Monday, January 3, 2011

”ბუგატი” სედანს ”აუდის” პლატფორმაზე ააგებს

Bugatti Sedan to Use Audi A8 Platform

3 იანვარი

”ფოლკსვაგენს” თავის ჯგუფში რამდენიმე საავტომობილო კომპანია ჰყავს გაერთიანებული და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და წარმოებული ავტომობილების რაოდენობის მხრივ, 2018 წელს, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის საპატიო სტატუსს დაეუფლოს.

თქმა არ უნდა, ამ მიზნის მიღწევაში, უმნიშვნელო როლი ენიჭება ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ისეთ მარკებს, როგორებიც ”ბუგატი”, ”ლამბორგინი” და ”ბენტლია”, თუმცა ვოლფსბურგელები მათს განვითარებაზეც ისევე ზრუნავენ, როგორც ძირითად მარკებზე.

ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ ”პორშეს” უგზოობის ავტომობილებს (კაიენს და ახალ ავტომობილს, რომელიც პორშეს გამას მალე შეავსებს) ამიერიდან ”აუდი” გამოუშვებს. მაგრამ ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობა ამას არ სჯერდება. მალე დაიწყება ”ბუგატის” განახლება და როგორც ჩანს, ეს მარკა თანდათან გაზრდის წარმოების მოცულობას. ამისათვის კი მას საწარმოო ხარჯების შემცირება დასჭირდება, რისთვისაც მისწრება სხვა კომპანიების პლატფორმების გამოყენება იქნებოდა.

ჰოდა, როგორც გერმანული გამოცემა ”შპიგელი” გვატყობინებს, ვოლფსბურგელებმა გადაწყვიტეს, რომ ”ბუგატის” დონორად ”აუდი” ეყოლება. მალე სუპერ კუპე ”ვეირონი” ისტორიას ჩაბარდება, ”ბუგატი” კი ლუქს სედანების წარმოებაზე გადავა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგაც, ”ბუგატის” ავტომობილების შეძენის საშუალება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მყიდველს ექნება, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ მარკის საქმიანობა გერმანულ ჯგუფს მაინც მოგებას პირდება.

ავტომოყვარულებს უთუოდ ემახსოვრებათ კონცეპტუალური სუპერ სედანი ”გალიბიერი”, რომელიც ”ბუგატიმ” საზოგადოებას პირველად წელიწადნახევრის წინ უჩვენა. ამ ავტომობილის სერიული ვერსიისთვის, ”აუდის” ფლაგმან A8-ს ახალი თაობის სედანის პლატფორმას გამოიყენებენ. ამით, საწარმოო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა ეს მაინც არ აისახება ავტომობილის ფასზე და ამის მიზეზი ისაა, რომ ”ბუგატი” ტრადიციას შეინარჩუნებს და ისევე როგორც ”ვეირონს”, ”გალიბიერსაც” მხოლოდ 300 ცალს დაამზადებს.