Thursday, April 14, 2011

„ჰიუნდაი ველოსტერი“ 208-ცხენისძალიანი ტურბო ძრავით

Hyundai Veloster Turbo to produce 208 horsepower

14 აპრილი

ჯერ დეტროიტის, შემდეგ კი ჟენევის ავტო შოუებზე, „ჰიუნდაიმ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილი - სამკარიანი კუპე „ველოსტერი“ წარადგინა. ავტომობილმა სპეციალისტების და დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა მაშინვე ყველამ აღნიშნა, რომ ატმოსფერული 1.6-ლიტრიანი GDI (გაზოლაინ დაირექტ ინჯექშნ - ბენზინის უშუალო შეფრქვევა) აგრეგატით ამ მანქანას, „ფოლკსვაგენ შიროკოს“ 2.0-ლიტრიანი TSI ძრავით აღჭურვილ ვერსიასთან და „მინი კუპერ JWC-სთან” კონკურენცია გაუჭირდება.

იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე კორეული კომპანია „ველოსტერს“ ამ ძრავის ტურბოკომპრესორიანი ვერსიითაც აღჭურვავდა. არ გასულა დიდი ხანი და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - „ჰიუნდაი“ ნიუ იორკის ავტო შოუზე 1.6-ლიტრიანი T-GDI (ტურბოკომპრესორიანი) ძრავით აღჭურვილ „ველოსტერს“ გამოფენს.

რა ტქმა უნდა, ეს ძრავი ატმოსფერული ანალოგის ბაზაზეა შექმნილი, ოღონდ, ტურბოკომპრესორი აქვს დამატებული. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მისი სიმძლავრე 138-დან 208 ცხენის ძალამდე გაზრდილიყო. ძრავი მაქსიმალურ სიმძლავრეს მუხლა ლილვის 6 000 ბრ/წთ-ზე ავითარებს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი, ბრუნთა რიცხვის დიდ დიაპაზონში (1 600-5 000 ბრ/წთ) 264 ნიუტონმეტრს აღწევს.

ძრავის ამ მონაცემებით, „ველოსტერს“ დაახლოებით ისეთივე დინამიკური მახასიათებლები ექნება, როგორიც „ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ს“ აქვს. მართალია, „ველოსტერის“ მაბრუნი მომენტი 16 ნიუტონმეტრით ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ, ის 188 კილოგრამით ნაკლებსაც (1172 კილოგრამს) იწონის. ნიუ იორკის გამოფენამდე, „ჰიუნდაი“ ტურბოძრავიანი „ველოსტერის“ დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. სავარაუდოდ, 0-100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, მას 7 წამი დასჭირდება.

ასეთი ძრავით აღჭურვილი „ველოსტერი“ ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. შემდეგ კი იგივე ძრავს, კორეული კომპანია უგზოობის „ჰიუნდაი ix30-ზე“ და ნათესავი „კია-ს“ „სიი’დ-ზე“ დააყენებს.

დაბოლოს, საქართველოში „ჰიუნდაის“ წარმომადგენელი, კომპანია „ჰიუნდაი ავტო ჯორჯია“ კუპე „ველოსტერის“ პირველ ეგზემპლარს სავარაუდოდ, ზაფხულში შემოიყვანს, მასზე შეკვეთების მიღებას კი მოგვიანებით შეუდგება.

No comments:

Post a Comment