Wednesday, December 15, 2010

”ფოლკსვაგენის” ელექტრო ტაქსი ლონდონისთვის

Volkswagen Taxi Concept Revealed in London

15 დეკემბერი

ათწლეულების განმავლობაში, ლონდონური ტაქსი, ისევე როგორც ორსართულიანი ავტობუსი, ამ ქალაქის სიმბოლოებად იქცა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ სიმბოლოებს დრო მალე სერიოზულ გამოცდას მოუწყობს, ამის მიზეზი კი ქალაქის ხელისუფლების გარემოსადმი მზუნველობაა - ძველი ქების დიზელის ძრავი ჰაერს ძლიერ აბინძურებს და გამონაბოლქვზე ახალ გამკაცრებულ მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებს. ამიტომ, მის შესაცვლელად, სასწრაფო ზომებია მისაღები.

პირველი, ვინც დროის ახალ მოთხოვნებს ფეხი აუბა, ”ფოლკსვაგენია”, რომელიც თავის კონცეპტუალურ ჰეჩბეკ Up-ის ბაზაზე, ევროპის დიდი ქალაქებისთვის ელექტრონული ტაქსის წარმოებას აპირებს და ამ ელექტრომობილს შესაბამის ქალაქებს უჩვენებს. ჰოდა, მილანისა და ბერლინის შემდეგ, ლონდონის ჯერიც დადგა, სადაც ელექტრული ტაქსის პროტოტიპი ამ პროექტის შეფმა კლაუს ბიშოფმა წარადგინა.

”ფოლკსვაგენის” ელექტრული ტაქსის გაბარიტებია: სიგრძე 3 730 მილიმეტრი, სიგანე 1 680 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1 600 მილიმეტრი. ამგვარად, ის გერმანული კომპანიის ყველაზე პატარა სერიულ მოდელ ”ფოქსზე” მოკლეა და ძნელი წარმოსადგენია ლონდნური ქების როლში. არადა, აკუმულატორების ”წყალობით”, 1 500 კილოგრამს იწონის.

ამასთან, მომცრო გაბარიტების მიუხედავად, ავტომობილის სალონი საკმაოდ კომფორტული და მოცულობითია (ბორბლებს შორის არსებული გრძელი ბაზის წყალობით), თუმცა მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სალონში არაა წინა მგზავრის სავარძელი. ეს ადგილი საბარგულადაა გამოყენებული.

ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკის ენერგოტევადობა საათში 45 კილოვატია. მასში დაგროვილი ელექტროენერგია 113-ცხენისძალიან ელექტროძრავს ამუშავებს, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი მაქსიმუმ 119 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. სამაგიეროდ, მისი სვლის სიშორე 300 კილომეტრია. დაკიდევ, ერთი თვისება, რასაც ტაქსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - აკუმულატორები ერთ საათში 80 პროცენტით იმუხტება.

სალონში, მძღოლისა და მგზავრების სავარძლების წინ მოთავსებულია თაჩსქრინ მონიტორები, რომლებზეც სასურველი ინფორმაციის ნახვა შეიძლება. წინა მონიტორზე ძირითადად იმ ინფორმაციას ნახავთ, რომლებიც მძღოლს ესაჭიროება. უკანა მონიტორი კი გასართობი ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს. ამავე მონიტორებზე შესაძლებელია მარშრუტისთვის თვალის დევნება და მგზავრობის საფასურის კონტროლი.

დაკიდევ, ავტომობილს ორივე მხარეს თითო კარი აქვს. მაგრამ მათგან ერთი, რომელიც მძღოლისთვისაა განკუთვნილი, წინ მძღოლის მხარესაა განლაგებული, მეორე კი (მგზავრებისა) - უკან. ტაქსს, თან ასეთ კომპაქტურს, მეტი არც სჭირდება.

ბიშოფის თქმით, მსგავსი ტაქსის გამოშვებას ”ფოლკსვაგენი” 2013 წელს გეგმავს.

დეტროიტი მსოფლიო პრემიერებისთვის ემზადება

15 დეკემბერი

10 იანვარს, დეტროიტის საგამოფენო კომპლექს ”კობო სენტერის” პავილიონები დიდ საერთაშორისო საავტომობილო გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც მომავალი წლის მსოფლიო პრემიერების პირველი ფორუმი გახდება. დეტროიტული ავტო შოუ, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საავტომობილო გამოფენათა ხუთეულში შედის და უდიდესია ორივე ამერიკის კონტინენტზე. რაც მთავარია, ის არცთუ შორეულ წარსულში, მსოფლიოს უდიდესი ავტობაზრის ცენტრალური ქალაქია და ბუნებრივია, ამ ბაზარზე წარმატების მოსურნე კომპანიები, იქ თავიანთი სიახლეების დემონსტრირებას ეშურებიან ხოლმე.

