Sunday, February 14, 2010

”ფოლკსვაგენმა” მეორე თაობის ”ტუარეგი” გვაჩვენა

Second-Generation VW Touareg Unveiled

14 თებერვალი

”ფოლკსვაგენმა” თავისი პოპულარული უგზოობის მეორე თაობის ავტომობილის ფოტოები და მის შესახებ ზოგადი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტო გამოფენაზე ჩატარდება, მისი გაყიდვები კი ზაფხულში დაიწყება.

ვოლფსბურგელების მიერ გამოქვეყნებული რელიზი გვამცნობს, რომ ახალი ”ტუარეგი” თავის წინამორბედზე 4 მილიმეტრით გრძელი (4758 მმ) და 20 მილიმეტრით დაბალია. იმავდროულად, ახალი ავტომობილი 208 კილოგრამით მსუბუქიცაა.

ევროპის ბაზარზე, ახალი ”ტუარეგი” ოთხი სხვადასხვა ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. ამათგან ორი საწვავად დიზელს იყენებს. მათი ლიტრაჟია 3.0 და 4.2 ლიტრი, სიმძლავრე კი, შესაბამისად 240 და 335 ცხენის ძალა. მესამე ძრავია ბენზინის 3.6-ლიტრიანი FSI, რომელიც 280 ცხენის ძალას და 360 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

ძრავების გამაში ჰიბრიდული სისტემაც შედის, რომელშიც 3.3-ლიტრიან V6 ბენზინის ძრავთან, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება და რომლის სიმძლავრეც 333 ცხენის ძალას აღწევს, უნისონში 47-ცხენისძალიანი ელექტროძრავი მუსაობს. ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 380 ცხენის ძალას აღწევს. მისი მეშვეობით, ამ უზარმაზარ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 6.5 წამი ჰყოფნის. მარტო ელექთროძრავით, მას მაქსიმუმ 45 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია.

ყველა ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია პნევმოსაკიდარით და სისტემა სტოპ-სტარტით, რომელიც ავტომობილის საწვავის ხარჯს ამცირებს. კვლავ ძველი კონსტრუქცია შეინარჩუნა სრულამძრავიანმა ტრანსმისიამ, რომელიც მაბრუნ მომენტს მუდმივად აწვდის ყველა ბორბალს. თუ შემკვეთი მოისურვებს, მის ავტომობილზე დამადაბლებელ საფეხურს და ცენტრალური და ღერძებსშორისი დიფერენციალის ბლოკირების კვანძებსაც დააყენებენ. ამ შემთხვევაში, 8-საფეხურიან კოლოფს 6-საფეხურიანი ცვლის.

”აუდი A1” კონკურენციას ”ბეემვეს” ”მინის” გაუწევს

Audi aims new A1 at BMW's Mini

13 თებერვალი

”აუდიმ” ინტერნეტით თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, კომპაქტურ ჰეჩბეკ A1-ის ფოტოები და ზოგადი ინფორმაცია გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილით, კონკურენციას გაუწევს ისეთ სერიოზულსა და პოპულარულ მეტოქეს, როგორიც ”ბეემვეს” რეტრო-სტილის ”მინია”.

ახალი ავტომობილის გაყიდვები ევროპულ ბაზარზე მაისში დაიწყება, სადაც ის 16 000 ევროდ გაიყიდება. შედარებისთვის, ”მინის” ევროპული ფასი ოდნავ მაღალი - 16 600 ევროა. ეს გარემოება კი ინგოლშტადტელებს იმედს აძლევს, რომ მათი ახალი ავტომობილი ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც ”მინია”.

”აუდი A1-ის” ძრავების გამაში ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი აგრეგატია - ორი ბენზინის და ამდენივე დიიზელის. ამასთან, ჰეჩბეკის საბაზო აღჭურვაში შედის საწვავის დამზოგავი სტოპ-სტარტ სისტემა და მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემა.

