Monday, August 16, 2010

”მორგანის” ახალი კუპეს დებიუტი პებლ ბიჩში

Morgan EvaGT Photos Released

16 აგვისტო

შტატ კალიფორნიას პებლ ბიჩში, ელეგანტურობის კონკურსზე, სადაც ავტომოყვარულები საზოგადოებას მათ მფლობელობაში არსებულ რარიტეტულ ავტომობილებს უჩვენებენ ხოლმე, ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია ”მორგანმა” თავისი უახლესი შედევრი - კუპე ”ევაGT” წარადგინა.

წინა, კონსერვატიული გარეგნობის მქონე მოდელებისგან განსხვავებით, ახალ ავტომობილს უფრო დახვეწილი გარეგნობაც აქვს და მისი წარმოებისთვის, კომპანიამ ახალი ტექნოლოგიებიც აითვისა. მაგალითად, შასი და ძარა ალუმინისგანაა დამზადებული და, რა თქმა უნდა, მათ ხელით აწყობენ.

”ევაGT-ს” სიგრძე 4.7 მეტრი, სიგანე 1.8 მეტრი, სიმაღლე კი 1.2 მეტრია, წონა კი 1250 კილოგრამს ღწევს. როგორც მის პრეზენტაციაზე ”მორგანის” შეფმა ჩარლზ მორგანმა განაცხადა, ეს მანქანა შეიძლება გამოიყენოთ როგორც საოჯახო, ყოველდღიური საჭიროებისთვის, ასევე როგორც ლუქსის კლასის დიდი ტურიზმის ავტომობილი.

”ევაGT-ს” კლასიკური შეთანწყობა აქვს. ანუ, ძრავი (რომელიც ”ბეემვეს” წარმოებისაა) წინაა მოთავსებული, მის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი კი უკანა ბორბლებს ატრიალებს. ექვსცილინდრიან ძრავს ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, მაქსიმალური სიმძლავრე 306 ცხენის ძალას აღწევს. მას უწყვილდება 6-საფეხურიანი ავტომატი, ან მექანიკური კოლოფი.

ამ ტანდემის მეშვეობით, ”ევაGT-ს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 272 კმ/სთ-ს აღწევს. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 7 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში დაახლოებით 200 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

”ევაGT-ს” აღჭურვილობაში შედის: მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, სტაბილიზაციის სისტემა, ქსენონის მთავარი ფარები, სანავიგაციო სისტემა და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ბალიშები. ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ახალი ავტომობილის საბაზო ღირებულება. თუმცა ჩარლზ მორგანის თქმით, ის მოდელ ”სუპერსპორტსზე” გაცილებით იაფი ეღირება. ამ უკანასკნელის ფასი კი ბრიტანეთში 109 000 გირვანქა სტერლინგიდან იწყება.

”მორგანი” სულ 100 ცალი ”ევაGT-ს” წარმოებას აპირებს, რომლებზეც შეკვეთის შემთხვევაში, მყიდველს წინასწარ მხოლოდ 5 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. მართალია, ამ ავტომობილის წარმოება 2012 წელს დაიწყება, მაგრამ ”მორგანს” მასზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს.

