Thursday, May 6, 2010

”ჯილი” მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს გამოუშვებს

Geely's £1500 Nano rival

6 მაისი

ჩინური საავტომობილო კომპანია ”ჯილი”, რომელმაც ახლახანს ”ფორდისგან” შვედური ”ვოლვო” გამოისყიდა, მალე ახალი სუბკომპაქტური ჰეჩბეკის წარმოებას დაიწყებს, რომელიც, კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წოდებას ”ტატა ნანოს” ჩამოართმევს.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი ავტომობილის ფასი 1760-2350 ევროს ფარგლებში მოექცევა. შედარებისთვის, ინდური კომპანიის უიაფესი ავტომობილი - ”ტატა ნანო” უკვე დაახლოებით 2900 ევრო ღირს. მისი წარმოების დასაწყისში, ამ ავტომობილის ღირებულება 2500 დოლარი იყო.

”ჯილის” წარმომადგენელთა განცხადებით, გარეგნულად ახალი ჰეჩბეკი კონცეპტუალურ ჰიბრიდულ მოდელ IG-ს დაემსგავსება, რომლის პრემიერაც ახლახანს, პეკინის საავტომობილო შოუზე გაიმართა.

ამ კონცეპტუალურ ავტომობილს თოლიას ფრთის ტიპის კარები გამოარჩევს, თუმცა მისი წარმოების თვითღირებულების შესამცირებლად, სერიულ ვერსიაზე ჩვეულებრივ კარებებს დააყენებენ. ავტომობილს ორი სრულფასოვანი და ორიც ფსევდო ადგილი ექნება. შესაბამისად, მისი ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2.

კონცეპტუალური IG-ს გაბარიტები სერიულ მოდელზეც უცვლელად დარჩება. მისი სიგრძე 3.085 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.100 მეტრია. ეს კი ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს შესაბამის პარამეტრებზე, 0.185 და 0.100 მეტრით მეტია.

ჩინურ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ჰეჩბეკის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება ”ტატა ნანოსაზე”. ამასთან, მის კაპოტქვეშ განთავსდება ბენზინის ძრავი, რომლის მუშა მოცულობა 0.988 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე კი 69 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატს კი უსაფეხურო ვარიატორი შეუწყვილდება.

სავარაუდოდ, ”ტატა ნანოს” ჩინური კონკურენტის წარმოება 2012 წელს დაიწყება. უფრო მოგვიანებით კი, ”ჯილი” მის ბაზაზე ელექტრომობილს მოამზადებს, რომელიც 80-ცხენისძალიანი ელექტროძრავით და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკით აღიჭურვება. მათი მეშვეობით, ელექტრომობილი შეუჩერებლად 150 კილომეტრის გავლას შეძლებს.

მარკიონე კარლოს გონის წარმატების გამეორებას ცდილობს

Marchionne faces tough challenge to match Ghosn's success

6 მაისი

ოთხი თვით ადრე, სანამ ”ფიატი” ”კრაისლერის” ჯგუფის საკონტროლო პაკეტს დაეუფლებოდა, იტალიური კონცერნის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე არ მალავდა, რომ მას ”ფიატის” ბაზაზე, ახალი კონგლომერატის ჩამოყალიბება სურდა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ავტო მწარმოებელთა მოწინავე ხუთეულში შევიდოდა.

2008 წლის 11 დეკემბერს, როდესაც ტურინში, ”ფიატის” შტაბ-ბინაში, 1 500 ადამიანის წინაშე საუბრობდა, მან განაცხადა, რომ ბაზარზე ადგილის დიდი ხნით შესანარჩუნებლად, ”ფიატს” სხვა კომპანიებთან ალიანსის ჩამოყალიბება სჭირდება. მაშინვე მას კრიზისში მყოფი რამდენიმე კომპანია ჰქონდა შეგულებული. მაგრამ თითქმის ყველასთან დაახლოება ჩაეშალა.

სერჯო მარკიონე

........................................

