Monday, May 3, 2010

პირელი” მალე საზრიანი საბურავების გაყიდვას დაიწყებს

'Intelligent tyres' by 2013

3 მაისი

ჩიპი საბურავის შიგნით
.......................................................................
სამი წელი და ევროპის ბაზარზე ეგრეთ წოდებული ”ინტელექტუალური” საბურავების გაყიდვა დაიწყება. პრინციპში, აქ გამოთქმა ეგრეთ წოდებული უადგილოა, რადგან საბურავებს, რომლებსაც წარმოებისთვის იტალიური კომპანია ”პირელი” ამზადებს, ინტელექტი აქვს. ინტელექტის წყაროს კი - მიკროჩიპს, ინგლისური კომპანია ”შრადერ ელექტრონიკსი” ამზადებს.

მიკროჩიპი

................................

მიკროჩიპი საბურავის გარსის შიგნით თავსდება და ავტომობილის შესაბამის მაკონტროლებელ სისტემას უმავთულოდ უკავშირდება. ჩიპი ადგენს პროტექტორის ცვეთის ხარისხს, საბურავის შიდა წნევასა და ტემპერატურას, გზის საფართან ჩაჭიდების ხარისხს. მასვე შეუძლია იმის დადგენაც, გზა სველია, თუ მშრალი, დათოვლილი, თუ მოყინული. მთელი ეს ინფორმაცია ავტომობილის მთავარ კომპიუტერს გადაეცემა, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს და საკიდარს, სამუხრუჭე, სტაბილიზაციის და ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემებს, შესაბამისად მომართავს.

ჭკვიან საბურავებს ”საიბერ ტაია ლინ” უწოდეს. ამ საბურავის პირველი საცდელი და სადემონსტრაციო ეგზემპლარები ევროპაში წელსვე გამოჩნდება, მის სერიულ წარმოებას კი (სახელწოდებით საიბერ ტაია) ”პირელი” 2013 წელს დაიწყებს.

სხვათა შორის, პირველმა ინტელექტუალური საბურავები უტალიურმა სადიზაინერო სტუდია ”ფიორავანტიმ” 2006 წელს შეიმუშავა და თავის გამოგონებაზე პატენტიც აიღო. მაგრამ მაშინვე ეს პატენტი მისგან ”პირელიმ” გამოისყიდა და ტექნოლოგიის დანერგვაზე ზრუნვას შეუდგა.

”ფოლკსვაგენი” ”ახალი ხოჭოს” წარმოებას აჩერებს

VW to Stop New Beetle's Production

3 მაისი

”ფოლკსვაგენი” ადასტურებს, რომ მალე გააჩერებს ”ახალი ხოჭოს” (სურათზე) წარმოებას. წლის ბოლოს კი, ლოს ანჯელესის საავტომობილო გამოფენაზე, მეორე თაობის ”ახალ ხოჭოს” გვიჩვენებს. იმავდროულად, გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ”ახალი ხოჭოს” მარაგი ჯერაც არსებობს და რომ მასზე შეკვეთების მიღება კვლავაც გაგრძელდება.

”დილერების სადგომებზე ჯერაც საკმაოდ ბევრი”ახალი ხოჭოა” შემორჩენილი. ასე რომ, ამ მარაგების ამოწურვამდე, მსურველებს მისი შეძენის საშუალება ექნებათ”, - ამბობს ”ფოლკსვაგენის” ავსტრალიური შტოს წარმომადგენელი. ვოლფსბურგული გიგანტის ამერიკული შტოს შეფი სტეფან ჯეკობი კი დასძენს, რომ მეორე თაობის ”ახალი ხოჭო” ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.

ამერიკულ გამოცემა ”აუტოუიკის” ინფორმაციით, შემდეგი თაობის ”ახალი ხოჭო” ”ფოლკსვაგენის” ბენზინის 2.0-ლიტრიანი (ოთხცილინდრიანი) და 2.5-ლიტრიანი (ხუთცილინდრიანი - ეს ამერიკული ბაზრისთვის) ძრავებით აღიჭურვება. გარდა ამისა, ახალი ავტომობილისთვის ჰიბრიდული სისტემაც შემუშავდება, რომლის მთავარი აგრეგატიც 1.4-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატი იქნება.