ახალი ”ლანჩა სტრატოსი” პარიზული დებიუტისთვის ემზადება

New Stratos Official Details Released

16 აგვისტო

ავტომობილის წარმატებულობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს მის გარეგნობას. უფრო სწორედ კი მის დახვეწილ დიზაინს. მაგრამ ხშირად, ავტომობილის სიმახინჯე მისი პოპულარობისთვის ხელის შემშლელი სულაც არაა. ამის ნათელი მაგალითი კი 70-იანი წლების რალის მსოფლიო ჩემპიონატების სამი ტიტულის მომგები - ”ლანჩა სტრატოსია”, რომელსაც სამუდამოდ აქვს დაკავებული ადგილი ავტოინდუსტრიის დიდების დარბაზში.
იმ დროისთვის, ეს ავტომობილი შეიძლება არც ისე მახინჯად მოგჩვენებოდათ, მაგრამ როდესაც დღეს მის გაცოცხლებას ცდილობ და დიზაინს თითქმის არ ცვლი, ეს შეიძლება სარისკო ნაბიჯიც იყოს. თუმცა, ასე არ უფიქრიათ სახელოვან ატელიე ”პინინფარინას” და მის ახალგაზრდა დიზაინერ (იტალიური წარმოშობის ამერიკელ) ჯეისონ კასტრიოტას, რომელიც ახლა უკვე შვედური ”სააბის” დიზაინის განყოფილების შეფია.
პრინციპში, საფიქრალი არც არაფერი ჰქონდათ, რადგან გერმანელმა ბიზნესმენმა, საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ კომპანია ”ბროზეს” მფლობელმა მიხაელ სტოშეკმა, კრიზისში მყოფ იტალიურ ატელიეს სწორედ ”სტრატოსის” გაცოცხლება შეუკვეთა. გაცოცხლებაში ის იგულისხმება, რომ ახალი ავტომობილი გარეგნობით სახელოვან წინაპარს უნდა დამსგავსებოდა, ოღონდ მას თანამედროვე დიზაინის ელემენტებიც უნდა ჰქონოდა და რა თქმა უნდა, მისი კონსტრუქციაც თანამედროვე უნდა ყოფილიყო.

კასტრიოტასეული ”სტრატოსი” პირველად ორი წლის წინ, საავტომობილო გამოფენებზე გამოჩნდა და მაშინ ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს ავტომობილი ”პინინფარინას” იტალიურმა კომპანია ”ლანჩამ” შეუკვეთა. მაგრამ გავიდა ორი წელი და ახლაღა გაირკვა, რომ ”პინინფარინამ” ამ ავტომობილზე შეკვეთა გერმანიიდან მიიღო.

მოკლედ, ახალი ”სტრატოსი” თანამედროვე ავტოინდუსტრიის ნამდვილი შედევრია. ამის თქმის საფუძველს კი მარტო ის ფაქტებიც იძლევა, რომ მისი შასის ძირითადი, მზიდი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული და მის ბაზაში კი ”ფერარი F430 სკუდერიას” ძრავი აქვს მოთავსებული.

V8 ძრავის მუშა მოცულობა 4.3 ლიტრია, მისი მაქსიმალური სიმძლავრე კი 503 ცხენის ძალას აღწევს. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, ახალი ”სტრატოსი” მხოლოდ 1 240 კილოგრამს იწონის, ესე იგი, ”სკუდერიაზე” 108 კილოგრამით მსუბუქია. ძრავის სიმძლავრის წონის ფარდობა საკმაოდ შთამბეჭდავია - 413 ცხ.ძ/ტონაზე.

”პინინფარინას” ამ ავტომობილის ტესტირება ჯერაც არ დაუსრულებია. სხვათა შორის, გამოცდებისთვის ატელიემ ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, პორტუგალიელ ტიაგუ მონტეირუს უხმო. ჯერჯერობით, ახალი ”სტრატოსის” დინამიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა - მათ ”პინინფარინა” პარიზის საავტომობილო შოუსთვის ინახავს, სადაც ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა იგეგმება. თუმცა, ავტომობილის ინტერიერის პაპარაცულ ფოტოებზე ჩანს, რომ სპიდომეტრის დანაყოფის მაქსიმალური მაჩვენებელი 360 კმ/სთ-ია.

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როგორც ექსკლუზიურმა შემკვეთმა, სტოშეკმა ”პინინფარინას” მხოლოდ 20 ცალი ახალი ”ლანჩა სტრატოსის” დამზადების ნებართვა მისცა. ფოტოებზე ისიც ჩანს, რომ ავტომობილს ”ლანჩას” ლოგო ამშვენებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდაც ასე დარჩება, თუ არა. რამდენადაც ავტომობილს ”ფერარის” ძრავი აქვს, ეს უკანასკნელი კი, ისევე როგორც ”ლანჩა”, ”ფიატის” ჯგუფში შედის, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პარიზში ამ ავტომობილს ”ლანჩა სტრატოსის” სახელით ვიხილავთ.