Wednesday, March 10, 2010

ნახეთ ავტოინდუსტრიის მომავალი ჟენევაში

Geneva International Motor Show

8 მარტი

ტრადიციულად, მარტის დასაწყისში, ჟენევა დიდ საავტომობილო შოუს მასპინძლობს. ავტოინდუსტრიის მსოფლიო სიახლეების დიდი რანდევუ წელს მეოთხმოცედ ტარდება და მართალია, დიდი ეკონომიკური კრიზისი საავტომობილო მრეწველობას ჯერაც მძიმე ტვირთად აწევს და სპეციალისტები კარგი პროგნოზებით ჯერაც არ გვანებივრებენ, მაგრამ ჟენევას ეს მაინც არ ეტყობა.

თუ შარშან ”პალექსპოს” პავილიონებში მხოლოდ 32 მსოფლიო პრემიერა გაიმართა, ამჯერად იქ სიახლეების ნამდვილი შტორმი იყო. პრაქტიკულად ყველა საავტომობილო კომპანია ჟენევაში მნიშვნელოვანი სიახლით წარსდგა, რომელთა უმეტესობა კონცეპტუალური ნამუშევრებია. ამ ნამუშევრებში კი ნათლად ისახება მსოფლიო ავტოინდუსტრიის მომავალი.

დღეს უკვე თამამად შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ მომავალი ელექტრომობილებისაა. მართალია, ჟენევური სიახლეების უმეტესობას ჰიბრიდული ავტომობილები შეადგენს, მაგრამ ეს შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის უმტკივნეულო გზაა და ჰიბრიდების სიმრავლეც იმაზე მიუთითებს, რომ სულ მალე, კომპანიები თავიანთ მყიდველებს სწორედ ელექტრომობილებს შესთავაზებენ.

მაგრამ ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ჟენევაში ყველას მხოლოდ მომავლის ტექნოლოგიები აინტერესებს. იქ ბევრი ახალი სერიული ავტომობილის ნახვაც შეიძლება და ისეთი კონცეპტუალური მოდელებისაც, რომლებითაც მათი შემქმნელები თავიანთი ახალი კორპორატიული სტილის დემონსტრირებას ახდენენ.

დაკიდევ, ჟენევაში აშკარად იგრძნობა კრიზისის დასასრულის მოახლოება. ამ გარდამავალ პერიოდს კი მწარმოებლები იმისათვის იყენებენ, რომ რაც შეიძლება მეტი მყიდველი მიიზიდონ. ისინი მათ თავიანთ ახლო მომავლის სიახლეებსაც უჩვენებენ, ისეთებს, როგორებსაც ბევრი პოტენციური მყიდველი დაელოდება და თავის მოძველებულ ავტოს მანამ დაიტოვებს, სანამ ჟენევაში შეთვალიერებული ახალი ავტომობილი დილერთა შოურუმებში გამოჩნდება.

ძნელია იმის თქმა, თუ ჟენევური ექსპონატებიდან რომელია ყველაზე თვალსაჩინო და ისეთი, რომელიც სხვებზე მეტად იმსახურებს იმას, რომ რეპორტაჟი მასზე მოყოლით დავიწყოთ. იქნებ ”პეჟოთი”, რომელსაც დაარსებიდან 200 წელი შეუსრულდა და ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ თავისი ლოგო შეცვალა, თავის ახალ კორპორატიულ სტილსაც დაუდო სათავე და აცხადებს, რომ მალე პრემიუმ სეგმენტში გაბატონებულ გერმანულ კომპანიებს, ”ფრანგული ლომების” სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.
ხუთიანი პეჟოსგან
......................................
”ლომების” ახალ ლოგოს, მათი მეტად ორიგინალური სტენდის ცენტრალური ადგილი უკავია, ყველა სიახლე კი საზოგადოებამ სწორედ ამ ლოგოს ფონზე იხილა. ”პეჟოს” მთავარი სიახლე კი სედანი ”ხუთიანი პეჟოსგანაა”, რომელიც მალე სერიულად გამოვა (დიზაინში მინიმალური ცვლილებებით) და ერთდროულად ორ მოძველებულ და მყიდველისთვის ყელში ამოსულ სედანს - 407-ს და 607-ს შეცვლის.