შემდეგი თაობის ”ახალი ხოჭო” იმავე პლატფორმაზე აიგება, რომელსაც ვოლფსბურგელები ახალი ”ჯეტასთვის” ამზადებენ. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზეა მოსალოდნელი. ახალი, დიდი პლატფორმა იმის მაუწყებელია, რომ ახალი ”ხოჭო” გაბარიტებშიც გაიზრდება და მისი დინამიკური მახასიათებლებიც გაუმჯობესდება.

ცნობისათვის, პირველი თაობის ”ახალი ხოჭო” ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა და ის მეოთხე თაობის ”გოლფის” პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც ასევე ”აუდი” თავისი TT-სთვის იყენებს. მოსალოდნელია, რომ ახალ ავტომობილს ევოლუციური დიზაინი ექნება, თუმცა ის ასევე რეტრო სტილსაც შეინარჩუნებს და ნაკლებად ”ქალური” გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2005 წლის კონცეპტუალურ ”რაგსტერს” დაემსგავსება.

გორდონ მარიმ ჯუჯა T25-ის გამოცდა დაიწყო

Murray T25

3 მაისი

ფორმულა 1-ში სახელმოხვეჭილ ბრიტანელ ინჟინერ გორდონ მარის ინჟინირინგულმა კომპანია ”გორდონ მარი დიზაინმა”, თავისი რევოლუციური ავტომობილის, სამადგილიან ჯუჯა T25-ის საგზაო გამოცდები დაიწყო. ავტომობილი, რომელიც ”სმარტზე” გაცილებით პატარაა, ტესტირებას სარეის საგრაფოში, კომპანიის შტაბ-ბინის სიახლოვეს გადის. ტესტირების დროს, მისთვის გადაღებული პირველი ფოტო ხელში ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტოქარმა” ჩაიგდო.

ცნობისათვის, გორდონ მარის ფორმულა 1-ში რამდენიმე საინტერესო პროექტი აქვს შესრულებული. მანვე დააპროექტა ”მაკლარენის” ლეგენდარული სუპერ ავტომობილი F1, რომელსაც დინამიკური მახასიათებლებით ბევრი ახლაც ვერ შეედრება. ის ამჟამად საქალაქო ულტრაკომპაქტური ავტომობილის შესაქმნელად მუშაობს, რომლის წარმოების ლიცენზიასაც რომელიმე დიდ კიმპანიას მიჰყიდის. გარდა ამისა, მას წარმოების ახალი სტილი აქვს შემუშავებული, რომლითაც საწარმოო და ენერგიის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაა შესაძლებელი.

სამადგილიანი T25-ის ბაზა ”სმარტ ფორთუსა” და ”ტოიოტა iQ-საზე” მოკლეა. სამაგიეროდ, მის სალონში მეტი ადგილია. აქ მძღოლს ცენტრალური ადგილი უკავია, ორი მგზავრი კი მის გვერდებზე და ოდნავ უკან თავსდება (როგორცF1-ში). საკმაოდ მოზრდილია საბარგულის ადგილი, სადაც რამდენიმე მოზრდილი ჩანთის მოთავსება შეიძლება. ამასთან, თუ სავარძლები დაიკეცება, საბარგულის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჯუჯა ავტომობილი სულ რაღაც 650 კილოგრამს იწონის. ბენზინის ძრავი, რომლის მუშა მოცულობაც 660 კუბური სანტიმეტრია, უკანა ნაწილში თავსდება და უკანა ბორბლებს ამუშავებს. ძრავის მაბრუნ მომენტს 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს.

