Friday, March 4, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

რენო R-სპეისი და კაპტური

როგორც ჩანს, ფრანგული კომპანია ახალი კორპორატიული სტილის შექმნის სტადიაშია. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება მას შემდეგ, რაც „რენოს“ ჟენვურ კონცეპტუალურ მოდელებს ნახავთ. ქროსოვერი „კაპტური“ და კუპე „დეზირი“ ამის თვალსაჩინო მაგალითია. მათ კი ჟენევაშივე გვერდს კომპაქტვენი „R-სპეისი“ უმშვენებდა. როგორც ჩანს, რაღაც ამათ მსგავსი ოთხბორბალა მალე გამოჩნდება ევროპულ ბაზარზე და ეს რაღაც ალბათ ახალი „კლიო“ იქნება.
„R-სპეისი“ იმითაა გამორჩეული, რომ მას შუა საყრდენი არ აქვს, წინა და უკანა კარებები კი ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. რა თქმა უნდა, ეს იმისათვის გაკეთდა, რომ სალონში მოხვედრა გაადვილებულიყო, თუმცა ასეთი რამ სერიულ ავტომობილებზე რომ არ გადავა, ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.
კომპაქტვენი საკმაოდ პატარა, სამცილინდრიანი 0.9-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვეს, რომელიც 110 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და „R-სპეისს“ ადგილიდან 100-მდე 11 წამში აჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს. ბევრი არაფერი? მეტი არც სჭირდება - ის ხომ საოჯახო ავტომობილია. თანაც, შესანიშნავი ეკონომიურობით გამოირჩევა და გარემოსაც მინიმალურად აბინძურებს. კერძოდ: საშუალოდ 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 95 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ანუ, უკვე შეესაბამება უმკაცრეს ევრო6 სტანდარტს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა.
ამაზე ოდნავ მეტს წვავს და გამოჰყოფს უგზოობის „კაპტურის“ ორტურბოიანი ძრავი. სამაგიეროდ, მას 160 ცხენის ძალის და 380 ნიუტონმეტრის მოცემა შეუძლია. მის დინამიკურ მონაცემებზე ფრანგული კომპანია სიტყვაძუნწობს. სამაგიეროდ, გვამცნობს, რომ „კაპტური“ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 95 გრამ ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ამ კონცეპციის მიზანიც ახალი სტილის ძიების პროცესის ჩვენება იყო. „კაპტურიც“ უჩვეულო კარებებით გამოირჩევა. ოღონდ, „R-სპეისისგან“ განსხვავებით, მას მხოლოდ ორი კარი აქვს და ისინი ზევით, „ლამბორგინის“ სტილში ეღება.

ფრანგული კომპანიის მთავარი დიზაინერი ლორენს ფან დენ აკერი ამბობს, რომ „კაპტური“ სპორტული ქროსოვერია, რომელმაც ახალგაზრდა მყიდველის ყურადღება უნდა მიიქციოს. თუმცა, ამ სახით ის კონვეიერზე ვერ მოხვდება - სერიულ ვერსიას ადრენალინის „ზედმეტ“ დოზას აუცილებლად მოაშორებენ. და თუ ასე მოხდა, მაშინ ახალგაზრდა მყიდველი მას უკვე სხვა თვალით შეხედავს...

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

სმარტ ფორსპიდ-ი

„დაიმლერის“ ჯუჯა ავტომობილების მწარმოებელი შტოს მოდელები მალე გარეგნობას შეიცვლიან და ამის მაუწყებელი პირველი მერცხალი კონცეპტუალური „ფორსპიდ-ია“, რომელიც „სმარტმა“ როდსტერის სახით წარმოგვიდგინა. ამასთან, ის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ძალური დანადგარით აღჭურვა.
რა თქმა უნდა, ამ პატარა ავტომობილს ტემპერამენტი არ გამოარჩევს (მისმა სახელმა არ მოგატყუოთ). თუმცა, მას ეს არც სჭირდება. ის ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ მეგაპოლისების გადატვირთულ ქუჩებში ნაკლები ხარჯით გატაროთ. ეს კონცეპტუალური ეგზეპლარი კი ამას ისე გააკეთებს, რომ ატმოსფეროსაც არ დააბინძურებს.
ორადგილიანი ღია „ფორსპიდ-ი“ პატარა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 40 ცხენის ძალაა. ის ავტომობილის უკანა ნაწილშია განლაგებული. ამ სიმძლავრეს რამდენიმე წამით კიდევ 7 ცხენის ძალა ემატება, როცა ცენტრალურ კონსოლზე განლაგებულ ღილაკს თითს დააჭერთ. ყველაფერი კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარე 5.5 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 120 კილომეტრია საათში. ეს მონაცემები მანქანის სახელს არ შეეფერება, თუმცა საქალაქო ჯუჯასთვის საკმარისია...

