Saturday, April 30, 2011

„რენო კაპტურს“ მწვანე შუქი აუნთეს

Renault Captur to Get Production Versions

30 აპრილი

ჟენევის საავტომობილო შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი, „რენოს“ უგქოობის კონცეპტუალური მოდელი „კაპტური“ იყო, რომელმაც სპეციალისტების გარდა, დამთვალიერებლებიც მოხიბლა. გამოფენაზე ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ფრანგული კომპანიის მორიგი გასართობი იქნებოდა. თუმცა მალე გაირკვა, რომ ასე არ იქნება - ეს ავტომობილი კონვეიერზე დადგება და თანაც, მის ბაზაზე ერთბაშად ორ მოდელს გამოუშვებენ.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ამ ორიდან პირველი იქნება პატარა ხუთკარიანი ქროსოვერი, რომელიც ზომით „ნისან ჯუკზე“ დიდი არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, პლატფორმასაც მისგან გაიზიარებს. მეორე ავტომობილი სამკარიანი იქნება, ოდნავ განსხვავებული გარეგნობით. „ავტოქარმა“ ეს მეორე „რეინჯ როვერ ევოკს“ შეადარა. ოღონდ, ფრანგული ავტომობილი ბრიტანულზე პატარა იქნება.

მეორე აცტომობილს კუპეს ტიპის ქროსოვერის ძარა უნდა ჰქონდეს და ის ამ კლასის პიონერი გახდება (თუ მანამდე მსგავსი პატარა ქროსოვერი სხვამ, ვთქვათ, იმავე მინიმ არ გამოუშვა). მოკლედ, სამკარიანი სპორტული ქროსოვერით, „რენო“ პრემიუმ სუპერმინი სეგმენტში შეაბიჯებს, სადაც მას ძლიერი კონკურენტები დახვდება „სიტროენ DS3-ის“ და „მინი კუპერის“ სახით.

„ავტოქარის“ ინფორმაციით, ხუთკარიანი ქროსოვერი ბაზარზე ორ წელიწადში უნდა გამოჩნდეს, მალე კი მას სამკარიანი კუპე-ქროსოვერიც მიჰყვება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ძრავებით აღიჭურვება ეს ორი ავტომობილი, თუმცა სავარაუდოდ, „რენო“ ამისათვის მის ხელთ არსებულ მცირელიტრაჟიან ძრავებს გამოიყენებს. და, რა თქმა უნდა, ვიცით-რა, თუ რა ენთუზიაზმით ცდილობს ფრანგული კომპანია თავის საწარმოო პროგრამაში ელექტრომობილების დამკვიდრებას, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ მყიდველს ელექტროძრავით აღჭურვილ ქროსოვერებსაც შესთავაზებს.

დაკიდევ, „ავტოქარი“ ასევე გვატყოვინებს, რომ ფრანკფურტის საავტომობილო შოუსთვის, „რენო“ კიდევ ერთ სიახლეს ამზადებს. ეს ავტომობილი იქნება თემაზე „უორკ“ და ის წარმოგვიდგენს ფურგონ „კანგუს“ შემდეგი ტაობის გარეგნობას. სავარაუდოდ, ის „კაპტურის“ (თემა იქსპლორ) დიზაინის ელემენტებს მიიღებს.

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთში იაფფასიან ბრენდს ქმნის

Volkswagen Intends to Introduce a Low Cost Brand for China

30 აპრილი

„ფოლკსვაგენი“ ჩინური ბაზრის ლიდერია. ახლახანს გერმანულმა ჯგუფმა, ცისქვეშეთში თსვისი ესპანური ბრენდი სეატი წარადგინა, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და იქვე კიდევ ერთი, სრულიად ახალი და რაც მთავარია, ჩინური ბრენდის დაფუძნებას განიხილავს.

„ამჟამად, ჩვენს პარტნიორ „ფირსტ აუტო უორკსთან“ (FAW) ერთად, ახალი ადგილობრივი ბრენდის მიზანშეწონილობას განვიხილავთ. ამ ბრენდით, ადგილობრივი ბაზრის იაფფასიანი ავტომობილების სეგმენტში ვიმუშავებთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჩინური ფრთის გაყიდვებისა და მარკეტინგის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი სოჰ ვეიმინი.