შიდაწვისძრავიანი ავტომობილის გარდა, მარის კომპანია T25-ის ელექტრულ ვერსიასაც (T27-ს) ამზადებს, რომლის ტესტირებასაც წელსვე დაიწყებს. ამ ავტომობილზე ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკს გამოიყენებენ, რომლის ტევადობაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ T27-მა ერთი სრული დამუხტვით 100 კილომეტრის გავლა შესძლოს. აკუმულატორების სრულ დამუხტვას კი 4 საათი დასჭირდება.

ამ ორი ავტომობილის ტესტირებისთვის 14 თვეა გამოყოფილი, მათი სერიული წარმოება კი ორი წლის შემდეგ დაიწყება.

”პუ-პა” - მომავლის ელექტრომობილი იაპონიიდან

Teijin Electric Vehicle Concept Presented in Japan

3 მაისი

ელექტრომობილების თემა მსოფლიო ავტოინდუსტრიაში სულ უფრო პოპულარული ხდება. მართალია, მათი წარმოება ჯერ არავის დაუწყია, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევების ჩატარებას ხელს არაფერი უშლის. და იქმნება უამრავი კონცეპცია, რომელთა დიდი ნაწილი კონვეიერზე ალბათ ვერასდროს მოხვდება, ზოგში გამოყენებულ იდეებს კი ალბათ მალე სერიულ ავტომობილებზე ვიხილავთ.

ერთ-ერთი ასეთი ქმნილება ახლახანს საზოგადოებას იაპონურმა კომპანია ”ტეიძინმა” წარუდგინა. კონცეპტუალურ ავტომობილს სახელად ”პუ-პა EV” (ელექტრომობილი პუპა) უწოდეს. მისი დამზადებისას, ინჟინრებმა ფართოდ გამოიყენეს ისეთი მსუბუქი მასალები, როგორებიცაა ნახშირბადის კომპოზიტი, პოლიკარბონატული ფისები და ბიო-ნედლეულიდან მიღებული პოლიესტერი. ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ ”პუპა” მხოლოდ 437 კილოგრამს იწონის.

ეს კონცეპტუალური ელექტრომობილი მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდ შეიქმნა, რომ დაგვენახა, როგორი შეიძლება იყოს მომავლის ელექტრომობილები. ”პუპა” გვიჩვენებს, რომ ელექტრომობილებისადმი მთავარი მოთხოვნა კომპაქტურობა და სიმსუბუქე იქნება. რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, რომ წარმოებისას გადამუშავებადი მასალები გამოიყენონ.

”პუპა-ს” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 60 კმ/სთ-ია (ურბანულ ელექტრომობილს მეტი არც სჭირდება), მისი სვლის სიშორე კი 100 კმ - ქალაქში გამოყენებისთვის მეტი საჭირო არცაა. მისი მზიდი ტანი და ძარა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, ფანჯრებისთვის კი შუშის ნაცვლად, პოლიკარბონატული ფისი გამოიყენეს. შედეგად, ფანჯრების წონა განახევრდა.

ავტომობილის დამზადებისას, ბევრი ეკოლოგიურად სუფთა მასალაც გამოიყენეს. მაგალითად, ინტერიერში ბევრი ისეთი დეტალი შეგხვდებათ, რომლებიც ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულისგანაა ნაწარმოები. ასეთ მასალებს შორის კი ყველაზე უნივერსალური პოლიესტერია, რომლისგანაც სავარძლები, სახურავის საიზოლაციო შრე და სხვა ნაწილები დაამზადეს.

”ტეიძინმა” კონცეპტუალური ელექტრომობილი ტოკიოში, თავისი შტაბ-ბინის სიახლოვეს მდებარე საკუთარივე სტუდიის შოურუმში გამოფინა, რომელსაც იაპონური კომპანია თავისი ინოვაციური ტექნოლოგიების საჩვენებლად იყენებს ხოლმე.

ცნობისათვის, ”ტეიძინის” ჯგუფის საქმიანობა ინდუსტრიის ოთხ სფეროს მოიცავს. ესენია: ავტომობილები და თვითმფრინავები, ინფორმატიკა და ელექტრონიკა, მედიცინა და ეკოლოგიური ტექნოლოგიები.