Thursday, February 11, 2010

”კია” ”ტოიოტა პრიუსთან” კონკურენციისთვის ემზადება

Kia Ray Hybrid

10 თებერვალი

ჩიკაგოს ავტო შოუზე, კორეულმა კომპანია ”კიამ” პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი კონცეპტუალური მოდელი ”რეი” გამოფინა, რომლის ბაზაზეც, მალე სერიული ავტომობილის წარმოება დაიწყება. კონცეპტუალური ავტომობილი გადამუშავებადი, ძალიან მსუბუქი პლასტიკითაა დამზადებული, მის სახურავზე კი ფოტოელემენტებია მოთავსებული, რომლებიც აკუმულატორებისთვის მზისგან მიღებულ ენერგიას ელექტროენერგიად გადაამუშავებენ.

”კია რეის” ჰიბრიდულ სისტემაში შედის ბენზინის 1.4-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 153 ცხენის ძალაა და 75-კილოვატიანი ელექტროძრავი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. მხოლოდ ელექტროძრავის ხარჯზე, ავტომობილს დაახლოებით 80 კილომეტრის გავლა შეუძლია. და თუ საქმეში შიდაწვის ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ჩაერთვება, მაშინ სვლის სიშორე 1 200 კილომეტრამდე გაიზრდება. თანაც, ”რეი” ყოველ 100 კილომეტრზე მხოლოდ 1.2 ლიტრ ბენზინს დაწვავს.

”კია რეის” ეკოლოგიურ თემას მასში გამოყენებული აუდიოსისტემა ”ინფინიტი გრინეიჯიც” აგრძელებს, რომლის გამაძლიერებელი და დინამიკებიც, ჩვეულებრივ ანალოგებზე თითქმის ორჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ენერგოდამზოგია ”მაიკროსოფტის” მიერ შემუშავებული მულტიმედიური სისტემა ”კია უვო-ც”.

”კიას” წარმომადგენელთა განცხადებით, ჩიკაგოში წარმოდგენილი კონცეპტუალური ”რეი” კორეული კომპანიის ახალი ქვებრენდის პირველი მერცხალია. ამ ბრენდის სახელწოდება ”კია ეკოდაინემიკსია”, ამ სახელით კი ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოება იგეგმება.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჯერ ”კიაშიც” არ იციან, ”რეის” ბაზაზე დაიწყებენ თუ არა სერიული ავტომობილის წარმოებას.

უფრო მძლავრი და მსუბუქი ”მუსტანგ შელბი GT500”

Shelby GT500

10 თებერვალი

”ფორდის” განყოფილება ”სპეშლ ვიჰაიქლ ტიმმა” (SVT - სპეციალური მანქანების გუნდმა) პოპულარულ მასკლ ქარ ”მუსტანგ შელბი GT500-ის” მოდიფიცირებული ვერსია მოამზადა, რომელიც საბაზო ვერსიასთან შედარებით, უფრო მსუბუქი და მძლავრია. ამასთან, მოდიფიცირებულ ავტომობილს სამუხრუჭე სისტემის უფრო ეფექტური გაგრილების სისტემა და სატერფულების ახალი კვანძიც აქვს.

SVT-ს მიერ მოდიფიცირებული ”შელბი GT500” ალუმუნის V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მუშა მოცულობა 5.4 ლიტრია, მაქსიმალური სიმძლავრე კი 550 ცხენის ძალა, საბაზო ვერსიაზე 10 ცხენის ძალით მეტია. ახალი ძრავი თავის წინამორბედზე 46.2 კილოგრამით მსუბუქია, რისი წყალობითაც, ავტომობილის საწვავის ხარჯიც შემცირდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაიზარდა ავტომობილის ძრავის სიმძლავრისა და წონის ფარდობა.

”ფორდის” მონაცემებით, ახალი ”მუსტანგი” ქალაქში გადაადგილებისას, 100 კილომეტრზე ”მხოლოდ” 15.6 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, რაც საბაზო ვერსიის ხარჯზე ერთი ლიტრით ნაკლებია. ტრასაზე მოძრაობისას, ხარჯი 10.2 ლიტრამდე (საბაზო ვერსიისაზე 0.4 ლიტრით ნაკლები) მცირდება.

ძრავის გარდა, მოდიფიცირებული ”შელბი GT500-სთვის”, SVT-ს სპეციალისტებმა სპეციალური სპორტ პაკეტი, ”SVT პერფორმენსიც” შეიმუშავეს, რომელშიც შედის მსუბუქი მეტალისგან დამზადებული 19-დუიმიანი წინა და 20-დუიმიანი უკანა ბორბლები, რომლებიც ”გუდიარის” წარმოების საბურავებით (იგლ F1 სუპერქარ G) არის შემოსილი. გაიზარდა ტრანსმისიის მთავარი წყვილის გადაცემის რიცხვი, საკიდარი კი უფრო ხისტი დრეკადი ელემენტებით აღიჭურვა.

”ფორდის” განცხადებით, ამ პაკეტის მეშვეობით, მოდიფიცირებული ”შელბი GT500” 2.3-მილიან (3.68 კმ) სატესტო ტრეკს, საბაზო ვერსიაზე თითქმის 3 წამით სწრაფად გადის.

ამერიკაში მოდიფიცირებული ”შელბი GT500-ის” გაყიდვა ზაფხულამდე დაიწყება, მისი საწყისი ფასი კი 49 495 დოლარი იქნება.

800-ცხენისძალიანი ”კადილაკი” ”ჰენესისგან”

Hennessey Cadillac CTS-V

10 თებერვალი

ამერიკულმა სატუნინგო კომპანია ”ჰენესი პერფორმენს ინჯინიარინგმა” ”კადილაკის” სედანი CTS-V დაამუშავა და მყიდველს მისი სამი ახალი ვარიანტი შესთავაზა, რომლებიც ერთმანეთისგან ძრავების სიმძლავრით განსხვავდება.

სტანდარტულ ძრავ LSA V8-გან, რომლის სიმძლავრეც 550 ცხენის ძალაა, ”ჰენესის” სპეციალისტებმა სამი მოდიფიკაცია დაამზადეს. მათგან პირველის მაქსიმალური სიმძლავრე 650 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 870 ნიუტონმეტრი (3400 ბრ/წთ-ზე).

LSA V8-ის მეორე მოდიფიკაციის სიმძლავრე 700 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი - 950 ნიუტონმეტრამდე (იმავე 3400 ბრ/წთ-ზე). ძრავის ამ ვერსიით აღჭურვილი CTS-V ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.2 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს აღწევს.

ყველაზე მძლავრი ძრავის მესამე ვერსიაა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 800 ცხენის ძალამდე არის გაზრდილი, მაბრუნი მომენტი კი - 1060 ნიუტონმეტრამდე. ოღონდ, ამის დინამიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა. ჯერჯერობით, არც სედან CTS-V-ის ამ სამი ვერსიის ფასებია ცნობილი.