი აღმასრულებელი სერჯო კრავერო, ”ფიატის” ჯგუფის წარმოების დაგეგმარებისა და კონცეპციების განყოფილებას ჩაუდგება სათავეში.

”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე ამბობს, რომ ამ სამი მარკის გაერთიანების შედეგად, ”ალფა რომეოს”, ”მაზერატისა” და ”აბარტის” წარმოების დონე კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მისი თქმით, ეს ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან სამივე მარკის პროგრამები სპორტული ავტომობილების წარმოებაზეა მომართული, მათი გაერთიანება კი ”სამივე მარკის პროდუქციის საერთო შტრიხებს გაუსვამს ხაზს და მათ სხვა ბრენდებისგან განსხვავებული სტრატეგიით აამოქმედებს”.

რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებით სასარგებლო ”ალფა რომეოსთვის” უნდა იყოს, რომელიც დღეისათვის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. არსებული მონაცემებით, მილანური კომპანია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, წლიურად, დაახლოებით 200-400 მილიონ ევროს ზარალობდა, რაც ”ფიატის” ჯგუფს მძიმე ტვირთად აწევს. სწორედ წამგებიანი ბიზნესია ის ძირითადი ფაქტორი, რომ ”ალფა რომეომ” მისთვის მეტად პერსპექტიულ, ამერიკულ ბაზარზე დაბრუნება რამდენჯერმე გადადო.

რაც შეეხება ვესტერს, ახალ ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტზე, მისი მთავარი დანიშნულება იქნება ”მაზერატისა” და ”ალფა რომეოს” საწარმოო პროგრამების უნიფიცირება და ორივე ბრენდის საერთო სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ტურინელთა მიზანი ისაა, რომ ორივე კომპანიის ავტომობილების წარმოებისას, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ურთიერთშენაცვლებადი ნაწილები და აგრეგატები.

და მაინც, ვესტერის მთავარი მიზანი, ”ალფა რომეოს” მომავლის განსაზღვრაა. ამ მიმართულებით, ორი სავარაუდო სცენარი არსებობს:

პირველის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომპანია ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე ჰეჩბეკ ”ჯულიეტას” წარადგენს და მოგვიანებით, მის გაყიდვებსაც დაიწყებს, ”ალფა რომეოს” დაფინანსება შეუწყდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილანელები თავიანთ ფლაგმან ”ალფა 166-ს” აღარ შეცვლიან და ცოტა ხანში, მის წარმოებასაც შეწყვეტენ. ამგვარად, ბრენდის ორ მთავარ მოდელად ”ჯულიეტა” (რომელიც მოდელ 147-ს ცვლის) და ”მიტო” დარჩება. მილანელები ასევე 159-ის, კუპე ”ბრერას”, ”სპაიდერისა” და GT-ს წარმოებას გააგრძელებენ.

ამ სცენარის ბოლო, ”ალფა რომეოს” კარგს არაფერს უქადის და კომპანიას, რომელიც 1910 წელს დაარსდა და 1986 წელს ”ფიატის” ჯგუფში შევიდა, აღსასრულამდე მიაცილებს.

მეორე, უფრო პერსპექტიული სცენარით, ”ალფა რომეოს” D და E სეგმენტების მოდელებისთვის (შესაბამისად,159 და 166), ”ფიატი” ამერიკული ”კრაისლერის” შესაბამისი ავტომობილების პლატფორმებს გამოიყენებს. ამასთან, ამ ორივე ავტომობილს ამერიკული კომპანიის საწარმოები გამოუშვებენ.

ახალი ჯგუფის ხელმძღვანელობა ”ალფა რომეოს”, ”მაზერატის” და ”აბარტის” პერსპექტივებს შეისწავლის, რის შემდეგაც, ”ფიატი” ამ ჯგუფის სამოქმედო გეგმას, რომელიც 2010-2014წლებში იმოქმედებს, აპრილში გამოაქვეყნებს. სწორედ მაშინ გადაწყდება, თუ რა ბედი ელის ”ალფა რომეოს”.

