Sunday, April 17, 2011

„ტოიოტაFT-86“ – „სუბარუსთან თანამშრომლობის ნაყოფი

Toyota FT-86 - under the skin

17 აპრილი

„ტოიოტამ“ ჟენევის საავტომობილო შოუზე კონცეპტუალური კუპე FT-86 წარადგინა, რომლის შემუშავებაში, „ტოიოტას“ გარდა, „სუბარუს“ სპეციალისტებიც მუშაობდნენ. ახლახანს კი, ბრიტანულმა პოპულარულმა გამოცემა „ავტოქარმა“ გაავრცელა იაპონური კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუნცეპტუალური ავტომობილი პრაქტიკულად მზადაა წარმოებისთვის და ყველაზე მსხვილი დეტალი, რომელიც კონცეპციიდან საწარმოო ვერსიაზე არ გადაინაცვლებს, 20-დუიმიანი ბორბლებია.

FT-86-ის შასი მონოკოკური სისტემაა, რომელიც ძირითადად მტკიცე ფოლადისგანაა შეკრული. მისმა შემქმნელებმა იმდენი შეძლეს, რომ ავტომობილი სულ რაღაც 1100 კილოგრამს იწონის, დაახლოებით 200 კილოგრამით ნაკლებს, ვიდრე 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი, ანალოგიური კლასის „ფოლკსვაგენ შიროკო“.

კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4235 მილიმეტრი, სიგანე 1795 მილიმეტრი. სიმაღლე 1270 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2570 მილიმეტრი. FT-86-ის წინა საკიდარი მაკფერსონის სისტემაა, უკან კი მრავალბერკეტიანი კვანძია გამოყენებული. გარდა ამისა, „ავტოქარის“ წყაროს ინფორმაციით, ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვილია საჭის ელექტროგამაძლიერებლით, თვითბლოკირებადი უკანა დიფერენციალით და 18-დუიმიანი ბორბლებით.

რაც შეეხება ძრავს, ესაა „სუბარუს“ წარმოების ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ოპოზიტური აგრეგატი, რომელტანაც 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ზოგიერთი ბაზრისთვის ასევე გათვალისწინებული იქნება 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომლის საფეხურების გადართვაც, საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტები მოემსახურება.

„ტოიოტას“ და „სუბარუს“ სპეციალისტების გარდა, ძრავის შემუშავებაში, მოტოციკლების მწარმოებელი „იამაჰას“ ინჟინრებიც მუშაობდნენ. მათი შემუშავებულია ძრავის ცილინდრების ბლოკი. „ტოიოტამ“ ძრავის მართვის ელექტრონული სისტემა და მისი პროგრამა, ასევე საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდბის სისტემა შეიმუშავა.

„ავტოქარმა“ ვერ შეძლო ამ ძრავის ტექნიკური მახასიათებლების ზუსტი მონაცემების დადგენა. სავარაუდოდ, მისი სიმძლავრე 200 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ეს კი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე დაახლოებით 7 წამში აკრიფოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 224 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ადრე დაგეგმილი იყო, რომ წარმოებისთვის ამ ავტომობილის მომზადება ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ძნელი სათქმელია, მიწისძვრამ და ცუნამიმ რამდენად შეცვალა „ტოიოტას“ გეგმები. თუ არაფერი შეცვლილა, მაშინ კუპე FT-86 ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. მისი საბაზო ვერსია ბრიტანეთში (რამდენადაც ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს, ფასიც ბრიტანული ბაზრის შესაბამისია მოყვანილი) დაახლოებით 25 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

მოგვიანბით, ამავე კონცეპციის ბაზაზე, საკუტარ ავტომობილს „სუბარუც“ გამოუშვებს. თუმცა, ორ ავტომობილს შორის გარეგნული განსხვავება მინიმალური იქნება. სამაგიეროდ, „სუბარუს“ ვერსია უფრო მძლავრი, 260-ცხენისძალიანი ტურბოძრავით აღიჭურვება.

„ლამბორგინი“ „გალიარდოს“ „კაბრერათი“ შეცვლის

Lamborghini Cabrera Could Come with 600 HP

17 აპრილი

მას შემდეგ, რაც სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „ლამბორგინიმ“ თავისი ფლაგმანი „მურსიელაგო“ „ავენტადორით“ შეცვალა, იმაზე ზრუნვას შეუდგა, რომ ბაზარზე დროულად გამოუშვას კიდევ ერთი ავტომობილი, რომლითაც „გალიარდოს“ შეცვლის. ინტერნეტით უკვე გავრცელდა ინფორმაცია ახალი ავტომობილის შესახებ, საინტერნეტო გამოცემა „ავტობლოგის“ იტალიური ვერსია კი გვამცნობს, რომ ახალი ავტომობილის სახელი „კაბრერა“ იქნება.

„გალიარდო“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და მართალია, ამჟამადაც პოპულარობით სარგებლობს, 8 წელი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მოდელი შეიცვალოს. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი იმავე ტექნოლოგიებით აიგება, რომლებიც „ავენტადორის“ წარმოებისასაა გამოყენებული. პირველ რიგში, ესაა კომპოზიტური მასალების ინტენსიური გამოყენება. სწორედ ამ მსუბუქი და მტკიცე მასალითაა დამზადებული „ავენტადორი“. კერძოდ, მისი მზიდი მონოკოკი, ისევე როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდების ანალოგიური ელემენტი, კარბონის კომპოზიტისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, „კაბრერა“ 600-ცხენისძალიანი აგრეგატით აღიჭურვება. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და მის საფუძველს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ „გალიარდოს“ დებიუტის შემდეგ გამოშვებული მისი ყველა მოდიფიკაცია საბაზო მოდელზე მძლავრი იყო.

რაც შეეხება საბაზო „გალიარდოს“, ის 5.0-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 500 ცხენის ძალას (7 800 ბრ/წთ-ზე) და 510 ნიუტონმეტრს (4 500 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამასთან, მაბრუნი მომენტის 80 პროცენტს 1 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს. ავტომობილის შასი მეტწილად ალუმინისგან მზადდება. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ძრავის ლიტრაჟი გაიზრდება თუ არა, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ ის V10 არქიტექტურას შეინარჩუნებს. 600 ცხენის ძალა ზედა ზღვრად იმის გამოც მოიაზრება, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ფლაგმან „ავენტადორზე“ მეტი სიმძლავრე (700 ცხენის ძალა).

„კაბრერას“ პირველი გამოჩენა მერმისს არის მოსალოდნელი.