Saturday, May 8, 2010

ქროსოვერი ASX ”მიცუბიშის” ევროპული ბესტსელერი გახდება

Mitsubishi expects ASX to be its Europe sales leader

8 მაისი

”მიცუბიშის” ხელმძღვანელობა ახალ კომპაქტურ ქროსოვერ ASX-ზე დიდ იმედებს ამყარებს. იაპონურ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ეს ავტომობილი, ევროპაში გაყიდვების მოცულობით, მალე სუბკომპაქტურ ”კოლტს” გადაასწრებს და ”მიცუბიშის” ბესტსელერი გახდება. უფრო კონკრეტულად კი, მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ ევროპასა და რუსეთში, ერთ წელიწადში დაახლოებით 37 000 ცალი ASX-ის გაყიდვას შესძლებენ.

”მიცუბიშის” ასევე იმედი აქვს, რომ ახალი ქროსოვერი მის იმიჯსაც შეცვლის. დღეისათვის, ამ კომპანიას იცნობენ, როგორც უგზოობის დიდი ზომის, არაეკონომიური ავტომობილების მწარმოებელს. მომავალში კი, სასურველი იქნება, თუ მას ეკონომიური ქროსოვერების მწარმოებლის იმიჯი ექნება.

იმიჯის შესაცვლელად, ”მიცუბიშიმ” შემდეგ ხერხს მიმართა - თავის ზოგიერთ ავტომობილს უგზოობის მოდელად (რომლებსაც ყველა, როგორც საწვავის უზომოდ მომხმარებლებს, ისე უყურებს) აღარ მოიხსენიებს და მათ ქროსოვერებს უწოდებს. ამგვარად, ASX კომპაქტური ქროსოვერია, ”აუტლანდერი” კი - საშუალო ზომის ქროსოვერი. არადა, ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპის” სტანდარტებით, ორივე ავტომობილი საშუალო ზომის უგზოობის კლასს მიეკუთვნება.

და მაინც, ქროსოვერები უფრო ახლოსაა ჩვეულებრივ ჰეჩბეკებთან და ”მიცუბიშისაც” სწორედ ის აწყობს, რომ თავის ავტომობილებს ქროსოვერებს უწოდებდეს. არადა, ევროპაში ამ კომპანიას დიდი გამავლობის ”პაჯეროსა” და პიკაპ L200-ის მწარმოებლის სახელით იცნობენ. ეს გარდაქმნა იაპონურმა ავტომწარმოებელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაზარზე მეორე თაობის ”აუტლანდერი” გამოუშვა (2005 წელს).

სხვათა შორის, ASX-ს პლატფორმა და ნაწილების 70 პროცენტი უფრო დიდგაბარიტიანი ”აუტლანდერის” აქვს. მაგრამ მათ მაინც გამონაბოლქვში CO2-ის ოდენობა განასხვავებს. რა თქმა უნდა, გამონაბოლქვი უფრო სუფთა ASX-ს აქვს. მის ვერსიებს შორის კი ყველაზე ეკოლოგიური ისაა, რომელიც 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი. ყოველი კილომეტრის გავლისას, ის ატმოსფეროში 135 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. შედარებისთვის, 2.0-ლიტრიანი დიზელით აღჭურვილი ”აუტლანდერის” შესაბამისი მაჩვენებელი 183 გრამია.

ახალი ქროსოვერის გამონაბოლქვი რომ შედარებით სუფთაა, ამას თავისი მიზეზები აქვს. ჯერ ერთი, მისი ძრავები უფრო ეკონომიური და ეფექტურია. მეორეც, ASX ”აუტლანდერზე” 200 კილოგრამით მსუბუქია. წონის შემცირება კი მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების ხარჯზე მოხდა.

