Tuesday, April 13, 2010

ლონდონური ქები ჩინური ”ჯილისგან”

Geely Englon TXN

13 აპრილი

ჩინურმა საავტომობილო კომპანია ”ჯილიმ”, რომელიც ახლახანს შვედური ”ვოლვოს” მფლობელი გახდა, პეკინის საავტომობილო შოუსთვის კონცეპტუალური მოდელი ”ენგლონ TXN” შექმნა და მის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები, გამოფენის დაწყებამდე გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ მალე მან ცნობილი ლონდონური შავი ქები უნდა შეცვალოს.

ამჟამად ლონდონურ ტაქსის კომპანია ”მანგანეს ბრონზ ჰოლდინგსის” შტო ”ლონდონ ტაქსის ინტერნეიშნლი” აწარმოებს. ”მანგანეს ბრონზ ჰოლდინგსის” აქციების 19.9 პროცენტი ”ჯილის” ეკუთვნის. მაგრამ ჩინური კომპანია ამას არ სჯერდება და მისი აქციების საკონტროლო პაკეტის დაუფლებას აპირებს.

ცნობისათვის, ”ლონდონ ტაქსის ინტერნეიშნლი” ლონდონურ ქებს 1948 წლიდან აწარმოებს. მისი ქარხანა, სადაც ქების ძარებს ამზადებენ, ქოვენთრიში მდებარეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც ”ჯილი” ”მანგანეს ბრონზს” დაეუფლება, ახალი ავტომობილის წარმოებას ალბათ ჩინეთში გადაიტანს. ამის გამო, ქოვენთრის ქარხანაში სამუშაო ადგილს 60 ადამიანი დაკარგავს. თუმცა, ამ ქარხანაში ტრადიციული ქების გამოშვება კვლავაც გაგრძელდება.

”ჯილიმ” და ”მანგანეს ბრონზმა” ქების შანჰაიში წარმოების შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ახალ საწარმოში ჩინური კომპანია 100 მილიონ დოლარს დააბანდებს. ამასთან, ერთობლივ საწარმოში ბრიტანული კომპანიის წილი 38 პროცენტი იქნება. შანჰაის ქარხანაში წლიურად დაახლოებით 20 000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. შედარებისთვის, ბრიტანული ქარხნის წარმადობა მხოლოდ 2 500 ავტომობილია.

”ფიატ 500C” - კაბრიოლეტი ”დიზელისგან”

Fiat 500C by Diesel

13 აპრილი

იტალიურმა კომპანიებმა - ”ფიატმა” და ჯინსების მწარმოებელმა ”დიზელმა” ერთობლივად შეიმუშავეს პოპულარულ მოდელ 500-ის კაბრიოლეტის ძარიანი ვერსიის ახალი დიზაინი, რომლის სახელწოდებასაც ”დიზელი” დაერთვება. ავტომობილის პრეზენტაცია იაპონიაში, ”ფიატ კაფე ინ აოიამაში” (ტოკიო) ჩატარდა და მას ”დიზელის” დამაარსებელი, რენცო როსოც დაესწრო.

”ფიატ 500C დიზელი” ევრო 5 სტანდარტის შესაბამის ოთხ ძრავს მიიღებს. ესენია: 1.2-ლიტრიანი 69 ცხენის ძალით, 1.4-ლიტრიანი და 16-სარქველიანი 100 ცხენის ძალით, 1.3-ლიტრიანი მულტიჯეტი 75 ცხენის ძალით და 1.3-ლიტრიანი მულტიჯეტი 95 ცხენის ძალით. ძრავებს 5, ან 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფები შეუწყვილდება.

ავტომობილი ფერების სამი კომბინაციით შეიღებება. ერთია მწვანე შავი სახურავით, მეორე შავი წითელი, ან შავი სახურავით და მესამე - ლურჯი (ეგრეთ წოდებული შუაღამის ინდიგო) სპილოს ძვლისფერი სახურავით. ეს უკანასკნელი ”დიზელის” სპეციალისტებმა შეიმუშავეს და სწორედ ჯინსის ფერს მოგვაგონებს.