გერმანულმა გიგანტმა ჩინური იაფფასიანი ბრენდის შექმნაზე მას შემდეგ დაიწყო ფიქრი, რაც რამდენიმე კონკურენტმა ასეთი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის არიან „ჯენერალ მოტორსი“, „ჰონდა“ და „ნისანი“. სხვათა შორის, ჩინეთის მთავრობა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ უცხოურ კომპანიებს, ადგილობრივებთან ერთობლივი კომპანიების შექმნა აიძულოს, რაც ჩინელ ავტომწარმოებლებს გამოცდილების შეძენის და ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშუალებას მისცემს.

სოჰი ამბობს, რომ ჩინური ავტობაზრის დაახლოებით 20 პროცენტი სწორედ დაბალფასიანი ავტომობილებისაა და დიდი შეცდომა იქნება, რომ „ფოლკსვაგენს“ ასეთ დიდ სეგმენტში საკუთარი ინტერესი არ ჰქონდეს. თუმცა, იმაშიც დარწმუნებულია, რომ სანამ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, გერმანული ჯგუფის ხელმძღვანელებმა ეს საკითხი დაწვრილებით უნდა შეისწავლონ.

დაამატებს თუ არა ახალ ბრენდს, „ფოლკსვაგენს“ მაინც გადაწყვეტილი აქვს, რომ 2018 წელს ჩინეთში მისი წარმოების მოცულობა 4 მილიონამდე გაიზარდოს, რაც წარმოების ახლანდელ მოცულობაზე თითქმის ორჯერ მეტია. დღეისათვის ვოლფსბურგელებს ჩინეთში 7 ქარხანა აქვთ და კიდევ ორს აშენებენ. ამასთან, შვიდივე მოქმედ ქარხანაში, წარმოების გაზრდას აპირებენ. რაც შეეხება ახალ ქარხნებს, მათი წლიური წარმადობა თავიდან 300 000 ავტომობილი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მათში წარმოების გაორმაგებაც შესაძლებელი იქნება.

შარშან „ფოლკსვაგენის“ ექვსმა ბრენდმა ჩინეთში 1.9 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია. სოჰი ვარაუდობს, რომ წელს გაყიდვები 2 მილიონს გასცდება.

„ჰიუნდაის“ კვარტალური მოგება 46 პროცენტით გაიზარდა

Hyundai quarterly profit rises 46% on pricier models

30 აპრილი

ჩინეთში, ევროპასა და ამერიკაში გაყიდვების ზრდის კვალობაზე, „ჰიუნდაიმ“ პირველი კვარტლის მოგება გაზარდა. ყველაზე მეტად კი, მოგების ესოდენ სოლიდური ზრდა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ კორეულ ბაზარზე, სულ უფრო მეტი ძვირი ავტომობილი იყიდება.

წლის პირველ კვარტალში, შემოსავალმა 1.88 ტრილიონ ვონს (1.75 მილიარდ დოლარს) მიაღწია. „ჰიუნდაის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ შარშანდელ პირველ კვარტალში, მოგება 1.28 ტრილიონი ვონი იყო. ამავე პერიოდში, გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 9 პროცენტით გაიზარდა, გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ კი 21 პროცენტით, 18.24 ტრილიონ ვონამდე მოიმატა.

საოპერაციო მოგებამ, რომელიც გაყიდვებიდან მიღებული თანხისგან საწარმოო, სამარკეტინგო და ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით მიიღება, 46 პროცენტით მოიმატა და 1.83 ტრილიონ ვონს მიაღწია. კორეული კომპანია ვარაუდობს, რომ იაპონური კომპანიების კრიზისის ფონზე, გაყიდვების ზრდა წელსაც გაიზრდება.

„ბაზარზე ახალი მოდელების გამოტანის და ხარისხის გაუმჯობესების წყალობით, „ჰიუნდაი გაყიდვებს მუდმივად ზრდის და მოსალოდნელია, რომ ეს ტრენდი კიდევ ორი-სამი წელი გაგრძელდება. და რა თქმა უნდა, ეს კომპანიის აქციების ღირებულებაზეც აისახება“, - ამბობს ანალიტიკურ კომპანია „KDB ასეტ მენეჯმენტის“ სპეციალისტი ლიმ ძეონ სეოკი.

იანვრიდან მარტის ჩათვლით, „ჰიუნდაიმ“ 921 ათასზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9 პროცენტით მეტია. განსაკუთრებით მოიმატა (14 პროცენტით) იმ ავტომობილების გაყიდვებმა, რომლებიც კორეის ფარგლებს გარეთაა აწყობილი. ყველაზე მეტი პოპულარობით კი უახლესი „ელანტრა“ და ბიზნეს კლასის სედანი „სონატა“ სარგებლობს.

