Sunday, November 7, 2010

რვაბორბლიან ”ელიიკას” ოთხი ბორბალი მოაკლდება

Japanese automakers interested in Eliica EV technology?

7 ნოემბერი

იაპონელი გამომგონებელი ჰიროში შიმიძუ იმითაა ცნობილი, რომ 2004 წელს საზოგადოებას უცნაური კონცეპტუალური ავტომობილი - რვაბორბლიანი ”ელიიკა” წარუდგინა, რომელიც ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტში, სტუდენტებთან ერთად შექმნა. თანაც, ამ ავტომობილს იმ დროისთვის ერთობ იშვიათი აგრეგატები - ელექტროძრავები ამუშავებდა.

ეს ავტომობილი ახლაც მუშაობს, თუმცა მისი წარმოება შიმიძუს არც უფიქრია. სამაგიეროდ, მის ბაზაზე ახალი, ოთხადგილიანი ელექტრომობილის შექმნას აპირებს, რომელიც მასობრივი წარმოების შემთხვევაში, თავისი ფასით, კონკურენციას თვით სერიული ელექტრომობილების პიონერს, ”ნისან ლიფსაც” კი გაუწევს.

თავის დროზე, შიმიძუს და მის თანამოაზრეებს, თავიანთი რვაბორბალას შექმნა 5 მილიონი დოლარი დაუჯდათ. სამაგიეროდ, ამ ავტომობილით (მისი სახელი აბრევიატურაა და იშიფრება ასე - ელექტრიკ ლითიუმ-იონ ქარ) საფუძვლიანად ამაყობენ. აბა რა იქნება, ”ელიიკას” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.

შიმიძუს საკუთარი კომპანია SIM-დრაივი აქვს, რომელიც კვლევებზეა სპეციალიზებული და ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს. პროექტ ”ელიიკაზე” მუშაობისას, მან თავისი ავტომობილით 30-ზე მეტი კომპანია, მათ შორის ორი საავტომობილი - ”მიცუბიში” და ”ისუძუ” დააინტერესა, რომლებმაც თითოეულმა 250 000 დოლარი მარტო იმაში გადაიხადეს, რომ მათი სახელი და ლოგო ავტომობილის ძარაზე გამოესახათ.

შიმიძუ ამბობს, რომ ”ელიიკას” ოთხბორბლიანი ვერსიის დიბიუტს იანვარში გეგმავს და ირწმუნება, რომ თუ ამ ავტომობილს მინიმუმ 100 000 ცალს დაამზადებს, მაშინ თითოეული, ძრავებისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორების გარეშე, 17 500 დოლარი ეღირება. ისევე როგორც რვაბორბლიან ”ელიიკაზე” თითო ბორბალს თითო ელექტროძრავი (თითოეულის სიმძლავრე 80 ცხენის ძალაა) ემსახურება, ასევე ოთხბორბლიანზე, ყოველ ბორბალზე თითო ძრავი მოვა. ყოველ ძრავზე, ავტომობილის ფასს 1 400 დოლარი, აკუმულატორების ბლოკზე კი, რომლის ტევადობაც 24 კილოვატია საათში, 6 000 დლარი დაემატება. გამოდს, რომ შიმიძუს საკმაოდ კონკურენტული ფასი ექნება. თანც, აკუმულატორების ერთჯერადი დამუხტვით, ის 320 კილომეტრის გავლას შეძლებს, რაც ”ნისან ლიფის” შესაბამის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

”გუგლი” თვითმავალ ავტომობილებს ცდის

Google Developing a Self-Driving Car, And It Works

7 ნოემბერი

კომპანია ”გუგლი” საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს - მისმა სპეციალისტებმა, ”ტოიოტას” ჰიბრიდული ”პრიუსის” ბაზაზე, 7 ისეთი ავტომობილი მოამზადეს, რომლებსაც დამოუკიდებლად, მძღოლის გარეშე გადაადგილება შეუძლია. კალიფორნიაში, სან ფრანცისკოს გარეუბნებში, საცდელ რეჟიმში, ავტომობილებმა 140 000 მილზე მეტი გაიარეს და ამ დროს, ერთადერთი ინციდენტი შემმთხვათ. თანაც, ეს ინციდენტიც შუქნიშანზე, სხვისი მიზეზით მოხდა - ”გუგლის” ავტომობილს უკნიდან მძღოლიანი მანქანა დაეჯახა.

უნდა ითქვას, რომ საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ბევრი ავტო მწარმოებელი არაერთ საინტერესო სისტემას ქმნის, რომლებიც მძღოლს დახმარებას უწევენ. შექმნილია ავტომატური პარკირების სისტემა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ავტომობილის სადგომზე დაყენება. არსებობს სპეციალური კონკურსიც, რომელზეც ერთმანეთს ისეთ ავტომობილებს აჯიბრებენ, რომლებსაც ელექტრონიკა მართავს. მაგრამ ასეთი შეჯიბრები საერთო სარგებლობის გზებზე არ ტარდება.

ექსპერიმენტულ ”პრიუსებზე” ვიდეოკამერები, რადარები, ლაზერული სენსორები დაამონტაჟეს, რომელთა მიერ შეკრებილი მონაცემების დახმარებითაც, კომპიუტერს გზაზე არსებული სიტუაციის შეფასება და, რა თქმა უნდა, საკუთარი ავარიების თავიდან აცილება შეუძლია.

ექსპერიმენტის დაწყებამდე, ”გუგლმა” პოლიციასთან მარშრუტი წინასწარ შეათანხმა. გარდა ამისა, ავტომობილში მძღოლიც იჯდა, თუმცა ის მხოლოდ კომპიუტერის დამზღვევის როლს ასრულებდა იმ შემთხვევისთვის, თუ ელექტრონიკა შეცდომას დაუშვებდა. ექსპერიმენტების დაწყებამდე, მძღოლმა გასავლელი მარშრუტი წინასწარ გაიარა, რათა გზა კარგად შეესწავლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონცემებით, ყოველწლიურად, მთელს მსოფლიოში, საგზაო შემთხვევებს 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება. ”გუგლის” მიზანი კი, ამ რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირებაა და მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის მიზანიც სწორედ ესაა.

სხვათა შორის, ბრიტანეთში საგზაო სიკვდლიანობას სხვაგვარად ებრძვიან. მაგალითად, ორი წლის წინ, ქვეყნის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ავტომობილების მფლობელები ვალდებულნი იქნებიან, თავიანთ მანქანებზე დააყენონ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული შეზღუდვების შესაბამისად, ავტომობილის შეზღუდვას უზრუნველყოფენ. ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ასეთი მოწყობილობა გზებზე მომხდარი შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს და შესაბამისად, დაახლოებით 29 პროცენტით შემცირდება ამ შემთხვევების დროს სიკვდილიანობა.

ასევე შექმნილია სისტემა, რომლის დახმარებითაც, გზებზე მოძრავ ავტომობილებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ. მაგალითად, ისინი ერთმანეთს აცნობენ გზის მდგომარეობას, გზის გადაკვეთაზე ფეხით მოსიარულის არსებობას და სხვა ინფორმაციას. ამ სისტემის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი ქმნილების გამოყენება, მალე ყველა ავტომობილზე სავალდებულო იქნება.