„აუდი Q3“ - ბესტსელერობისთვის შექმნილი
First official photos of the Audi Q3 released
16 აპრილი
ამ ავტომობილს ბაზარი დიდი ხანია, ელოდა. რამდენიმე „მაცნე“ ფოტო-ტიზერის გამოქვეყნების შემდეგ, „აუდიმ“ თავისი ახალი, უგზოობის კომპაქტური მოდელის, Q3-ის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა, შემდეგ კი ის შანჰაის გზას გაუყენა, სადაც პირველად წარუდგენს საზოგადოებას.
უგზოობის კომპაქტური ავტომობილების ბაზარზე, „აუდი Q3-ის“ კონკურენტები იქნებიან „ბეემვეს“ უკვე ძალიან პოპულარული X1, ასევე „მერსედეს ბენცის“ GLC (რომელიც B კლასის შემდეგი თაობის ჰეჩბეკის პლატფორმას ეყრდნობა) და „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოკი“. ეს ორი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება.
ახალი ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.39 მეტრი, სიგანე 1.83 მეტრი და სიმაღლე 1.60 მეტრი. ამგვარად, ის Q5-ზე 240 მილიმეტრით მოკლე, 50 მილიმეტრით ვიწრო და 53 მილიმეტრით დაბალია. რა თქმა უნდა, Q3 „აუდის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული და პირველ რიგში, Q5-ს ჰგავს. თუმცა, ვიწრო და დაკუთხული წინა ფარების და უკნისკენ ოდნავ დახრილი სახურავის წყალობით, ის უფრო სპორტული, აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.
ბაზარზე დებიუტის მომენტისთვის, მყიდველს სამი სხვადასხვა ძრავით აღჭურვილ Q3-ს შესთავაზებენ. ამათგან ორი ბენზინზე მუშაობს (TFSI), ერთი კი - დიზელზე (TDI). მოგვიანებით, ძრავების გამას კიდევ ერთი ტურბო დიზელი შეავსებს. ოთხივე ძრავი ოთხცილინდრიანია და მათი მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია.
ორივე ბენზინის ძრავი მძლავრია. ისინი 170 და 211 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან, ორივესთან სრულამძრავიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. მათგან უფრო სუსტს (ისევე როგორც 140-ცხენისძალიან TDI-ს) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება, უფრო მძლავრს კი (ასევე177-ცხენისძალიან TDI-ს) 7-საფეხურიანი რობოტიზებული S-ტრონიკი, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს.
ჯერჯერობით, Q3-ის დინამიკური მახასიათებლები არ გამოქვეუნებულა. თუმცა სავარაუდოა, რომ შედარებით მსუბუქ, 1 500-კილოგრამიან ავტომობილს კარგი მონაცემები ექნება. ეკონომიურობის კვალობაზე კი, ის გარემოსაც ნახშირორჟანგით ნაკლებად დააბინძურებს.