Monday, March 28, 2011

„ასტონ მარტინმა“ შეიძლება „მაიბახის“ წარმოება დაიწყოს

Aston Martin Could Build Future Maybachs
28 მარტი

„ასტონ მარტინმა“ და „მერსედეს ბენცმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ისინი ერთობლივას შეიმუშავებენ ინგლისური კომპანიისთვის სედან „ლაგონდას“ და გერმანულისთვის - ახალ „მაიბახს“. ამ ორმა კომპანიამ თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ შარშან მოილაპარაკა, თუმცა მაშინ კონკრეტული გეგმები არ გამოქვეყნებულა.

ცნობილია, რომ უკვე 5 წელზე მეტია, რაც „ასტონ მარტინი“ ყველა თავისი მოდელისთვის ერთსადაიმავე პლატფორმას (VH) იყენებს, რომელიც „ფორდთან“ ერთად შეიმუშავა. მაგრამ დიდი ზომის სედანებისა და უგზოობის (ორივე ლაგონდასთვის) წარმოებისთვის, ეს პლატფორმა არ გამოდგება. ახალი პლატფორმის შესამუშავებლად კი, ინგლისურ კომპანიას სახსრები არ გააჩნია. ამის გამო, მან პარტნიორის ძიება დაიწყო.

სანამ შტუტგარტულ გიგანტს დაუკავშირდებოდა, „ასტონ მარტინმა“ „ბეემვესთან“ მოლაპარაკება სცადა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა სამქიმიანებს, რომლებსაც თავის მხრივ, „ასტონი“ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად დასჭირდათ. თუ „ასტონი“ ძველი მოდელის გაცოცხლებას ახლა აპირებს, შტუტგარტელების პრობლემას უკვე აღდგენილი „მაიბახი“ წარმოადგენს, რომელსაც დიდი ხანია, განახლება სჭირდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ასტონ მარტინი“ თავისი ახალი პარტნიორის უკვე არსებული პლატფორმით ისარგებლებს და სამაგიეროდ, მას ახალი „მაიბახის“ შემუშავებაში დაეხმარება.

სხვათა შორის, „მაიბახის“ მაეკით, ბოლოს ახალი ავტომობილი 2002 წელს გამოვიდა. ის დიდი ხანია, შესაცვლელია და იმის გამო, რომ პრაქტიკულად, სახეშეცვლილი S-კლასის „მერსედესია“, მყიდველთა შორის კარგი მოთხოვნით არ სარგებლობს. ის იმდენად მცირე რაოდენობით იყიდება, რომ „დაიმლერს“ ამ მარკის კვლავ გაუქმებაც კი ჰქონდა გეგმებში, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყდა „მაიბახის“ შველა. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახდა, რომ ამ მარკის ავტომობილებზე მოთხოვნა ჩინეთში გაიზარდა.

იმისათვის, რომ წარმოების ხარჯი შემცირდეს, ახალი „მაიბახიც“ S-კლასის „მერსედესის“ პლატფორმაზე აიგება, თუმცა ძარას, ინტერიერს და სხვადასხვა მოწყობილობას მისთვის ინგლისურ კომპანიაში შეიმუშავებენ. უფრო მეტიც, მალე „მაიბახების“ წარმოებას „ასტონ მარტინის“ გეიდონის საწარმო შეუდგება. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის ხელთ არსებული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, „მაიბახის“ საწარმოო დანახარჯები დაახლოებით განახევრდება.

სამაგიეროდ, „ასტონ მარტინს“ იმავე S-კლასის „მერსედესის“ პლატფორმის გამოყენების საშუალება ექნება და ის მასზე „ლაგონდას“ მოდელებს დაამყნობს. პლატფორმასთან ერთად, ბრიტანელებისთვის ხელმისაწვდომი გერმანული ძრავები, ტრანსმისიები და უსაფრთხოების სისტემებიც გახდება. გარდა ამისა, „ასტონი“ ასევე შეძლებს „მერსედესის“ იმ პლატფორმის გამოყენებას, რომელზე სამქიმიანები თავიანთ უგზოობის მოდლებს აწარმოებენ.

„სანიონი“ „გოლფის“ კლასის კონცეპტუალურ მოდელს გვიჩვენებს

SsangYong KEV2

28 მარტი

სამხრეთკორეული საავტომობილო კომპანია „სანიონი“ თავისი სამოდელო გამის გაფართოებას აპირებს. ამის ნიშანია ის, რომ მან სეულის (სამხრეთ კორეა) საავტომობილო შოუსთვის, რომეოიც 1 აპრილს დაიწყება, „გოლფის“ კლასის კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა. ეს კი იმის ნიშანია, რომ უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული კომპანია თავისი საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებას იწყებს.

კონცეპტუალური ავტომობილი საზოგადებას აბრევიატურა KEV2-ით გაეცნობა. კორეულ საინტერნეტო გამოცემა „ბობედრიმი“ იტყობინება, ეს ავტომობილი მოდელ „კორანდოს“ პლატფორმაზეა აგებული. KEV2-ის გარდა, „სანიონი“ სეულის გამოფენის დამთვალიერებლებს, ასევე თავის განახლებულ ფლაგმანს, სედან „ჩეარმენს“ და „კორანდოს“ ელექტრულ ვერსიას უჩვენებს.