ყველაზე ეკონომიური A1 აღჭურვილია 90-ცხენისძალიანი 1.6-ლიტრიანი დიზელით, რომელიც ”ფოლკსვაგენ გოლფზეც” გამოიყენება. ეს ძრავი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ CO2-ს გამოჰყოფს და 100 კილომეტრს სულ რაღაც 3.8 ლიტრი საწვავით გადის.

საბაზო ძრავი კი 1.2-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატია, რომლის სიმძლავრეც სულ რაღაც 86 ცხენის ძალას შეადგენს. ამ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 5.1 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი ის გარემოს 119 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. შედარებისთვის, ”მინის” მსგავსი მონაცემების მქონე აგრეგატი 1.6-ლიტრიანი ძრავია, რომლის სიმძლავრეც 98 ცხენის ძალაა. 100 კილომეტრზე მისი ხარჯი 5.4 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი კილომეტრზე 127 გრამს აღწევს.

”აუდი A1-ის” მსოფლიო დებიუტი ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გაიმართება. ეს ავტომობილი ”ფოლკსვაგენის” სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”პოლოს” პლატფორმაზეა ბაზირებული და მას ”აუდის” ბრიუსელის (ბელგია) ქარხანა გამოუშვებს. დასაწყისში, ბაზარზე A1-ის სამკარიანი ვერსია გამოვა, მოგვიანებით კი მას ხუთკარიანი ვარიანტიც მოჰყვება.

ჰეჩბეკი A1 ”აუდის” იმ გეგმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომლის მიხედვითაც, ინგოლშტადტელებს გაყიდვების მოცულობით ორი მთავარი გერმანული კონკურენტის - ”ბეემვეს” და ”მერსედეს ბენცის” უკან ჩამოტოვება და პრემიუმ კლასში მსოფლიო ლიდერობა აქვთ განზრახული.

სამოდელო გამაში სუბკომპაქტური A1-ის და დიდი ზომის ოთხკარიან კუპე A7-ის დამატებით, ”აუდი” თავის წლიურ გაყიდვებს 2015 წელს 1.5 მილიონ ავტომობილამდე გაზრდის. შედარებისთვის, გერმანულმა კომპანიამ შარშან სულ 949 700 ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

”აუდი” იმედოვნებს, რომ წლიურად 80 000 A1-ის გაყიდვას შესძლებს. წინასწარი ვარაუდით, მყიდველთა უმეტესობა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდობა (25-35 წლის) იქნება, რომლებიც ”მინის” რეტრო სტილზე მაღლა ”აუდის” სუბკომპაქტის თანამედროვე სტილს დააყენებენ.

”აუდის” ამ ეტაპზე A1-ის მხოლოდ ევროპის ბაზარზე გაყიდვა აქვს დაგეგმილი. ”აუდი ოფ ამერიკას” პრეზიდენტ იოჰან დე ნისხენს ნათქვამი აქვს, რომ მისი კომპანია მეორე თაობის A1-ს ამერიკაშიც გაჰყიდის, თუმცა ამ ავტომობილს გერმანული კომპანია უახლოესი რვა წლის განმავლობაში არ გამოუშვებს.

”ნისანი” ახალ ქროსოვერზე დიდ იმედებს ამყარებს

Nissan wants Juke to match success of Qashqai in Europe

13 თებერვალი

”ნისან მოტორი” იმედოვნებს, რომ მისი უახლესი კომპაქტური ქროსოვერი ”ჯუკი” ევროპაში ისეთივე პოპულარული იქნება, როგორიც მასზე ოდნავ დიდი ”ქაშკაია”. ”ჯუკის” მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მის გაყიდვებს კი იაპონური კომპანია სექტემბრის ბოლოს დაიწყებს.

”ამ მანქანას ფართო სალონიც აქვს და იმევდროულად ის კომპაქტურია. ის ერთი შეხედვით ახოვანიც მოჩანს, თუმცა იმავდროულად, ძალიან დინამიურიცაა. პრაქტიკულიცაა და ახალგაზრდულიც. ეს ის თვისებებია, რომლებიც თითქოს, ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თუმცა ყველა ”ჯუკს” ახასიათებს და მთლიანობაში, რაღაც უნიკალურს ქმნის”, - თავისი კომპანიის სიახლე ასე უცნაურად დაახასიათა ”ნისან იუროპის” ვიცე პრეზიდენტმა პიერ ლოინგმა, ვინც პროდუქციის დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი.