საინტერესოა, რომ პირველ კვარტალში, 5 პროცენტით გამყარდა კორეული ვალუტა ვონი, რაც ამ ქვეყნის კომპანიის შედეგებზე უარყოფითად უნდა ასახულიყო, თუმცა ასე არ მოხდა და ამის მიზეზი ისაა, რომ „ჰიუნდაის“ უცხოეტში ბევრი საწარმო აქვს. მათგან ყველაზე მეტად კი ამერიკული საწარმოა დატვირთული, რომელიც „ტოიოტას“ პრობლემების ფონზე, სრული დატვირთვით მუშაობს. ეს კი იმ დროს ხდება, როცა აპრილში „ტოიოტამ“ იაპონიაში დაგეგმიულძე 300 000 ავტომობილით ნაკლები, იაპონიის გარეთ კი 100 000 ავტომობილით ნაკლები გამოუშვა.

„სუბარუ“ „იმპრეზას“ მისი სპორტული ვერსიებისგან განაცალკევებს

Subaru Separates the Impreza from WRX, STI Versions

30 აპრილი

„სუბარუმ“ გადაწყვიტა, რომ შემდეგი თაობის „იმპრეზა“, მისივე სარბოლი ვარიანტების - WRX-ის, WRX STI-სგან დააცალკევოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორი სპორტული ავტომობილი, სახელ „იმპრეზას“ აღარ მიიღებს. ეს ინფორმაცია, ინტერნეტ გამოცემა „ქარ ედვაიზს“, „იმპრეზას“ წარმოების შეფმა აკიჰიდე ტაკეუჩიმ გააცნო.

მისი თქმით, „იმპრეზას“ და მისი სპორტული ვერსიების განცალკევებას გარკვეული მიზეზები აქვს. მაგალითად, ახალი „იმპრეზა“ 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული ოთხცილინდრიანი ოპოზიტითაა აღჭურვილი, რომელიც ტურბოკომპრესორით არასდროს აღიჭურვება.

უფრო მთავარი კი ისაა, რომ „სუბარუს“ თავისი სპორტული მოდელების ახალი, დამოუკიდებელი გამის შექმნა სურს. იაპონური კომპანიის მარკეტოლოგები თვლიან, რომ უკეთესი იქნება, თუ „იმპრეზას“ შემთხვევაში, აქცენტი ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობაზე გაკეთდება, სპორტული მოდელების შემთხვევაში კი მთავარი მათი ტემპერამენტი იქნება. და შესაბამისად, ისინი უფრო დიდი, ტურბოკომპრესორიანი ძრავებით აღიჭურვება.

სტანდარტული „იმპრეზასგან“ განსხვავებით, მისი WRX და WRX STI ვერსიები 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ოპოზიტური ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 305 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, ამ ძრავის ყოველ ცილინდრს 4-4 სარქველი აქვს. ოღონდ, ამ სარქველებს აქტიური მაკონტროლებელი სისტემა მართავს, რომელიც მათი გაღებისა და დახურვის ფაზებს, ძრავის მუშაობის რეჟიმის შესაბამისად არეგულირებს.

ტაკეუჩის თქმით, მართალია, ეს ძრავი მოძველებულია, მაგრამ ის კიდევ რამდენიმე წელი არ შეიცვლება. თუმცა, ისიც აღიარა, რომ კომპანიას მისი შემცვლელის შემუშავება უკვე დაწყებული აქვს. რაც შეეხება უახლეს ატმოსფერულ 2.0-ლიტრიან აგრეგატს, მისი შემუშავებისას, ინჟინერთა მთავარი ამოცანა, კარგი ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლების მიღწევა იყო.

ტაკეუჩიმ ისიც აღიარა, რომ იაპონური კომპანია „იმპრეზას“ ჰიბრიდული ვერსიის წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავს. მაგრამ ასეთი ავტომობილის წარმოების დაწყებამდე, WRX STI ბაზარზე დამოუკიდებელი მოდელის სახით გამოვა.

„ფერარი“ შვიდწლიან გარანტიას გთავაზობთ

Ferrari Warranty

30 აპრილი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „ფერარიმ“, თავისი ახალი ავტომობილების მყიდველს, შვიდწლიანი საგარანტიო მომსახურება შესთავაზა. ლაპარაკია სამ მოდელზე - „კალიფორნიაზე“, „458 იტალიასა“ და FF-ზე, რომლებიც მყიდველებს 15 მარტის შემდეგ მიაწოდეს.

