Sunday, May 1, 2011

კონცეპტუალური ქროსოვერი SXC - პირველი ჩინური „პეჟო“

Peugeot Unveils China-Designed SXC Crossover Study

1 მაისი

ჩინური საავტომობილო ბაზარი მსოფლიოს ლიდერი გახდა და ზრდას განაგრძობს. ბუნებრივია, ეს გარემოება, იქ დიდ ავტომწარმოებლებს ისე იზიდავს, როგორც თაფლი ფუტკარს. ჩინეთში დამკვიდრებაზე ხომ მათი მომავალი კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული. ასეთ კომპანიებს შორისაა „პეჟოც“, რომელმაც ახლახანს გამოაცხადა, რომ ცისქვეშეთში თავის უახლეს სედან 508-ს შეიტანს. თუმცა, შანჰაის ავტო შოუზე, ფრანგული კომპანიის სტენდზე კიდევ ერთი საინტერესო ექსპონატი იდგა.

ესაა კონცეპტუალური ქროსოვერი SXC, ავტომობილი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ჩინური ბაზრისთვის, „პეჟოს“ ჩინელმა სპეციალისტებმა მოამზადეს. მისი აბრევიატურაც ჩინურია - SXC შანჰაი ქროს კონცეპტს ნიშნავს. დაკიდევ, ლომები ამბობენ, რომ ეს ავტომობილი, ჩინელი მყიდველის გემოვნების შესაბამისადაა შემუშავებული.

მისი დინამიური იერი ნუ მოგატყუებთ - გაბარიტების გათვალისწინებით, ავტომობილი ნამდვილი ბრონტოზავრია. მისი ზომებია: სიგრძე 4 870 მილიმეტრი, სიმაღლე 1 610 მმ, სიგანე 2 035 მმ. ბორბლებს შორის ბაზა კი 3.0 მეტრს აღწევს. შედარებისთვის, „ბეემვეს“ სპორტულ ქროსოვერ X6-ის სიგრძე 4 877 მილიმეტრია.

SXC „პეჟოს“ ახალ კორპორატიულ (ჯერაც კონცეპტუალურ სტადიაში მყოფ) სტილშია შესრულებული. ამასთან, მასში თავმოყრილია როგორც უგზოობის მოდელების, ასევე სედანებისთვის და სპორტული მოდელებისთვის დამახასიათებელი ელემენტები. ახალი სტილი განსაკუთრებით, ავტომობილის წინა ნაწილში შეინიშნება. რადიატორის ბადეს ამობრუნებული ტრაპეციის ფორმა აქვს, მის ზედა კიდეებში კი წვრილი ფარები იწყება და წინა ფრთებზე გადადის. რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს უკანა გაბარიტული ფარები, რომლებსაც ზედმეტად მოღუნული ბუმერანგის მოყვანილობა აქვს. 22-დუიმიანი ბორბლებით და დაბერილი ფორმებით, SXC ნამდვილი სპორტსმენია და თუ ის კონვეიერზე დადგა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავარიულ X6-ს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

შიგნიდან SXC ტიპიური კონცეპტუალური ნამუშევარია - სალონში გაფორმების ბევრ ისეთ ელემენტს ნახავთ, რომლებსაც კონვეიერამდე არავინ მიუშვებს. მაგალითად, მძღოლის სამუშაო ადგილი ისეა მოწყობილი, სარბოლი მანქანის კოკპიტის მსგავსი რამ გეგონება. სალონი მაღალი გვირაბითაა გატიხრული და კოკპიტის შთაბეჭდილებას ესეც ტოვებს. ოთხი ინდივიდუალური სავარძელი კი კომფორტულობაზე მიგვანიშნებს. მაჩვენებლების დაფა კი ისეა გაწყობილი, იფიქრებ, რომ ეს მანქანა (ან იქნებ, საფრენი აპარატიც) ფანტასტიკური ფილმისთვის არისდ შექმნილი.

რაც შეეხება ავტომობილის ძალურ აღჭურვილობას, მბიძგველ ძალას მას „ჰაიბრიდ4“ სისტემა ანიჭებს, რომელიც ლომებს სხვა კონცეპტუალურ ავტომობილებზეც გამოუყენებიათ. მასში შედის როგორც შიდაწვის აგრეგატი - 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 218 ცხენის ძალას ავითარებს და რომელიც წინა ბორბლებს აბრუნებს, ასევე ელექტროძრავიც (95 ცხ.ძ), რომელიც უკანა ბორბლებთანაა დაკავშირებული. „პეჟო“ ირწმუნება, რომ ამ სისტემით, ეს უზარმაზარი მანქანა ას კილომეტრს 5.8 ლიტრი ბენზინით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 143 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

შანჰაიში გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ამ ორ ძრავს ერთდროულად მუშაობა შეუძლია და ამ შემთხვევაში, ავტომოილი სრულამძრავიანი იქნება. ამასთან, როცა გადაადგილების სიჩქარე დაბალია, მაშინ მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობაც შეიძლება. ამგვარად, ქალაქის გადატვირთულ გზებზე მოძრაობისას, ნაკლები საწვავი იხარჯება. თუმცა, რა მანძილზე გაქაჩავს მარტო ელექტროძრავი, ამაზე ლომები სდუმან.