პეჟო SR1

..........................

აქვე ”ლომებს” კონცეპტუალური SR1-იც აქვთ გამოფენილი, რომელიც იმის წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი გარეგნობა ექნება ამ კომპანიის შემდეგი თაობის ავტომობილებს. მართალია, ამ მანქანის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ფრანგულმა კომპანიამ ჯერ კიდევ თვენახევრის წინ გაგვაცნო, მაგრამ მისი პრეზენტაცია სწორედ ჟენევაში გაიმართა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

რახან ”პეჟოთი” დავიწყეთ, მაშინ მისი ნათესავი ”სიტროენით” გავაგრძელებთ, სადაც არანაკლები სიახლეების ხილვა შეიძლება. ”ორმაგი შევრონის” სტენდის ვარსკვლავი კონცეპტუალური ”სარვოლტია”, რომელიც შემქმნელებმა ვერცხლის ფერში გამოაწყეს და ვარდისფერით და შავით შეაზავეს. აშკარად სპორტული გარეგნობის ამ ავტომობილს, ელერონები, არაერთი ჰაერის ამღები, დიდი უკანა ფრთა და დიფუზორი გამოარჩევს. რაც მთავარია, მას პატარა, ოვალური რადიატორის ბადე აქვს და ნუ გაიკვირვებთ, თუ ასეთ რადიატორებს მალე ”სიტროენის” სხვა, თანაც სერიულ ავტომობილებზეც იხილავთ. მის გვერდით თავს იწონებს კომპანიის შარშანდელი კონცეპცია ვარდისფერი ”რევოლტი”. ალბათ სახელიც მიგანიშნებთ, რომ ”შევრონებსაც” გეზი ელექტრიფიკაციისკენ აქვთ აღებული.სიტროენ სარვოლტი
.............................................
საიტროენ რევოლტი
..............................................
”სიტროენის ექსპოზიციაში ასევე შედის სერია DS-ის ავტომობილები. ამ სერიით, ფრანგული კომპანია მალე პრემიუმ სეგმენტში შეაბიჯებს და ბუნებრივია, მის ფართოდ რეკლამირებას ცდილობს. ამიტომ, გამოფენის დამთვალიერებლებს ამ ავტომობილებში ჩაჯდომის და მათი ახლოს გაცნობის საშუალება მისცეს. ბოლოსდაბოლოს, ასე ისინი უკეთ შეძლებენ სასურველი ავტოს შერჩევას.

სიტროენ DS ჰაი რაიდერი
ახლა გერმანელებზე გადავიდეთ და ”პორშეთი” დავიწყოთ, რომელსაც სტენდიც ისეთივე პატარა აქვს, როგორიც მისი საწარმოო პროგრამაა. სამაგიეროდ, იქ ორი სიახლის ხილვაა შესაძლებელი. ერთია მეორე თაობის უგზოობის ”კაიენი”, რომელსაც შტუტგარტელები მალე მყიდველს ჰიბრიდული აგრეგატითაც შესთავაზებენ. მეორე კი სუპერ ავტომობილი ”918 სპაიდერი”, რომელიც წარმოებიდან მოხსნილ ”კარერა GT-ს” ძლიერ ჰგავს. თუმცა, ამ ავტომობილს მხოლოდ დახვეწილი, სპორტული დიზაინი როდი გამოარჩევს. მთავარი ისაა, რომ ის ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. ამ ჰიბრიდში 500-ცხენისძალიანი შიდაწვის და 218-ცხენისძალიანი ელექტროძრავია გაერთიანებული. შედეგი წარმოუდგენელია - შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლების გარდა, მანქანა კომპაქტებისთვისაც კი შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. 3 ლიტრი 100 კილომეტრზე და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში გამოყოფილი მხოლოდ 70 გრამი CO2. ასეთ შედეგებზე ყველა იოცნებებდა.

პორშე 918

...........................