”ჯუკი” იაპონური კომპანიის ევროპულ დიზაინ ცენტრის სპეციალისტებმა, ლონდონში შეიმუშავეს, ამ ავტომობილს კი ”ნისანის” ოპამას (იაპონია) და სანდერლენდის (ბრიტანეთი) ქარხნები გამოუშვებს. სხვათა შორის, ”ქაშკაისაც” სანდერლენდის საწარმო უშვებს, რომელსაც, ამ ქროსოვერზე არსებული მზარდი მოთხოვნის გამო, უკვე სამ ცვლაში ამუშავებენ.

ცნობისათვის, ბოლო წლებში, ”ნისანი” თავის ევროპულ ბიზნესში აქცენტს ქროსოვერებზე აკეთებს, რადგან ძველ კონტინენტზე მისი სედანები დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. სწორედ ქროსოვერების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ შარშან, როდესაც ევროპულ ბაზარზე გაყიდვების მოცულობა შემცირდა, იაპონურმა კომპანიამ წინა წელთან შედარებით, 9 პროცენტით მეტი, 366 711 ავტომობილი გაჰყიდა. ევროპაში ”ნისანის” ბესტსელერი სწორედ ქროსოვერი ”ქაშკაია”, რომელიც შარშან ძველ კონტინენტზე 181 711 ცალი გაიყიდა (წინა წელთან შედარებით, 25.4 პროცენტით მეტი).

”ნისანი” იმედოვნებს, რომ წელს მთელ მსოფლიოში 140 000-150 000 ცალ ”ჯუკს” გაჰყიდის. კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილისთვის მთავარი ბაზარი ევროპა იქნება, რომელიც ამ ქროსოვერის წლიური გაყიდვების 60-70 პროცენტს აითვისებს. ”ნისანის” აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტ კოლინ დოჯის თქმით, ”ჯუკის” მყიდველთა დიდი ნაწილი 30-40 წლის მამაკაცები იქნებიან.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ”ნისანი” ჯერჯერობით ჩინეთში ”ჯუკის” გაყიდვას არ გეგმავს. ამას კი დოჯი შემდეგნაირად განმარტავს: ”ჩინეთის ბაზარი სულ რაღაც 5-8 წლისაა და არავინ იცის, ხვალ როგორ შეიცვლება იქაური მყიდველის გემოვნება. ახლანდელი ავტომფლობელების უმეტესობა, თავის შემდეგ ავტომობილს იმავე კლასიდან არ შეიძენს, რომელი კლასის მანქანაც პირველად შეიძინა. მაგრამ 4-5 წლის შემდეგ იქ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და ჩვენც საბაზრო სტრატეგიას აუცილებლად გადავხედავთ”.

ძნელია, დაეთანხმო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებლის გამოცდილი ფუნქციონერის ასეთ პასიურობას, მითუმეტეს, როცა იცი, რომ ”ჯენერალ მოტორსი” და ”ფოლკსვაგენი” ცისქვეშეთში გაყიდვებს თითქმის ყოველწლიურად აორმაგებენ.

რაც შეეხება ”ჯუკს”, იაპონური კომპანია თავის მყიდველს ამ ავტომობილს სრულამძრავიანი, ან წინა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიებით შესთავაზებს. სრულამძრავიანი ტრანსმისიის ელექტრონული სისტემა მაბრუნ მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის სიტუაციის შესაბამისად, იმგვარად ანაწილებს, რომ მოხვევის დროს მოქნევის და მოცურების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.

”ჯუკისთვის” ევროპულ ბაზარზე სულ სამი ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ერთი დიზელზე მუშაობს, ორი კი - ბენზინზე. ყველა მათგანი ევრო5 სტანდარტს აკმაყოფილებს.