ბოლო დეკადაში, ”ალფა რომეოს” გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მისი მოდელების გადაბერების შედეგია. პარალელურად, უსახსრობის და სხვა პრობლემათა გამო, ახალი მოდელების წარმოების დაწყებაც გვიანდება. თუმცა, შარშან მილანური კომპანიის გაყიდვები 8.1 პროცენტით, 110 545 ცალამდე გაიზარდა, რაც მეტწილად ბაზარზე ჰეჩბეკ ”მიტოს” გამოჩენის შედეგია. შედარებისთვის, 2000 წელს, ”ალფა რომეოს” გაყიდვების მოცულობამ 203 000 ავტომობილი შეადგინა.

ჰარალდ ვესტერი

..................................

ვესტერი 51 წლის გერმანელი ინჟინერია, რომელიც ”ფიატში” 2004 წელს, ავსტრიული კომპანია ”მაგნა შტეირიდან” გადავიდა. საავტომობილო ბიზნესში თავისი კარიერა მან 1991 წელს, ”ფოლკსვაგენში” დაიწყო, სადაც კონცეპტუალური მოდელების განყოფილების გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. მოგვიანებით, ის ”ფოლკსვაგენის” პრემიუმ ბრენდ ”აუდიში” გადაიყვანეს, სადაც მისი ხელმძღვანელობით, ალუმინისძარიანი მოდელი A2 შეიქმნა.

2000-2001 წლებში ვესტერმა ”ფიატის” ჯგუფში შემავალ ”ფერარიში” იმუშავა, სადაც პროდუქციის განვითარების დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2002 წელს კი ”მაგნა შტეირში” გადავიდა, რომელშიც საინჟინრო შტაბის პრეზიდენტისა და ტექნიკური მოხელის თანამდებობები შეითავსა.

2004 წელს მან ”ფიატში” გადაინაცვლა, სადაც ჯგუფის მთავარი ტექნიკური მოხელის პოსტი ჩააბარეს. 2008 წელს ის ”მაზერატის” მთავარი აღმასრულებელი გახდა, ხუთი თვის შემდეგ კი ამ თანამდებობას ”აბარტის” მთავარი აღმასრულებლობაც შეუთავსა.

”ჯენერალ მოტორსს” ჩინეთში ახალი ქარხანა სჭირდება

GM expects to need new China plant

25 იანვარი

”ჯენერალ მოტორსს” ჩინეთში მალე ახალი ქარხნის მშენებლობა მოუწევს, რისი მიზეზიც, მსოფლიოს უკვე უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, გაყიდვების დიდი ტემპით ზრდაა. თუმცა, ამერიკული კომპანიის ჩინური შტოს პრეზიდენტი კევინ უეილი დასძენს, რომ ქარხნის მშენებლობის დასრულება წელს ვერ მოესწრება.

შარშან ”გენერლებმა” ცისქვეშეთში 1.83 მილიონი ავტომობილი გაჰყიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 66.9 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ შარშან ჩინური საავტომობილო ბაზარი ”მხოლოდ” 46 პროცენტით გაიზარდა. ამერიკული კომპანიის მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ მათი პროდუქციის გაყიდვები ჩინურ ბაზარზე წელსაც გაგრძელდება.

”ჩვენ მოველით, რომ წელს ჩინეთში 2 მილიონზე მეტ ავტომობილს გავყიდით. ამჟამად საკმაო საწარმოო სიმძლავრეები გვაქვს იმისათვის, რომ მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მალე, ახალი ქარხანა დაგვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვეღარ შევძლებთ”, - შანჰაიში, ახალ ”ბიუიკ ექსცელ XT-ს” პრეზენტაციაზე, როიტერთან საუბრისას განაცხადა უეილმა და დასძინა, რომ ისურვებდა, რომ ახალი ქარხანა წელსვე ამოქმედებულიყო, თუმცა ეს ფიზიკურად შეუძლებელია.

”ჯენერალ მოტორსი” ჩინეთში, თავის იქაურ პარტნიორთან, ”SAIC მოტორ კორპორეიშნთან” ერთად, მსუბუქ ავტომობილებს, მინივენებს და პიკაპებს აწარმოებს, საავტომობილო ჯგუფ FAW-თან ერთად კი მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს უშვებს.

