Wednesday, March 31, 2010

ყველაზე მძლავრი ”ფოკუსი”

Ford Focus RS500

31 მარტი

”ფორდმა” თავისი პოპულარული ჰეჩბეკის, ”ფოკუსის” უმძლავრესი ვერსია - RS500-ის მონაცემები და ფოტოები გაავრცელა. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდა, ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაციამ ინტერნეტში გაჟონა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ამერიკულმა კომპანიამ მედიისთვის ამ ავტომობილის წარდგენა.

ავტომობილი აღჭურვილია 5-ცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ძრავით, რომელიც ტურბოკომპრესორის მეშვეობით, 345 ცხენის ძალას და 460 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ ამ აგრეგატის წყალობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა კი მას 5.6 წამში შეუძლია.

ძრავის სიმძლავრის გაზრდა შესაძლებელი გახდა შეშვების და გამომშვები სისტემების მოდერნიზაციით. გარდა ამისა, გაიზარდა ტურბინის საშუალედო გამაგრილებლის სიმძლავრე და შეიცვალა ძრავის მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა. სამაგიეროდ, არ შეცვლილა ჩაბერვის წნევა.

”ფორდის” ხელმძღვანელთა განცხადებით, ავტომობილმა ტესტები გერმანულ ავტოდრომ ნურბურგრინგის ჩრდილოეთ მარყუჟზე გაიარა. ტესტების პროცესში, 20-კილომეტრიანი ტრასა დაახლოებით 8 წუთში გაიარა, რაც ამ ტიპის ავტომობილისთვის კარგი შედეგია. გარდა ამისა, ერთ-ერთი სატესტო სესიის დროს, მან შეუჩერებლად 500 წრის გავლა შეძლო.

”ფოკუს RS500” მხოლოდ შავი მქრქალი ფერით შეიღებება და ის 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელზეც 235/35 R19 ზომის საბურავებია ჩაცმული, რომლებიც კარგად ახერხებენ მძლავრი ძრავის მიერ გამომუშავებული ჭარბი ცხენის ძალების მოთვინიერებას.

ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ სულ 500 ცალი ”ფოკუს RS500-ის” დამზადებას აპირებს. ამ ავტომობილის შეძენა მხოლოდ ევროპის 20 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ყველა მათგანს თავისი ინდივიდუალური ნომერი ექნება. ჯერჯერობით, უცნობია მისი ფასი. ”ფორდი” უმძლავრესი ”ფოკუსის” პრეზენტაციას 9 აპრილს, ლაიპციგის მოტორ შოუზე ჩაატარებს.