Wednesday, February 9, 2011

სპორტული ელექტრომობილი „ნისან ESFLOW“ ჟენევისთვის ემზადება

Nissan ESFLOW to Debut in Geneva

9 თებერვალი

„ნისანი“ მასობრივი ელექტრომობილების ბაზრის პიონერია და როგორც ჩანს, მარტო ამ წოდებით დაკმაყოფილებას არ აპირებს - იაპონურ კომპანიას ელექტრომობილების ფართო სპექტრის წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რის დასტურადაც, ჟენევის ავტო შოუსთვის, სპორტული ელექტრომობილი მოამზადა.

„ნისანმა“ თავისი სპორტული ელექტრომობილის ფოტოები, მის ჟენევურ დებიუტამდე სამი კვირით ადრე გაავრცელა. ეს არის ორადგილიანი ავტომობილი, რომელსაც უკანა წამყვანი ბორბლები აქვს. მისი შასი ალუმინისგანაა დამზადებული, რომელზეც კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული ძარის ელემენტები მაგრდება.

ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც უკანა ბორბლებს ემსახურება. ისინი კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება, რომლის ტევადობაც 24 კილოვატსაათია. აკუმულატორები ისეა განლაგებული, რომ ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის, რაც შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს.

იაპონური კომპანია ჯერჯერობით არ გვატყობინებს ელექტროძრავების მახასიათებლებს. სამაგიეროდ, გვარწმუნებს, რომ ელექტრომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 5 წამზე ნაკლებში შეუძლია. დაკიდევ, აკუმულატორის ტევადობა საკმარისია იმისათვის, ავტომობილმა მისი ერთი სრული დამუხტვით, 240 კილომეტრი გაიაროს.

კონცეპტუალურ სპორტულ ელექტრომობილ ESFLOW-ს გარდა, „ნისანის“ ჟენევურ სტენდზე, ასევე შესაძლებელი იქნება სერიულ ელექტრომობილ „ლიფის“ ხილვა, რომელიც გამოფენაზე წლის საუკეთესო ავტომობილის რანგში წარსდგება.

„ჰიუნდაი ჯენეზისი“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით

2012 Hyundai Genesis R-Spec Gets 5.0-Liter V8

9 თებერვალი

უკვე რამდენიმე წელია, რაც „ჰიუნდაი“ წარმატებით ჰყიდის ლუქსის კლასის სედან „ჯენეზისს“, თუმცა სამხრეთკორეული კომპანია ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მყიდველს პოპულარული ავტომობილის ახალ მოდიფიკაციას სთავაზობს, რომელიც მის ისტორიაში ყველაზე დიდი ძრავით აღჭურვა. ამ ავტომობილის პრემიერა ჩიკაგოს საავტომობილო შოუზე დღეს ჩატარდა.

ავტომობილი, რომლის სრული სახელწოდებაცაა „ჰიუნდაი ჯენეზის R-სპეც“, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ასევე უფრო დიდი „ეკუსისთვისაცაა“ განკუთვნილი. „ჰიუნდაის“ ისტორიაში ყველაზე დიდი ძრავი, ასევე ყველაზე მეტ ცხენის ძალასაც გამოიმუშავებს იმ ძრავებს შორის, რომლებიც კი ოდესმე კორეულ კომპანიას გამოუშვია. ძრავი 429 ცხენის ძალას (6 400 ბრ/წთ-ზე) და 502 ნიუტონმეტრს (5 000 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ძრავის მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს და მაბრუნ მომენტს, სრულიად ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს.

ეს კოლოფი „ჰიუნდაის“ ინჟინრების მიერაა შემუშავებული. სხვათა შორის, „ჰიუნდაი“ გვამცნობს, რომ ის პირველი, არალუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც თავის ავტომობილზე 8-საფეხურიან ტრანსმისიას იყენებს. კორეული კომპანიის ინფორმაციით, ეს ტრანსმისია დაახლოებით 6 პროცენტით უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი წინამორბედი, 6-საფეხურიანი.

„ჰიუნდაის“ ჯერ განახლებული „ჯენეზისის“ ტოპ ვერსიის დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, პრეს რელიზით გვამცნობს, რომ „ჯენეზის R-სპეცი“ უფრო მძლავრი მუხრუჭებით, მოდერნიზებული საკიდარით, საჭის მოდიფიცირებული მექანიზმით და განივი მდგრადობის უფრო სქელი სტაბილიზატორებითაა აღჭურვილი. მთელი ეს ავლა-დიდება კი გაძლიერებულმა ძრავმა მოითხოვა.

ავტომობილი, თავისი კლასისთვის შესაშური ეკონომიურობითაც გამოირჩევა. კერძოდ, მაგისტრალზე მოძრაობისას, მას 100 კილომეტრის გასავლელად, 9.5 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ქალაქში კი ხარჯი 15 ლიტრამდე იზრდება.

ყველაზე დიდი ძრავით აღჭურვის გარდა, „ჰიუნდაიმ“ ყველაზე მცირელიტრაჟიანი ძრავიც სრულყო, რომელსაც „ჯენეზისი“ ადრეც იყენებდა. მაგალითად, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემით აღიჭურვა „ლამბდა“ სერიის 3.8-ლიტრიანი V6 აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 15 პროცენტით, 190-დან 333 ცხ.ძ-მდე, მაბრუნი მომნტი კი 36-ით, 394 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ხელუხლებელი დარჩა 4.6-ლიტრიანი V8 აგრეგატი, რომელიც ისევ 385 ცხენის ძალას იძლევა.