ცნობისათვის, ASX მე-13 ავტომობილია, რომელიც ”მიცუბიშიმ” ეგრეთ წოდებულ არქიტექტურა ”პროჯექტ გლოუბლის” ფარგლებში გამოუშვა. ეს არქიტექტურა კი იაპონურმა კომპანიამ ”კრაისლერთან” ერთად მაშინ შეიმუშავა, როდესაც ორივე ტრანსატლანტიკურ კონგლომერატ ”დაიმლერკრაისლერის” ნაწილი იყო.

ძველი კოოპერაცია დასრულდა, თუმცა ძველ პროექტს იაპონელები ჯერაც წარმატებით იყენებენ. ქროსოვერი ASX იმდენად პერსპექტიულია, რომ მას ”მიცუბიში” თავისი ფრანგი პარტნიორის, ”PSA პეჟო-სიტროენისთვისაც” ორივე მარკით დაამზადებს. სხვათა შორის, ამ სამმა კომპანიამ პარტნიორობა უფრო ადრე ”აუტლანდერით” დაიწყო, რომელსაც ”მიცუბიში” ”სიტროებისთვის” C-ქროსერის სახელით, ”პეჟოსთვის” კი ”პეჟო 4007-ის” სახელით აწარმოებს.

”ოპელი” ჩინეთში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში ექსპანსიას გეგმავს

Opel mulls expansion in China, S. America, Africa and Australia

8 მაისი

ნიკ რილი

..............................

”ოპელ/ვოქსჰოლის” ხელმძღვანელობა ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს ბიზნესის ექსპანსიას გეგმავს. პირველ რიგში, ჩინეთის ბაზარზე შეღწევის საკითხი განიხილება, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის ჯერიც დადგება. ამის თაობაზე, ”ოპელ/ვოქსჰოლის” მთავარმა აღმასრულებელმა ნიკ რილიმ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა.

რილის თქმით, მისი კომპანიისთვის უცხო ბაზრებზე ექსპანსიის საკითხი იმის გამო დადგა, რომ ევროპული ბაზარი კვლავაც ვერ იზრდება, რაც ”ოპელის” და ”ვოქსჰოლის” გაყიდვებზე უარყოფითად აისახება. რილის თქმით, თუ ”ოპელმა” შარშან 1.2 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, წელს გაყიდვების მოცულობა მილიონამდე შემცირდება.

ოპელ ინსინია

...................................

იმავდროულად, რილი ”ოპელის” აშშ-ის ბაზარზე შესვლას გამორიცხავს, რადგან იქ, გერმანული კომპანიის სამოდელო გამის ანალოგს ”გენერლები” თავიანთი ამერიკული ბრენდის, ”ბიუიკის” სახელით ჰყიდიან. მაგალითად, ”ოპელის” საუკეთესო ავტომობილი ”ინსინია” ამერიკაში ”ბიუიკ რეგალის” სახელით იყიდება და იქ ”ინსინიას” შეტანა შიდა კონკურენციას გამოიწვევს.

რილის თქმით, ჩამოთვლილ ქვეყანათაგან, ზოგან ”ოპელს” კარგად იცნობენ და ”ჯენერალ მოტორსის” იქაური დილერები, ბაზარზე ”ოპელის” დაბრუნებას ითხოვენ. ასეთი ბაზრებია სამხრეთ ამერიკა და სამხრეთ აფრიკა. გარდა ამისა, რილი ამბობს, რომ ”ოპელს” კარგი პერსპექტივა ავსტრალიაშიც აქვს.

რაც შეეხება ჩინეთს, ეს განსაკუთრებული ბაზარია. სხვათა შორის, ცისქვეშეთში ბიუიკ რეგალი” დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ ”შევროლეც” კარგა ხნის დამკვიდრებულია, თუმცა იქაური ბაზარი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გენერლებს შიდა კონკურენცია იქ ნაკლებად ადარდებთ.

ამასთან, რილის ესმის, რომ ჩინეთში ”ოპელს” ბევრი მანქანის გაყიდვა გაუჭირდება, რადგან იქაური მყიდველი ნაკლებად ეტანება ძვირადღირებულ ავტომობილებს. ”ჩინეთში ”ოპელს” კარგი იმიჯი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, პროდუქციის მრავალფეროვნებით ვერ დავიკვეხნით”, - ამბობს რილი, ვინც ”ოპელის” ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ”ჯენერალ მოტორსის” აზიური ოპერაციების შეფი იყო.

