Sunday, August 22, 2010

”ისარო GT-E” - კიდევ ერთი ელექტრული სუპერქარი

Izaro GT-E Electric Supercar

22 აგვისტო

ავტოინდუსტრიის ისტორია როგორც უნდა განვითარდეს, ამერიკულ კომპანია ”ტესლას” ამავე სახელწოდების როდსტერი პირველი სერიული ელექტრომობილი იქნება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას არც კონკურენტები ეყოლება ოდესმე. ის დრო, როდესაც ”ტესლა როდსტერი” ელექტრომობილების სეგმენტის ეული მოთამაშე იყო, მალე წარსულს ჩაბარდება.

ერთ-ერთი პირველი ავტომობილი კი, რომელიც ”ტესლას” კონკურენტთა სიაში ჩაეწერება, შეილება ესპანურ კომპანია ”ისარო მოტორსის” სუპერქარი გახდეს, რომლის შესახებამ მწარმოებელმა ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა.

ავტომობილს ”ისარო GT-E” უწოდეს, ანუ, ”ისაროს” დიდი ტურიზმის ელექტრომობილი. სხვათა შორის, ”ისაროს” პირველი სუპერავტომობილი ”სპანო GTA” იყო. ასე რომ, ესპანური კომპანია უცხო ტერიტორიის ათვისებას არ აპირებს. მისი ელექტრომობილის სავარაუდო ფასი 55 000 ევროა, ეს კი ”ტესლა როდსტერის” ფასზე ცოტაა, რაც ესპანურ ელექტრომობილს კონკურენციაში გამოადგება.

ძალური დანადგარის შესაბამისად, ”ისარო GT-E” ორი ვარიანტის სახით დამზადდება. ერთია ჰიბრიდული ვერსია, რომლის ჰიბრიდული აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 416 ცხენის ძალა, სვლის სიშორე კი დაახლოებით 690 კილომეტრი იქნება. მეორე კი ელექტრული ვერსია იქნება, რომლის სამსახურშიც 495 ცხენის ძალა ჩადგება. სამაგიეროდ, აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, ის მხოლოდ 250 კილომეტრის გავლას შეძლებს.

ესპანურმა კომპანიამ თავისი სპორტული ელექტრომობილის შემუშავებისას, უხვად გამოიყენა მსუბუქი მასალები, როგორებიცაა ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობები, ასევე კარბონის კომპოზიტი. ამის შედეგი კი ისაა, რომ ”ისარო GT-E” მხოლოდ 1 000 კილოგრამს იწონის. მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი ელექტროქარის მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ იქნება (შედარებისთვის, ტესლა როდსტერის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 200 კმ/სთ-ია). ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას კი ის სულ რაღაც 4 წამში მოასწრებს.

ესპანური კომპანია ამ ელექტრომობილს მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებს. ამასთან, ინტერიერი ყოველი შემკვეთის გემოვნების მიხედვით გაფორმდება. მასალად კი კარბონს, ხეს, ალკანტრას, ალუმინს, ან ტყავს გამოიყენებენ, ან მათს კომბინაციას.

ცხენის ძალების ნაცვლად კაცის ძალები

Imagine PS, the People Powered Car

22 აგვისტო

ასეთი მანქანის ამძრავი აგრეგატის სიმძლავრის ცხენის ძალებით შეფასება ნამდვილად არ ივარგებს, რადგან მას ძირითადად ადამიანის ძალა ამოძრავებს. ისე კი, მას ადამიანის ძალის მიერ გამომუშავებული ენერგიის დაგროვებაც შეუძლია და მაშინ კი ბატონო, ძრავის სიმძლავრე ცხენის ძალებით შევაფასოთ.

”ჰუმანქარ იმეჯინ PS” - ასე ჰქვია ამ უცნაურ ავტომობილს, რომელსაც ადამიანის ძალის მეშვეობით, 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ის შტატ ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარლზ გრინვუდმა რამდენიმე წლის წინ შექმნა, თუმცა ამ უცნაურ ავტომობილს აქამდე მყიდველი ვერაფრით მიუზიდავს. გრინვუდს ადამიანის ძალით მომუშავე ავტომობილის შექმნის იდეა თურმე 1969 წლიდან გასჩენია და ბოლოს და ბოლოს, მიზანსაც მიაღწია.

ამ უცნაური ავტომობილის პირველ ვარიანტს ძრავი არ აქვს. სამაგიეროდ, გააჩნია მექანიზმი, რომელიც ადამიანისგან მამოძრავებელ ძალას ნიჩბის სტილში, წინ და უკან მიწოლით ღებულობს, ეს ძალა კი, სანამ ბორბლებს მიაღწევს, მარტივ მექანიზმს გაივლის. მას საჭეც არ აქვს - ავტომობილი იქით უხვევს, საითაც მასში მჯდარი ერთი, ან ოთხივე მგზავრი გადაიხრება. მგზავრები წყვილ-წყვილად, ერთმანეთისადმი ზურგით სხედან.
რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა, რომ ყველამ ნიჩაბი მოუსვას”, თუმცა თუ ყველა გაირჯება, ავტომობილიც უფრო სწრაფად იმოძრავებს. თუ თუ არ გეჩქარებათ, მაშინ ჭარბი ენერგია (ჰუმანქარ-ის ახალ ვერსიაში) სპეციალურ აკუმულატორებში გროვდება და ამ ენერგიას ავტომობილი ძირითადად აღმართში მოიხმარს. გარდა ამისა, შესაძლებელია ელექტროენერგიის მზის პანელებში გამომუშავება. მოკლედ, ახალ ვერსიას თავისუფლად შეიძლება ჰიბრიდული (ბიონიკ-ელექტრონული) ეწოდოს.

გრინვუდი ამბობს, რომ თავისი ავტომობილით ორ კურდღელს იჭერს - ჯერ ერთი, თუ ასეთი ტრანსპორტი გავრცელდება, ეს გარემოს დიდ შვებას მისცემს. მეორეც, ადამიანები ზედმეტ ცხიმს მოიშორებენ, რადგან ნიჩბების მოსმა მათ დიდი რაოდენობით კალორიების დაწვის საშუალებას მისცემს, ეს კი, პირველ რიგში, მათი ჯანმრთელობისთვისაა კარგი.

რაც ყველაზე საინტერესოა, ”ჰუმანქარმა” თავის უჩვეულო ჰიბრიდზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. 15 500 დოლარად ღირებული ”იმეჯინ PS-ის” შეკვეთისთვის სულ რაღაც 50 დოლარი დეპოზიტის გადახდაც კი საკმარისია. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სასურველ ავტომობილს მიიღებთ. საქმე ისაა, რომ მისი წარმოების დასაწყებად, კომპანიას მინიმუმ 800 შეკვეთის მიღება სჭირდება. ამჟამად კი მხოლოდ 100 შეკვეთა აქვს მიღებული.

და მაინც, გრინვუდი ამბობს, რომ მას შემდეგმ რაც ”იმეჯინ PS-ის” წარმოებას დაიწყებს, დღის წესრიგში ამ ავტომობილის სედანისძარიანი ვერსიის შექმნის საკითხიც დადგება...