Monday, September 20, 2010

”პეჟო” ჰეჩბეკ 206-ის ევროპაში წარმოებას 2013 წელს შეწყვეტს

Peugeot 206 European Production to End by 2013

20 სექტემბერი

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კომპანია ”პეჟო” მოდელ 207-ის წარმოებას 2006 წელს შეუდგა, კონვეიერიდან ჯერაც არ მოუხსნია მისი წინამორბედი 206, რომელიც ევროპულ ბაზარზე პირველად 1998 წელს გამოჩნდა და აქამდე კარგი გაყიდვებით გამოირჩევა. თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ავტომობილის ასეთი ხანდაზმულობა დიდი იშვიათობაა. ძნელია იმის გახსენება, თუ ბოლო ორ ათწლეულში, ბაზარზე უცვლელად 13 წელი რომელმა სხვა ავტომობილმა გაძლო.

უფრო მეტიც, სამი წლის შემდეგ, ევროპაში მისი წარმოება მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო შეწყდება, რომ ის ვეღარ დააკმაყოფილებს ევროკავშირის რიგ კანონებს. ამასთან, ევროპაში კონვეიერიდან კი მოიხსნება, მაგრამ 206-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის წარმოება ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ ამერიკაში კვლავაც გაგრძელდება.

ჰეჩბეკ 206-ის წარმოება ”პეჟომ” 1998 წელს დაიწყო და მაშინვე ამ სუბკომპაქტურმა ავტომობილმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ჯერ ერთი, ის ლეგენდარული 205-ის შთამომავალი იყო. მეორეც, მყიდველს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში მიეწოდებოდა. დებიუტისთანავე, 206 ფრანგული კომპანიის ბესტსელერი გახდა. ”ლომებმა” რვა წლის განმავლობაში, 5 მილიონზე მეტი 206 გაყიდეს. შემდეგ კი ბაზარზე მისი შემცვლელი 207 გამოჩნდა, თუმცა ”პეჟოს” ძველი მოდელის წარმოების გაგრძელებაზე ბევრი არც უფიქრია.

თავიდან 206 მხოლოდ ჰეჩბეკის ძარით იყიდებოდა. 2001 წელს კი პლატფორმაზე ორი სხვა ძარაც დადგეს. ბაზარზე ჯერ უნივერსალი 206 SW გამოჩნდა, შემდგ კი - კუპე-კაბრიოლეტი 206 CC. ამ უკანასკნელს მეტალის დასაკეცი სახურავი ჰქონდა, რამაც მისი პოპულარობა განაპირობა. გავიდა კიდვ ოტხი წელი და ”ლომებმა” ბაზარზე ოთხკარიანი სედანისძარიანი 206 გამოიტანეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ბაზარზე (მათ შორის, საქართველოშიც) იყიდება.

