Friday, January 7, 2011

თვალწარმტაცი არარეალური კონცეპცია ”როლს როის აპარიშნ”

Rolls-Royce Apparition Concept Is Eye-Catching

7 იანვარი

ავტოინდუსტრიას არაერთი შესანიშნავი დიზაინერი ჰყავს, რომლებიც ხშირად ისეთ არარეალურ მოდელებს ხატავენ, მათ ნამუშევარს რომ ნახავთ, იფიქრებთ, რომ ის 12 წლის ბავშვმა შექმნა. თუმცა, მათგან ზოგიერთი ისეთია, რომელიც ნახატის ბაზაზე რეალური ავტომობილის შექმნის სურვილს აღგიძრავთ. მაგალითად, ასეთია ტექსასელ დიზაინერ ჯერემი ვესტერლუნდის ექსპერიმენტული ნამუშევარი, რომელიც მან ”ბეემვეს” ამერიკულ სტუდიაში სტაჟირებისას შეიმუშავა.

ამ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად ”აპარიშნ”, რომელიც მხოლოდ 1:4 მასშტაბური მოდელის სახით არსებობს, ბევრი ისეთი დეტალი აქვს, რომელთა მსგავსიც თანამედროვე ავტოინდუსტრიაში არც გვხვდება და ალბათ არც არასდროს შეგვხვდება.

თუნდაც მისი გაბარიტები ავიღოთ - მასშტაბური მოდელის სიგრძე 1.8 მეტრია, რეალურ ზომებში კი მისი სიგრძე 7.24 მეტრი იქნებოდა. ამ პოტენციური მონსტრის სიგანეზე არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, მისი სიმაღლე 1.5 მეტრი, ბაზა კი 4.5 მეტრი უნდა იყოს. ამ ზომებით თვით ”როლს როისის” რეალური ”ფანტომიც” კი დაიკვეხნიდა...

იდეაში, ამ გიგანტის მოძრაობა 800-ცხენისძალიანმა V16 ძრავმა უნდა უზრუნველყოს, რომლის მუშა მოცულობა 6.6 ლიტრი, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 765 ნიუტონმეტრი უნდა იყოს. ძრავის მონაცემები სრულიად რეალურია. სამაგიეროდ, მსუბუქი ავტომობილებისთვის 9-საფეხურიან ავტომატურ კოლოფებს დღეს არავინ აწარმოებს. ვესტერლუნდის კონცეპტუალური ავტომობილი კი სწორედ ასეთი ტრანსმისიით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს 24-დუიმიან ბორბლებს მიაწვდის.
მაგრამ ამ კონცეპციაში მთავარი ეს არაა. ფოტოდანაც ჩანს, რომ მთავარი ავტომობილის გარეგნობაა. რა თქმა უნდა, მას რადიატორის უზარმაზარი ბადე აქვს, რომელიც ”აპარიშნს” გრანდიოზულ იერს სძენს. სახურავი პრაქტიკულად კაპოტის გაგრძელებაა და მის არსებობას მხოლოდ პროფილში შესამჩნევი გვერდითი შუშები და მცირე რკალი მიგვანიშნებს. მაგრამ თურმე ის არც ისე პატარაა - მის ქვეშ მოთავსებული სალონი ოთხ ადამიანს იტევს. თანაც ისე, რომ ისინი კომფორტის უმაღლესი დონით არიან უზრუნველყოფილები. რაც შეეხება მძღოლს, რატომღაც მისთვის პროექტის ავტორმა რატომღაც ღია ადგილი გამოჰყო. და როგორც ჩანს, არც უამინდობაში მისი კოკპიტის დახურვის შესაძლებლობა გაითვალისწინა.

საინტერესოა, ეს ბრონტოზავრი რომელიმე პატარა ფირმამ რომ დაამზადოს, რა ფასს დაადებს მას. თუმცა, ფასს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ერთი-ორი კოლექციონერი, ვინც ამ უცნაური ქმნილების თავის ფარეხში დასაყენებლად ნებისმიერ თანხას გაიღებს...

”ოპელი” სააქციო საზოგადოება გახდა

Opel Is Now Stock Corporation

7 იანვარი

ბოლო ორი წელია, ”ოპელი” გაურკვევლობაში იყო - ”ჯენერალ მოტორსი” ჯერ მის გაყიდვას დიდი მონდომებით ცდილობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თითქოს, გერმანულ კომპანიას ახალი მფლობელი გამოუჩნდა, ამერიკულმა ავტოგიგანტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ის თავის ჯგუფში დატოვა. ახალი წლის პირველივე დღეებში კი, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ, თავად ”ჯენერალ მოტორსი”, ”ოპელიც” სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

”ჩვენი კომპანიისთვის, ეს ახალი წლის შესანიშნავი დასაწყისია. ”ოპელმა” თავისი გეგმების განხორციელებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მთელს ევროპაში 40 000 თანამშრომელი გვყავს და სააქციო საზოგადოებად გადაკეთებით, ამ რესურსის უკეთ გამოყენებას შევძლებთ. ამიერიდან, ”ოპელსაც” ზუსტად ისეთივე მმართველობა ეყოლება, როორიც ”ჯენერალ მოტორსს” ჰყავს”, - განაცხადა ”ოპელის” მთავარმა აღმასრულებელმა ნიკ რილიმ.