ელექტროძრავი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება, რომლის ტევადობაც 16.5 კილოვატსაათია. 80 პროცენტით მის შესავსებად, საათზე ნაკლებია საჭირო. აკუმულატორების ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით 134 კილომეტრი გაიაროს.

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

ინფინიტი ეთერეა

კუპეც, ჰეჩბეკიც, უნივერსალიც და ქროსოვერიც - ეს ყველაფერი ერთ კონცეპტუალურ მოდელზე შეიძლება ითქვას, რომელიც ჟენევაში იაპონურმა „ინფინიტიმ“ წარმოადგინა. ასეა თუ ისე, ეს ავტომობილი „ინფინიტის“ პირველი გოლფ კლასის მოდელია. ამგვარად, ამ კლასის ინგოლშტადტურ (აუდი A3) და მიუნხენურ (პირველი სერიის ბეემვე) ლუქსებს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა აგრეგატების იგნორირება არც „ინფინიტის“ შეეძლო და მანაც „ეთერეა“ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, რომლის ძირითადი აგრეგატი ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვა, რომელიც 245 ცხენის ძალას იძლევა. მასთან უნისონში მუშაობს ელექტროძრავი და ვარიატორი. ენრგიის დაზოგვას ემსახურება მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა.


ავტომობილი დაკიდების დამოუკიდებელ სისტემაზე დგას, მისი მართვა კი ელექტრო/ჰიდრავლიკური სისტემის დახმარებით ხდება. „მავთულით მართვის“ სისტემის წყალობით, საჭის რგოლს ბორბლებთან მექანიკური კავშირი არ აქვს.

გარეგნულად, „ეთერეა“ უფრო კუპეს ტიპის ავტომობილია, ვიდრე ჰეჩბეკი, სედანი, ან ქროსოვერი. ამას მისი აგრესიული გარეგნობაც ადასტურებს. ყველაზე მეტად „დაკუნთული“ კი მისი წინა ნაწილია. ჰო, მანქანის წინა და უკანა კარებები ერთმანეთის საპირისპიროდ იღება, რითაც, სალონში მოხვედრა და იქიდან გადმოსვლა გამარტივებულია.

რა თქმა უნდა, „ეთერეა“ ამ სახით კონვეიერზე ვერ მოხვდება, თუმცა „ინფინიტი“ ადასტურებს, რომ C კლასის ავტომობილის წარმოებას დაიწყებს. დაკიდევ, ჟენევაში ნაჩვენები კონცეპტუალური ავტომობილის სტილი, მალე „ინფინიტის“ კორპორატიული სტილის სახეს მიიღებს.

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

4 მარტი

ტატა პიქსელი

ინდური კომპანია მსოფლიოში უიაფესი ავტომობილითაა ცნობილი. მალე „ნანო“ ევროპის ბაზარსაც ეწვევა და ბუნებრივია, მას მარკეტინგული მხარდაჭერა ესაჭიროება. სწორედ ეს მისია დაეკისრა ჟენევაში წარმოდგენილ კონცეპტუალურ „პიქსელს“, რომელიც თავისი გარეგნობითაც გამოირჩევა და ტექნოლოგიებითაც.
რა თქმა უნდა, ავტომობილი პატარაა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ის „ნანოს“ პლატფორმაზეა აგებული. მისი ყველაზე საინტერესო თვისება კი ისაა, რომ პრაქტიკულად ადგილზე მოტრიალება შეუძლია. ამას კი იმის წყალობით ახერხებს, რომ მოხვევისას, გარე რადიუსზე მყოფი ბორბარი მოძრაობის მიმართულებით ბრუნავს, შიდა რადიუსისა კი - საპირისპირო მიმართულებით.

პატარა ავტომობილი სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი, რომელთანაც უსაფეხური ვარიატორია შეწყვილებული. ძრავის მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, ინდური კომპანია ირწმუნება, რომ სხვადასხვა მოწყობილობათა (მეთ შორის, სისტემა სტოპ-სტარტის) და შემცირებული წინააღმდეგობის მქონე საბურავების წყალობით, „პიქსელი“ 100 კილომეტრს 3.4 ლიტრი საწვავით გადის. ატმოსფეროში ყოველ კილომეტრზე გამობოლქვილი CO2-ის მასა კი მხოლოდ 89 გრამია.