Tuesday, June 15, 2010

ჩინელები ელექტრომობილების პროპაგანდას იწყებენ

Beijing's real goal in promoting electric vehicles

14 ივნისი

ჩინეთის მთავრობა ახალ ეკოლოგიურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკოლოგიურად სუფთა - ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების პროპაგანდა-პოპულარიზაციაა. კამპანია ჯერჯერობით პილოტურ ეტაპზეა და მხოლოდ ხუთ ქალაქს შეეხება, თუმცა სავარაუდოდ, ის მალე მთელს ქვეყანაზეც გავრცელდება.

როგორც საავტომობილო ბიზნესის მიმომხილველები ვარაუდობენ, ჩინეთის მთავრობას ამ წამოწყებისთვის სულ სხვა საბაბი აქვს - ესაა ადგილობრივი ავტომწარმოებლებისთვის განვითარებაში ხელის შეწყობა და მათთვის სტიმულის მიცემა იმისათვის, რომ თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი განავითარონ.

მოსალოდნელი იყო, რომ პროგრამაში მონაწილე ხუთ ქალაქს შორის, ადგილი პეკინისთვისაც გამოიძებნებოდა - ამ ქალაქს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი აქვს. მაგრამ პეკინი სიაში ვერ მოხვდა, რასაც მარტივი მიზეზი აქვს - ხუთეულში ის ქალაქები შეიტანეს, სადაც 6 ყველაზე დიდი ჩინური ავტოკომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს, რომლებსაც ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების წარმოების გამოცდილება აქვთ.

ჩინეთის მთავრობის პილოტური პროგრამის მიხედვით, ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველებისთვის, სუბსიდიის სახით, 50 000 იუანია ($7 321) გათვალისწინებული, ელექტრომობილების მყიდველები კი მთავრობისგან ჯილდოს სახით 60 000 იუანს ($8,785) მიიღებენ. ამასთან, ხუთივე ქალაქი ვალდებულია, რომ თავის ფარგლებში, აკუმულატორების დასამუხტი სადგურების და ნახმარი აკუმულატორების მიღება-გადამუშავების სადგურების ქსელი შექმნას.

სხვათა შორის, ეს ქალაქები ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მყიდველებს, თავადაც უწესებენ შეღავათებს. მაგალითად, ქალაქ შენჯენში, ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების მყიდველებს, შეღავათად 20 000 იუანი ($2 928) დაუწესდათ. ყველაფერი ეს აშკარას ხდის, რომ ის კომპანიები, რომლებიც ჩინეთში ჰიბრიდულ და ელექტრულ ავტომობილებს შეიტანენ, სოლიდური შეღავათებით ისარგებლებენ.

პილოტურ პროგრამაში შემდეგი ქალაქები მონაწილეობენ: შანჰაი, ჩანჩუნი, შენჯენი, ჰანჯოუ და ჰეფეი. სწორედ ამ ქალაქებში მდებარეობს 6 უდიდესი ჩინური საავტომობილო კომპანიის მთავარი ოფისები. ეს კომპანიებია: შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი (SAIC) - რა თქმა უნდა, შაჰნაიში, FAW ჯგუფი - ქალაქ ჩანჩუნში, BYD ავტოს შტაბ-ბინა შენჯენში მდებარეობს, ”ჩერი ავტომობილისა” - ფეჰეის გარეუბან ვუჰუში, ”ჯეძიან ჯილი ჰოლდინგ” ჯგუფი და ”ზოიტ” ჯგუფი კი - ჰანჯოუში.

საინტერესოა, რომ ამ კომპანიებს, ჩინეთის ტერიტორიაზე გამართულ საავტომობილო გამოფენებზე, არაერთი ჰიბრიდული და ელექტრული კონცეპტუალური მოდელი აქვთ ნაჩვენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მათ წარმოებას მალე დაიწყებენ. უფრო მეტიც, ყველას ქვეყნის და აღნიშნული ქალაქების მთავრობებთან ახლო საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, BYD-მა ახლახანს გამოაცხადა, რომ ასეულობით ელექტრომობილ e6-ს (სურათზე) ქალაქ შენჯენის ტაქსის პარკისთვის დაამზადებს. ანალოგიური მოქმედება სხვა კომპანიების მხრიდანაცაა მოსალოდნელი.

ამ კომპანიების გარდა, სამთავრობო, თუნდაც საპილოტო პროგრამაში კიდევ რამდენიმე ჩინური კომპანია და მათი ქალაქი ვერ მოხვდა. მათგან ყველაზე დიდებია ”ჩანგან ავტომობილი” (ქალაქი ჩონპინი) და ”ბეიძინ ავტომოტივ ინდასტრი ჰოლდინგი” (იგივე BAIC, ქალაქი პეკინი).

”ჩანგანი” ფულს არ იშურებს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასა და შეძენაში. მისი სპეციალისტები ჰიბრიდებზე, პლაგ-ინ ჰიბრიდებზე, ელექტრომობილებსა და ფიჭურ საწვავზე მომუშავე ტექნოლოგიებზე მუშაობენ. მაგრამ აქამდე ამ კომპანიას ბაზარზე თითქმის არ აქვს პლაგ-ინ ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილები. იგივე სიტუაციაშია ”ბეიძინ ავტომოტივიც”, რომელმაც პეკინის გამოფენაზე პლაგ-ინ ჰიბრიდული და ელექტრული კონცეპტუალური მოდელები კი წარადგინა, მაგრამ მათი წარმოების დაწყებას აგვიანებს. ამიტომაც, ისინი პილოტურ პროგრამაში არ დაუშვეს.

ამ პილოტურ პროგრამას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს: ადგილობრივმა კომპანიებმა კარგად გაიგეს, თუ რა მიმართულებით უნდა განახორციელონ ინვესტიციები, რომ მაქსიმალური მოგება მიიღონ და ამ ინვესტიციებმა მათი სწრაფი განვითარება უზრუნველყოს. არადა, ადრე არავინ იცოდა, ქვეყნის მთავრობა რომელ ტექნოლოგიებს მიანიჭებდა უპირატესობას - პლაგ-ინ ჰიბრიდებისას, ელექტრომობილებისას, თუ ფიჭური უჯრედებისას. ახლა აშკარად გაირკვა - ფიჭურ საწვავებს ჩინეთში არ სწყალობენ და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებას მომავალი არ აქვს. არადა, SAIC-ს ფიჭური ელემენტების შემუშავებაზე, არაერთი ათეული მილიონი დოლარი აქვს დახარჯული...