მსოფლიო საავტომობილო ბაზრისგან განსხვავებით, რომელიც სერიოზულ კრიზისს განიცდის, ჩინეთის ავტო ბაზარი ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს, რასაც ქვეყნის მთავრობის ხელშემწყობი პოლიტიკა განაპირობებს. ხელის შეწყობა კი იმაში გამოიხატება, რომ დაწესებულია მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები იმ მყიდველებისთვის, რომლებიც მცირე ზომის, ეკონომიურ ავტომობილებს ყიდულობენ. ამის შედეგი ისაა, რომ ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები ყოველთვიურად იზრდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში ავტომობილების გაყიდვების ზრდა წელსაც შენარჩუნდება, ოღონდ, ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 10 პროცენტამდე შემცირდება. ცისქვეშეთის ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშე SAIC-ია, რომელიც წელს 3 მილიონი ავტომობილის გაყიდვას იმედოვნებს. შედარებისთვის, შარშან ამ კომპანიამ 2.72 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლო.

”ბიუიკ ექსცელ XT” მეორე ახალი ავტომობილია, რომელიც ”გენერლებმა” ჩინეთში ამ თვეში წარადგინეს. ეს ავტომობილი ჩინეთში 134 900-დან 185 900 იუანამდე (დაახლოებით 19 760-27 230 დოლარი) ეღირება. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ 2014 წლამდე, ჩინურ ბაზარზე, 30 ახალ და განახლებულ ავტომობილს შეიტანს.

”ქანთრიმენი” - პირველი ქროსოვერი ”მინის” ისტორიაში

MINI Countryman

25 იანვარი

ათწლეულების განმავლობაში, ”მინი” მხოლოდ ერთი ტიპის, მეტად პოპულარული ჰეჩბეკების წარმოებით იყო განთქმული და სწორედ ეს ავტომობილი იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც, ახალი საუკუნის დასაწყისში, ის გერმანულმა ”ბეემვემ” შეიძინა. აქედან მოყოლებული, ”მინის” ახალი ცხოვრება დაიწყო.

რამდენიმე წელი, მის საწარმოო პროგრამაში მხოლოდ ჰეჩბეკ ”მინის” და მის ბაზაზე დამზადებულ მოდიფიკაციების წარმოება შედიოდა. თუმცა პარალელურად, გერმანული კომპანია თავისი ინგლისური შვილობილის განვითარებაზე ზრუნავდა. შარშან კი გამოქვეყნდა გეგმა, რომელიც ”მინის” სამოდელო გამის არნახულ გაფართოებას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც პოტენციური მყიდველი მოუთმენლად ელოდა და რომელსაც ”მინის” გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია, საქალაქო ქროსოვერია, რომლის კონცეპტუალურ ვერსიებსაც ”ბეემვე” ბოლო წლებში დიდ საავტომობილო გამოფენებზე გვიჩვენებდა. და აი, 20 იანვარს კომპანიამ თავისი ახალი ავტომობილის, ქროსოვერ ”ქანთრიმენის” შესახებ პირველი ოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნა.

უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, როდესაც ”პორშემ” თავის ისტორიაში პირველი ქროსოვერის, ”კაიენის” წარმოების გადაწყვეტილება მიიღო, ბევრი ამას კრიტიკით შეხვდა - ვინ წარმოიდგენდა, თუ მანამდე მხოლოდ სპორტული და სარბოლი ავტომობილების წარმოებით განთქმული კომპანია, მისთვის უჩვეულო სეგმენტში ფეხის მოკიდებას შეძლებდა. მაგრამ ”კაიენი”, რომელიც ”ფოლკსვაგენთან” მჭიდრო კოოპერაციის შედეგად შეიქმნა, შტუტგარტელებისთვის ერთგვარ ლოკომოტივად იქცა, რომელმაც მათ უზარმაზარი მოგება მოუტანა.

თუმცა, ”მინის” შემთხვევაში, ქროსოვერის წარმოებასთან დაკავშირებით, კრიტიკა არავის დასცდენია. პირიქით, ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ”ქანთრიმენის” წარმოებით, კომპანიის ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება და ეს ავტომობილი მას დიდ მოგებას მოუტანს. ამის მთავარი გარანტია კი ის გარემოებაა, რომ კომპაქტური ქროსოვერების ბაზარი მთელს მსოფლიოში მაღალი ტემპით იზრდება.

რა თქმა უნდა, კონცეპტუალური ”ქროსმენისგან” (ასე ეწოდებოდა ”ქანთრიმენის” კონცეპტუალურ ვერსიას), ”ქანთრიმენი” საკმაოდ განსხვავდება, თუმცა გაბარიტული ზომებით ისინი იდენტურები არიან. მთავარია, რომ ახალი ავტომობილი ”მინის” კორპორატიულ სტილშია შესრულებული და ჰეჩბეკისგან მას პირველ რიგში, გაზრდილი კლირენსი და დიზაინის ზოგიერთი ელემენტი განასხვავებს.

