Wednesday, March 16, 2011

„ტატა მოტორსი“ ევროპისთვის ელექტრომობილსაც გამოუშვებს

Tata Motors to Launch Electric Car in Europe

16 მარტი

„ნისანი“ პირველი დიდი კომპანიაა, რომელმაც ელექტრომობილების მასობრივი წარმოება დაიწყო. ეს შარშან მოხდა და ელექტრომობილმა, სახელად „ნისან ლიფ“, მაშინვე წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. მას შემდეგ კი მასზე დიდი მოთხოვნაა. იმდენად დიდი, რომ იაპონური კომპანია მიღებული შეკვეთების შესრულებას ვერ აუდის.

მალე ბაზარზე რამდენიმე ახალი ელექტრომობილის გამოჩენაა მოსალოდნელი და ერთ-ერთი პირველი, რომელიც ევროპაში „ლიფს“ კონკურენტს მოუვლენს, ინდური „ტატა მოტორსი“ გახდება, კომპანია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის - „ნანოს“ წარმოებითაა ცნობილი.

ინდური კომპანია ელექტრომობილს, სახელად „ინდიკა ვიტა EV“, მალე წარადგენს ევროპაში. პირველი ქვეყნები, სადაც ეს ელექტრომობილი გაიყიდება, დანია, ნორვეგია და ბრიტანეთია. პირველ რიგში, ამ ქვეყნების გზებზე სატესტო ეგზემპლარები დაიწყებს მოძრაობას. ბრიტანეთში ის ზაფხულში გამოჩნდება. სხვათა შორის, ალბიონის მთავრობამ, ამ ავტომობილისთვის სპეციალური შეღავათი დააწესა 5 000 გირვანქა სტერლინგის სახით.

„ტატა მოტორსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ინდიკა ვიტა EV“ აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 170 კილომეტრის გავლას შეძლებს, მისი აკუმულატორების დასამუხტად 8 საათია საჭირო. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 114 კმ/სთ-ია.

„პორშე კაიუნს“ ლაიპციგის ქარხანა გამოუშვებს

Leipzig Confirmed as Porsche Cajun Production Site

16 მარტი

„პორშე“ ისევ „სუფთა“ გერმანულ კომპანიად დარჩება - თავის ავტომობილებს კვლავაც მხოლოდ გერმანიაში გამოუშვებს. გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კომპაქტური ქროსოვერი „კაიუნი“ ლაიპციგში აწარმოოს, რისთვისაც აღმოსავლეთ გერმანიის ამ ქალაქში მდებარე ქარხანას მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ჩაუტარდება.

შტუტგარტული კომპანია ქარხანას (ფოტოზე) 400 ჰექტარით გააფართოებს. ახალი ხაზები მთლიანად კომპანიის მეხუთე მოდელის წარმოებით იქნება დაკავებული. ახალ ფართობზე ასევე განთავსდება სამღებრო და ამწყობი სექციები. ამასთან, იქ სამუშაოდ, „პორშე“ 1 000 ახალ თანამშრომელს აიყვანს. ჯერ უცნობია, რამდენი სამუშაო ადგილი დაემატება ცუფენჰაუზენისა და ვაიზახის საწარმოებში, რომლებიც ასევე დაკავშირებული იქნება „კაიუნის“ წარმოებასთან.

„პორშეს“ შეფი მათიას მიულერი ლაიპციგის ქარხანას ქებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ იქ „კაიენისა“ და „პანამერას“ წარმოებამ დაამტკიცა, რომ ამ ქარხანას უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ავტომობილების წარმოება შეუძლია. „ჩვენი გადაწყვეტილება, ახალი ავტომობილიც ამავე ქარხანაში ვაწარმოოთ, იმის დასტურია, რომ ჩვენ ლაიპციგური საწარმოს შესაძლებლობებს ვენდობით“, - დასძენს მიულერი.

ახალი ავტომობილების შესახებ, სხვა ინფორმაცია პრაქტიკულად არ ვრცელდება. უფრო მეტიც, „კაიუნზე“ ჯერ ჭორებსაც ვერ გაიგებთ, რაც იმის ნიშანია, რომ მისი წარმოების დაწყებამდე სამი წელი მაინც რჩება. ერთადერთი ცნობა, რაც მწარმოებელმა მედიისთვის გაიმეტა ისაა, რომ ამ ავტომობილით, „პორშე“ ახალგაზრდა მყიდველის მიზიდვას იმედოვნებს.

„პინინფარინა“ ელექტრომობილ „ბლიუქარს“ გამოუშვებს

Pininfarina to Produce Bluecar

16 მარტი

ჟენევის ორი წლის წინანდელის საავტომობილო შოუს ერთ-ერთ ვარსკვლავს - იტალიურ სადიზაინერო კომპანია „პინინფარინას“ კონცეპტუალურ მინი ელექტრომობილ „ბლიუქარს“ მწვანე შუქი აუნთეს. და ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „პინინფარინამ“ კონტრაქტები გააფორმა თავის პარტნიორებთან - ფრანგულ საინვესტიციო და ინდუსტრიულ კომპანია „ბოლორესთან“ და ელექტრონიკის მწარმოებელ იტალიურ „ჩეკომპთან“.

