Monday, April 18, 2011

„არტეგა“ სპორტულ ელექტრომობილს გამოუშვებს

Meet the Artega SE, Germany’s Answer to the Tesla Roadster

18 აპრილი

პატარა გერმანული საავტომობილო კომპანია „არტეგა“ წარმოებისთვის სპორტულ ელექტრომობილს ამზადებს, რომლითაც კონკურენციას, ამერიკული „ტესლას“ ამავე ტიპის სერიულ მოდელს გაუწევს. „არტეგამ“ ჟენევის ავტო შოუზე, თავისი ელექტრომობილის, „არტეგა SE-ს“ წინასერიული ვერსია წარადგინა, რომლის სერიულ ვარიანტსაც ფრანკფურტის გამოფენაზე წარადგენს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლის აპრილში დაიწყებს.
ავტომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 380 ცხენის ძალაა. მათ მოძრაობაში უკანა წამყვანი ბორბლები მოჰყავთ, ენერგიას კი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. ავტომობილი 1400 კილოგრამს იწონის, აქედან 310 კილოგრამი კი აკუმულატორებზე მოდის. ავტომობილის წონა ღერძებს შორის 43:57 პროპორციითაა გადანაწილებული, რომელთაგან მეტი პორცია უკანაზე მოდის. სხვათა შორის, ელექტრომობილი მხოლოდ ათი პროცენტით მძიმეა მისსავე შიდაწვისძრავიან ვერსიაზე, რომელიც „ფოლკსვაგენის“ 3.6-ლიტრიანი V6 ძრავითაა (300 ცხენის ძალა) აღჭურვილი.

„არტეგას“ ელექტრომობილი შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. კერძოდ, ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მას 4.3 წამში შეუძლია, რაც დაახლოებით 0.5 წამით ნაკლებია ბენზინისძრავიანი „არტეგა GT-ს“ ტემპერამენტზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი დამუხტვით, ელექტრომობილმა 300 კილომეტრის გავლა შეძლოს. თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ შერეული რეჟიმით მოძრაობისას, ერთი დამუხტვით მხოლოდ 200 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი.

აკუმულატორების ბლოკის დამუხტვა შეიძლება როგორც სპეციალურ სადგურში, როგორების ქსელითაც მალე მთელი ევროპა დაიფარება, ასევე საყოფაცხოვრებო შტეპსელიდანაც. შტეპსელის გამოყენების შემთხვევაში, აკუმულატორების სრულად დამუხტვისთვის, 90 წუთია საკმარისი.

„არტეგა“ წლიურად მხოლოდ 500 ცალი სპორტული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს, თითოეულის ღირებულება კი 150 000 ევრო იქნება. ამგვარად, ის კონკურენციას გაუწევს ამერიკულ კომპანია „ტესლას“ ელექტრულ ღია სპორტქარს (როდსტერს), რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, რაც იყიდება.

შედარებისთვის, „ტესლა როდსტერი“ ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 288 ცხენის ძალას იძლევა. მისი მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.7 წამში ავითარებს. ავტომობილი ლითიუმ-იონური კომპაქტური ელემენტებისგან შედგენილი ბლოკითაა აღჭურვილი, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ „როდსტერმა“ 390 კილომეტრი გაიაროს. სამაგიეროდ, მათი სრული დამუხტვისთვის 3.5 საათია საჭირო.