Thursday, October 7, 2010

სენსაცია - ”ტრაბანტის” სიჩქარემ 235 კმ/სთ-ს მიაღწია

Trabant Reaches Record Speed of 146 mph (235 km/h)

7 ოქტომბერი

ერთ დროს, აღმოსავლეთ გერმანია თავის ერთადერთ მოდელ ”ტრაბანტით” ამაყობდა. კომუნისტურ გერმანიაში ამ ავტომობილის გამოშვება 50-იანი წლების მიწურულს დაიწყეს. მას იმ დროისთვის შეიძლება აქტუალური გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ ისიც მალე დაუძველდა და ამის მიუხედავად, წარმოების ბოლომდე შეინარჩუნა. ამასთან, ავტომობილს არქაული, ორტაქტიანი მხრჩოლავი ძრავი ამოძრავებდა. მოკლედ, პატარა ურჩხული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ასეთი თაყვანისმცემლები არიან ძმები, მაიკ და რონი ურლანდები, რომლებმაც უსახური და პრაქტიკულად უსარგებლო ”ტრაბანტისგან” სიჩქარის ნამდვილი მონსტრი შექმნეს. ვიღას გაახსენდება ძველი ”ტრაბი”, როდესაც ურლანდების მიერ მოდერნიზებული მანქანის მონაცემებს გაეცნობა - ბრიტანულ გამოცემა ”ტელეგრაფის” ცნობით, ის 235 კმ/სთ-ს ავითარებს.

არადა, ”ტრაბანტის” საუკეთესო მიღწევა 201 კმ/სთ იყო და ეს სიჩქარე გინესის რეკორდების წიგნშიც კი ჰქონდათ შეტანილი. ცნობისათვის, ორიგინალური ”ტრაბანტის” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 113 კმ/სთ იყო. თავიანთი რეკორდი კი ურლანდებმა გერმანიის ქალაქ როთენბურგის აეროპორტში დაამყარეს.

ძმებმა ავტომობილის ძრავს მოდიფიკაცია თავად ჩაუტარეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ”ტრაბის” ძარა, რომელსაც აეროდინამიკური ელემენტები დაემატა. გაიზარდა ავტომობილის წინა და უკანა ბორბლების კვალი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად დაიბერა ოთხივე ფრთა, რომელთა შიგნიღაც განიერი საბურავები ჩაჯდა. რა თქმა უნდა, სპორტულ ყაიდაზე მომართეს საკიდარი, რომელიც უფრო ხისტი გახდა, მისი წყალობით კი ”ტრაბი” მოსახვევებს გაცილებით უკეთ გადის.

ავტომობილის სახურავზე ზორბა ”ლაყუჩი” გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი აპეტიტის მქონე ძრავისთვის ჰაერს აგროვებს. შეიცვალა გარეთა სარკეები - ახლებს პატარა ფართობი აქვთ, რითაც ჰაერის შემხვედრ ნაკადს ნაკლებ წინააღმდეგობას უწევენ.

დაბოლოს, მოდიფიცირებული ”ტრაბი” ურლანდებმა ბერლინის კედლის დანგრევას და ორი გერმანიის გაერთიანების ოცი წლის იუბილეს მიუძღვნეს.

”სმარტი” სუბკომპაქტურ სეგმენტშიც გამოვა

smart forfour Teaser Images

7 ოქტომბერი

”დაიმლერისა” და ”რენო-ნისანის” პარტნიორული თანამშრომლობა მალე პირველ შედეგს გამოიღებს - გერმანული კომპანიის ამერიკული შტოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მერმისს, წლის ბოლოს, ამერიკულ ბაზარზე პირველი ხუთკარიანი ”სმარტი” გამოჩნდება, რომელიც ”სმარტის” საწარმოო პროგრამაში, მოდელ ”ფორთუს” ადგილს დაიკავებს.