ავტომობილის ექსტერიერის გასაფორმებლად უხვადაა გამოყენებული ქრომირებული დეტალები. ქრომის სიუხვე სალონშიც შესამჩნევია. ავტომობილი მისთვის უზარმაზარ, 16-დუიმიან, ორიგინალური დიზაინის ბორბლებზე დგას, რომელთა შიგნითაც, (ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვილ ვერსიაზე) ყვითელი ფერის სამუხრუჭე სუპორტები (დამჭერები) ჩანს.

ბორბლების ცენტრში, გადაცემათა კოლოფის საფეხურების გადამრთველ ბერკეტსა და ძარის სახურავის ცენტრალურ საყრდენებზე, ”დიზელის” ემბლემებია გამოსახული, რაც ავტომობილის ექსკლუზიურობას უსვამს ხაზს. სავარძლები ჯინსის მსგავსი ნაჭრითაა შეკერილი, რომლებსაც, ჯინსისვე სტილში, ნაკერები ყვითელი ძაფით აქვს გაკეთებული.

”ფიატი” ამ ავტომობილს მთელს მსოფლიოში გაჰყიდის. მის გაყიდვებს კი მაისში, იტალიაში დაიწყებს. ”ფიატ 500C დიზელის” საბაზო ღირებულება 18 000 ევრო იქნება.

ავტომობილი, რომელიც ჟანგბადს გამოჰყოფს

SAIC’s Leaf Concept Car

13 აპრილი

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ავტომობილის გამონაბოლქვზე უმკაცრეს სტანდარტებს აწესებენ. უფრო მეტიც, მათ, ვინც ამ სტანდარტებს ვერ დაიცავს, სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევს. ავტომწარმოებლების ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი პროდუქცია ახალ, უაღრესად მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანს ისეთი ავტომობილი შეექმნას, რომელიც ჰაერში გამონაბოლქვის სახით ჯანგბადს გამოჰყოფს. უფრო სწორედ, პირველი ასეთი შემთხვევის მომსწრენი, პეკინის საავტომობილო შოუს დამსწრენი გახდებიან. კომპანიას კი, რომელიც ასეთი უჩვეულო ქმნილებით გაგვაოცებს, ”შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი” (SAIC) ჰქვია.

იმ კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ, რომელიც SAIC-მა პეკინური ავტო რანდევუსთვის მოამზადა, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჩინურმა საინტერნეტო გამოცემა ”ჩაინა ქარ ტაიმსმა” გამოაქვეყნა. მისი ცნობით, ღია ავტომობილს მეტად უჩვეულო სახურავი აქვს, რომლის მთავარი დანიშნულებაც ჟანგბადის გამომუშავებაა. სახურავს ფოთლის ფორმა აქვს და მართალია, SAIC-ი მისი მუშაობის პრინციპის შესახებ არაფერს გვეუბნება, თუმცა აშკარაა, რომ ის ფოთლისვე პრინციპით (ფოტოსინთეზით) ახერხებს ჟანგბადის გამოყოფას. ჰო, მართლა, ავტომობილს სახელადაც ”ლიფ” (ფოთოლი) შეარქვეს.

”SAIC ლიფი” ელექტრომობილია. ის ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით აკუმულატორების ბლოკი კვებავს. თავის მხრივ, აკუმულატორები ენერგიას სახურავ-ფოთოლზე დამონტაჟებული ფოტოელემენტებიდან ივსებენ. გარდა ამისა, ენერგიის შევსებასვე ემსახურება ქარის მცირე ზომის ტურბინები, რომლებიც ამ უჩვეულო ავტომობილის ბორბლებშია განლაგებული.

პეკინური გამოფენის დაწყებამდე, SAIC-ი თავისი უჩვეულო ავტომობილის შესახებ არანაირ ტექნიკურ ინფორმაციას არ ავრცელებს.