„ნეორა“ - ტაივანური ელექტრომობილი

Luxgen shows Neora EV concept

1 მაისი

ტაივანური საავტომობილო კომპანია „ლუქსგენი“ ალბათ თავის ქვეყანაშიც ბევრისთვის უცნობია. ის ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მხოლოდ ორ ავტომობილს - მინივენ „ლუქსგენ7 MPV-ს“ და ქროსოვერ „ლუქსგენ7 SUV-ს“ უშვებს. ახლა კი სედანის წარმოების დაწყებაც გადაუწყვეტია, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც შანჰაის ავტო შოუზე წარადგინა.

სახელი „ნეორა“ ახალ ერას ნიშნავს და როგორც ჩანს, ამ ავტომობილით, ტაივანურ კომპანიას ახალი ცხოვრების დაწყება აქვს გადაწყვეტილი. ამ მიმართულებით კი პირველი ნაბიჯი სწორედ სედანი „ნეორა“ იქნება, რომლის ბაზაზეც მალე ალბათ სხვა ტიპის ავტომობილებსაც ვიხილავთ.

„ლუქსგენ ნეორა“ ორიგინალური გარეგნობით არ გამოირჩევა. სილუეტით ის ერთდროულად ორ ავტომობილს - „ოპელ ამპერას“ და „ჰიუნდაი სონატას“ მლგაგონებთ. თუმცა, ინდივიდუალური ნიშნებითაც (თუნდაც ელეგანტური არ იყოს) გამოირჩევა. ასეთია მისი რადიატორის ბადე, რომელშიც კომპანიის ზორბა ლოგო ჩამჯდარა, ვიწრო ოთხკუთხა ფარები და მშვილდის ფორმის სახურავი, რომლის წყალობითაც, სედანი კუპეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ლუქსგენის“ კონცეპტქარი ელექტრომობილია. ოღონდ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კონვეიერზე დადგომის შემდეგაც, ასეთად დარჩება. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 241 ცხენის ძალას აღწევს, მას კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 48 კილოვატსაათია. მათი წყალობით, „ნეორა“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 6.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულითა შეზღუდული.

„ლუქსგენი“ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა დროა საჭირო აკუმულატორების სრულად დასამუხტად. სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ ნელ რეჟიმში მოძრაობისას (40 კმ/სთ), ის დაახლოებით 400 კილომეტრის გავლას შეძლებს. ამასთან, სულ ერთი საათია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80 პროცენტით შეივსოს.

ტაივანური კომპანია ჯერჯერობით არ აზუსტებს, თუ როდის დაიწყება „ნეორას“ სერიული წარმოება. სამაგიეროდ, შანჰაიში გამოაცხადეს, რომ ამ ავტომობილს, ტაივანის გარდა, აზიის სხვა ქვეყნებშიც (პირველ რიგში, ალბათ ჩინეთში) გაიტანენ.

ლატვიელები დაკარზე ელექტრომობილით იასპარეზებენ

OSC Wants to Tackle Dakar Rally in EV

1 მაისი

დაკარის რალი სამხრეთ ამერიკის ურთულეს გზებზე ტარდება. ის ნამდვილი ჯოჯოხეთია როგორც მანქანებისთვის, ასევე მათზე მოასპარეზე ეკიპაჟებისთვისაც. იქ ასპარეზობა რისკიცაა და საკუთარი თავის ურთულესი გამოცდაც. და, რა თქმა უნდა, დაკარის რბოლაში მონაწილეობაც კი, დიდი ავტოკომპანიებისთვის უკვე დიდი მიღწევაა, რომ არაფერი ვთქვათ იქ გამარჯვებაზე.
ყოველივეს მიუხედავად, სარბოლი ავტომობილების მწარმოებელი ლატვიური კომპანია (OSCar), დაკარის რბოლაზე ელექტრომობილით (eO) ასპარეზობას გეგმავს. ამისათვის, მათ საკუთარი კონსტრუქციის შასი მუდმივი დენის მაგნიტური ელექტროძრავით აღჭურვეს, რომელიც სხვადასხვა რეჟიმში მუშაობისას, 180-315 კილოვატ სიმძლავრეს და 502-800 ნიუტონმეტრამდე მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. სხვათა შორის, აღნიშნულ შასიზე აქამდე ლატვიური ფირმა „შევროლეს“ წარმოების გრძელბლოკიან V8 ძრავს იყენებდა (ვერსია e3).