ფორდ ტერიტორი

..............................

მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა დეტროიტის ავტო შოუსაც დაასვა დაღი - ორი წელია, იქ მსოფლიო პრემიერების რიცხვმა საგრძნობლად იკლო და ზოგიერთმა კომპანიამ, ამ შოუში მონაწილეობისგან თავის შეკავებაც კი ამჯობინა. თუმცა კრიზისმა უკვე ჩაიარა და როგორც ჩანს, ეს გამოფენასაც დაეტყობა, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 40 მსოფლიო პრემიერას ელიან.

ავტო შოუს ორგანიზატრორებმა, გამოფენაზე მონაწილეობისთვის 4 536 ჟურნალისტი დაარეგისტრირეს, რომლებიც ”კობო სენტერში” გამოფენილ ავტომობილებს, მთელს მსოფლიოს გააცნობენ. გამოფენაზე ამერიკული, ევროპული და აზიური დიდი კომპანიების გარდა, პატარა მწარმოებლებიც მრავლად იქნებიან, რომელთა უმეტესობა, კონცეპტუალურ მოდელებს წარადგენს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები - ჰიბრიდები და ელექტრომობილები მოექცევა.

შევროლე ამპ

..............................

დეტროიტის ავტო შოუზე საზოგადოებას პირველად დაენახება ”ფორდის” უგზოობის ახალი კონცეპტუალური ავტომობილი (ტერიტორი), რომელმაც მალე ორი პოპულარული მოდელი - ”კუგა” და ”ისკეიპი” უნდა შეცვალოს. გამოფენზე ”ცისფერი ოვალი” ამ ორი ავტომობილის ახალ გარეგნობას გვიჩვენებს.

ამ ეტაპზე, ”ჯენერალ მოტორსისთვის” ყველაზე აქტუალური თემა ელექტრომობილები და ”შევროლე ვოლტია”, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდოს მიღება მოახერხა და რომელიც ახლახანს გამოჩნდა ამერიკული კომპანიის დილერთა შოურუმებში. ამ ეპოქალური ავტომობილის გარდა, ”გენერლები” თავიანთ ახალ ელექტრომობილს - ”ვოლტის” ბაზაზე შექმნილ მინივენ ”შევროლე ამპ-ს” გვიჩვენებენ.

კრაისლერ 300

..............................

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია - ”კრაისლერი”, რომელსაც წელს გაყიდვები 70 პროცენტით აქვს გაზრდილი, თავისი ფლაგმანის, სედან 300-ის პრემიერას ჩაატარებს. ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მალე მასზე თავის შესაბამისი კლასის ავტომობილს იტალიური ”ლანჩა” დაამყნობს.

დეტროიტში ნამდვილი მოვლენა იქნება ჩინურ კომპანია BYD-ის გამოჩენა. მის სტენდზე მთავარ ადგილს ელექტრომობილი E6 დაიკავებს, რომელსაც ცისქვეშეთელები უპირველესად, ამერიკის ბაზრისთვის ამზადებენ. მერმისს ისინი იქ ამ ავტომობილის სრულფასოვან ტესტირებას შეუდგებიან. სხვათა შორის, ჩინურ სიახლეს ალმაცერად ვერავინ შეხედავს, რადგან ის არცთუ დიდი ხნის წინ, ”დაიმლერის” პარტნიორი გახდა და თავის ელექტულ სიახლეებს სწორედ გერმანულ კომპანიას გაუზიარებს, რაც მის იმიჯს ძლიერ წაადგება.

BYD E6

..............................

”მწვანე” სიახლე აქვს ”ტოიოტასაც”, რომელმაც როგორც იქნა, თავის პოპულარულ ჰიბრიდ ”პრიუსის” ბაზაზე მინივენი (პრიუს MPV) დაამზადა და მას პირველად ამერიკელებს უჩვენებს. უნდა ითქვას, რომ ავტომობილების მასობრივი უკან გახმობის გამო, ”ტოიოტას” მთელს მსოფლიოში დიდი პრობლემები შეექმნა, თუმცა ამის მიუხედავად, ამერიკაში მისი გაყიდვები მაინც 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა. და მაინც, ეს გაცილებით ნაკლებია მისი მთავარი კონკურენტების, ”ჯენერალ მოტორსის” და ”ფორდის” ანალოგიურ მაჩვენებლებზე (შესაბამისად, 49 და 33 პროცენტიან ზრდაზე).