არადა, თავიდან თითქოს, ”ჯენერალ მოტორსი” თანახმა იყო, რომ ”ფიატისთვის” თავისი ორი ევროპული შტო - გერმანულ-ბრიტანული ”ოპელ-ვოქსჰოლი” და შვედური ”სააბი” მიეყიდა. გარდა ამისა, ტურინელებს კრიზისში მყოფი ამერიკული გიგანტის სამხრეთამერიკული ბიზნესის დაუფლებაც სურდათ. მაგრამ მალე ”გენერლებისგან” ყველა ვარიანტზე უარი მიიღეს.

”მარკიონეს სურდა, რომ დიდი საავტომობილო ჯგუფი შეექმნა, რომელიც ”ფიატის” ქოლგის ქვეშ გაერთიანდებოდა. მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ახლა გაცილებით ძნელი იქნება”, - ამბობს ”ფიატის” ექსპერტი და მილანის ბოჩონის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ჯუზეპე ბერტა.

მარკიონე ცდილობს, გაიმეოროს კარლოს გონის წარმატება, რომელმაც ორი კომპანია - ფრანგული ”რენო” და იაპონური ”ნისანი” გააერთიანა და ახლა ორივეს სათავეში უდგას. თან, საკმაოდ წარმატებითაც. უკვე 11 წელია, რაც ამ ორმა კომპანიამ ალიანსი ჩამოაყალიბა და ამ პერიოდში, ის ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გაერთიანებად იქცა.

კარლოს გონი

...................................

მარკიონეს კი, გონთან გატოლებაში ბევრი გარემოება უშლის ხელს, რომლებსაც სულ ახლახანს კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი დაემატა - ”რენოსა” და ”ნისანის” ტანდემმა ახალი ალიანსი ჩამოაყალიბა. ამჯერად მას ”დაიმლერი” შეუერთდა (პარიტეტულ საწყისებზე), რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია.

21 აპრილს, ტურინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, მარკიონემ ”ფიატ-კრაისლერის” ურთიერთობის მისეული ხედვა წარმოადგინა. მისი გეგმის მიხედვით, ორმა კომპანიამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ახალი პროდუქციის შემუშავებისა და დისტრიბუციის საქმეში. გარდა ამისა, მათ ახალი პარტნიორები სჭირდებათ ჩინეთში. ამ გეგმის განხორციელება წარმატებულად ჩაითვლება, თუ 2014 წელს ალიანსის გაყიდვების მოცულობა 6 მილიონ ავტომობილს მიაღწევს. ამჟამად, ორივე კომპანიის ჯამური გაყიდვები მხოლოდ 3.3 მილიონს შეადგენს. მოკლედ, თავისი გეგმის შესასრულებლად, მარკიონეს წარმოების თითქმის გაორმაგება მოუწევს, რაც აშკარად არ იქნება იოლი საქმე.

მარკიონე არ მალავს, რომ ”კრაისლერის” მიერთებისას, ”ფიატის” მთავარი მიზანი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის (კანადა, აშშ და მექსიკა) ბაზარზე შეღწევა იყო. დღეს ეს მიზანი მიღწეულია და ახლა მარკიონე ამ ალიანსიდან მაქსიმალური ხეირის გამოწურვას ეცდება. სხვათა შორის, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ”კრაისლერი” პირველ კვარტალს მოგებით დაასრულებს.

2009 წლის მარტიდან, 2010 წლის მარტამდე, ”კრაისლერის” წილი აშშ-ის ბაზარზე 2 პროცენტული მაჩვენებლით, 9.2 პროცენტამდე შემცირდა. ეს იმ დროს, როდესაც ”ფორდის” წილი 14.7-დან 17.4 პროცენტამდე გაიზარდა, ”ჯენერალ მოტორსისა” კი - 18.6-დან 18.6 პროცენტამდე. ავტო ინდუსტრიის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი მარიან კელერი ვარაუდობს, რომ 57 წლის მარკიონეს მიზანი, მისმა ალიანსმა აშშ-ში წელს 1.1 მილიონი ავტომობილი გაჰყიდოს, მიუწვდომელია.

გონმა, ვინც ამჟამად 56 წლისაა, ალიანსის ჩამოყალიბებიდან სულ რაღაც 17 თვეში, ”ნისანი” მომგებიან კომპანიად აქცია. იაპონური კომპანიის შემოსავალმა მაშინ 66 მილიარდ დოლარს, სუფთა მოგებამ კი რეკორდულ 3.6 მილიარდს მიაღწია. ამ მიღწევით, ის ავტოკომპანიების გარდაქმნის საქმის ეტალონად იქცა.