თუმცა, ამაზე უკეთესი ეკონომიურობით და ეკოლოგიურობით, ”პალექსპოში” გამოფენილი კიდევ ერთი შტუტგარტული ქმნილება გაგაოცებთ. ოღონდ, მას სამქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს და სახელად ”მერსედესი” ჰქვია. ”პეჟოსი” არ იყოს, ”მერსედესიც” ახალ კორპორატიულ სტილს ამუშავებს და მის დასაგემოვნებლად, გამოფენის დამთვალიერებლებს კონცეპტუალური ”F 800 სტაილი” უჩვენა. სწორედ ასეთი ფორმა ექნება მეორე თაობის ოთხკარიან კუპე CLS-ს. მაგრამ მთავარი ეს სულაც არაა. უფრო საინტერესოა ის, რომ ”F 800 სტაილი” ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ამ სისტემაში შედის შიდაწვის V6 ძრავი, რომელიც 272 ცხენის ძალას იძლევა და ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 109 ცხენის ძალას აღწევს. ამ სისტემის მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.8 წამში შეუძლია, 100 კილომეტრს 2.9 ლიტრი საწვავით გადის, ყოველ კილომეტრზე კი მხოლოდ 68 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

მერსედეს F 800

..............................

სხვათა შორის, ”პორშეს” და ”მერსედესის” ჰიბრიდული სისტემები ეგრეთ წოდებულ პლაგ-ინ ტიპისაა, ანუ მათი აკუმულატორები ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან იმუხტება. მოდი და ამის შემდეგ, ჰიბრიდულ ავტომობილებს ალმაცერად შეხედე...

სხვა თუ არაფერი, ასეთი ავტომობილების შექმნაზე უკვე ”ფერარიც” ზრუნავს. იტალიურმა კომპანიამ შოუს დამთვალიერებლებს თავისი პირველი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი წარუდგინა სახელად HY-KERS. ამ სახელის პირველი ნაწილი სიტყვა ჰიბრიდის პირველი ორი ასოა. მეორე კი აბრევიატურა, რაც კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას ნიშნავს. ცნობისათვის, ანალოგიური სისტემა ”ფერარის” ფორმულა 1-ის გუნდის ინჟინრების ნახელავია და მართალია, ის დიდი პრიზების ცირკში ვერ დამკვიდრდა, მაგრამ სამაგიეროდ, საგზაო ავტომობილებში გამოიყენებენ.

სხვათა შორის, ამ ავტომობილს ჰიბრიდული მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს, რადგან მასში ძირითად მბიძგველ ძალას ისევ შიდაწვის ძრავი გამოიმუშავებს, ელექტროძრავს კი (რომლის სიმძლავრეც 100 ცხენის ძალას შეადგენს) მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აკისრია და ის კერს-ის მიერ გამომუშავებულ ენერგიას მოიხმარს.

რა თქმა უნდა, აღნიშვნას კიდევ ერთი ფაქტი იმსახურებს - HY-KERS-ს ეკოლოგიურობის ხაზგასასმელად, მარანელოელებმა ის სალათისფრად შეღებეს. ბოლო ხანებში, ”ფერარი” აშკარად აღარაა სისხლისფერზე ჩაციკლული. მაგრამ სალათისფერი მის ფერთა გამაში მაინც მოულოდნელი სიახლეა.