მნიშვნელოვანი სიახლე ”ჰონდასაც” ექნება, რომლის ექსპოზიციის ცენტრალურ ადგილსაც ახალი ”სივიკი” დაიკავებს, რომელიც ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სავარაუდოდ, იაპონური კომპანიის გაყიდვებს (ზრდა 27 პროცენტი) კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ამათ გარდა, დეტროიტის ავტო შოუზე თავიანთ სიახლეებს ”აუდი”, ”ბეემვე”, ”ნისანი”, ”ინფინიტი”, ”ლექსუსი”, ”მიცუბიში”, ”სუძუკი”, ”ფიატი”, ”როლს როისი” და სხვა კომპანიები გამოფენენ. დამთვალიერებლებს თავიანთ კონცეპტუალურ ავტომობილებს ”ფისკერი”, ”ვენტური” და სხვა პატარა კომპანიებიც უჩვენებენ.

”ბეემვეს” 1-ლი სერიის M კუპე პრემიერის წინ

BMW 1 Series M Coupe Official Details

15 დეკემბერი

ტრადიციისამებრ, ”ბეემვე” თავისი ყველა მოდელის ტემპერამენტიან ვერსიას ამზადებს, რომელსაც ინდექსად M ეწერება. ამ ინდქსის მატარებელი ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამაც ბავარიელებს სპეციალური სატუნინგო შტოს - M-ის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა. და, როგორც კი ბაზარზე მათი ახალი ავტომობილი გამოვა, M-ის სპეციალისტები მაშინვე შეუდგებიან ხოლმე მის სრულყოფას. ასე მოხდა 1-ლი სერიის კუპეს შემთხვევაშიც. მის M ვერსიის გამოჩენას ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდა და ეს მოლოდინი ახლახანს დასრულდა.
ოღონდ, სანამ მათი ახალი შედევრის შესახებ მოვყვებით, მის სახელზე უნდა შევჩერდეთ. ტრადიციისამებრ, მოდერნიზებულ ავტომობილს სახელად M1 ერგებოდა, მაგრამ ეს სახელი ”დაკავებულია” - ის იმ სარბოლ მონსტრს ერქვა, რომელიც ბავარიელებმა 1978 წელს დაამზადეს და სამი წელი უშვებდნენ. ბუნებრივია, კომპანიის ხელმძღვანელობამ, იმ შუაძრავიანი სუპერავტომობილის სახელის სხვა ავტომობილისთვის დარქმევა არ ისურვა.

გამოსავალი მარტივად მოიძებნა - 1-ლი სერიის M კუპე. ამ სახელით შეინიღბა ავტომობილი, რომელიც კუპე ”ბეემვე 135i-ს” ბაზაზე დამზადდა. გაზრდილი ბამპერების ხარჯზე, ავტომობილი სიგრძეში 20 მილიმეტრით (4380 მილიმეტრამდე) გაიზარდა. სიგანში კი 55 მილიმეტრი (1803 მმ-მდე) მოემატა. გაიზარდა ბორბლების კვალიც. წინ 70 მილიმეტრით (1541 მმ-მდე), უკან კი - 46 მილიმეტრით (1543 მმ-მდე).

ყურადღებას იქცევს ავტომობილის გარეგნობაში შეტანილი ერთი ცვლილება -

წინა ბამპერის კიდეებში, ბორბლების წინ, მას ვერტიკალური ლაყუჩები აქვს. ბავარიული კომპანიის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ ლაყუჩების მიერ შეგროვილი ჰაერი, ბორბლების წინ ერთგვარ საჰაერო ფარდას წარმოქმნის, რაც ბორბლების თაღების არეში ჰაერის ტურბულენტური არეალის წარმოქმნას უშლის ხელს.

რაც შეეხება ძრავს, ავტომობილი აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი (რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავით, რომელიც წყვილი ტურბოდამჭირხნის მეშვეობით, 340 ცხენის ძალას (5 900 ბრ/წთ-ზე) და 450 ნიუტონმეტრს (1 500-4 500 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. ამ აგრეგატით, 1 495-კილოგრამიანი ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4.9 წამში ასწრებს, 200 კმ/სთ-მდე კი 17.3 წამი სჭირდება.