დღეისათვის, ”ოპელი” ჩინეთში მხოლოდ ორ მოდელს - სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”კორსას” და მინივენ ”ზაფირას” ჰყიდის. მალე კი იქ ”ასტრას” სედანისძარიან ვერსიას და სედან ”ინსინიასაც” შეიტანს. ცნობისათვის, შარშან გერმანულმა კომპანიამ ჩინეთში სულ რაღაც 3 000 ავტომობილის გაყიდვა შესძლო.

სხვათა შორის, ადრე ”ჯენერალ მოტორსმა” თავად გადაწყვიტა, რომ ”ოპელის” მარკით ავტომობილები მხოლოდ ევროპის ბაზარზე გაყიდულიყო, რადგან ასე მყიდველს არ წაართმევდა თავისსავე ბრენდებს - ”შევროლეს”, ”ბიუიკს” და ავსტრალიურ ”ჰოლდენს”. ეს ის ბრენდებია, რომლებიც გერმანული კომპანიის ტექნოლოგიებს იყენებენ.

ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, ახალ ბაზრებზე ”ოპელი” ”ჯენერალ მოტორსის” მოქმედ სადილერო ქსელებს გამოიყენებს, თუ საკუთარ ქსელს შექმნის. თუ არჩევანი მეორე ვარიანტზე შეჩერდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ”ოპელი” ახალი ბაზრების აგრესიულ ათვისებას დაიწყებს.

”აუდი” ახალი A2-ის გაყიდვას 2012 წელს დაიწყებს

New Audi A2 due in 2012

8 მაისი

ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”აუდი” წარმოებისთვის თვის ჰეჩბეკ A2-ის ახალი თაობის ავტომობილს ამზადებს. წინასწარი მონაცემებით, გერმანული კომპანია უარს იტყვის ალუმინის ძარაზე, რაც ავტომობილს ძალიან აძვირებს. ახალი A2 ფოლადის ფურცლებისგან დამზადდება.

”ავტოქარი” დასძენს, რომ ახალი ავტომობილის დიზაინი შემუშავების პროცესშია. არადა, ”აუდის” დირექტორთა საბჭოს წევრ მაიკლ დიკს, ვინც ტექნიკურ საკითხებს კურირებს, ნათქვამი აქვს, რომ პროექტი უკვე შემუშავებულია და კომპანიის ხელმძღვანელობას განსახილველად უკვე წარუდგინეს.

ინგლისური ჟურნალის ვარაუდით, ახალი ავტომობილი გარეგნულად პირველი თაობის A2-ს დაემსგავსება და ის ”აუდი A1-სა” და ”ფოლკსვაგენის” მიკროლიტრაჟიან Up!-ზე დიდი იქნება.

გერმანული კომპანია ახალ A2-ზეც იმავე (ბენზინის და დიზელის) აგრეგატებს გამოიყენებს, რომლებითაც A1-ია აღჭურვილი. გარდა ამისა, წარმოებისთვის A2-ის ელექტრონული ვერსიაც მზადდება. სავარაუდოდ, ელექტრომობილი A2-ის დებიუტი მის შიდაწვისძრავიან ვერსიებთან ერთად შედგება.

ცნობისათვის, პირველი თაობის A2-ის წარმოება ”აუდიმ” 2005 წელს შეწყვიტა. ამის მიზეზი ავტომობილის არაპოპულარობა იყო. არაპოპულარობას კი მისი სიძვირე და ალუმინის ძარის რემონტის სირთულე განაპირობებდა. ”აუდი” ჰეჩბეკ A2-ს მხოლოდ ექვსი წელი აწარმოებდა და ამ პერიოდში ის მხოლოდ 175 000 ცალი გაყიდა.