”სიტროენის” და ”ლაკოსტის” ერთობლივი კონცეპცია

Citroen Lacoste Concept Unveiled Before Paris Debut

20 სექტემბერი

სერიულ სიახლეებთან ერთად, ”სიტროენმა” პარიზული საავტომობილო რანდევუსთვის ერთი კონცეპტუალური მოდელიც შეიმუშავა, რომლის შექმნაში მონაწილეობა სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია ”ლაკოსტის” სპეციალისტებმაც მიიღეს. ავტომობილს მისი შემქმნელების სახელი ჰქვია - ”სიტროენ ლაკოსტი”.
ეს მხიარული კონცეპტუალური ავტომობილი თავისი უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. აშკარაა, რომ შემქმნელებმა ის გართობის და სპორტული სტილის მოყვარული ახალგაზრდა ადამიანებისთვის შექმნეს. მაგრამ, სპორტული ამ შემთხვევაში ავტომობილის სპორტულობას სულაც არ ნიშნავს.
”სიტროენ ლაკოტს” ისეთივე მომცრო გაბარიტები აქვს, როგორიც ფრანგული საავტომობილო კომპანიის ყველაზე პატარა ავტომობილს - ჰეჩბეკ C1-ს. მისი სიგრძე სულ რაღაც 3.450 მეტრია, სიგანე 1.800 მეტრი, სიმაღლე კი 1.520 მეტრი. სამაგიეროდ, შედარებით გრძელი ბაზა (2.300 მეტრი) აქვს. სხვათა შორის, C1 კონცეპტ ”ლაკოსტზე” მოკლეცაა, ვიწროც და დაბალიც. სერიულ ჯუჯას მხოლოდ ბაზა აქვს უფრო გრძელი (სულ რაღაც, 40 მილიმეტრით).
რაც შეეხება ძარას, ძნელია, ის რომელიმე არსებულ კლასს შეადარო. ჩვეულებრივი ღია ავტომობილებისგან ჰანსხვავებით, მისი მგზავრების თავებს ხიფათისგან გრძივი რკალი იცავს. ჩვეულებრივ, ღია ავტომობილებში ამ დანიშნულებას განივი რკალი ასრულებს ხოლმე. დაცვითი ფუნქციების გარდა, რკალს სხვა დანიშნულებაც აქვს. კერძოდ, მასზე მოთავსებულია სახელურები, რომლებსაც მგზავრები ავტომობილში ჩაჯდომისას დაეყრდნობიან. გარდა ამისა, რკალში ჩამალულია გასაშლელი სახურავი, რომელიც მოყვითალო ფერისაა და თან გამჭვირვალე. ასე რომ, თუ მოულოდნელად გაწვიმდა, სეირნობისას მსწრაფლ გადახურვაც შეიძლება და თან ისე, რომ თავი მაინც ღია მანქანაში იგრძნო.
თუმცა, წვიმისგან და ქარისგან სრულად დაცული მაინც ვერ იქნებით, რადგან ”სიტროენ ლაკოსტს” არ გააჩნია კარები. და თუ მძღოლისა და წინა მგზავრისთვის ჩაჯდომის გასაადვილებლად, ძარას სპეციალური ჭრილი აქვს, უკანა მგზავრები მასში მხოლოდ ჩახტომას თუ შეძლებენ. რას იზამთ, ესეც სპორტული სტილია. გარდა ამისა, ავტომობილს არ გააჩნია საბარგული.

გარდა იმისა, რომ მის შექმნაში (სიმბოლური) მონაწილეობა ავტომობილებთან არანაირი შეხების არმქონე ”ლაკოსტმა” მიიღო, ეს ავტომობილი ბევრი ორიგინალური დიზაინის დეტალითაც გამოირჩევა. ასეთია მაგალითად საჭის რბოლი, რომელიც ველოსიპედის ბორბალს მოგაგონებთ. თვითონ ”სიტროენ ლაკოსტიც” ხომ უცნაური ფორმებით გამოირჩევა. ეს ითქმის მის სავარძლებზე და ბორბლებზე. ასევე მაჩვენებლების დაფაზე, საქარე შუშასა და ბამპერებზე, ასევე წინა და უკანა ფარებზე. რაც მთავარია, ყველაფერი, მათ შორის, ფერების შეხამებაც, დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული.

კონცეპციის ავტორები არაფერს ამბობენ მათი ქმნილების აგრეგატებზე და სხვა აღჭურვილობაზე. შესაძლოა, ეს ”საიდუმლო” პარიზში, პრეზენტაციის დროს გაიხსნას. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ამ ავტომობილმა ოდესმე კონვეიერამდე მიაღწიოს...

”ბეემვეს” მე-6 სერიის კუპე პარიზული დებიუტისთვის ემზადება

BMW 6 Series Coupe Concept Released

20 სექტემბერი

პარიზის საავტომობილო გამოფენაზე, ”ბეემვეს” პავილიონის ერთ-ერი მთავარი პერსონაჟი, მე-6 სერიის კუპეს კონცეპტუალური ვერსია იქნება, რომლის შესახებაც, ბავარიელებმა მწირი ინფორმაცია და ფოტოები, პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტით გაავრცელეს.

ეს ავტომობილი, გერმანული კომპანიის მთავარ დიზაინერ ადრიან ფან ჰოოიდონკის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მასში ”ბეემვეს” ახალი კორპორატიული სტილის ელემენტები ჩანს. ამასთან, ის რაღაცით მე-5 სერიის ახალ სედანსაც ჰგავს. კუპეს გრძელი კაპოტი და საგრძნობლად უკან დაწეული სალონი გამოარჩევს, რაც მის სპორტულობას უსვამს ხაზს. კონცეპტუალურ მოდელზე ბავარიელებმა შუქდიოდებისგან დამზადებული მთავარი ფარები გამოიყენეს, რომელსაც ალბათ მე-6 სერიის ტოპ ვერსიებზე დააყენებენ.

რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილს წამყვანი უკანა ბორბლები აქვს, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ბავარიელებმა მყიდველს მისი სრულამძრავიანი ვერსიაც შესთავაზონ. ავტომობილი V8-ცილინდრიანი ტურბოდამჭირხნიანი აგრეგატით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობა 4.4 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე 395 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 609 ნიუტონმეტრი იქნება.

ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ვერსიით, ახალი მე-6 სერიის კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4.820 მეტრი, სიგანე 1.855 მეტრი და სიმაღლე - 1.375 მეტრი. საბარგულის მოცულობა კი 450 ლიტრს აღწევს.

ავტომობილს მოდერნიზებული მულტიმედიური სისტემა აქვს, რომელზეც მის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეიძლება. გარდა ამისა, 10-დუიმიან მონიტორზე შესაძლებელია სანავიგაციო მონაცემების გამოტანა. დაკიდევ, სისტემას საქარე შუშაზე ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციის პროექცირება შეუძლია. ეს კი იმითაა საინტერესო, რომ მძღოლს მუდმივად, გზისგან თვალის მოუწყვეტლად შეეძლება საჭირო ინფორმაციის მიღება.

სავარაუდოდ, ბავარიელები ამ კუპეს საწარმოო ვერსიის პრემიერას მერმისს, ჟენევის ავტო შოუზე მოაწყობენ.

”ლოტუს ელიტი” – ”ასტონ მარტინის” მომავალი კონკურენტი

Paris Preview: 2014 Lotus Elite

20 სექტემბერი

პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ორი კვირით ადრე და ამ ავტომობილის წარმოების დაწყებამდე სამნახევარი წლით ადრე, სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა” თავისი ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.

პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ახალ ავტომობილს ”ელიტი” ეწოდება, რაც ირიბად იმის მიმანიშნებელია, რომ ”ლოტუსი” სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა ელიტარულ კასტას უბრუნდება. იქ კი, პირველ რიგში, კონკურენციას ”შინაური” ”ასტონ მარტინის” DB9-ს გაუწევს.

სხვათა შორის, სახელი ”ელიტი” ”ლოტუსისთვის” ახალი არაა. ინგლისურმა კომპანიამ ის ორჯერ - 50-იან და 70-იან წლებში გამოიყენა. ახლა კი, როდესაც საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავს, ეს სახელი ისევ გაიხსენა.

ახალ ”ელიტს” 2+2 ჩასაჯდომი ფორმულა აქვს, ანუ, მის სალონში ორი სრულფასოვანი სავარძელია და ორიც ისეთი, მასზე ბავშვიც ძლივს რომ მოთავსდება (ასეთი ჩასაჯდომი ფორმულა სპორტულ ავტომობილებში გავრცელებულია). კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 4.6 მეტრი, ჭონა კი 1680 კილოგრამია.

რაც მთავარია, ”ლოტუს ელიტი” ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება, რომელშიც მთავარი როლი ”ლექსუს LS 600h-სგან” აღებულ 5.0-ლიტრიან V8 ძრავს დაეკისრება. ეს ძრავი იაპონური ავტომობილის ანალოგისგან დამჭირხნით და მართვის სისტემით განსხვავდება. შიდაწვის ძრავის გარდა, ჰიბრიდულ სისტემაში ორი ელექტროძრავი და აკუმულატორების ბლოკიც გაერთიანდება.

აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 540 ცხენის ძალას მიაღწევს, მისი ტოპ ვერსიის სიმძლავრე კი 610 ცხენის ძალა იქნება. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემაც (კერს-ი) შევა, რომელიც ”ლოტუსის” ინჟინრების მიერაა შემუშავებული. ეს სისტემა დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას შეაგროვებს და მას აკუმულატორებში შეინახავს.

მართალია, ”ელიტის” საგზაო გამოცდები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ”ლოტუსის” სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 3.5 წამში შეძლებს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია კონცეპტუალური ”ელიტის” მაქსიალური სიჩქარე. რაც შეეხება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, ის კილომეტრზე 215 გრამის ფარგლებში იქნება, რაც ასეთი ტემპერამენტიანი სპორტული ავტომობილისთვის ბევრი არაა.

ბრიტანეთის ბაზარზე, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ”ლოტუს ელიტის” სავარაუდო ღირებულება 100 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, რაც კონკურენტი ”ასტონ მარტინ DB9-ს” ფასზე გაცილებით ცოტაა.