Friday, April 23, 2010

”შევროლე ვოლტი” მინივენის ფორმაში

Chevrolet Volt MPV5

23 აპრილი

”ჯენერალ მოტორსს” ჯერ თავისი ფართოდ რეკლამირებული ჰიბრიდული ”შევროლე ვოლტის” წარმოება არ დაუწყია, თუმცა მის პლატფორმაზე ახალი ავტომობილების შემუშავებას უკვე შეუდგა. ამ ახალთაგან პირველი კი არის - ”შევროლე ვოლტ MPV5”, რომელიც ერთდროულად კომპაქტვენიცაა და ქროსოვერიც და რომელიც შარშან, პარიზის საავტომობილო შოუზე ნაჩვენებ ”შევროლე ორლანდოს” ბაზაზეა შექმნილი.
”შევი ვოლტთან” შედარებით, ”ვოლტ MPV5-ზე” მსხვილგაბარიტიანია. მას 15 სანტიმეტრით გრძელი ბაზა აქვს. ამასთან, ”ვოლტზე” 18 სანტიმეტრით გრძელი, ამდენივეთი მაღალი და 7 სანტიმეტრით განიერია. კომპაქტვენ-ქროსოვერის საბარგულის მოცულობა 863 ლიტრია და თუ უკანა სავარძლებსაც დავკეცავთ, ის 1764 ლიტრამდე იზრდება.

”ვოლტ MPV5-ის” ჰიბრიდული დანადგარი თითქმის ისეთივეა, როგორიც ”ვოლტზე”. გაიზარდა მხოლოდ აკუმულატორების ტევადობა და გენერატორის სიმძლავრე. მარტო ელექტროძრავით ამ ავტომობილს 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. როცა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ამოიწურება, მაშინ საქმეში ბენზინის 1.4-ლიტრიანი ძრავი ერთვება, რომელიც გენერატორს ამუშავებს, ეს კი აკუმულატორებსაც მუხტავს და ენერგიით ელექტროძრავსაც ამარაგებს. შედეგად, ავტომობილის სვლის სიშორე 482 კილომეტრამდე იზრდება.

კონცეპტუალური ”ორლანდსგან” ”ვოლტ MPV5-ს” წინა ნაწილის სხვანაირი (ვოლტის მსგავსი) დიზაინი და სალონი განასხვავებს, რომელიც ასევე ”ვოლტის” სტილშია შესრულებული.

მაინც, რა სახელით გამოჩნდება ეს ავტომობილი ბაზარზე? გენერლები ამაზე ჯერჯერობით სდუმან. თუმცა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი ”ვოლტის” ბაზაზე ცალკე სუბ-ბრენდს ქმნიან, როგორც ამას ”აუდი” ”e-ტრონთან” დაკავშირებით აკეთებს. თუ ასე მოხდა, მაშინ ”ვოლტ MPV5-ს” ეს სახელი შეუნარჩუნდება. მის შიდაწვისძრავიან ვერსიას კი ”ორლანდოს” სახელით გავიცნობთ.

”სიტროენ მეტროპოლისი” - კონცეპცია ჩინური დიზაინით

Citroen Reveals Chinese Designed Metropolis Concept

22 აპრილი

პეკინის საავტომობილო გამოფენაზე. ფრანგულმა კომპანია ”სიტროენმა” კონცეპტუალური ლიმუზინი ”მეტროპოლისი” წარადგინა, რომელიც ”PSA პეჟო-სიტროენის” საერთაშორისო ჯგუფის მიერ, შანჰაის დიზაინ-სტუდიაშია შექმნილი, რომლისთვისაც ეს პირველი ნამუშევარია.

”სიტროენ მეტროპოლისი” უფრო დიდია, ვიდრე ”მერსედეს-ბენცის” S-კლასის გრძელბაზიანი ვერსია. მისი სიგრძე 5.3 მეტრს აღწევს, სიგანეში კი (2.0 მეტრი) ”მაიბახ 62-ს” უტოლდება. მისი წარმოების დაწყების შემთხვევაში, ”სიტროენი” მისთვის ჯერაც უცხო ბაზარზე შეაბიჯებს.

”მეტროპოლისის” გარეგნობაში, კონცეპტუალურ მოდელ ”სიტროენ ჰიპნოსის” დიზაინთან მსგავსება შეინიშნება. მაგალითად, მათ ერთნაირი აქვთ კომპანიის ლოგო, რომელიც რადიატორის ზედა ნაწილშია მოთავსებული. მათ ასევე ერთნაირი აქვთ წინა ბამპერის კიდეებში განთავსებული ჰაერის ამღებები და უკანა ხედვის სარკეები. კონცეპტუალური ავტომობილი 21-დუიმიან, ორიგინალური დიზაინის მქონე ბორბლებზე დგას, რომლებიც 265/35 ზომის საბურავებითაა შემოსილი.

”მეტროპოლისი” აგებულია იმ პლატფორმის მოდიფიცირებულ ვერსიაზე, რომელსაც ”PSA პეჟო-სიტროენი” ორ მოდელზე - ”პეჟო 407-სა” და ”სიტროენ C6-ზე” იყენებს. ავტომობილი ჰიბრიდული ძალური დანადგარით და სრულამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელშიც შედის გადაბმის ორდისკოიანი ქურო და 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი.

ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 460 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 429 ნიუტონმეტრი. ჰიბრიდის მთავარი ნაწილია ბენზინის 2.0-ლიტრიანი V6 ძრავი, რომელთანაც შეწყვილებულია ელექტროძრავი. ამ უკანასკნელის ნომინალური სიმძლავრე 55 ცხენის ძალაა, თუმცა მცირე ხნით, მაქსიმუმმა შეიძლება 95 ცხენის ძალასაც კი მიაღწიოს.

კომპანიის განცხადებით, ”მეტროპოლისის” ჰიბრიდული დანადგარის მონაცემები, ბენზინზე მომუშავე 4.0-ლიტრიანი V8 ძრავისას შეესაბამება. სამაგიეროდ, ყოველი კილომეტრის გავლისას, ის ატმოსფეროს მხოლოდ 70 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

რა თქმა უნდა, ფრანგული კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, აპირებს თუ არა ”მეტროპოლისის” ბაზაზე სერიული ავტომობილის შექმნას და წარმოებას. ინგლისური ჟურნალი ”ავტოქარი” კი აზუსტებს, რომ მისი წარმოების შემთხვევაში, ”მეტროპოლისი” ”ორმაგი შევრონის” სამოდელო გამაში ჯერ არარსებულ, უმაღლეს ნიშას დაიკავებს.

ცნობისათვის, დღეისათვის ”სიტროენისთვის” ჩინეთი მსოფლიოში მეორე უდიდესი ბაზარია. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სიახლე პირველად სწორედ ჩინურ გამოფენაზე წარსდგა.