Friday, April 22, 2011

„ჰიუნდაი აქცენტი“ - კიდევ ერთი კორეული სუპერ ეკონომიური

2011 NYIAS: Hyundai Pulls the Wraps off U.S. Market 2012 Accent

22 აპრილი

ნიუ იორკის საერთაშორის ავტო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ თავისი კიდევ ერთი ახალი ავტომობილი წარმოადგინა, რომელსაც ავტომაგისტრალზე ასი კილომეტრის გასავლელად, 5.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის (ანუ, ერთი გალონით 40 მილს გადის). ეს არის მეოთხე თაობის „აქცენტი“, რომელიც კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილში (ფლუიდიკ სკალპჩა - თხევადი სკულპტურა) არის შესრულებული.

ახალი „აქცენტი“, რომლის გაყიდვებიც ზაფხულში დაიწყება, ნიუ იორკის შოუს დამსწრეთა წინაშე, ხუთკარიანი ჰეჩბეკის და ოთხკარიანი სედანის ძარით წარსდგა. მისი გაბარიტებია: ოთხკარიანის სიგრძე 4 370 მილიმეტრი, ხუთკარიანისა - 4 115 მილიმეტრი, ორივეს სიგანე 1 700 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა - 2 570 მილიმეტრი. ბაზა 70 მილიმეტრითაა გაზრდილი, სიგანე კი მხოლოდ 5 მილიმეტრით.

ავტომობილი ბენზინის გამა-სერიის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 138 ცხენის ძალას იძლევა. სხვათა შორის, ეს ძრავი „ჰიუნდაიმ“ უფრო ადრე, ახალ „ელანტრასა“ და კუპე „ველოსტერზე“ გამოიყენა, რომელიც ბაზარზე ახალი გამოსულია. ძრავი საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი უამრავი სისტემითაა აღჭურვილი (VSM - მანქანის სტაბილურობის მართვა, ESC - სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, TCS - ტრექშნ კონტროლის სისტემა, ABS - მუხრუჭების ბლოკირებისსაწინააღმდეგო სისტემა, EBD - სამუხრუჭე ძალის ელექტრონული განაწილება და 6 აირბალიში), ის მანიც საკმაოდ ისფი ღირს - ახალი „აქცენტის“ საბაზო ვერსიის ფასი (ამერიკაში - საქართველოში ის მოგვიანებით შემოვა) 12 445 დოლარია. მაქსიმალური ფასი კი 16 795 დოლარს აღწევს. ამ ფასში შედის ძრავის 10-წლიანი (ან 160 000 კილომეტრზე) გარანტია.

„ახალი „აქცენტით“ სუბკომპაქტური კლასის ავტომობილების დონეს მაღლა ვწევთ, რადგან ამ ავტომობილში, უფრო მაღალი კლასის შესაფერისი ტექნოლოგიებია გამოყენებული. ეს არის კოხტა, თავის კლასში ყველაზე ეკონომიური და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა აღჭურვილი ავტომობილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემები საბაზო კომპლექტაციაში შედის, ჩვენ მისი ფასის წინა თაობის მოდელის დონეზე შენარჩუნება შევძელით“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ მიერ ნიუ იორკის შოუზე გამოქვეყნებულ რელიზში.