ფერარი HY-KERS
.......................................
რახან სუპერ ავტომობილების მწარმოებლები ვახსენეთ, ბარემ ”ბუგატის” და ”ლამბორგინის” მოდელებზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ამათ განსაკუთრებული სიახლეები არ აქვთ. ”ბუგატის” სედან ”16C გალიბიერის” პრემიერა შარშან შედგა, ჟენევაში კი ის ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგა. რაც შეეხება ”ლამბოს” სიახლეს, ეს შემსუბუქებული ”გალიარდოა”, სახელად ”LP570-4 სუპერლეგერა”. საბაზო მოდელთან შედარებით, ის 70 კილოგრამით მსუბუქია. ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილის საწვავის ხარჯი დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა და ახლა ის 100 კილომეტრზე სულ რაღაც 13.5 ლიტრს შეადგენს.
ლამბორგინი გალიარდო LP570-4 სუპერლეგერა
........................................
ბუგატი 16C გალიბიერი
დავუბრუნდეთ გერმანელებს. გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, თანაც სერიული ექსპონატის ხილვა ”აუდის” სტენდზე შეიძლება, რომლის მთავარი პერსონაჟი - სუბკომპაქტური ჰეჩბეკი A1, მალე კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილს გაუწევს, როგორიც ”მინია”. ინგოლშტადტელებმა თავიანთი სიახლის იმიჯის ასამაღლებლად, მის პრეზენტაციაზე ჯასტინ ტიმბერლეიკი მიიწვიეს (სამაგიეროდ, ”მერსედესის” სტენდზე მიხაელ შუმახერის ნახვა შეიძლებოდა, ”სეატს” კი თავისი პროდუქციის რეკლამირებაში შაკირა დაეხმარა). ”აუდის” სტენდზევე დგას A1-ის ელექტრონული ვერსია e-ტრონი.
აუდი A1
.........................
თქმა არ უნდა, ”მინის” სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, თუმცა უსაქმოდ არც ინგლისური მარკა დარჩა, რომელმაც საზოგადოებას, როგორც იქნა, თავისი ქროსოვერი ”ქანთრიმენი” უჩვენა, რომელმაც ”მინის” გაყიდვების ზრდის ტენდენცია უნდა გააძლიეროს.
მინი ქანთრიმენი
........................................
ჰიბრიდების თემა ”ბეემვეშიც” აქტუალურია. ბავარიელებმა თავიანთი ექსპოზიციის ცენტრში ახალი მე-5 სერიის სედანი მოათავსეს, რომელიც მე-3 სერიის დაგრძელებული ვერსიის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარშემო კი მას სამოდელო გამის უკლებლივ ყველა მოდელის ჰიბრიდული ვერსია დაუყენეს.
ბეემვე მე-5 სერია
........................................
წეღან ”აუდი” ვახსენეთ და არაფერი ვთქვით კიდევ ერთ სიახლეზე, რომელიც ინგოლშტადტელებმა მოამზადეს. ესაა აღდგენილი მარკა ”ისპანო სუიზა”, რომლის სახელითაც, გერმანულმა კომპანიამ თავისი R8-ს ბაზაზე ახალი სპორტული ავტომობილი შექმნა.
ისპანო სუიზა
..............................
ჟენევაში პირველად შეიძლება იხილოთ ”ასტონ მარტინის” ისტორიაში პირველი ჯუჯა ავტომობილი სახელად ”სიგნიტი”. ნახავთ ამ ავტომობილს და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რატომ ფასობს ასე ძვირად ამ ინგლისური მარკის ავტომობილები. არადა, ”ბარტყის” (სიგნიტ ინგლისურად ბარტყს ნიშნავს) დონორი ”ტოიოტა iQ” ასეთ შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მოახდენს.
ასტონ მარტინ სიგნიტი

რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს ”ალფა რომეოს” ახალი ”ჯულიეტა”, რომლის დებიუტიც იტალიური კომპანიის ასწლოვან იუბილეს დაემთხვა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გამოფენის სერიულ ექსპონატებს შორის, ”ჯულიეტა” ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტურია. იტალიელებისგან ეს არც არავის უკვირს. საინტერესო სხვა რამაა - შეძლებს კი ეს ჰეჩბეკი კრიზისში მყოფი მილანური მარკისთვის ლოკომოტივის როლის შესრულებას?