გამოფენის დაწყებამდე, ამ ორი ავტომობილის შესახებ, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, „სანიონმა“ კონცეპტუალური ავტომობილის და მისი ინტერიერის ფოტო ტიზერები მაინც გაავრცელა. კორეული გამოცემა ვარაუდობს, რომ სედანი „ჩეარმენი“ ისევ „მერსედეს ბენცის“ წარმოების ექვს და რვაცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება.

უნდა ითქვას, რომ KEV2 ელექტრომობილია და სავარაუდოდ, მომავალში „სანიონი“ თავის „გოლფის“ კლასის ავტომობილს, ელექტრული ძალური აგრეგატებითაც აღჭურვავს. ესეც რომ არა, კორეული კომპანია „კორანდოს“ ელექტრული ვერსიის წარმოებასაც აპირებს. ამდენად, კონცეპტუალური KEV2 ორმხრივად საინტერესო იქნება. ჯერ ერთი, მისი მეშვეობით, მომავალი ელექტრული „კორანდოს“ აღჭურვილობის გაცნობა მოხდება. მეორეც, მისი სახით, „სანიონის“ მომავალ ახალ ავტომობილის პროტოტიპს ვნახავთ.

წინასწარი მონაცემებით, ელექტრული „კორანდო“ 160-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. ამ ბლოკის ტევადობა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ელექტრომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 170 კილომეტრზე მეტი გაიაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ იქნება. აკუმულატორებს სრულად დამუხტვისთვის რვა საათი დასჭირდება.

სხვათა შორის, „სანიონი“ კიდევ ერთ ელექტრომობილს (სვლის გაზრდილი სიშორის, როგორიცაა შევროლე ვოლტი) ამზადებს, რომელიც „კორანდოზე“ პატარაც იქნება და უფრო სუსტი, 107-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება. ამ ავტომობილის ძალურ სისტემაში ასევე შევა მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი, რომლის დანიშნულებაც, გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიის გამომუშავებაა. სამაგიეროდ, აკუმულატორების ტევადობა, ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება. იმდენად ნაკლები, რომ მათში დაგროვილი ენერგია, ავტომობილს მხოლოდ 60 კილომეტრს ფაატარებს. სამაგიეროდ, შიდაწვის აგრეგატის წყალობით, სვლის სიშორე 400 კილომეტრამდე გაიზრდება.

„ბეემვემ“ შანჰაისთვის განახლებული მე-6 სერიის კუპე მოამზადა

BMW to unveil revamped 6-series coupe in Shanghai

28 მარტი

გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია საავტომობილო სამყაროს პირველად შარშან, პარიზის ავტო შოუზე უჩვენა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ სერიულ ვერსიასაც მალე ვნახავდით. და აი, შანჰაის საავტომობილო შოუს დამთვალიერებელს, პირველად მიეცემა ამ შესანიშნავ ავტომობილთან გაცნობის საშუალება. თუმცა, ბავარიელებმა მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით უკვე გაავრცელეს.
წინამორბედთან შედარებით, მე-6 სერიის განახლებული კუპე ზომებში გაზრდილია. 75 მილიმეტრით არის გაზრდილი სიგრძე და ბორბლებს შორის ბაზა, სიგანეში მტება მხოლოდ 39 მილიმეტრია. სამაგიეროდ, სიმაღლე 5 მილიმეტრითაა შემცირებული. საბარგულის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა და ის 460 ლიტრს შეადგენს.

გაყიდვების დასაწყისში, განახლებულ კუპეს მყიდველს ორი ძრავით შესთავაზებენ. ერთის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ტურბოძრავი, რომელიც 320 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს, რომლის ინდქსიცაა 640i, ადგილიდან ასამდე აჩქარება 5.4 წამში შეუძლია.

მეორე ძრავია 4.4-ლიტრიანი ტურბოკომპრესორიანი V8, რომელიც 407 ცხენის ძალას და 600 ნიუტინმეტრს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ამის (650i) დინამიკა ოდნავ უკეთესია - ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.9 წამი ჰყოფნის. ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული.

ამ ეტაპზე, ბავარიელები ასევე ამზადებენ კუპე M6-ს, რომელიც 5.0-ლიტრიანი V10 ძრავით აღიჭურვება. ოღონდ, ამ ვერსიის და შესაბამისად, ძრავის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა „ბეემვემ“ გაგვანდო, რომ ასეთი ავტომობილის გაყიდვებს მერმისს დაიწყებს.

რაც შეეხება ფასებს, საბაზო კუპე 640i გერმანიაში 74 700 ევრო ეღირება, 9 000 ევროთი ნაკლები, ვიდრე მის ბაზაზევე შექმნილი კაბრიოლეტი. გარდა ამისა, მწარმოებელი ამ კუპეს დზელის ძრავით აღჭურვასაც აპირებს. შემდეგ კი ამავე ავტომობილის ბაზაზე, ოთხკარიანი კუპეც დამზადდება, რომელიც ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

მას შემდეგ, რაც მე-6 სერიის განახლებული კუპეს პრემიერა შანჰაის გამოფენაზე ჩატარდება, ამ ავტომობილს პირველ რიგში, „ბეემვეს“ ევროპელი და ამერიკელი დილერები მიიღებენ. ამ ავტომობილით, ბავარიელები კონკურენიაც „იაგუარის“ კუპე XK-ს და „მერსედეს ბენცის“ ანალოგიური E-კლასის კუპეს გაუწევენ.
წარღვნა იაპონიაში