პირველ რიგში, 4 000 ცალი ელექტრომობილის წარმოება იგეგმება და ყველა მათგანს ერთადერთი მყიდველი ეყოლება ფრანგულ კომპანია „ავტოლიბის“ სახით. ეს უკანასკნელი პარიზის მერიის მიერაა შექმნილი და მისი დანიშნულება, პარიზში ელექტრომობილების გაქირავება და გამქირავებელი ფართო ქსელის შექმნაა. მომავალში, „ავტოლიბი“ ევროპის კიდევ 40 დიდ ქალაქში დაიწყებს მუშაობას და ბუნებრივია, ახალი ელექტრომობილებიც დასჭირდება.

ჯერჯერობით, „ბლიუქარის“ შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა სავარაუდოდ, ჟენევაში ნაჩვენები კონცეპტუალური ავტომობილი დიდად არც შეიცვლება. ის კი ელექტროძრავით (მისი მონაცემები უცნობია) და ლითიუმ მეტალ პოლიმერული ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი, რომელში დაგროვილი ენერგიითაც, „ბლიუქარს“ 250 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამ ელემენტების ქმედუნარიანობა 200 000 კილომეტრზეა გათვლილი და ამ პერიოდში, მას განსაკუთრებული მოვლა არ ესაჭიროება. ასეთი ელემენტების ბლოკი ენერგიას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდან ივსებს და სრული დამუხტვისთვის რამდენიმე საათია საჭირო. ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურად, 130 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული.

„პინინფარინა“ და მისი პარტნიორები „ბლიუქარის“ წარმოებას წელსვე შეუდგებიან და 2017 წლამდე გააგრძელებენ. „ავტოლიბის“ უკვე განსაზღვრული აქვს გაქირავების ტარიფეიც. კერძოდ, მათ, ვისაც ამ ავტომობილებით მუდმივად სარგებლობის სურვილი ექნებათ, თვეში 12 ევვროს გადახდა მოუწევთ. შემდეგ კი, დაქირავებისას, ყოველ ნახევარ საათში, 5-6 ევროს გადახდა მოუწევთ.

„სააბი“ ახალ მოდულურ პლატფორმას შექმნის

Saab's hi-tech modular chassis

16 მარტი

შვედურმა საავტომობილო კომპანია „სააბმა“ მკვეთრად შეცვალა სამომავლო გეგმები და იმის ნაცვლად, რომ ახლანდელ მოდელ 9-3-ის პლატფორმა გადაეკეთებინა და ის ახალი მოდელებისთვის გამოეყენებინა, სრულიად ახალი, უნივერსალური პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა, პლატფორმისა, რომელსაც სხვადასხვა კლასის ავტომობილებზე გამოიყენებს.

ახალ, მოდულურ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება როგორც კომპაქტური 9-2-ის, ასევე ფლაგმან 9-7-ის დამყნობა. შედარებისთვის, პირველის საორიენტაციო სიგრძე 4.2 მეტრი, მეორისა კი 5.5 მეტრი იქნება. ახალ პლატფორმას პირველ რიგში, ახალი 9-3-ის, ასევე 9-5-ის და 9-4X-ისთვის გამოიყენებენ.

ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“, შვედური კომპანიის ინკოგნიტო თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად გვამცნობს, რომ „სააბი“ ასევე განიხილავს „მინის“ კონკურენტი 9-1-ის წარმოების დაწყების მიზანშეწონილობას, რომლის წარმოებაც თუ გადაწყდა, მისთვის სულ სხვა პლატფორმა იქნება შესამუშავებელი.

შვედური კომპანია ახალი პლატფორმის წინა საკიდარს მაკფერსონის სისტემით აღჭურვავს, უკან კი ხუთბერკეტიან სისტემას გამოიყენებს. ამ სისტემებს „სააბს“ კომპანია ZF დაუმზადებს. ამასთან, მოდელ 9-5-სთვის, წინა საკიდარს შეცვლიან და ის განსხვავებული მობრუნებადი „მუშტებით“ აღიჭურვება, რომლებიც აჩქარებისას, მოხვევის ეფექტს გაანეიტრალებს.

რაც მთავარია, ახალი პლატფორმა ისეთი იქნება, რომ მასზე ცალკეული კვანძების და ნაწილების გამოცვლა ზედმეტი დანახარჯების გარეშე იყოს შესაძლებელი. ამის წყალობით, კომპანია ახალი მოდელის სწრაფად და იაფად შემუშავებას მოახერხებს. რამდენიმე მოდელისთვის ერთი, უნივერსალური პლატფორმის გამოყენებაც, ხარჯების და ახალი მოდელების შემუშავებისთვის საჭირო დროის შემცირებას გამოიწვევს. შედეგად, ისინი უფრო კონკურენტუნარიანები იქნება.

სხვათა შორის, ახალი პლატფორმის კონცეპტუალური ვარიანტი „სააბმა“ თავის კონცეპტუალურ მოდელ „ფინიქსზე“ უკვე გამოიყენა, ავტომობილზე, რომელიც პირველად ახლახანს, ჟენევის ავტო შოუზე წარმოადგინა. ამასთან, იმავე მოდელით გვიჩვენა, თუ რა მიმართულებით ავითარებს კორპორატიულ სტილს.

„ფინიქსი“ ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, რომლის ძირითადი აგრეგატიცაა „ბეემვეს“ წარმოების 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც 200 ცხენის ძალას იძლევა. ეს აგრეგატი თავის მომენტს, ექვსსაფეხურიანი კოლოფის გავლით, წინა ბორბლებს აწვდის. უკანა ბორბლებს კი ელექტროძრავი ემსახურება, როლის სიმძლავრეც მხოლოდ 33 ცხენის ძალაა და რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს.