Thursday, December 2, 2010

ქართული ”ლამბორგინი”

2 დეკემბერი

რა თქმა უნდა, ”ლამბორგინი” საქართველოში თავისი სუპერ ავტომობილების წარმოებას არ აპირებს. ეს ავტომობილიც, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, იტალიური ბრენდის სუპერებს მხოლოდ ფერებით და კარის გასწვრივ არსებული ლაყუჩით, შორიდან თუ მოგაგონებთ. არადა, მისი ავტორისთვის ხარების ორი მოდელის - ”მურსიელაგოსა” და ”გალიარდოს” ფორმის კიტ ქარების დამზადება პრობლემას არ წარმოადგენს.

”მერსედეს ბენც SLR მაკლარენს” ისევ გამოუშვებენ

Mercedes-Benz SLR McLaren is Back

2 დეკემბერი

მართალია, შარშან პარტნიორული ურთიერთობა მათ შორის დასრულდა, მაგრამ ”მერსედეს ბენცმა” და ”მაკლარენმა” გადაწყვიტეს, რომ პოპულარულ სუპერქარ ”მერსედეს ბენც SLR მაკლარენის” რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გამოუშვან. გერმანულ ინტერნეტ გამოცემა ”აუტობლოგ ჯერმანის” ინფორმაციით, განახლებულ ავტომობილს, რომელიც პირველად ესენის საავტომობილო შოუზე გამოჩნდა, მხოლოდ 25 ცალს დაამზადებენ.

მოდერნიზებულ ავტომობილს, გადახალისებული ექსტერიერი აქვს. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ამ გარეგნობით, ”SLR მაკლარენი” თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაშინც ახდენს, როდესაც გაჩერებულია. მას შეცვლილი წინა ბამპერი აქვს, რომლის ქვეშაც, რადიატორის გაზრდილი ჰაერის ამღები მოთავსდა. უფრო მომრგვალებული ფორმები მიიღო გვერდითა ჰაერის გამომშვებმა ვენტილატორებმა, რომლებითაც, კაპოტის სივრციდან გადახურებული ჰაერი გამოიდევნება. სხვათა შორის, ამ ელემენტით, განახლებული ”SLR მაკლარენი” ინგლისური კომპანიის სუპერქარ MP4-12C-ს მოგვაგონბეს. ოპტიმიზებულია უკანა დიფუზორის ფორმაც. აეროდინამიკური ცვლილებების შედეგად, ავტომობილის დინამიკური დატვირთვა 15 პროცენტითაა გაზრდილი.

შეცვლილია ინტერიერიც. უპირველესად, პლასტიკატის დეტალები კარბონისათი შეიცვალა. რაც მთავარია, მძღოლის სავარძელს, მყიდველის ტანის მონაცემების შესაბამისად, ინდივიდუალურად დაამზადებენ. ამასთან, მყიდველი თავად შეარჩევს სალონის ფერთა გამას და ამაში ზედმეტი თანხის გადახდა არც მოუწევს.

რაც შეეხება ავტომობილის აღჭურვილობას, კაპოტის ქვეშ 5.4-ლიტრიანი V8 მონსტრი განლაგდება, რომელიც 625 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. 5-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის (სერია AMD სპიდშიფტ) გავლით, ძრავის მაბრუნი მომენტი უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.8 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 333 კმ/სთ-ია.

”დოჯ ვაიპერი” ბრუნდება

New Dodge Viper Confirmed

2 დეკემბერი

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”კრაისლერმა” თავისი განთქმული სუპერ ავტომობილის, ”დოჯ ვაიპერის” წარმოება შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში, პრესაში ამ სახელის მომავლის შესახებ საუბარი არ შეწყვეტილა. იყო იმის ვარაუდიც, რომ ამერიკული კომპანია ”ვაიპერს” ცალკე ბრენდად გაყიდდა. მაგრამ ეს არ მოხერხდა. შემდეგ კი ამერიკულმა კომპანიამ ”ფიატთან” ალიანსი შექმნა.

და აი, ”დოჯის” შეფმა რალფ ჯილმა დაადასტურა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ”კრაისლერის” დირექტორთა საბჭომ, ”ვაიპერის” წარმოების განახლება გადაწყვიტა. უფრო მეტიც, მისივე თქმით, ახალი ავტომობილის შემუშავება უკვე დაწყებულია.

ასევე ინტერნეტით გავრცელებული იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი ან ”ალფა რომეოს” სუპერ ავტომობილ ”8C კომპეტიციონეს”, ან ”ფერარის” რომელიმე ავტომობილი პლატფორმაზე აიგებოდა. მაგრამ ჯილი ხაზგასმით ამბობს, რომ ახალი ”ვაიპერი” არცერთ სხვა მოდელზე არ იქნება ბაზირებული. ამასთან, ავტომობილს კვლავაც გრძელი კაპოტი ექნება, რამაც პირველ ”ვაიპერს” სახელი გაუთქვა.

”კაბინა რომ ძალიანაა უკან დაწეული, ეს ”ვაიპერის” საფირმო ნიშანია. როგორც წესი, ”ვაიპერს” ძალიან გრძელი კაპოტი აქვს და ეს ტრადიცია კვლავაც შენარჩუნდება. სულ რამდენიმე მანქანაა შემორჩენილი, რომელსაც მსგავსი პროპორციები აქვს და ჩვენ ამის შეცვლას არ ვაპირებთ”, - ამბობს ჯილი, ვინც იმავდროულად, ”დოჯის” დიზაინის განყოფილებასაც კურირებს.

რაც შეეხება ძრავს, ”ვაიპერი” არც ამ აგრეგატს ისესხებს ”ფერარისგან”, ან სხვა რომელიმე იტალიური ბრენდისგან. ამერიკული კომპანია მას სუფთა ფურცლიდან შეიმუშავებს, თუმცა ამ პროცესში მთავარ როლს, ”ფიატის” სპეციალისტები შეასრულებენ.

”ჩვენ მათი ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. ”ფიატს” ავტომობილების სრულყოფის წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ძალიან მინდა, ახალი ”ვაიპერი” უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მისი მართვით, მფლობელები დიდ სიამოვნებას ღებულობდნენ”, - დასძენს ჯილი.

ცნობისათვის, ბოლო ”ვაიპერის” (SRT10) კაპოტქვეშ მოთავსებულია 8.4-ლიტრიანი V10 მონსტრი, რომელიც 600 ცხენის ძალას და 760 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ ავტომობილს პოპულარობა მისი ძრავის სიმძლავრემ და იმ ფაქტორმა მოუპოვა, რომ მას არ აქვს სტაბილურობის კონტროლის სისტემა.