Thursday, March 18, 2010

”მაკლარენმა” ახალი ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო

McLaren Announced New Factory

18 მარტი

”მაკლარენმა” გამოაცხადა, რომ თავისი შტაბ-ბინის (საგრაფო უოკინგში) მახლობლად, ახალი ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო, სადაც მცირე სერიებით, სუპერ ავტომობილებს დაამზადებს. ახალ ფაბრიკას ”მაკლარენის საწარმოო ცენტრი” (მაკლარენ პროდაქშნ სენტერ - MPC) დაერქმევა.

ახალი ფაბრიკის ფართობი 32 000 კვადრატული მეტრი იქნება. მას საძირკველი 1 მარტს ჩაეყარა, მშენებლობას კი კომპანია ”ფოსტერ ენდ კომპანი” განახორციელებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ინგლისური კომპანიის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური ცენტრი (ოქტაგონი - სხვადასხვა მონაცემებით, მისი მშენებლობა 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა) ააგო. ახალი ფაბრიკის მშენებლობა 12 თვეში უნდა დასრულდეს და იქ მაშინვე დაიწყება სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს წარმოება.

”დიდი ხანია, ვოცნებობთ იმაზე, რომ ჩვენმა კომპანიამ სუპერ ავტომობილების წარმოება დაიწყოს, რომლებსაც ფორმულა 1-ის პრინციპებით ავაგებთ და რომელთა წარმოებაშიც ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. ჩვენი ავტომობილები უმაღლესი ხარისხის, ეფექტური, კომფორტული და საიმედო იქნება”, - ამბობს ”მაკლარენ აუტომოტივის” შეფი რონ დენისი.

”ახალი ფაბრიკის მშენებლობის დაწყება პირველი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ უმაღლესი კლასის ავტომობილების ბიზნესს ვიწყებთ. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი კი უმაღლესი დონის საწარმოს აშენებაა. ამ საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და მასში წარმოებისა და ინჟინერიის უახლეს მეთოდებს დავნერგავთ”, - დასძენს დენისი.

”მე რომ ”მაკლარენში” მივედი, ეს კომპანია მხოლოდ სარბოლ ავტომობილებს აწარმოებდა და იქ მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობდა. ახლა კი ჩვენთან 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ 30 წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია სწორედ ამ დიდებული მომენტისკენ მიდიოდა და მე ბედნიერი ვარ, რომ მალე ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილების გამოყენების საშუალება გვექნება”, - ამბობს დენისი.

”მაკლარენის საწარმოო ცენტრის” მშენებლობა 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჯდება და ეს თანხა მთლიანად კომპანიის აქციონერებმა გაიღეს.

”დაიმლერი” და ”რენო” ალიანსის შექმნას აპირებენ

Daimler, Renault in talks over equity stakes

18 მარტი

დტერ ცეტშე
..................................

”ფაინენშლ ტაიმსის” ცნობით, ”დაიმლერი” და ”რენო” აქციების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ორივე კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, არაა გამორიცხული, რომ ამ მოლაპარაკებათა შედეგად, საავტომობილო სამყაროს ახალი ალიანსი მოევლინოს. იმავე წყაროს ვერსიით, ორი ავტოგიგანტის პარტნიორობის გაღრმავების შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს საკუთარი აქციების მაქსიმუმ 10 პროცენტს გაუცვლიან. პარალელურად კი ერთობლივად შეიმუშავებენ მცირეგაბარიტიანი ავტომობილების პლატფორმას.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც გერმანული ”დაიმლერი” და ფრანგული ”რენო” არ მალავენ, რომ ერთობლივად აპირებენ რამდენიმე პროექტის განხორციელებას, რისი მიზანიც საწარმოო ხარჯების შემცირება, ტექნოლოგიების გაცვლა და საერთო მაკომპლექტებლების გამოყენებაა.

ორივე კომპანიის ინტერესი გასაგებია: ”რენო” კომპაქტური ავტომობილების წარმოებაზეა სპეზიალიზებული და მისი რამდენიმე მცდელობა, შეეღწია მაღალი კლასის ავტომობილების სეგმენტში, წარუმატებლად დასრულდა. ანალოგიური პრობლემები ”მერსედესს” კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში აქვს. გერმანულ კომპანიას სუს, რომ A-კლასზე დაბალი კლასის ავტომობილების წარმოება დაიწყოს, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი პლატფორმის შექმნა მეტისმეტად ძვირი დაუჯდება, ამ საქმეს დამოუკიდებლად ხელს ვერ ჰკიდებს.