საგარანტიო პროგრამაში შესულია ყველა ის სტანდარტული სამუშაო, რომლებიც გეგმიური ტექმომსახურებითაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, ამავე პროგრამით, კომპანია ყველანაირ სითხეს - ძრავის ზეთს და მუხრუჭების სითხესაც უფასოდ ცვლის.

„ფერარის“ განცხადებით, მომსახურების გაფართოებული პროგრამა, წელიწადში ერთ უფასო მომსახურებას ითვალისწინებს. თუმცა, თუ ავტომობილი სერვისებს შორის 20 000 კილომეტრზე მეტს გაივლის, მას წელიწადში უფრო მეტჯერაც (ყოველ 20 000 კილომეტრზე ერთხელ) მოემსახურებიან. თანაც, ახალი პროგრამა ძალაში იმ შემთხვევაშიცაა, როცა ავტომობილს მფლობელი გამოეცვლება.

ცნობისათვის, დასახელებულ სამ მოდელს შორის, „ფერარიმ“ ბოლოს FF გამოუშვა, რომლის მსოფლიო პრემიერაც დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე შედგა. ეს იტალიური კომპანიის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სრულამძრავიანი ავტომობილია, რომლითაც მარანელოელებმა „612 სკალიეტი“ შეცვალეს.

„ფერარი FF“ 6.262-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს აღწევს.

„სელერიტას პროტოტაიპი“ - 0.1 ლიტრი 100 კილომეტრზე

The Celeritas Prototype Achieves 2,200 MPG

30 აპრილი

სწორედ ამდენს წვავს ავტომობილის მსგავსი წარმონაქმნი, რომლითაც პურდუს უნივერსიტეტის (შტატი ინდიანა) სტუდენტთა გუნდმა, „შელის“ საერთაშორისო ეკომარათონში მიიღო მონაწილეობა. თანაც, ეს მაჩვენებელიც პირობითია, რადგან ავტომობილი შიდაწვის ძრავით არაა აღჭურვილი. საწვავის ხარჯი კი იმ ელექტროენერგიის ექვივალენტურია, რომელიც პროტოტიპის აკუმულატორებში გროვდება.

პურდუს უნივერსიტეტის მანქანას „სელერიტას პროტოტაიპი“ ჰქვია და ის მზის ელემენტებითაა დაფარული. რა თქმა უნდა, გადაადგილებისთვის საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს მზისგან ღებულობს. მის შემქმნელთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ „სელერიტასი“ საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობისთვის აუცილებელ ლიცენზიას მიიღებს.

სხვათა შორის, „სელერიტასი“ მხოლოდ ეკომარათონში მონაწილეობისთვის არ შეუქმნიათ. უნივერსიტეტში თვლიან, რომ ასეთი ავტომობილით ჩვეულებრივ გზებზე ყოველდღიურად გადაადგილება შეიძლება. ამისათვის, მათ ავტომობილი ფარებით, გაბარიტული ფარებით და ციმციმებით, საბარგულით, მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემით, უკანა ხედვის კამერებით და სრულფასოვანი სავარძლით აღჭურვეს. უფრო მეტიც, საკიდარიც ისეთია, რომ გზებზე არსებული მცირე ზომის დეფექტების არ ეშინია.

„სელერიტასი“ ხუთი საბორტო კომპიუტერითაა აღჭურვილი, რომლებიც მზისგან მიღებული ენერგიის სხვადასხვა სისტემისთვის გადანაწილებას აკონტროლებენ. მალე მათ კიდევ ერთი ფუნქცია დაემატება, რადგან ავტომობილი ჰაერის კონდიცირების სისტემითაც დაკომპლექტდება.

„ამ მანქანით, ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება, რომ შესაძლებელია ისეთი ავტომობილის დამზადება, რომელიც ორგანული საწვავის გამოყენების გარეშე შეძლებს მოძრაობას. „სელერიტასის“ შესაქმნელად, ჩვენს გუნდს ათასობით საათი დასჭირდა და ნაჩვენებმა შედეგმა დაგვარწმუნა, რომ ეს შრომა ამად ღირდა“, - ამბობს ჯგუფის პრეზიდენტი ტედ პესინა.

ენთუზიასტთა ჯგუფს ერთი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ „სელერიტასის“ კონსტრუქცია შეემუშავებინა. კიდევ ერთი წელი დასჭირდათ მის ასაგებად. პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა სხვადასხვა კორპორაციებმა გაიღეს. სულ მასზე 90 000 დოლარი დაიხარჯა.