ორივე კომპანიაში მისვლისთანავე, გონმა უმალ მოიპოვა ავტორიტეტი როგორც თანამშრომლებს შორის, ასევე მთლიანად ავტო ინდუსტრიაში. ორივე შემთხვევაში, მან მოკლევადიანი მიზნები დაისახა და პირობა დადო, რომ მათი მიუღწევლობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებდა.

1999 წლის ოქტომბერში, მან ”ნისანის” გადარჩენის გეგმა შეიმუშავა და პირობა დადო, რომ იაპონურ კომპანიის ბიზნესს 2001 წელს მომგებიანად აქცევდა, კიდევ ორ წელიწადში კი საოპერაციო მარჟას 4.5 პროცენტამდე გაზრდიდა. გონის ხელმძღვანელობით, ორივე მიზანს კომპანიამ ერთი წლით ადრე მიაღწია.

გონისგან განსხვავებით, მარკიონე ალიანსის შექმნისთანავე პრობლემებს წააწყდა. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდა, მან სხვა დიდი პრობლემები გადაიტანა. ის დიდი მონდომებით ცდილობდა ”ჯენერალ მოტორსის” ბიზნესის ნაწილის ”ფიატთან” შეერთებას. თითქოს, თავიდან ამერიკულ კომპანიას ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია. ”ფიატის” ნაცვლად, ”ოპელის” მყიდველად არჩევანი თავიდან კანადურ ”მაგნაზე” შეჩერდა, შემდეგ კი გერმანული კომპანია საერთოდაც დაიტოვა, რისთვისაც ”ოპელის” მთავარი აღმასრულებლის, ფრიც ჰენდერსონის მიერ ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებებიც კი დაარღვია.

მარკიონეს კი ისღა დარჩენოდა, ორ ვარიანტს შორის უარესზე - ”კრაისლერზე” შეეჩერებინა თავისი არჩევანი, რომელიც ორიოდე წლით ადრე, სრულიად გამოფიტული, ”დაიმლერმა” მიაგდო (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). ტურინელებმა ამერიკული კომპანიის 20 პროცენტი მიიღეს, თავად კი ”კრაისლერსთვის” თავიანთი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახადეს. ცნობისათვის, ”კრაისლერის” აქციების 67.7 პროცენტი კომპანიის პენსიონერთა ჯანმრთელობის დაცვის ფონდის ხელშია, დარჩენილ წილს კი აშშ-ის და კანადის მთავრობები აკონტროლებენ.

მარკიონეს მომხრეები ამბობენ, რომ ჯერ ადრეა მისი შესაძლებლობების შეფასება, რადგან ჯერ მხოლოდ 10 თვეა, რაც ის ”კრაისლერს” ხელმძღვანელობს. ანალიტიკურ კომპანია ”ელიქს პარტნერზის” თანა-პრეზიდენტი სტეფანო ავერსა, ვინც ”ფიატსა” და ”ჯენერალ მოტორსს” შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, ამბობს, რომ მარკიონეს მუშაობის შედეგი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ამერიკული კომპანია ”ჯიპ გრანდ ჩეროკისა” და ”კრაისლერ 300-ის” ახალი ვერსიების გაყიდვას დაიწყებს და სამოდელო გამასაც თანდათან გაამრავალფეროვნებს.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მარკიონეს მდგომარეობას ართულებს. მაგალითად, დღეს ბაზარი კრიზისის შედეგებს იმკის და გაყიდვები უაღრესად გართულებულია. გონმა კი, ”ნისანი” როცა ჩაიბარა, მაშინ ამერიკის ბაზარზე გაყიდვების ბუმი იყო. გარდა ამისა, დღეს საერთაშორისო ავტო ბაზარზე გაცილებით ძლიერი კონკურენციაა, ვიდრე 11 წლის წინ. კერძოდ, დღეს მთელს მსოფლიოში მოქმედ ავტომწარმოებლებს 90 მილიარდი ავტომობილის წარმოება შეუძლიათ, რაც დაახლოებით 30 მილიარდით მეტია გლობალური ბაზრის მოთხოვნაზე.

გაგრძელება იქნება