”ოპელმა” ჯერ კიდევ სამი თვის წინ გამოაცხადა, რომ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას აპირებდა და რომ ეს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია მის მდგომარეობაში მყოფი კომპანიისთვის, რომელსაც რესტრუქტურიზაცია ესაჭიროება. ”ოპელი” სააქციო საზოგადოებად დარმშტადტის კომერციულ რეგისტრში გატარდა. რილიმ განაცხადა, რომ რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, კომპანიას ახლანდელი მმართველი სტრუქტურა შეუნარჩუნდება.

”სააქციო საზოგადოებად გარდაქმნით, ჩვენი კომპანია ახალ ცხოვრებას იწყებს. ამასთან, ეს საბაზისო მოთხოვნა იყო იმისათვის, რომ ჩვენთან დასაქმებულები რესტრუქტურიზაციის გეგმას დათანხმებოდნენ. ამიერიდან, ჩვენს თანამშრომლებს, მმართველ საბჭოში თავიანთი წარმომადგენლის შეყვანის უფლება და ამგვარად, ”ოპელის” საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ”, - დასძენს რილი.

”აუდი” კუპეს ტიპის სედანის გამოშვებას აპირებს

Audi Could Build the A9 on a Platform Shared with the Estoque

6 იანვარი

”აუდის” ხელმძღვანელობა ახალი, სამოდელო გამის დამაგვირგვინებელი მოდელის გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილი კუპეს ტიპის, ახლანდელ ფლაგმან A8-ზე დიდი სედანი იქნება და ის პლატფორმას ”ლამბორგინის” ანალოგიური კლასის ”ესტოკეს” გაუზიარებს. ამ ავტომობილით, ინგოლშტადტელები კონკურენციას ”მერსედეს ბენცის” CL-ს და ”ბეემვეს” დიდი ზომის კუპეს გაუწევენ, რომელიც ბაზარზე მერმისს უნდა გამოჩნდეს.

ბრიტანულ გამოცემა ”აუტოქართან” საუბრისას, ”აუდის” წარმომადგენელმა, ვინც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ A9-ს წარმოება ჯერ გადაწყვეტილი არაა. თუმცა, პროექტის საქმიანი პაკეტის მომზადება დაწყებულია, რასაც კონცეპტუალური მოდელის დამზადება და რომელიმე დიდ გამოფენაზე გამოტანა უნდა მოჰყვეს.

უნდა ითქვას, რომ ”აუდის” და ”ლამბორგინის” (რომლებიც ფოლკსვაგენის დიდ ოჯახში არიან გაერთიანებული) პლატფორმის გაზიარების გამოცდილება უკვე აქვთ - ”ლამბორგინი გალიარდო” ”აუდი R8-ს” პლატფორმაზეა აგებული, რიტაც ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები დაზოგა. იმავდროულად, ეს ორი ავტომობილი გარეგნობით საერთოდ არ გავს ერთმანეთს.

ორი ახალი ავტომობილისთვის A8-ს ახალ პლატფორმას (MLB - მოდულარული გრძივად ცვალებადი არქტექტურა) გამოიყენებენ, რომელსაც მოდერნიზაცია ჩაუტარდება - დაგრძელდება. ეს პლატფორმა ალუმინის და კომპოზიტებისგან დამზადდება და მსუბუქი იქნება. ამასთან, პნევმატურ საკიდარს დაეყრდნობა. რაც შეეხება ძრავებს, საბაზო იქნება V8 აგრეტაგი, ტოპ ვერსიას კი 6.3-ლიტრიანი W12 მონსტრით აღჭურვავენ.

”აუდის” ჯერ A9-ს შესაბამისი კონცეპტუალური მოდელიც კი არ შეუქმნიათ. სამაგიეროდ, 2008 წელს, ”ლამბორგინიმ” პარიზის ავტო შოუზე, ოთხკარიანი კუპე ”ესტოკე” გვიჩვენა, რომელიც სავარაუდოდ, მალე მის სამოდელო გამას დაემატება. მოკლედ, თუ ”აუდი” A9-ს წარმოებას გადაწყეტს, მას ნეკარსულმის ქარხანაში გამოუშვებს.