Monday, January 24, 2011

დეტროიტის ავტო შოუ

NAIAS 2011

24 იანვარი

ვოლვო

შვედურ კომპანიას გამოფენაზე ერთობ უცნაური ექსპონატი ჰქონდა - მის სტენდზე დამტვრეული ელექტრომობილი C30 იდგა. და მას სარეკლამო დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, როგორც ”ვოლვოს” შეფი სტეფან ჯეკობი ამბობს, ამ უცნაური ჩვენების დანიშნულება ის იყო, რომ ყველა დაერწმუნებინა ელექტრომობილების უსაფთხოებაში. უფრო კონკრეტულად კი იმაში, რომ ელექტრომობილიც ისეთივე უსაფრთხო შეიძლება იყოს, როგორიც შიდაწვისძრავიანი ავტომობილია (რაშიც ვოლვო ტრადიციულად ძლიერია).

გამოფენაზე წარმოდგენილ დამტვრეულ ავტომობილს ქრეშ-ტესტი ”ვოლვოს” ტექნიკურ ცენტრში ჩაუტარდა. შეჯახების დროს, ელექტრომობილის აკუმულატორები სრულად დამუხტული იყო. ფრონტალური შეჯახება 64 კმ/სთ სიჩქარით მოხდა, მაგრამ არც აკუმულატორები, არც მაღალი ძაბვის კაბელები და არც ელექტრული ძალური დანადგარი არ დაზიანებულა. არადა, ადრე არსებობდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს, რომლებსაც ელექტრომობილებისთვის იყენებენ, გადახურების და გარე დაზიანების შემთხვევაში, აფეთქებისადმი მიდრეკილება აქვს.

რაც შეეხება ელექტრულ C30-ს, ის 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 150 კილომეტრი გაიაროს. მწარმოებლის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 10.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს აღწევს. შვედური კომპანია ამ ავტომობილის 50 ეგზემპლარის საგზაო ტესტირებას მერმისს დაიწყებს.

ფოლკსვაგენი

დაგრძელებული ”ჯეტა” - ასე შეარქვეს ახალ ”პასატს”, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის შექმნა. იყო ვარაუდი იმისა, რომ გერმანული კომპანია ახალი ამერიკული მოდელისთვის სახელ ”პასატს” აღარ გამოიყენებდა, თუმცა ასე არ მოხდა, რასაც წმინდა პრაგმატული მოტივი აქვს - ახალი სახელის რეკლამირებაზე დიდი თანხა უნდა დახარჯულიყო, რაზეც ვოლფსბურგელები არ წავიდნენ.

უნდა ითქვას, რომ ესაა ყველაზე გრძელი ”პასატი”, რაც კი ”ფოლკსვაგენს” ოდესმე შეუქმნია. ავტომობილის სიგრძე 4 868 მილიმეტრამდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ავტომობილი ცუდად არ გამოიყურება, თუმცა მისი გარეგნობა არც არანაირ ემოციას არ იწვევს.

სამაგიეროდ, ის წინა თაობის ”პასატზე” დაახლოებით 8 000 დოლარით იაფი, 20 000 დოლარის ფარგლებში ეღირება. ახალ ”პასატს”, ახალ ”ჯეტასთან” ერთად, დიდი როლი ენიჭება გერმანული კომპანიის გეგმის შესრულებაში, რომელიც ამერიკაში გაყიდვების 800 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დეტროიტის ავტო შოუ

NAIAS 2011

24 იანვარი

კრაისლერი

”ტოიოტას” მსგავსად, ”კრაისლერის სტენდსაც ორი სიახლე ამშვენებდა, რომლებმაც მალე ამერიკული კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გამოაცოცხლონ. ორივე სედანია - ”კრაისლერ 200” და ”კრაისლერ 300”. ამ ავტომობილებს ბაზარი კარგა ხანს ელოდა და როგორც იქნა, მოლოდინი დასრულდა.

”კრაისლერ 200” ერთ-ერთი პირველი ავტომობილია, რომელსაც ამერიკული კომპანია თავის ახალ პარტნიორს, უფრო კი მფლობელ ”ფიატს” გაუზიარებს - იტალიური კომპანია მის ბაზაზე ”ლანჩა ფლავიას” გამოუშვებს. ”კრაისლერის” საწარმოო პროგრამაში კი ის უკვე კარგა ხნის მოძველებულ ”სებრინგს” შეცვლის.

მართალია, ავტომობილი სრულიად ახალია და მასზე ”კრაისლერი” დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ მისი მინუსია ის ფაქტი, რომ საბაზო ვერსიაში, მის 2.4-ლიტრიან ძრავთან შესაწყვილებლად, 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია გათვალისწინებული. სულ კი, ”კრაისლერ 200-ს” მყიდველს ოხთი მოდიფიკაციის სახით შესთავაზებენ. ესენია LX, ტურინგი, ლიმიტედ და S. მათგან ყველაზე იაფფასიანი LX ვერსიაა, რომლის საწყისი ღირებულებაც 19 995 დოლარი იქნება.

თუ 200-ის ფოტოები დეტროიტის გამოფენის დაწყებამდე გავრცელდა, ახალი 300 საზოგადოების წინაშე პირველად სწორედ ”კობო სენტერში” გამოჩნდა. და შეიძლება ითქვას, რომ ”კრაისლერმა” სიტყვა შეასრულა - მისი ახალი ფლაგმანი საკმაოდ ელეგანტური გარეგნობით გამოირჩევა.

განახლებული 300-ის საბაზო ვერსიის კაპოტქვეშ, სერია ”პენტასტარის” 2.6-ლიტრიანი V6 ძრავი განთავსდა, რომელიც 292 ცხენის ძალას იძლევა (ეს ძრავი 200-ის გამაშიც შედის). რაც შეეხება ფასს, საბაზო ვერსიის ღირებულება 27 995 დოლარია.

ჰო, მართლა, დტროიტში ”ფიატმა” გამოაცხადა, რომ ”კრაისლერში” თავის წილს 20-დან 25 პროცენტამდე ზრდის...