ძველისგან ახალი ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი მისი წინა ნაწილია სხვა ფორმის ფარებით და ამობერილი კაპოტით. ”ქანთრიმენს” უფრო დაბერილი საბორბლე თაღებითაც იცნობთ. სახურავი კი მას ძირითადისგან განსხვავებულ ფერში აქვს შეღებილი. დიზაინერებს თითქმის არ შეუცვლიათ ”მინის” უკანა ნაწილი.

ევროპაში ”მინი” მყიდველს ”ქანთრიმენს” ხუთი 1.6-ლიტრიანი ძრავით შესთავაზებს, რომელთაგან სამი ბენზინზე მუშაობს, ორი კი - დიზელზე. მათი სიმძლავრე 90-დან 184 ცხენის ძალამდეა. ამ აგრეგატების მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს კი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს. ბენზინისძრავიანი ვერსიებისთვის ასევე შესაძლებელია 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის (სტეპტრონიკი) გამოყენება.

”ქანთრიმენის” ტოპ ვერსია აღიჭურვება 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელსაც საწვავი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება და რომელზეც, საწვავი ნარევის განაწილებას ელექტრონიკა აკონტროლებს.

”ქანთრიმენის” საბაზო ვერსიები წინაწამყვანბორბლიანი ტრანსმისიითაა აღჭურველი, თუმცა ოპციის სახით, კომპანია მყიდველს სრულამძრავიან ტრანსმისიასაც (All4) შესთავაზებს, რომელშიც, წინა და უკანა ღერძებს შორის, მაბრუნ მომენტს ელექტროჰიდრავლიკური ქურო თანაბრად ანაწილებს. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მომენტის 100 პროცენტი მხოლოდ უკანა ღერძს მიეწოდება.

საინტერესოა, რომ ”ქანთრიმენის” სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა ენერეგიის რეკუპერაციის სისტემა, რომელიც დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს და აკუმულატორებს აწვდის. ასევე სტანდარტულ ეკიპირებაში შედის ძრავის გათიშვისა და გაშვების სისტემა და ინდიკატორი, რომელიც მძღოლს კარნახობს, ეკონომიური მართვის დროს, გადაცემის რომელ საფეხურზე გადართვაა ყველაზე ოპტიმალური.

”ქანთრიმენის” სალონი, ”მინის” სხვა მოდელების სალონებისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. ის იგივე მასალებითაა გაწყობილი. იგივეა ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერიერის მოცულობა საგრძნობლადაა გაზრდილი. ერთადერთი სერიოზული ცვლილება უკანა სავარძელს შეეხო, რომელიც სტანდარტული შესრულებით ორადგილიანია, თუმცა ზედმეტი საფასურის გადაუხდელად, მყიდველს სამადგილიანის შეკვეთის საშუალება ექნება. ორივე შემთხვევაში, უკანა სავარძლები იკეცება, რითაც საბარგულის მოცულობა 350-დან 1170 ლიტრამდე იზრდება.

ოპციის სახით, ”მინი” თავის კლიენტებს შესთავაზებს: პანორამულ სახურავს, ადაპტირებად წინა ფარებს, სპორტულ, 10 მილიმეტრით დადაბლებულ საკიდარს და ბორბლების ფართო არჩევანს, რომელთა ზომებიც 16-დან 19 დუიმამდე იქნება.

”მინი” თავისი ახალი ავტომობილის პრემიერას მარტში, ჟენევის საავტომობილო შოუზე ჩაატარებს, მის გაყიდვებს კი შემოდგომაზე დაიწყებს. რაც შეეხება ფასს, ის გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება. ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პრემიუმ სეგმენტის სუბკომპაქტური ქროსოვერი (არადა, მისი სახელი პირდაპირი მნიშვნელობით, სოფლელს ნიშნავს), ისევე როგორც ”მინის” სხვა პროდუქცია, საკმაოდ ძვირი ეღირება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინგლისური მარკის სხვა ავტომობილები, სიძვირის მიუხედავად, მყიდველთა შორის პოპულარობით სარგებლობს, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ”ქანთრიმენს” კარგი მომავალი აქვს.