დეკემბერში ორივე კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი ერთობლივი პროექტების წამოწყებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ. პრესაში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი კომპანია, ”რენო ტვინგოს” ბაზაზე, ერთობლივად შეიმუშავებს ახალ მცირეგაბარიტიან პლატფორმას, რომელსაც ”დაიმლერი” ოთხადგილიანი სუბკომპაქტური ავტომობილის შესაქმნელად გამოიყენებს. იმავე ინფორმაციით, ეს ახალი ავტომობილი ”სმარტის” ბრენდით გაიყიდება.

კარლოს გონი

....................................

”ფაინენშლ ტაიმსი” წერს, რომ ”დაიმლერს” ძლიერ სჭირდება პარტნიორი, რომელიც მცირეგაბარიტიანი ავტომობილების წარმოებაში დაეხმარება. გერმანული კომპანიის პატარა ავტომობილების ბიზნესი მომგებიანი არა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ”დაიმლერი” მათ შედარებით მცირე რაოდენობით აწარმოებს, ეს კი ავტომობილების თვითღირებულებას ზრდის. შედეგად, მათი ფასი არაკონკურენტუნარიანია.

კომპაქტური ავტომობილების გარდა, ორი კომპანია თანამშრომლობას ასევე მსუბუქი სატვირთოების სფეროშიც აპირებს. ფინანსური ანალიტიკის კომპანია ”სენფორდ ბერნშტაინის” ანალიტიკოს მაქს უორბარტონის თქმით, მოლაპარაკებათა დასაწყისში, ”დაიმლერს” სურდა, რომ ”რენოსგან” ერთობლივი კომპანია შეექმნა, ან მისგან კომპაქტური ავტომობილების წარმოების ლიცენზია მიეღო.

მაგრამ უორბარტონი ამბობს, რომ ”რენოსა” და ”ნისანის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ”დაიმლერისგან” უფრო ფართო კოოპერაციას მოითხოვს. სწორედ მისი ინიციატივაა აქციების გაცვლა, რაც მან ”დაიმლერის” მთავარ აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს პირადად შესთავაზა - ფრანგული კომპანია მზადაა, ”დაიმლერს”, მისი აქციების პაკეტის სანაცვლოდ, თავისი და ”ნისანის” აქციების პაკეტები გაუცვალოს.

აქციების გაცვლაზე ცეტშე თანახმაა, მაგრამ პრობლემა მათს ღირებულებებშია, რაც თანაბარი აქციების გაცვლას პრობლემურს ხდის. კერძოდ, ”დაიმლერის” აქციების საერთო ღირებულება 37 მილიარდ ევროს შეადგენს, ”რენოს” (რომელსაც ”ნისანის” აქციების დაახლოებით მესამედი ეკუთვნის) საბაზრო ღირებულება კი 9.7 მილიარდი ევროა (როიტერის მონაცემებით).

სააგენტო ბლუმბერგი გვამცნობს, რომ ”დაიმლერისა” და ”რენოს” მოლაპარაკებას სწორედ აქციების ღირებულების შეუთანხმებლობა აფერხებს. ზუსტად ისე, როგორც ეს ”პეჟო-სიტროენისა” და ”მიცუბიშის” მოლაპარაკების დროს მოხდა. მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ ამას ჭორები უწოდა და განაცხადა, რომ ჭორებზე კომენტირებას არ აპირებს.

ცნობისათვის, უკვე რამდენიმე წელია, რაც ”რენო”, რომელსაც ”ნისანის” გარდა, რუსული ”ავტოვაზიც” ეკუთვნის, უცხოელ პარტნიორს ეძებს. ორი წლის წინ, ფრანგულ კომპანიას ანალოგიური მოლაპარაკება ”ჯენერალ მოტორსთანაც” ჰქონდა, მაგრამ ის უშედეგოდ დასრულდა. ”დაიმლერს” კი ალიანსი უკვე ჰქონდა ამერიკულ ”კრაისლერთან”, მაგრამ ეს ალიანსი მისი დაშლით დასრულდა და ახლა გერმანული გიგანტი მსგავს წუმპეში მეორედ შებიჯებას ერიდება.

სხვათა შორის, ჟენევის ავტო შოუზე, გონმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ალიანსის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებას მხოლოდ ”დაიმლერთან” არ აწარმოებს.