Wednesday, May 26, 2010

”ფერარი 458 იტალია” რბოლებისთვის ემზადება

Ferrari 458 Italia

26 მაისი

ინტერნტით გავრცელდა სპორტულად მომართული ”ფერარი 458 იტალიას” ფოტოები, რომლებიც იტალიის ქალაქ ვალელუნგას სარბოლი ტრასის ბოქსშია გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილი არის სარბოლი ”458 იტალიას” პროტოტიპი, რომელსაც სავარაუდოდ, სახელში ”ჩელინჯი” დაემატება. ცნობისათვის, ”ჩელინჯი” ერქვა ”458 იტალიას” წინამორბედის, ”ფერარი F430-ის” სარბოლ ვერსიასაც.

ფოროს მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ”458 იტალია ჩელინჯის” გვერდითა ფანჯრები პლასტიკატისგან დამზადდება, სალონში პილოტს უსაფრთხოების კარკასი დაიცავს, რომელიც ფოლადის მილებისგანაა შეკრული, რა თქმა უნდა, სარბოლი ყაიდისა იქნება სავარძელი და საჭის რგოლი, ბორბლებს თითო ცენტრალური საკეტი აქვთ, მათში კი სტანდარტულზე მძლავრი სამუხრუჭე დისკებია მოთავსებული.

ფოტოზე გამოსახულ ავტომობილზე არ ჩანს, მაგრამ ”458 იტალიას” სარბოლი ვერსია სპორტულ აეროდინამიკურ პაკეტს მიიღებს, რომლებიც მის აეროდინამიკურ დატვირთვას და მასთან ერთად, მაღალ სიჩქარეზე, გზის საფართან ბორბლების ჩაჭიდებას გაზრდიან. შეცვლილი საკიდარის წყალობით, ავტომობილი დადაბლდება, მოდერნიზაცია ჩაუტარდება გამოსაბოლქვ სისტემას. სამაგიეროდ, ჯერჯერობით უცნობია, ძრავი ხელშეუხებლად დარჩება, თუ მას ფორსირებას ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, რომ ”ფერარიმ” პირველად საზოგადოებას ”458 იტალია” შარშან წარუდგინა. ეს ავტომობილი 4.5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 570 ცხენის ძალას ავითარებს. მის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს, ორდისკოიანი ქუროს გავლით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი ღებულობს. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, ”ფერარი 458 იტალიას” 3.4 წამი სჭირდბა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.

”ტოიოტა” ჰიბრიდ ”პრიუსს” შვიდადგილიან ვერსიას ამზადებს

Toyota Prius Compact Minivan Named 'Alpha'

26 მაისი

შესაძლოა, გარეგნობით ”პრიუს ალფა” კონცეპტუალურ ”ჰიბრიდ X-ს” დაემსგავსოს

..........................................

ავტოინდუსტრიის მსოფლიო ლიდერი, იაპონური ”ტოიოტა” წარმოებისთვის ახალ ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს, რომელიც პოპულარულ ჰიბრიდ ”პრიუსის” 300 მილიმეტრით დაგრძელებულ პლატფორმას დაეყრდნობა.

ამერიკულ გამოცემა ”მოტორ ტრენდის” ინფორმაციით, ახალი ავტომობილი შვიდადგილიანი მინივენი იქნება და მისი მსოფლიო პრემიერა მერმისს ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. არადა, იმავე ინფორმაციის მიხედვით, ეს ავტომობილი, ჯერ მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

მინივენი ”პრიუსის” ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომელშიც ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავი (98 ცხენის ძალით) და ელექტროძრავი (81 ცხენის ძალით) შედის. ამ უკანასკნელს, ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი მოამარაგებს. სხვათა შორის, ამ ტიპის აკუმულატორებს ”ტოიოტა” თავისი ჰიბრიდებისთვის პირველად გამოიყენებს.

ჯერჯერობით, მინივენის შესახებ, რომელსაც სახელად ”პრიუს ალფას” დაარქმევენ, დაწვრილებითი ტექნიკური ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოდ, ის ჰეჩბეკ ”პრიუსზე” ნელი და ხარჯიანი იქნება, რასაც ავტომობილის მომატებული წონ განაპირობებს. ცნობისათვის, კომბინირებული ციკლით მოძრაობისას, ჰეჩბეკი პრიუსი 100 კილომეტრს 3.9 ლიტრი ბენზინით გადის.

”შკოდა” სახელ ”ფელიციას” დააბრუნებს

Skoda Felicia

26 მაისი

”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი ჩეხური კომპანია ”შკოდა” სრულიად ახალი, ბიუჯეტური სედანის შექმნაზე მუშაობს, რომლითაც მოძველებულ ”ოქტავია ტურს” შეცვლის. სავარაუდოდ, ახალ ავტომობილს ”ფელიციას” დაარქმევენ, სახელს, რომელიც ადრე ”შკოდასავე” კომპაქტურ ჰეჩბეკს ერქვა და რომლის წარმოებაც 2001 წელს შეწყდა.

ფრანგულ გამოცემა ”ლ’აუტომობილის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სედანი ”ფელიცია” ჩეხური კომპანიის სამოდელო გამაში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი გახდება. მისი საბაზო ღირებულება კი 12 000 ევრო იქნება.

ჯერჯერობით, ახალი ავტომობილის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა სავარაუდოა, რომ ის ”ფოლკსვაგენის” იაფფასიანი სედანის ჩეხური ვერსია იქნება. ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის სპეციალურად მუშავდება და მისი გაყიდვები მალე დაიწყება.

ვოლფსბურგული იაფფასიანი ავტომობილისთვის, რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს, მხოლოდ ერთი, ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ძრავია განკუთვნილი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 105 ცხენის ძალაა. მასთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი იმუშავებს. სავარაუდოდ, ამავე აგრეგატებს ”შკოდას” ახალი სედანიც მიიღებს.

იაფფასიანი სედანის გარდა, ”შკოდა” თავის საწარმოო პროგრამას მალე კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილით შეავსებს. მათ შორის იქნება კომპაქტვენი და ”გოლფის” კლასის ჰეჩბეკი, რომელიც ჩეხური კომპანიის გამაში, ორ პოპულარულ მოდელს - ”ფაბიასა” და ”ოქტავიას” შორის არსებულ ცარიელ ნიშას შეავსებს.