ელექტროძრავით აღჭურვილი ელექტრომობილი eO მაქსიმუმ 138 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. სარბოლი ავტომობილისთვის, მეტისმეტად ცოტაა, თუმცა ლატვიური კომპანია ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან ის ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილების კლასში არ ასპარეზობს.

OSCar-ის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ გაუვალ გზებზე ასპარეზობისას, ავტომობილს აკუმულატორების სრული დამუხტვით, მხოლოდ 150 კილომეტრის გავლა შეუძლია, „იოლ“ მგზებზე კი სვლის სიშორე ორჯერ მეტი (300 კმ) იქნება. თუმცა, დაკარის რბოლებისას, ყოველი სპეცმონაკვეთის სიგრძე, ამაზე გაცილებით მეტია. ამიტომ, ლატვიურმა კომპანიამ თავისი ელექტრომობილი, „ნისანის“ წარმოების მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავით და მასთან შეწყვილებული გენერატორითაც აღჭურვა. ეს ტანდემი, რბოლის დროს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მას ელექტროძრავს და აკუმულატორებს მიაწვდის.

„ამ ტანდემის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ერთადერთი ალტერნატივა, აკუმულატორების დამატებითი ბლოკის გამოყენებაა, თუმცა მისთვის მანქანაში ადგილი აღარ გვაქვს. რაც დავაყენეთ, იმისთვისაც ადგილი ძლივს მოვძებნეთ, მათს ნაწილზე ეკიპაჟს ჯდომა მოუწევს“, - ამბობს კომპანია OSCar-ის დირექტორი ანდრის დამბისი.

ატაკამას (ჩილე) უმკაცრეს უდაბნოში, თავისი ეკიპაჟის მხარდასაჭერად, ლატვიური კომპანია რბოლაზე თავისივე წარმოების, e3-ს და ერთ პიკაპს გააგზავნის.

„დაიმლერის“ ცეტშე ჩინეთში 30-მილიონიან ბაზარს ხედავს

Daimler's Zetsche sees potential 30M car market in China

1 მაისი

შანჰაის საავტომობილო შოუს დროს, „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, ჩინური ბაზრის მოცულობა წლიურად 20-30 მილიონ ავტომობილამდე გაიზრდება. ამასთან, ლუქსის კლასის ავტომობილების სეგმენტი უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება, ვიდრე მთლიანად ცისქვეშეთის ბაზარი.

„მერსედეს ბენცის“ ჩინური შტოს მთავარი აღმასრულებელი კლაუს მაიერი ამბობს, რომ ხუთ წელიწადში მისი კომპანია გაყიდვებს გააორმაგებს (300 000-მდე გაზრდის). ამასთან, „ძალიან მალე“, სამქიმიანები ჩინეთში ელექტრული „სმარტების“ გაყიდვასაც დაიწყებენ. მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, იზრდება მდიდარ ადამიანთა რიცხვი, რასაც შესაბამისად, ძვირადღირებული ავტომობილების გაყიდვების ზრდა მოსდევს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზრის პრემიუმ სეგმენტში „მერსედეს ბენცი“ ერთ-ერთი ლიდერია - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, იქ უკვე 43 991 ავტომობილი გაჰყიდა. ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 86 პროცენტით მეტია. უფრო მეტი, 58 506 ავტომობილი აქვს გაყიდული „ბეემვეს“, თუმცა მისი გაყიდვების ზრდა ოდნავ უფრო მოკრძალებულია (71 პროცენტი). გერმანული პრემიუმ ბრენდებიდან ყველაზე მეტი, 64 122 ავტომობილი აქვს გაყიდული „აუდის“, თუმცა მისი გაყიდვების ზრდა მხოლოდ 25 პროცენტია.

სამივე გერმანული კომპანია წელს იმაზე მეტი ავტომობილის გაყიდვას იმედოვნებს, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. კერძოდ, „აუდის“ გაყიდვების 11-პროცენტიანი ზრდა აქვს ნავარაუდები, „მერსედესის“ შესაბამისი პროგნოზი 15 პროცენტია, ბავარიელებს კი პროგნოზი არ დაუზუსტებიათ, თუმცა ორნიშნარიცხვიან ზრდას ვარაუდობენ.