სხვათა შორის, ძრავის ანალოგიური მონაცემები აქვს ”აუდის” უახლეს RS3-ს, რომელიც 1-ლი სერიის M კუპეზე მძიმე კია (1 585 კგ), მაგრამ ადგილიდან ასს უფრო სწრაფად - 4.6 წამში კრეფს. როგორც ჩანს, ”ოთხი რგოლის” უპირატესობას 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი S ტრონიკი განაპირობებს, რომელიც გადაცემის საფეხურების უსწრაფეს ცვლას უზრუნველყოფს. ბავარიულ M-ის ძრავის მაბრუნი მომენტის გადამუშავება 6-საფეხურიან მექანიკას ევალება. ”აუდის” ავტომობილი კი სრულამძრავიანი ტრანსმისიითაცაა აღჭურვილი.

სამაგიეროდ, 1-ლი სერიის M კუპემ თავი გერმანულ ავტოდრომ ნურბურგრინგზე შესანიშნავი შედეგით გამოიჩინა - ტრასის ჩრდილოური დიდი მარყუჟი 8 წუთსა და 12 წამში გაიარა.

1-ლი სერიის M კუპეს მსოფლიო პრემიერა დეტროიტის საავტომობილო შოუზე, იანვარში გაიმართება, თუმცა პირველი მყიდველი სასურველ ავტოს მხოლოდ მაისში მიიღებს. გერმანიაში ამ ავტომობილის სასტარტო ფასი 50 500 ევრო იქნება, 500 ევროთი მეტი, ვიდრე ”აუდი RS3” ღირს.

”გემბალა” ”კაიენ ტორნადოთი” დაბრუნდა

Gemballa is Back: Tornado 2011 Porsche Cayenne

15 დეკემბერი

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ, მისი დამაარსებელი უვე გემბალა სამხრეთ აფრიკაში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, კომპანია ”გემბალა” არსებობას მაინც აგრძელებს. მისმა მთავარმა აღმასრულებელმა ანდრეას შვარტსმა და ინვესტორმა შტეფენ კორბახმა სახელოვანი გერმანული სატუნინგო კომპანია აღადგინეს და ახალი შედევრიც გაამზადეს.

”გემბალას” სპეციალისტებმა ამჯერად ისედაც შესანიშნავი ”პორშე კაიენის” დახვეწა გადაწყვიტეს და დასახულ ამოცანას, თავი შესანიშნავად გაართვეს. მათ ნახელავს კი სახელად ”ტორნადო” ეწოდა - სახელი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს წინაშე ნამდვილი სტიქიაა, რომელიც მის პატრონს, ექსტრემალური მართვით უზარმაზარი სიამოვნების მინიჭებას პირდება.

”გემბალას” სპეციალისტებმა პირველ რიგში, ”კაიენის” ძარის პანელების შეცვლაზე იზრუნეს. ჯერ ერთი, ახალი პანელები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. მეორეც, შეიცვალა მთლიანად ავტომობილის დიზაინი. მან უფრო აგრესიული გამომეტყველება მიიღო. კარბონით შეიცვალა კაპოტი, წინა ფრთები, ზღურბლი, კარებები და უკანა ნაწილის ზოგიერთი დეტალი. კარბონიზაციის წყალობით, ავტომობილმა წონში 70 კილოგრამი დაიკლო.

რა თქმა უნდა, მოდერნიზაცია ”კაიენის” ძრავსაც ჩაუტარდა. ახალი პროგრამა შეიყვანეს ძრავის მართვის ბლოკში, რისი წყალობითაც, 4.8-ლიტრიანი ორ ტურბოიანი V8 აგრეგატის სიმძლავრე 500-დან 580 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მაქსიმალურმა მომენტმა კი 30 პროცენტით, 1000 ნიუტონმეტრამდე მოიმატა. ეგ კიდევ არაფერი, ”გემბალა” ძრავის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს. შედგენილია ”ტორნადოს” ტუნინგის პროგრამა, რომელიც ძრავის სიმძლავრის 670-700 ცხენის ძალამდე გაზრდას ითვალისწინებს.

”კაიენის” სპორტ პაკეტში ასევე შევიდა 22-დუიმიანი ბორბლები და მათში ჩამჯდარი ”ბრემბოს” სამუხრუჭე სისტემები. წინა სამუხრუჭე დისკოების დიამეტრი 420 მილიმეტრია, უკანებისა კი - 405 მილიმეტრი.

ცვლილებბი ჯერ არ შეხებია ”კაიენის” ინტერიერს, თუმცა ”გემბალა” აცხადებს, რომ პროექტი ჯერ ბოლომდე მიყვანილი არაა და ავტომობილის სრულყოფის მორიგი ეტაპი სწორედ სალონს შეეხება.