ალფა რომეო ჯულიეტა
..................................................
ჟენევაში ”ვოლვოც” სახეცვლილი გამოჩნდა, მისი ექსპოზიციის მთავარი ვარსკვლავი კი უახლესი სედანი S60-ის, რომელიც ძირითადად ბიზნესმენებს და კონსერვატიული გემოვნების მქონე ავტომოყვარულებს აინტერესებთ. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ”რენოს” ახალმა მინი როდსტერმა ”უინდმა”, რომელსაც შესანიშნავი დიზაინი გამოარჩევს. აქვე ნახავთ ”გორდინის” სახელით გამოფენილ ”კლიო სპორტის” ახალ ვერსიას.
რენო უინდი
ვოლვო S60
..............................
”ფერარის” და ”პორშეს” დარად, ჰიბრიდული ავტომობილი დგას ”ლოტუსის” სტენდზეც. ესაა მოდელ ”ევორას” ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი 414E. სახელში რიცხვი ორი ელექტროძრავის ჯამური სიმძლავრის მიმანიშნებელია. ამ ავტომობილს შიდაწვის ძრავიც აქვს, თუმცა ის და მასთან დაკავშირებული გენერატორი, მხოლოდ ელექტროძრავებისთვის საჭირო ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.
ლოტუს 414E
.................................
”ჰიუნდაის” მთავარი ექსპოზიციაა ჰიბრიდული i-ფლოუ, რომელსაც დიზელის ძრავისა და ელექტროძრავის ტანდემი ემსახურება. ამ ავტომობილის შექმნისას, კორეულ კომპანიას პარტნიორობას ელექტროქიმიური გიგანტი BASF-ი უწევდა. შედეგად, შემუშავებულ იქნა რამდენიმე ახალი ტექნოლოგია, რომლებიც ავტომობილის წონის შემცირებისთვისაა მოწოდებული.

ჰიუნდაი i-ფლოუ
”ოპელის” ვარსკვლავია კონცეპტუალური ”ფლექსტრიმ GT/E”, რომელიც შესანიშნავი აეროდინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. თავად განსაჯეთ: ამ ავტომობილის შემხვედრი ჰაერისადმი წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.22-ია. მას მოდელ ”ამპერასთვის” შემუშავებული ჰიბრიდული სისტემა E-REV ემსახურება, რომლის წყალობითაც, ”ფლექსტრიმის” სვლის სიშორე 500 კილომეტრია.
ოპელ ფლექსტრიმ GT/E
..................................................
საინტერესო სიახლე აქვს ”სეატსაც”, რომელმაც ”იბიცას” ბაზაზე კონცეპტუალური ელექტრომობილი IBE დაამზადა. ამ ავტომობილს 102-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ემსახურება. ეს მისი მაქსიმალური სიმძლავრეა, ნომინალი კი მხოლოდ 68 ცხენის ძალას შეადგენს. ამ სიმძლავრის განვითარების შემთხვევაში, ავტომობილი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ამ დროს, მისი სვლის სიშორე 130 კილომეტრს აღწევს. ესპანური კომპანია გვპირდება, რომ მალე ამ ელექტრომობილის სერიულ წარმოებას დაიწყებს.

სეატ IBE

..............................

”ნისანს” ორი სიახლე აქვს - ახალი თაობის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”მიკრა” და სუბკომპაქტური ქროსოვერი ”ჯუკი”. ეს ორი ავტომობილი ერთსა და იმავე პლატფორმაზეა აგებული და მათზე იაპონური კომპანია დიდ იმედებს ამყარებს.

ნისან მიკრა

ნისან ჯუკი

..............................

სამწუხაროდ, დღევანდელ რეპორტაჟში ყველა სიახლის გაცნობა შეუძლებელია. არადა, ჟენევაში პატარა სადიზაინერო ატელიეებმაც არაერთი საინტერესო სიახლე წარმოადგინეს. აქტიურობა სატიუნინგო კომპანიებმაც გამოიჩინეს. მოკლედ, ამჯერად ”პალექსპოში” იმდენი ახალი ავტომობილის ნახვა შეიძლებოდა, ჟენევის შარშანდელი გამოფენის მსგავს რამდენიმეს რომ ეყოფოდა. იმ ავტომობილებიდან, რომლებზეც ამჯერად საუბარი ვერ ხერხდება, ყველაზე გამორჩეულებსა და საინტერესოებს ”ავტო პანორამა” შემდეგ ნომრებში გაგაცნობთ.