ახალი ავტომობილი ”ნისანის” პოპულარულ ჰეჩბეკ ”მიკრას” ბაზაზე იქმნება და როგორც ”დაიმლერი” ირწმუნება, ის მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ამერიკული ბაზრისადმი გამოჩენილი ყურადღების მიზეზი ისაა, რომ შარშან ”სმარტს” იქ გაყიდვები ფაქტობრივად ჩაუვარდა. არადა, ერთი წლით ადრე, იქ ”სმარტზე” თითქმის ბუმი იყო. ჩავარდნის შემდეგ, ”სმარტის” თითქმის ყველა, 75-ვე დილერი აღიარებდა, რომ მარკას კიდევ ერთი, B-სეგმენტის მოდელი ესაჭიროება. როგორც ჩანს, ”დაიმლერი” ხუთკარიანი ჰეჩბეკის გამოშვებას უფრო ადრეც ფიქრობდა. სწორედ ამიტომ გააფორმა ფრანგულ-იაპონურ ალიანსთან პარტნიორული ხელშეკრულება.

ცნობილია, რომ ახალი სმარტი იმ პლატფორმაზე აიგება, რომელსაც ”ნისანი” ჰეჩბეკ ”მიკრასა” და უახლეს სუბკომპაქტურ ქროსოვერ ”ჯუკზე” (სხვათა შორის, ამ ავტომობილზე ევროპასა და იაპონიაში ნამდვილი ბუმია) იყენებს. ძრავების და ტრანსმისიის შესახებ, ”დაიმლერს” ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ხუთკარიანი ”სმარტი” მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ძრავებს მიიღებს. მათგან ერთი იქნება 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი აგრეგატი (ამ აგრეგატს დაიმლერი და ნისანი ერთობლივად შეიმუშავებენ), რომელსაც საწვავი ნარევი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება.

სხვათა შორის, ასეთ მოკლე დროში ახალი ავტომობილის გამოჩენა იმის აშკარა დასტურია, რომ ახალი ავტომობილი, ფაქტობრივად სახეშეცვლილი ”მიკრა” იქნება. ცნობისათვის, დაახლოებით ასევე იქცევა ”ასტონ მარტინი”, რომელიც ”ტოიოტას” ჯუჯა IQ-ს ბაზაზე, თავის ”სუპერ” ჯუჯა ”სიგნიტს” ქმნის.

როგორც გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსი” იტყობინება, ”მიკრას” ბაზაზე შექმნილი სუბკომპაქტური ”სმარტი” ბაზარზე სულ სამ წელს დაჰყოფს, შემდეგ კი მას სრულიად ახალი მოდელი ”ფორფორ” (ოთხისთვის) შეცვლის, რომელსაც კომპანია მთელ მსოფლიოში გაჰყიდის.

მოდელი ”ფორფორ” პირველად ”სმარტის” საწარმოო პროგრამაში 2004 წელს გამოჩნდა. გერმანულმა კომპანიამ ის იაპონურ ”მიცუბიშისთან” ერთად, ამ უკანასკნელის მოდელ ”კოლტის” ბაზაზე შექმნა. მაგრამ დაბალი მოთხოვნის გამო, მისი წარმოება ორ წელიწადში შეწყდა. რაც შეეხება ”ფორთუს”, ის ამერიკაში პირველად 2008 წელს შეიტანეს და პირველივე წელს დაახლოებით 25 000 ცალი გაყიდეს. მაგრამ შარშან მოთხოვნა მოულოდნელად დაეცა, წელს კი კომპანია ”პენსკეს”, რომელიც ”დაიმლერის” ამერიკელი პარტნიორია, მხოლოდ 4 779 ”ფორთუ” აქვს გაყიდული.

რაც შეეხება ”დაიმლერისა” და ”რენო-ნისანის” პარტნიორობას, ის მარტო ერთი მოდელის ერთობლივად შემუშავებით არ შემოიფარგლება. უკვე დაწყებულია ახალი ”ფორთუს” შესამუშავებლად, რომელიც პლატფორმას მომავალი თაობის ”რენო ტვინგოსგან” გაიზიარებს. უფრო მოგვიანებით კი, იმავე ბაზაზე კაბრიოლეტის, კუპეს და მიკროვენ ”ფორ მორის” გამოშვებაც იგეგმება.